საქართველოს მიწის შვილობა არც რაიმე პრივილეგია, ან სასჯელი არასდროს ყოფილა. იყო უამრავი განსაცდელიც და დიდი სიყვარულიც.

ქართველობაც ამ მოვლენებსა და გრძნობებში ნაწილდებოდა ოდითგან. აქვე ოდითგან მოყოლებული, უცხოვრიათ და ცხოვრობენ  სხვადასხვა ერისანი ათობით, ასობით, ათაობით. ან რად არ უნდა ეცხოვრათ, ყველა ერს ხომ თავისი სიფაქიზე, თავისი ღირსება გააჩნია და ამ დალოცვილი მიწის შვილობა განგებამ ხომ მათაც მიჰმადლა.

თუმცა მავანთ ასეთი ფიქრებიც მოსძალებიათ: – გახსოვდეთ, საშიშნი ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი მიწის ბატონ-პატრონად მიიჩნევენ თავს.   ბევრი რამ აურ-დაურიეს, ბევრნი უღვთოდ შეაქეზეს, მშვენივრად გაატარეს -გახლიჩე და იბატონეს- პოლიტიკა. ერებიც ერთმანეთს წაჰკიდეს და მიწათა ბატონ-პატრონობის სურვილიც სხვაგვარად განუწესეს თავად ქვეყნებში და ქვეყნებს ერთმანეთში. უფრო სწორად პატრონობის სურვილი გვერდზე მიუწიეს და ბატონობა წამოუწიეს მაღლა მხოლოდ, და ასეთ ქაოსში გაბნეულ, დაბნეულ ადამიანებზე ბატონობით ხარხარებს უკეთური. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რწმენისანი, ან რომელი ერისანი იყვნენ, ან არიან.

ქართველობა ვახსენეთ ზემოთ და ქართველობით თამაში რაღაა. სწორედ ამ თამაშით იყიდებოდა საქართველო, იყიდება დღესაც. „იყიდება საქართველო, ყიდის ყველა…“ ამ ტკივილმა ამოაკვნესა ეს სიტყვები ნიკო ლორთქიფანიძეს, გული აუტირა, რომლის ტკივილიც სწორედ მოთამაშე ქართველებმა, ან კიდევ სხვებმა გააყოლეს იმ ქვეყნად, მასაც და ბევრ სხვასაც ღირსება რომ არ დაკარგეს, იმიტომ… ისევ ხარხარებს უკეთური…

ამ ამოკვნესებამ და ხარხარმაც კვლავ აიხმიანა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის ხილვისა და მოლოცვის შესაძლებლობა გვიწყალობა უფალმა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მამა ბასილი კვირჩილაძის წინამძღოლობით.

მეწამული ფერი  ცისა და მიწის შესაყართან. ბალახსა და ყვავილებზე ალმასისფრად ფრქვეულ ნამში იმ მიწის ხიბლი ჩახატულიყო, გასაოცარი ენერგიით რომ გავსებს… მერე თანდათან აირეკლა ტაძარი ქვათაგან ნაშენი თუ ქვაში ნაკვეთი. ბუნებისა და ადამიანთა მიერ ხელქმნილი ერთობლივი საოცრება. ეს არ შეიძლება წარმოიდგინო, ეს უნდა ნახო და შეიგრძნო.

მიწა დუდუნებდა თითქოს, ფოთლებიც ჩურჩულებდნენ ამაზე, იმ მიწას გედავებიან, ასე რუდუნებით რომ პატრონობდნენ შენი წინაპრები, ექვსი ათასი მოწამე ბერის და კიდევ რამდენის სისხლით რომ მორწყოო დამპყრობელმა. ყაზბეგი გამახსენდა და საკუთარ გრძნობებსა თუ უგრძნობელობას აყოლილნიც. სამშობლოს სიყვარულზე მოსაუბრე, საკუთარი კეთილდღეობისთვის ქვეყნის გამყიდველნიც. დაუფიქრებლად რომ ყიდიან, იქნებ გამიზნულადაც, ან როგორც შეუძლიათ, ისე. ასე გაყიდეს და გააჩუქეს დღეს უკვე უცხოთა კუთვნილებად ქცეული რამდენი ნაწილი ქვეყნისა.

გარეჯში სოფელ უდაბნოს მცხოვრებ ახალგაზრდებს გავესაუბრეთ.

-აქ ეკომიგრანტები ვცხოვრობთ, რაჭველები, სვანები, მოხევეები. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. მრევლს საშუალება არ ეძლეოდა ჩვენს წმინდა ადგილებთან მიახლებისა. ახლა გვიშვებენ. ამბობენ ასე არჩევნებამდე იქნება, მერე ისევ დადგება ეს პრობლემაო. ამ საუბარს ერთ-ერთი დამთვალიერებელი შეესწრო აჭარიდან. რომელმაც თავისი ოჯახის წევრის ნაამბობი გაიხსენა. – ჩემი ოჯახის წევრი გონიოს ციხეში თურქ დამთვალიერებელთა ერთ-ერთ ჯგუფთან მოხვდა. მან თურქული კარგად იცის. თურქი გიდი უხსნიდა თურქ დამთვალიერებელს, რომ ეს ციხეცა და ტერიტორიაც თურქების იყო და იმედი აქვთ მალევე დაიბრუნებენო.

მ. ნ. _„გარეჯში საუბარია სამოცდაათი მეტრით საზღვრის გადმოწევაზე, რომლითაც უნდათ აზერბაიჯანული მოსახლეობის გულის მოგება ხმების სანაცვლოდ… იქაური მწყემსებიც გამიზნულად მოერეკებიან ჩვენსკენ საქონელს.“

მერე  იოანე ნათლისმცემლის სახელობის უდაბნოს ქვაში ნაკვეთი ტაძარი ვიხილეთ თავისი მოკრძალებით და დიდებულებით, მოწმე და სახე მოკვდავთა დიდსულოვნების და სულმდაბლობისაც. პირველი – უფლისმიერი შთაგონებით ქვასთან შერკინებულ დიდოსტატთა ხელთქმნილი და მეორე – ქვადნაკვეთ გუმბათს გაჩენილი ბზარები და განადგურებული ფრესკები, გასული საუკუნის ოციან წლებში ბოლშევიკთა „ნამოღვაწარი“.

სამწუხაროდ მეორდება ზოგჯერ მოვლენები, სხვადასხვა ფორმითა და სახით. კვლავ მოდავება, კვლავ წაკიდება, ხელის მოთბობა და ვაჭრობა იმ ქმნილებათა ხვედრით, რომელიც ზოგთათვის შემოსავლისა და მოგების მხარეა მხოლოდ, ზოგისთვის შურისგებისა, ზოგისთვის კიდევ სულის ტკივილი და სულიერების ამაღლება.

ნინო ნიკოლაიშვილი

 

24 სექტემბერი, 2012 წელი.

გაზეთი „ალიონი“ #34

მსგავსი სტატიები

  • 100
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
  • 100
    აქ ჯერ კიდევ დიდია კავშირი, დუმბაძისეულ თხრობასა და აქაურ სინამდვილეს შორისკორცხოულას მთაზე ამოგორებული მზე კარგა ხნის დაპატრონებული იყო ნაავდრალი მთის ფერდობებს. დედამიწა თავის ფიქრებს, ორთქლის ფთილებად უშვებდა ცისკენ. ლაშის ღელეც წყნარად მიიკვლევდა გზას ბარისკენ. ცისკენ ხელებაწვდილი, ფოთლებშემოძარცვული ხეები მზეს ეფიცხებოდნენ და  უყვებოდნენ თითქოს, მთისა და ბარის ამბებს. ამ მშვენიერ ხეობას შეყოლილი გზიდან  გურული სოფელი შემოგყურებს თავისი ხიბლითა და სევდით. აქ,…
  • 100
    ლაზარე ჩხარტიშვილი_მუნიციპალურ საჭადრაკო ტურნირში გამარჯვებულიდაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გარკვეული ხნით შესვენების შემდეგ, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში განახლდა გეგმა -კალენრით გათვალისწინებული საჭადრაკო შეჯიბრებების ორგანიზება. 12-15 ნოემბერს ჩატარდა მუნიციპალური საჭადრაკო ტურნირი 8 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის. მონაწილეთაგან საკმაოდ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოფიციალურ ტურნირებში პირველად ღებულობდა მონაწილეობას და მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა მოჭადრაკისათვის საკმაოდ მაღალი…
  • 100
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 100
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…