კოლმეურნეობის თავმჯდომარემ სოფლის საერთო კრებაზე გაანდო ეჭვი დაღლილ კოლმეურნეებს, რომ წინ ბედნიერება გველოდა, გარდამავალი დღოშა მივიღეთ. ამიტომ საცხრამაოსოდ სამზადისი ორი კვირით ადრე დაიწყეს, სოფლის ცენტრში სოკრატ შევარდნაძის ლურჯი ტრაქტორის გემ ავრორად გადაკეთებას შეუდგა კოლმეურნეობის მხატვარი თემურ ნინიძე ასისტენთებთან ერთად. შეღებილი ფანერებით, დროშებით, ალმებით მორთული ტრაქტორი, მატო ბორბლების ნაწილი რომ უჩანდა დღესაც ზღაპარივით მახსოვს.
წინა დღეს ბრიგადირმა გრიშა სიხარულიძემ ჩამოუარა ჩვენს ბრიგადას, კიდევ ერთხელ, საბოოლოოდ და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ იალონში სოფლის თემში ვიკრიბებით.
ბებია, ბულბულო, დუდანა, ეთერი, ნაზიე ინწკირველი, ლილიე ჭეიშვილი და ყველა უფროსი ქალი ხელაბყრობილი წყევლიდა ზორბერგ ნცვალაძის ავტობუსში პარადის მომგონს, უფრო მორიდებულად და დაბალ ხმაზე კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, პარტიის მდივანს და ყველას ვისაც ხელი ერია მათ მოცდენაში და წამებაში.
მახარაძის ქუჩები ბევრი წითელი დროშით მორთული გვხვდებოდა, გადმოეფინათ აივნებზე, ბოძებზე, ხიდებზე..
რკინიგზის სადგურიდან დავიძრებოდით, ავრორას გემბანზე ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული და მოწინავე მკრეფავები, აგრონომები, მეაბრეშუმეები იდგნენ ზოგი ისხდა. თეატრის დიდი ბოძების წინ უშველებელი ტრიბუნები იყო კიდევ უფრო უშველებელი ბელადების სურათებით მორთული, პრეზიდიუმში უცხო კაცები და ერთი ორი ქალი იდგა, ხელს გვიქნევდენ და ძალით იცინოდენ. პიონერთხელმძღვანელი ჩვენც გვაძალებდა გაგვეცინა. თეატრის კიბეებზე უკრავდა ოზურგეთის სასულე ორკესტრი. ტრიბუნას რომ მივუახლოვდებოდით ვყვიროდით ვაშააააა, ვაშააააა, ვაშააააა, ვიჭაჭებოდით.. თუ გადავაჭარბებდით შემჩნევას მივიღებდით, რომ ეს მეტისმეტია და არ შეშვენის პიონერს ასე მოქცევა.
ჩვენს ავრორას უკან მოყვებოდა მახარაძის ყველა მოწინავე და ნაკლებადგამოჩენილი კოლმეურნეობის მორთული ტრაქტორები და მანქანები. იყო ორგანიზებული ღიზღიზი და რუზრუზი. ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შრომის და მეციტრუსეობით მდიდარი მეურნეობები და კოლმეურნეობები განსაკუთრებით მოინდომებდენ.
ამ დღეს მახარაძის ქუჩებში გამოიშლებოდა პალაჩი ჩაჩანის დიდი ფერადი ოჯახი და მთელი მახარაძის ციგნობა. დასდევდენ მილიციელები მარა ქობულეთელი ნათესავებიც ეშველებოდენ და ისე მრავლდებოდენ უცებ და სხარტობდენ ვერავინ ერეოდა. ყიდდენ ფერად გასაშლელ ქაღალდის ყვავილებს, ფერად ვერცხლისქაღალდში გამოხვეულ რეზინიან ბურთებს, საფშვიტინო ჩიტებს, კვასკვასა მამალოებს ფერადად შეღებილ ფარსმანდუკის თაიგულებს. გაპუტული მწვანე თუთიყუში მონდომებით აძრობდა ქაღალდის დაგორგლილ, საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილ კეთილ სურვილებს კონსერვის კოლოფიდან 20 კაპიკად.
პარადმოვლილებს შეგვეძლო შეგვესვა იმდენი ტარასის გაზიანი ფერადი წყალი რამდენსაც ვისურვებდით, ორმაგი. თეთრად დაფიფქული ვანილისკრემიანი პონჩიკებიც იყო ბევრი. მერე ბახულიეს უნივერმაგის კიბის ქვეშ გვიყიდდენ ქაღალდის ძაფზე ასხმულ ბუბლიკებს და ვბრუნდებოდით შინ.
პარადის რეკვიზიტებს და ატრიბუტებს კანტორის ეზოში დაახვავებდენ, ავრორასაც უცებ დაფუნგავდენ.
ბებია კოლმეურნების შენობის დამლაგებელი იყო და მას ევალებოდა რეკვიზიტის გადარჩევა და დაბინავება.
გარდამავალი დროშა თავმჯდომარის კაბინეტში, ბელადებიანი დიდი ტრასფარანტები პარტიის მდივნის ოთახში, ზოგი საწყობში..
რადგან დროშები სამამულო წარმოების უმაღლესი ხარისხის აბრეშუმისგან იკერებოდა გულმოდგინედ გადმოარჩევდა და შინ მოქონდა, გადმოაბრუნებდა, უკანა მხრიდან საბნის პირებად, ბალიშის მითელებად იყენებდა. აბრეშუმისვე რუშებს მოაცლიდა, დაარღვევდა, გარეცხავდა და სინაზე გაფენდა ჩაამწკრივებდა. მეორე დღეს პარადი ჩვენს ეზოში გრძელდებოდა:
“სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მეაბრეშუმეს ვაშააააა!!! “
“სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მეჩაიეს, ვაშააააააა!!!”
“სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მეხილეებს ვაშაააა!!!..”
“ხუთწლედის გეგმის ათამაგად გადაჭარბებისთვის ჩვენს მშრომელებს ვაშააააა!!!”
” დიდება სტალინს, ლენინს დიდება ვაშააააა!!!!”
ხომ ბავშვობააა და ხომ ტკბილია მაგრამ აღარასოდეს აღარ მინდა გამეორდეს არაფერი მსგავსი.
ფოტო #მარინააბულაძე

მსგავსი სტატიები
- 100
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს… - 100
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.… - 100
დღეს, მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“ მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს… - 100
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 5 ივლისს, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის, რიგით მეოთხე თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. 15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის თეატრის სხვადასხვა სცენა და ჩოხარაურის თეატრი 26 სპექტაკლს უმასპინძლებს ჩვენი ქვეყნის, თუ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან. საპატიო სტუმრები სტუმრობენ ოზურგეთს. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტის… - 100
დაბა და სოფელი (მოწერილი ამბავი) გურია,10 მაისი. ნათქვამია „დიდი ლხენაა ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ…