ქალაქ ოზურგეთის ცენტრში ერთი ლამაზი ოჯახი ცხოვრობს.იოსებ (ქუცუნა) ქადეიშვილს ყველა იცნობს ოზურგეთში, როგორც ცნობილ სპორტსმენს და კოლორიტ კაცს. მისი ცხოვრების დასაწყისი ცნობილ რეპრესიებს უკავშირდება.

_მამაჩემი გრიგოლ ქურციკაშვილი კახელი კაცი იყო, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნიდან. მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ბოლოს ამიერკავკასიის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი იყო. დედა _ ეკატერინე ქადეიშვილი ეკონომისტი იყო და აღნიშნულ სამინისტროში მუშაობდა. დაოჯახდნენ. მელიქ აზარიანცის მიერ აგებულ ცნობილ სახლში ცხოვრობდნენ. აქვე ცხოვრობდა ვანო სარაჯიშვილი. რთული დრო იყო და 1936 წელს, როცა მე რამდენიმე თვის ვიყავი, მამა დააპატიმრეს და შემდეგ დახვრიტეს. ბინა წაგვართვეს. 1,2 წლის ვიყავი,  დედა რუსეთის ჩრდილოეთში_ვორკუტაში 9 წლით რომ  გადაასახლეს.

რეპრესია შეეხო ბიძასაც _არქიტექტორ ვანო (ვანიჩქა)  ქადეიშვილსაც, რომელიც 1932 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის თეატრის მშენებლობაზე. 1936 წელს ისიც დაიჭირეს და დახვრიტეს.  

დედის დამ, მარიამმა წამომიყვანა ოზურგეთში. რადგან რეპრესირებული დედ-მამის შვილი ვიყავი, გვარი შემიცვალეს და დედის გვარზე დამწერეს. დიდი ამაგი აქვს დეიდაჩემს ჩემს აღზრდაში. ბაბუა_ნიკოლოზ  ქადეიშვილი კომუნისტების მოსავლემდე ბევრ მიწებს ფლობდა ოზურგეთის ცენტრში. რა თქმა უნდა ჩამოართვეს.

ბიძა იოსებ (ქუცუნია) ქადეიშვილი  გამომგონებელი იყო, სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს თანამშრომელი და არაერთი საცდელი მანქანები შექმნა ჩაის დარგში თუ ღვინის წარმოებაში. მის სახელს უკავშირდება ქ. ოზურგეთში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა…

ქ. ოზურგეთში, ჩვენს მეზობლად სიკო დოლიძე ცხოვრობდა. ხშირად იყო მასთან სტუმრად ცნობილი მსახიობები, განსაკუთრებით მაშინ, როცა გურიაში გადაღებები ჰქონდათ. ნატო ვაჩნაძე, თამარ ციციშვილი რამდენჯერმე იყვნენ სტუმრად ჩვენს ოჯახში.

ქ. ოზურგეთის #1 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. რეპრესირებული ოჯახის შვილი ვიყავი და ბუნებრივია, ვერ მიწერდნენ მაღალ ნიშნებს. შემდეგ თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავაბარე _გვიყვება იოსებ ქადეიშვილი.

როგორც იგი ამბობს, ძალიან უყვარდა ფეხბურთი და ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ოზურგეთის „კოლმეურნეში“ თამაშობდა. გუნდს კაკო ხურციძე წვრთნიდა, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე თბილისის „დინამოში“ თამაშობდა.

1958 წელს „კოლმეურნე“ საქართველოს პირველობაზე მე-3 ადგილზე გამოვიდა.

1959 წელს, თბილისში საქართველოს თასის ფინალში, ორმატჩიან შეხვედრაში თბილისის ტრავმაი-ტროლეიბუსების ძლიერი გუნდი დაამარცხა (1:1;2:0) და თასს დაეუფლა, ხოლო 1960 წელს („სიხარულის“ სახელით გამოდიოდა) ლანჩხუთის „გურია“ 4:0 დაამარცხა და მეორედ დაეუფლა თასს.იმ დროს  სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს“ კოტე გოგატაძე ედგა სათავეში.

იოსებ ქადეიშვილი იხსენებს თანაგუნდელებს: პავლე ჟორდანია (მეკარე), ჰამლეტი დოლიძე, რეზო სალუქვაძე, რეზო ღლონტი, რევაზ წივწივაძე, გალორდი ზურაბიშვილი, ანზორ სიამაშვილი, ანზორ ვახრამოვი, რეზო ხომერიკი, ბიძინა ტაბიძე, ავთანდილ ნინუა, სოსო დუმბაძე, თამაზ სალუქვაძე, თამაზ ჩხარტიშვილი…

5-ჯერ  იყვნენ საკავშირო „ოქროს თავთავის“ თასის მფლობელები. საკავშირო თასის გათამაშებაშიც გამოდიოდნენ. მოსკოვის „სპარტაკთან“ დამარცხდნენ რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ.

ჯარში აღმოსავლეთ გერმანიაში იყო და იქაც წარმატებით გამოდიოდა სამხედრო ნაწილის ფეხბურთელთა გუნდში.

_როცა ფეხბურთს დავანებე თავი, ოზურგეთის „მერცხალში“1967 წელს მიხეილ გორდელაძე მოვიდა. მე მწვრთნელად დავიწყე მუშაობა.ძალიან მკაცრი ვიყავი ფეხბურთელებთან დისციპლინის დარღვევისას _გვიყვება იგი. ძალიან ვამაყობ, რომ ჩემამდეც და შემდეგაც გუნდს გვერდით ედგნენ ოზურგეთის მაშინდელი პირველი პირები_ ვასო სიხარულიძე, საშა თოიძე…ცნობილი ქირურგი ნესტორ თოიძე მეუბნებოდა_სტადიონზე შენი თამაშის სანახავად დავდივარო…

შემდეგ იგი უკრაინაში მუშაობდა. შესანიშნავი ოჯახი აქვს: მეუღლე დინა სალუქვაძე აგროქიმიკოსია და წლების მანძილზე ანასეულის ზონალურ აგროქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობდა თავისი პროფესიის მიხედვით.

სამი ვაჟის მამა: გიორგი და ვასიკო საბაჟო საქმის სპეციალისტები არიან, ხოლო შუათანა სოსო _საბანკო საქმის.სპეციალობის მიხედვით არ მუშაობენ. ვასიკო ახლა აშშ-ში იმყოფება. 5 შვილიშვილი ჰყავს. ერთ-ერთი _დალი ქადეიშვილი ბრიტანული უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია.

_ არ შემიძლია არ მოვიხსენიო ჩემი ოზურგეთელი მეგობრები: ვაჟა ჭანუყვაძე (საბურავების ქარხნის დირექტორი); მიშა შარაშიძე; შემოქმედელები ია სურგულაძე და იური ჩხაიძე, რევაზ კეჭაყმაძე, რუბიკა ხუჭუა, იური ურუშაძე, რენო და ბაჩო ურუშაძეები, ზაზა და დუდე მასხულიები; თენგიზ, ვასიკო, თემურ ვასაძეები. ისინი ღირსეული ადამიანები იყვნენ _ამბობს იგი.

დღეს იოსებ (ქუცუნა)ქადეიშვილს 89 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ!

 

მსგავსი სტატიები

  • 87
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
  • 86
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 85
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 80
    მეფუტკრეობა და გარემო„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…
  • 80
    ვულოცავთ _ რეზო თედორაძე-91ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…