წელს 100 წელი შეუსრულდებოდა ოზურგეთის კოლორიტს, ღირსეულ პიროვნებას, დიდ ფეხბურთელს ბატონ კოტე გოგატაძეს. „მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენიაო“ ეს ჭეშმარიტებაა, შენ საკუთარი ცხოვრების არჩევანი აქვე საწუთო სოფელში მიპოვე სახელი, სახელი რომელიც ყველა მოსახვეჭელზე დიდია. კეთილი, სამართლიანი, კულტურული, სიყვარულის მთესველი და გაჭირვებულთა გვერდში მყოფი იყავი. იცხოვრე ლამაზად, შინაარსიანად და შთამბეჭდავად. სიკვდილი ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც სიცოცხლე … და ის როცა მოვა, ვისურვებდი ყოველი კაცი ისეთი სახელით წარსდგეს ღვთის წინაშე, როგორც შენ მოიპოვე, ეს კი მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. დროის დინებას გაჰყვა უკეთილშობილესი პიროვნება ბატონი კოტეც … ოზურგეთელებისთვის უსაყვარლესი, უსპეტაკესი და ერთგული პიროვნება … წავიდა და თან წაიღო სიკეთითა და პატიოსნებით სავსე თავგადასავალი, მაგრამ აქ, საწუთო სოფელში, დატოვა კარგი ადამიანობის თვალსაჩინო მაგალითი, ლამაზად განვლილი წუთისოფელი…
როდესაც ჩვენ ავღნიშნავთ 100 წლის იუბილეს, გვახსენდება არა მხოლოდ ფეხბურთელი, არამედ პიროვნება, რომლის გავლენამაც ფეხბურთის მოედანს გასცდა და დაგვიტოვა შთამაგონებელი გულშემატკივრებისა და სპორტსმენების თაობები, რომელიც დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან აღარ არის, მათი მეხსიერება ცოცხლობს იმ ბრწყინვალების უთვალავი მომენტით, რაც მან აჩუქა ფეხბურთის სამყაროს. იგი ფეხბურთელთა იმ თაობას მიეკუთვნება, ომის დამთავრებისას რომ მოვიდა მთავარ გუნდში და საფუძველი შეუქმნა ოზურგეთელთა პირველი გუნდის წინსვლასა და წარმატებებს.
კოტე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ძირძველი და ღირსეული ოჯახის – პანტელეიმონ გოგატაძისა და თამარ ხუნდაძის ვაჟიშვილი იყო, მას ასევე ჰყავდა ძმა – ვასილ (ტუკა) გოგატაძე, რომელიც გამორჩეული იყო, სპორტისა და განათლების სისტემაში, მან ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურა ნ.დუმბაძის სახელობის N2 საშუალო სკოლის მოსწავლეთა შრომით აღზრდას. მათი მამა გახლდათ აფთიაქის მფლობელი, ის მძიმე სენით დაავადებული პატიმრისათვის, რომელიც იმდროინდელი წყობილებისადმი არ ყოფილა კეთილგანწყობილი, წამლის შეგზავნისთვის წლების მანძილზე ცივ ჩრდილოეთში იყო გადასახლებული. ხოლო დედა, თამარ ხუნდაძე გახლდათ იმ დროინდელი ქალაქის თავის (მერი),   აქტიური საზოგადო მოღვაწისა და პირველი აფთიაქარის თავადი-ვასილ ხუნდაძის ქალიშვილი. სწორედ ბატონი ვასილის გაშენებულია ოზურგეთში დღეისათვის ცნობილი ჭადრების ბაღი. ფლობდა ლიმონათისა და საპნის ქარხნებს, ნაყინის დამამზადებელ საწარმოს. მის მამულში აშენებული იყო სასულიერო სასწავლებებლი.
ბატონი კოტე ოზურგეთის „დინამოში“ მისვლამდე 1937-41 წლებში ოზურგეთის ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდ „სიხარულში“ გამოდიოდა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად კარგ შედეგებს აჩვენებდა რესპუბლიკურ შეჯიბრებებში. ამ გუნდის აღზრდილები გახდნენ ოზურგეთის „დინამოს“ ძირითადი ბირთვი. ფეხბურთელთა გუნდში პერსპექტიული ფეხბურთელი შეუმჩნეველი არ დარჩენია თბილისის „დინამოს“ თავკაცებს და საქართველოს პირველ გუნდში მიიწვიეს თავმდასხმელი კოტე გოგატაძე.
1946 წელს ოზურგეთის „დინამო“ ნაკრების სახელით საქართველოს პირველობაზე კვლავ I კატეგორიის გუნდებთან გამოდიოდა და წარმატებასაც მიაღწია, გუნდის ამ წარმატებებში კი დიდი წვლილი სწორედ კოტე გოგატაძეს მიუძღვოდა. მისი დებიუტი თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში 1948 წლის 27 მაისს შედგა მოსკოვის „ტორპედოსთან“ მატჩში და სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. „მეორე ღოღობერიძე“ გამოჩნდაო_ ამბობდნენ. უიღბლო გამოდგა მომდევნო მატჩი ლენინგრადში, ადგილობრივ „დინამოსთან“, რადგან მან საბედისწერო ტრავმა მიიღო და გამოეთხოვა საქართველოს პირველ გუნდს, ხოლო 1949-53 წლებში იგი ოზურგეთის ნაკრების მოთამაშე მწვრთნელი იყო. ოზურგეთელთათვის სამახსოვრო იყო კოტე გოგატაძის ინიციატივით გამართული ამხანაგური მატჩი თბილისის „დინამოსთან“, რომლის შემადგენლობაში ბორის პაიჭაძე გამოვიდა.
1954 წლიდან სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს“ ჩაუდგა სათავეში. წლების მანძილზე იყო ოზურგეთის ცენტრალური სტადიონის დირექტორი. ამავე წელს საქართველოს „კოლმეურნის“ ჩემპიონები გახდნენ და ოზურგეთლები ზედიზედ ფლობდნენ გარდამავალ თასს. სწორედ მისი დამსახურება იყო ისიც, რომ 1956 წელს სპორტსაზოგადოება „კოლმეურნის“ პირველობის გათამაშების ფინალური შეხვედრები ქალაქ ოზურგეთში გაიმართა. 1954-67 წლებში კი ოზურგეთის გუნდი სპორტსაზოგადოება „კოლმეურნის“ 9- გზის ჩემპიონი გახდა.
ასევე დიდი წვლილი შეიტანა 1967 წელს „მერცხალის“ საქართველოს ჩემპიონად გახდომის შემდეგ სტადიონ „მეგობრობის“ რეკონსტრუქციაში. იგი აკაკი გობრონიძესთან ერთად სარეკონსტრუქციო სამუშაოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. შემდეგ კი „მერცხალის“ დიდი გულშემატკივარი წარმატების თუ წარუმატებლობის ჟამს.
ჰყავდა შესანიშნავი მეუღლე ქალბატონი მარიამი, ბატონმა კოტემ და ქალბატონმა მარიამმა დატოვა ორი შესანიშნავი ქალიშვილი ნუნუჩი და ქეთევანი, ქალბატონები, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ მშობლების ცხოვრებას, მიაბიჯებენ და თესენ სიკეთისა და თანადგომის უკვდავ მარცვლებს, უფალმა დაუმკვიდროს ბატონ კოტეს და ქალბატონ მარიამს ცათა სასუფეველი და „მისცეს ადგილი წვანილოვანსა სადაც მართალნი განისვენებენ“ მათ დანატოვარს კი დიდხანს ჰქონოდეს შესაძლებლობა თავიანთი ნაამაგარი და უკეთილშობილესი მშობლების მოგონების.
ოზურგეთის კოლორიტი, ღირსეული პიროვნება, ბატონი კოტე გარდაიცვალა 1996 წელს. კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს. მისმა უფროსმა მეგობარმა, ვალერიან გეგიაძემ გამოსათხოვარ სიტყვაში ასე მოიხსენია – „მაინც რა თილისმა გქონდა ისეთი, რომ ყველას უყვარდი და ყველა გიყვარდა“.
აი ასეთი ადამიანები ქმნიდნენ ოზურგეთის ისტორიას.
P.S. ახლახან გამოიცა წიგნი ანდრია გაჩეჩილაძის ავტორობით „დინამო 100 წლისაა“, რომელშიც მოთავსებულია სტატია ბატონი კოტეს ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ. ავტორი შესანიშნავად და ამომწურავად გვესაუბრება ამ კარგ მამულიშვილზე, მიმოიხილავს მისი ცხოვრების ძირითად ასპექტებს და ჩვენ, თანამედროვეებს ნათელ სურათს გვაძლევს იმისა, თუ როგორ უნდა იდგეს ქვეყნისა და ერის სამსახურში ჭეშმარიტი მოქალაქე. ჩვენ ბატონი კოტეს ახლობლები და შთამომავალნი, უდიდეს მადლობას მოვახსენებთ წიგნის ავტორს ბატონ ანდრიას და შემდგომშიც ვუსირვებთ მრავალ წარმატებას პირად თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ხარიტონ ჩხატარაშვილი

მსგავსი სტატიები

  • 91
    ზაზა მასხულიას ხსოვნას  ოზურგეთი ყოველთვის გამოირჩეოდა ცნობილი, წარმატებული ადამიანებით. მათ რიცხვში აუცილებლად დასახელდება  ზაზა მასხულია. ზაზა მასხულია დაიბადა ქ. თბილისში.მამა _ჟურნალისტი სოლომონ (სოსო) მასხულია გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში მუშაობდა. შემდეგ სოლომონმა მუშაობა გააგრძელა ქ. მახარაძეში, რაიონული გაზეთის  რედაქტორის მოადგილედ. შვილებმაც ზაზამაც და დუდემაც აქ დაამთავრეს საშუალო სკოლა, ზაზამ ოქროს მედალზე. მოსწავლეობის პერიოდიდან ორივე…
  • 70
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 69
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 67
    გაბრიელ სალუქვაძე_ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონიგაბრიელ სალუქვძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გახდა ჭადრაკში 8 წლამდელთა ასაკში. მან 7 პარტიიდან შვიდივე  მოიგო. 5-5 ქულა გიორგი ჯანელიძემ და ანდრია ადეიშვილმა მოაგროვეს.
  • 67
    ოზურგეთის „არწივებმა“ „აკადემია“ 69:10 დაამარცხადღეს „ფოთის პარკი არენაზე“ საქართველოს პირველობაზე დიდი 10-ის მე-12 ტურში ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „აკადემიას“ 11 ლელო გაუტანა, ბონუსით, 69:10 დაამარცხა და ამჟამად 16 ქულა აქვს.დიდი 10-ის დებიუტანტისთვის ეს მესამე გამარჯვება იყო და აქედან ორი, ორივე ბონუსით, სწორედ „აკადემიასთან“ მოიპოვა. ამ მატჩში 12  ლელო გავიდა, ოღონდ ერთი, საჯარიმო ლელო „აკადემიის“ ანგარიშზეა.…