დღეს მდინარე ჩოლოქთან აღინიშნა, ჩოლოქის ბრძოლის 169 წლისთავი.
სამშობლოსათვის თავდადებულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებლად ჭანიეთის 13 ასურელი მამის ტაძრის მოძღვარმა მამა იოსებმა (პეპინაშვილი) ჩაატარა პანაშვიდი.
დამსწრე საზოგადოებამ მდინარეში ყვავილები გადაყარა.
ჩოლოქის ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის გამგემ რუსლან ურუშაძემ.
მცირე ისტორია ქვემო გურიისა და აჭარის დასაბრუნებლად:
ქვემო გურიის დაბრუნებისთვის საუკუნოვანი ბრძოლებიდან გამორჩეულია 1784 წელს მეფე სოლომონ პირველის ხელმძღვანელობით იმერეთ-გურიის ერთიანი ჯარის მიერ ქობულეთისა და ჩაქვის მხარის გაწმენდა მტრისაგან, რასაც სამწუხაროდ მოჰყვა ზურგში ჩასაფრებულ მტერთან ნაჭიშკრევის ბრძოლა, რომელიც მარცხით დასრულდა.
საზღვარი კვლავ ჩოლოქზე იქნა გავლებული 1829 წლის დიდი ომის დროსაც..ანდრიაპოლის ზავის ხელშეკრულებისა და საზავო რუკის შედგენის დროს, მდინარეთა სახელწოდების აღრევის გამო, საზღვარი გაავლეს არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან.
1853 წლის 11აპრილს სელიმ-ფაშას 12-ათასიანმა რაზმმა გადაკვეთა მდინარე ჩოლოქი და 11 აპრილს დაიკავა ოზურგეთი. ხოლო მაისში ჰასან ბეგ თავდგირიძის ჯარი შეკვეთილიდან ნიგოითისკენ დაიძრა. 27 მაისს აქ ცნობილი ბრძოლა გაიმართა, სადაც ჰასან-ბეგ თავდგირიძე ბრძოლის ველზე აზნაურმა ერასტი ჭყონიამ მოკლა. სელიმ-ფაშამ მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3 ათასი მებრძოლი დაკარგა, ერისთავის რაზმმა — 600.
ნიგოითის ბრძოლამ საშუალება მისცა გენერალ ანდრონიკაშვილს ოზურგეთისკენ დაძრულიყო. სელიმ-ფაშამ ქალაქი მიატოვა და ჩოლოქის მარცხენა მხარეს, გაღმა ქაქუთში დაბანაკდა, რასაც მოჰყვა ჩოლოქის ბრძოლა. თურქთა 35-ათასიანი არმიის წინააღმდეგ 10 ათასი მებრძოლი იბრძოდა, რომელთა შორის იყვნენ მილიციის 6 ქვეითი და 5 ცხენოსანი ასეული (იმერეთისა) და 6 ქვეითი რაზმი (გურიისა).
4 ივნისს დილით „გურიის რაზმმა“ მტრის მოწინავე რაზმი დაამარცხა, მდინარე ჩოლოქისაკენ დაეშვა და ოსმალებს უკანდასახევი გზა მოუჭრა, შემდეგ ჩოლოქი გადალახა და მტრის პირისპირ დადგა. ამის შემდეგ ბრძოლაში ძირითადი ჯარი ჩაერთო. ხელჩართულ ბრძოლაში ოსმალები შედრკნენ და უკან დაიხიეს.სელიმ-ფაშამ დაკარგა 4 ათასი მებრძოლი, ანდრონიკაშვილმა – 1500 კაცი…
1877-1878 წლების ომი ქართველმა ინტელეგენციამ თურქეთის მიერ მიტაცებული მიწა-წყლის შემოერთების საქმეს დაუკავშირა, რადგან იმედოვნებდა, რომ შედეგად მოჰყვებოდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გათავისუფლება და ამისთვის ფართო აგიტაცია-პროპაგანდა გააჩაღა.
1877 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის მაზრის მაცხოვრებლებისაგან შეკრებილი მოხალისეთა მილიცია. საინტერესოა, რომ გაწვევისთვის დანიშნულ ადგილას ნაცვლად ათასი კაცისა გამოცხადდა სამი ათასი მოხალისე. მოხალისეებად გამოცხადენ 13-14 წლის ბიჭებიც კი.
ცნობილია 16 ლიხაურელი გლეხის გმირობა, რომლებიც ომის დაწყების პირველსავე დღეს მოხალისეებად ჩაირიცხნენ ჯარში და ხუთი თვის განმავლობაში მამაცურად იბრძოდნენ.
ერთ-ერთი ბრძოლის წინ, სანამ გურულების ასეული პოზიციებს დაიკავებდა, ლიხაურიდან გამოცხადდა 16 ლიხაურელი და ითხოვა რომ მზვერავებად წინ გაეშვათ. მათ დართეს ნება და ისინი გადავიდნენ მდინარე ჩოლოქის მეორე მხარეს. მას მიჰყვა გურულთა ასეული. ეს მანევრი შენიშენეს თურქებმა და ძალიან ფრთხილად, ჯარი, რომელიც ოთხჯერ მაინც აღემატებოდა ასეულს, დაიძრა მათ მხარეს. დრუჟინის მეთაურმა მაყაშვილმა გაიგო რა თურქების მანევრის შესახებ, სასწრაფოდ მოითხოვა პლასტუნების ასეულის უფროსისაგან, რათა დასახმარებლად გასულიყვნენ. მაგრამ მან უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ ჯარისკაცები მშივრები არიანო და როცა დავაპურებთ მაშინ გავემგზავრებით გურულების დასახმარებლადო.
ამასობაში ატყდა სროლა, ლიხაურელები კი გადაეყარნენ თურქთა ორასკაციან ჯარს და თექვსმეტივე ლიხაურელი ბრძოლაში დაიღუპა. თურქებმა მათ თავები და ხელები მოკვეთეს… მხოლოდ ამის შემდეგ გაემართა პლასტუნთა რაზმი დასახმარებლად, მაგრამ მოწინააღმდეგეს უკან დაეხია.
ქართველთა არაერთი გმირობის მოყვანა შეიძლება ამ ომებში….
ნიგოითის ბრძოლას უკავშირდება ცნობილი „ხასანბეგურა“, რომლის უმცროსი ძმა 169 წლის შემდეგ (რუსლან ურუშაძის სიტყვებია)ამ დღეს „1854 წლის ბრძოლა ჩოლოქთან “ პირველად შესრულდა ანსამბლ „შემოქმედის“ მიერ. რომლის ტექსტი ტრისტან სიხარულიძემ და ავთანდილ სურგულაძემ შექმნეს, ხოლო მელოდია მუსიკოს ლევან ვეშაპიძეს ეკუთვნის. ასევე შესრულდა სიმღერა „ხასანბეგურა“.
შემდეგ კი, ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლი ოფიცრებისა და ჯარისკაცების სულები მაგიდასთან მოიხსენიეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო სახალხო ღონისძიება, რომელშიც ძირითადად ლიხაურისა და ჭანიეთის საზოგადოება მონაწილეობდა.
მსგავსი სტატიები
- 92დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 88გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 88სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 871918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 86სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…