– როცა დადგა საკითხი წმინდანად შერაცხულიყო თუ არა მამა გაბრიელი წმინდანად, უწმინდესმა პირველი მე მკითხა. მაშინ მე ვიყავი სამთავროს დედათა მონასტერში… ზოგადად რამდენიმე ფაქტი მოვყევი მამა გაბრიელის შესახებ, ბევრი რამის გახსენებაც შეიძლებოდა. გავიხსენებ ჩემს ყოფნას მარტყოფის მამათა მონასტერში. უწმინდესმა მარტყოფში რომ გადამიყვანა ნორიოს მოსახლეობა დაპირისპირებული იყო მონასტერზე. ნორიოს მოსახლეობა დაპირისპირებულები იყვნენ იმიტომ რომ მონასტერმა თავისი ფუნქცია დაიბრუნა და ხალხი საქეოფოდ ვეღარ იყენებდა. კომუნისტური რეჟიმის შემდეგ მონასტერში ყველაფერი იავარქნილი იყო. მონასტრის ამოქმედებით მოაკლდათ გასართობი ადგილი. წინამძღვარი რომ გავხდი კიდევ გრძელდებოდა აღნიშნული პრობლემა. ყოველდღე თითქმის განსაცდელის ქვეშ ვიყავით მოსახლეობის მხრიდან. თუმცა, მარტყოფის მოსახლეობა გვერდით გვედგა. ნორიოს მოსახლეობისგან გვქონდა დიდი პრობლემა.
ერთ დღეს ნორიოს მოსახელობა დაგვემუქრა… ამოვიდოდნენ და მონასტერში მცხოვრებთ დაგვხოცავდნენ. ბავშვთა სახლიდან 12 ბავშვი მყავდა ამოყვანილი და ისინი იქით იყვნენ დასაცავი. ბავშვთა სახლი რომ გააუქმეს უპატრონო ბავშვები მონასტერში ამოვიყვანე.
ჩემს სულიერ შვილს ოთარ ნიკოლაიშვილს მამა გაბრიელმა უთხრა: მამა იოსებს დიდი განსაცდელი აქვს და მასთან წავიდეთო. (ოთარ ნიკოლაიშვილი რომ მოვიდა სამთავროში მოძღვარი უნდოდა აეყვანა და მამა გაბრიელს უთხრა:- თქვენ იყავით ჩემი მოძღვარიო. მამა გაბრიელმა უპასუხა,-ხომ ხედავ მამა იოსებსო, ის იქნება მთელი შენი ცხოვრება შენი მოძღვარიო. იმის მერე მე მაბარებდა აღსარებას და ჩემთან იყო. რა თქმა უნდა მამა გაბრიელს ძალიან პატრონობდა). ოთარს მაშინ საბჭოთა მანქანა “ნოლდევიტი” ყავდა. ცოტა გაუმართავიც იყო და გზაში ნორიოს ამოსასვლელში გაუფუჭდათ. ოთარმა დაუწყო მანქანას შეკეთება… ამ დროს თურმე, მამა გაბრიელმა დაუძახა, მოდი დაჯექი, რა გინდა მაგ მანქანასთან, წმინდა ანტონ მარტმყოფელი მანქანას თვითონ აამუშავებსო. მართლაც, დაჯდა და მანქანა დაიძრა. ოთარი ამბობს, მანქანა ისეთი გაფუჭებული იყო გასაკვირია როგორ დაიძრაო. მამა გაბრიელს უთქვამს, უკან არ მიიხედო მანქანაში ანტონ მარტმყოფელი გვიზისო. ისე შემეშინდა, შიშისაგან უკან როგორ მივიხედებოდი,- მითხა ოთარმა. ძალიან გამიხარდა მამა გაბრიელი მარტყოფში რომ ამოვიდა.
ველოდებოდი ნორიოელები ამოვლენ და საშინელი ჩხუბი მოხდებოდა. მონასტერში მოსულ მამა გაბრიელს ტრაპეზი გავუშალე. რაც არ უნდა სუფრა გაგეშალა მამა გაბრიელი საჭმელს არ ჭამდა. ერთ ჭიქა ღვინოს დალევდა და ალბათ იმით ცხოვრობდა. კალორიას ერთი ჭიქა ღვინით ღებულობდა. საჭმელს საერთოდ არ ჭამდა. არ მინახავს ოდესმა მამა გაბრიელს საჭმელი ეჭამოს. პირადად მე არ მახსოვს. ჩუმად თუ ჭამდა ეგ არ ვიცი. დაჯდა ახლა მამა გაბრიელი და ამოვიდნენ მართლაც ნორიოელები. მამა გაბრიელმა ისინი იქ დააჩოქა, სულ აფორთხა… თქვენ ასეთებო, თქვენ ისეთებოო უძახა, ჩვენ ხმა არ ამოგვიღია. მადლობა ღმერთს, გადაგვარჩინა. ღვთის მადლით ალბათ დამორჩილდნენ. მამა გაბრიელმა ასწია თუ არა ხელი, ყველა დაბლა დაეცა. მე არ ვიცი რით დაიმორჩილა ბოდიშიდა ეს ავაზაკები. ხელები რომ ასწია, ხმამაღლა დაიყვირა, თქვენ აქ ვისთან მოსულხართო! თქვენ აქ რა გინდათ! თქვენ ასეთებოო! ყველამ დაიჩოქეთო!.. შეშინებულები ყვიროდნენ, არა მამაო, აქ სალოცავად ამოვედითო. არადა, საჩხუბრად ამოვიდნენ. წმინდა ანტონ მარტმყოფელმა გადაგვარჩინა.
***
მარტყოფში კიდევ ასეთი სასწაული მოხდა: მონასტერში ოთხი ძროხა გვყავდა. იქ ძალიან დიდი თოვლის მოსვლა იცის და ყოველდღე რომ ვდგებოდით თოვლში, ეკლესიის კარებზე თოვლი მიყრილი გვხვდებოდა. საშინელი ქარი იცის და კარებს აბსოლუტურად კეტავდა თოვლი. დილით რომ ავდგებოდით ჯერ თოვლი უნდა გადმოგვეყარა, მერე უნდა ჩაგვეტარებინა მწუხრი, ცისკარი, წირვა…
მოკლედ დილით ლოცვაზე რომ მივდიოდით ფიზიკური შრომა გველოდა, იმიტომ, რომ თოვლისგან უნდა გაგვეწმინდა, სხვანაირად შეუძლებელი იყო. მართალი გითხრათ, ძალიან მძიმე პირობები გვქონდა და ოთხი ძროხა გვყავდა. თითო ძროხა ოთხ ლიტრას იწველიდა, ძალიან ჯიშიანი ძროხები იყო. ზამთრისთვის თივას ვაგროვებდით. მონასტერში ერთი იოსები გვაყვდა უპატრონო ბავშვთა სახლიდან გამოყვანილი. იოსები ძროხებს მწყემსავდა. დღეს ეს იოსები ბერი ვარაქიელია. იოსები უვლიდა ძროხებს, მიყავდა და მოყავდა საბალახოდ. ერთ დღესაც თურმე იოსებს ჩაეძინა და ოთხივე ძროხა დაეკარგა. ფაქტიურად, ეს ოთხი ძროხა მონასტერს არჩენდა. ზამთრის პირი იყო. ნოემბრის ბოლო. დაიკარგულ ძროხებს რამდენიმე დღე ვეძებდით. მერე იოსებს შეეშინდა, მამაომ რამე არ მითხრასო და გადაიკარგა ძროხებთან ერთად.. ტელევიზიით გამოვაცხადეთ ძევნა, მაგრამ მაინც ვერ მივაგენით იოსების გზა-კვალს. რაღაც არაფორმალური სამხედრო დაჯგუფებები იყო და თურმე ეს იოსები დაუჭერიათ და იქ ამუშავებდნენ. აკეთებინებდნენ საჭმელს. ცუდათ კი არ ექცეოდნენ…ალბათ, იოსებსაც ინდოდა, იფიქრა ძროხები დავკარგეო… დედა იმას არ ყავდა და მამა, სად იცხოვრებდა მისთვის სულერთი იყო. ორი კვირა გავიდა და თოვლი მოვიდა. ჩვენი მორჩილები ვინც იყვნენ შევიდნენ იმ ადგილის დასალაგებლად სადაც ძროხები გვყავდა.
კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. გააღეს და რას ხედავენ, ოთხივე ძროხა შიგნით იყო. არანაირი ნაკვალევი რომ როხა ვინმეს მოეყვანა და ძროხა მოსულიყო, არ ჩანდა. ყოველდღე შედიოდნენ და ალაგებდნენ. ძალიან დიდი საძროხე იყო და ერთ და ორ დღეში ის არ დალაგდებოდა. წმინდა ანტონ მარტმყოფელმა მოგვიყავნა ძროხები, ეს არის ფაქტი. შიგნით ძროხა რომ ორი კვირა ყოფილიყო, მშიერი მოკვდებოდა. იმ ღამეს განსაკუთრებით ვლოცულობდი ძროხები რომ გამოჩენილიყო. იოსები ერთი წლის მერე გამოჩნდა, დაიშალა ის არაფორმალური დაჯგუფება და მონასტერში მოვიდა. წმინდა ანტონ მარტმყოფელის უამარვი სასწაული მინახავს. ზამთარში ბევრჯერ საჭმელი არ გვქონდა, გაგვიჭირდებოდა თუ არა უცებ მოვიდოდა ვიღაც და საჭმელს მოგვიტანდა. ეს აშკარად სასწაული იყო.
სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი