ოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა.

ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი.

იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს  განვლილ ცხოვრებიდან, მეგობრებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ოზურგეთის კულტურულ, თუ სპორტულ ცხოვრებაში.

_ დედა თავდაპირველად, სოფელ მაღალ ჯუმათში 1951 წლიდან მუშაობდა დაწყებითი სკოლის გამგედ. სკოლა, ჯუმათის ეკლესიის ბერების ყოფილ საცხოვრებელში იყო, ტაძრიდან აღმოსავლეთით, მამათის მხარეს. სოფელში სულ 5 კომლი ცხოვრობდა. ყველანი ჩხარტიშვილები იყვნენ.

მაღალ ჯუმათში მხოლოდ საურმე გზა იყო და ჩვენ საცალფეხო გზით დავდიოდით.  ზამთარშიც გვიწევდა ოზურგეთში ფეხით გვევლო. მე პატარა ვიყავი, თუმცა დედის გვერდით  ვაჟკაცურად მივაბიჯებდი. სუფსის ხიდზე გადასვლისას, თუ ქარი მოგვისწრებდა,დედა სწრაფად ამოთხრიდა ხელებით თოვლს და შიგ ჩავწვებოდით, ქარმა მდინარეში არ ჩაგვყაროსო.

სკოლა ერთი დიდი ოთახისა (სადაც სწავლა მიმდინარეობდა) და მომცრო საცხოვრისი ოთახისგან შედგებოდა. სკოლაში სულ 6 ბავშვი დადიოდა, მაგრამ 5-კომლიან სოფელს ადგილზე ამაგრებდა. ძალიან კარგი მეზობლები გვყავდა. კარგად მახსოვს საშურა (მსახიობ ვახო ჩხარტიშვილის ბაბუა),  გერმანე და ალექსი  ჩხარტიშვილები.

1953 წელს დიდი თოვლი მოვიდა. ქარბუქმა ჯუმათის ტაძარს მოხადა სახურავი, დაარტყა სკოლას და ხრამში ჩაგვყარა. სკოლის უკანა ნაწილი ისედაც ხრამზე იყო გადადგმული.

ალექსი ჩხარტიშვილის სახლში დურგალი მუშაობდა. იგი ხმაურს გამოჰყვა სკოლის მიმართულებით. ნახა, რომ სკოლა ადგილზე აღარ არის. სასწრაფოდ შეატყობინა მეზობლებს. მათ ხრამიდან ამოგვიყვანეს ზევით. საშურა ჩხარტიშვილის ოჯახში მიგვიყვანეს. ..დედას გულში ვყავდი ჩაკრული და მე ტრავმა არ მიმიღია, მაგრამ დედა საკმაოდ დაჟეჟილი იყო და 20 დღე იწვა. _გვიყვება მისი ბავშვობის ისტორიას ოლეგ გობრონიძე…

ოლეგი ოზურგეთის რაიონის კარგ ხელმძღვანელს შოთა ჭანუყვაძეს იხსენებს:

_გაზაფხულზე მაღალ ჯუმათში ამოვიდა „ვილისით“ შოთა ჭანუყვაძე. კარგად მახსოვს, საჭესთან კლიმენტი ჩხიკვიშვილი იჯდა. ჩვენ დროებით,  ყოფილი სკოლის გვერდით ძველ შენობაში ვიყავით. მაშინ განათლების განყოფილების გამგე ხალამპრე ხავთასი იყო. მას რაიკომის მდივანმა დაავალა სასწრაფოდ ძირ ჯუმათში გაეხსნათ დაწყებითი სკოლა და  პირველ კლასში იქ შევედი. 5 კლასი ძირ ჯუმათში დავამთავრე. სოფელში  იმჟამინდელი ტენტიანი ავტობუსით დავდიოდით. ჩემი თანაკლასელი იყო ცნობილი სამეურნეო მუშაკი ომარ ჩხარტიშვილი…

შემდეგ დედა მუშაობდა სოფელ თხინვალის სკოლაში, დიდხანს სკოლა ინტერნატში, უმანკო ჭეიშვილის პენსიაზე გასვლის შემდეგ კი _ახალშენში (ნატანები)…

მე  ოზურგეთის #3 საშუალო სკოლაში გადმოვედი. აქ ჩემი მეზობელი და თანატოლი  ელდარ მდინარაძე დამხვდა.იგი ქალაქის მე-2 სკოლიდან გადმოვიდა აღნიშნულ სკოლაში.

ძალიან მოძრავი ვიყავი და სპორტშიც ვიყავი ჩაბმული და ხელოვნებაშიც.

ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და სკოლის გუნდში ვვარჯიშობდი. სპორტსკოლის გუნდში გამოვდიოდი. რეზო („ტიაღო“) ცერცვაძე გვავარჯიშებდა. შემდეგში რომან გაგუა, ჯონი კაკალაძე, ბორია კუპრაძე ცნობილი  ფეხბურთელები გახდნენ.

ცეკვის გუნდშიც ვცეკვავდით მე და ელდარ მდინარაძე. პირველ ქორეოგრაფი გოგი ლომინაძე იყო. ელდარმა ოზურგეთის იმჟამინდელ პიონერთა და მოსწავლეთა სახლის ანსამბლში მიმიყვანა. დირექტორი გურამ კუნჭულია გახლდათ, ხოლო ქორეოგრაფი გიორგი სალუქვაძე….შემდეგ კი ანსამბლ „იადონის“ მოცეკვავეც გავხდი. _ ამბობს იგი.

ოლეგ გობრონიძე მოცეკვავის ამპლუაში მოპოვებულ წარმატებებზე გვიყვება. ოზურგეთის რაიონული კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსაბლთან ერთად (ქორეოგრაფი ვახტანგ მეგრელაძე), იყო საერთაშორისო  ფესტივალზე კიშინიოვში, სადაც  ფესტივალის ლაურეატები გახდნენ; მათი ანსამბლი ქ. მოსკოვში ხალხთა მეგობრობის ფესტივალის გამარჯვებული გახდა.ქ. თბილისში რესპუბლიკურ ფესტივალშიც გაიმარჯვეს.

_გიორგი სალუქვაძეს, პარალელურად, სოფელ ძიმითში ჰყავდა კარგი ანსამბლი. მოსკოვში მიიწვიეს სოფლის მეურნეობის საკავშირო ყრილობაზე, დასკვნით კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. დიდ სვეტებიან დარბაზში იყო კონცერტი. მეტად საპასუხისმგებლო კონცერტი იყო და ბატონმა გიორგიმ „მისახმარებლად“ წაგვიყვნა: მე, ვაჟა ახვლედიანი, ამური რამიშვილი, ზაურ ჯანიაშვილი, ანზორ გვარამაძე…კონცერტის შემდეგ სცენაზე, ყოფილი სსრ კავშირის კულტურის მინისტრი ეკატერინე ფურცევა ავიდა  და ბატონი გიორგი სალუქვაძე გადაკოცნა.

ძალიან კარგად ცეკვავდნენ თანდული ნაცვალაძე, როსტომ შაფაქიძე, გოგი ლომინაძე, ზაურ ზაქარიაძე, გურამ სირაძე…

ლატვიაშიც ვიყავით, მადონას რაიონში. ჩვენთან ერთად იყო ომარ კელაპტრიშვილის კვარტეტი, კომპოზიტორი მიხეილ ჩირინაშვილი.

აქ სიტყვით ქართულ ენაზე ძიმითის კოლმეურნეობის თავმჯდომარე სევერიან მუხაშავრია გამოვიდა. მიხეილ ჩირინაშვილი თარგმნიდა სიტყვას..

 როცა ცეკვას მოვრჩი, ვლადიმერ ერქომაიშვილმა, დიდ ანსამბლში მომღერლად ჩამრიცხა და აქაც არაერთ ფესტივალში გავიმარჯვეთ...

ოლეგ გობრონიძეს ოზურგეთი, როგორც კარგ ხელბურთელსაც იცნობს…

_ მესამე სკოლის გუნდში დავიწყეთ თამაში. სერგო ქარჩილაძის ხელმძღვანელობით გამოვდიოდით რაიონულ პირველობაზე. აქ თამაშობდნენ: თემურ ხმელიძე, გელა სიამაშვილი,  ზურაბ თავბერიძე (მორბენალი) და სხვები.რაიონის ჩემპიონები გავხდით.

შემდეგ სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს“(თავმჯდომარე ოთარ კიშინსკი), ეგიდით ვმონაწილეობდით რესპუბლიკურ პირველობებზე. ამ დროს თამაშობდნენ: ახილეს ლაზარიდისი („ბურევესტნიკის“ ყოფილი ხელბურთელი), ვლადიმერ ჭყონია (შემდეგ „ბურევესტნიკის“ გუნდის წევრი), სერგო ქარჩილაძე, ტარიელ მდინარაძე,ჯანო ანთიძე, თემურ ხმელიძე,  მარგალიტაძე (მეკარე), თანდული ნაცვალაძე, ენვერ სურგულაძე, მიხეილ და ომარ ზოიძეები და სხვები. 70-იან წლებში არაერთხელ გავხდით საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები. ძლიერი გუნდები ჰყავდათ და პაექრობა ძირითადად სოხუმის, ზესტაფონის, ტყიბულის, სამტრედიის გუნდებთან გვიწევდა, _ იხსენებს იგი.

10 წლის წინ გურიის ნარდის ფედერაცია შეიქმნა. ორი წელი გია მამაკაიშვილი ხელმძღვანელობდა, შემდეგ _ თამაზ სალუქვაძე.ოლეგი ამ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. არაერთი საინტერესო ტურნირი ჩაატარეს…ახლაც სარვამარტო ქალთა ტურნირისთვის ემზადებიან.

ოლეგმა მოსკოვის კოოპერატიული ინსტიტუტის თბილისის ფილიალი დაამთავრა.

იხსენებს უფროს მეგობრებს რაიკავშირის უნივერმაღში  მუშაობისას, პეტრე კვაჭანტირაძეს, ანტონ კონტრიძეს…

1974 წელს ქალაქ ოზურგეთში ცენტრალური უნივერმაღი გაიხსნა. სადაც  დაიწყო მუშაობა. 1987 წლიდან დირექტორია, 1995 წლიდან სააქციო საზოგადოება „იმედის“ თავმჯდომარე.

ლამაზი ოჯახი აქვს ოლეგს. მეუღლე _ცისანა მდინარაძე ვაჭრობის მუშაკია;

შვილები: სოფია დიასახლისი, 2 ვაჟის დედაა; ნათია _გერმანისტია (თსუ დაამთავრა). ციციშვილის კლინიკის მენეჯერია. ნათიასაც ორი შვილი ჰყავს _ქალ-ვაჟი…ოლეგი ოთხი შვილთაშვილის ბაბუაა.

_ ჩემი თაობა გამორჩეული იყო მასპინძლობით. მაგალითს უფროსი თაობიდან ვიღებდით, მაგალითად, როგორიც იყო რენო ურუშაძე. წლები მიდის და ბევრ ღირსეულ მეგობარს იხსენებ, როგორიც იყვნენ უფროსი მეგობარი მიხეილ ჩხარტიშვილი,  ლევან კიკვაძე, გელა სიამაშვილი, ვაჟა ნიკოლაიშვილი, მამულია მენაბდე, ენვერ სურგულაძე… უფალმა კარგად მიმყოფოს ალიკა ტუღუში.

დაბადებიდან 75 წლისთავს ვულოცავთ ოლეგ გობრონიძეს.

ნუგზარ ასათიანი

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 95
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 91
    ვულოცავთ _ რეზო თედორაძე-91ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
  • 89
    მეფუტკრეობა და გარემო„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…
  • 87
     იოსებ ქადეიშვილი 89 წლისააქალაქ ოზურგეთის ცენტრში ერთი ლამაზი ოჯახი ცხოვრობს.იოსებ (ქუცუნა) ქადეიშვილს ყველა იცნობს ოზურგეთში, როგორც ცნობილ სპორტსმენს და კოლორიტ კაცს. მისი ცხოვრების დასაწყისი ცნობილ რეპრესიებს უკავშირდება. _მამაჩემი გრიგოლ ქურციკაშვილი კახელი კაცი იყო, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნიდან. მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. ბოლოს ამიერკავკასიის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი იყო. დედა _ ეკატერინე ქადეიშვილი ეკონომისტი იყო და…
  • 81
    ოზურგეთში ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადადღეს, ქალაქ ოზურგეთში, „მედალფას“ კლინიკაში ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა. იგი დიდი ექვთიმეს მშობლიურ სოფელ ლიხაურიდანაა და 4400 გრამს იწონის. ინფორმაცია და ფოტოების ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ „მედალფას“ დირექტორმა დათო მდინარაძემ გაავრცელა. ბედნიერი ბავშვობა, ლამაზი მომავალი, სიკეთე და ბედნიერება ვუსურვოთ პატარა ექვთიმეს!