მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო.
ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ.
ნაშუადღევს დაიწყო გახმობები და რაღაც საუბრები. გომისმთის სტუმრები, თითო-ოროლა, სადღაც ნისლში „იკარგებოდნენ“. გავიგონე ერთ-ერთი მაღალჩინოსნის გადალაპარაკება მეორისადმი: _„ ჟურნალისტები გაიყვანეთ“…
უხერხული სიტუაცია შეიქმნა, სასწრაფოდ ბარში დავეშვით. ბჟუჟჰესამდე საკმაო გზა გვქონდა გასავლელი, მეუფის ჯიპი რომ დაგვეწია, მეუფე იოსებმა მანქანიდან დაგვლოცა, ჩვენს „მარშრუტკას“ გაუსწრო და მოსახვევში თვალს მიეფარა…
ბჟუჟჰესის ქვემოთ, მდინარე კალუას ხიდთან ცუდი ამბავი დაგვხდა. გომისმთიდან მომავალი ერთ-ერთი სტუმრის მსუბუქი ავტომობილი მოსახვევში ამოტრიალებულიყო და მძღოლი დაღუპულიყო.. შეწუხებულები ვიდექით დამტვრეულ ავტომანქანასთან. შეწუხებულები იცავდნენ ავარიის ადგილს პოლიციელები… გომისმთის მხრიდან არავინ არ მოდიოდა…
როგორც შემდეგ გავიგეთ, გომისმთაზე წინასაარჩევნო პურმარილი, მუსიკალური კოლექტივების თანხლებით შუაღამემდე გრძელდებოდა….
* * *
ბახმაროში კი უფრო მაღალი დონის სტუმარს ელოდნენ. თავად პრეზიდენტი უნდა დასწრებოდა „ფერისცვალების“ დღესაწაულს.
18 აგვისტოს, საღამოს, პოლიციელების კონცენტრაცია შეინიშნებოდა კურორტზე. ღამით ყვითელი ავტობუსებით ამოიყვანეს ასეულობით პოლიციელი. ღამით ამოვიდნენ კურორტზე საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე სანდრა რულოვსი. ღამით სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა აქტივისტებს (მათ შორის ოზურგეთელებსაც) შეხვდა.
დილით ძალიან ბევრი პოლიციელი იყო კურორტის შესასვლელში. ისინი სადღესასწაულო ადგილისაკენ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებით სავსე მიკროავტობუსებს ატარებდნენ.
დაახლოებით, დღის 12 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, სადაც ადრე პოლიციის საგუშაგო იყო, პოლიცია „ქართული ოცნების“ მიკროავტობუსებს არ ატარებსო.
ამ დროისათვის არაერთი პოლიციის ავტომანქანა დაიძრა დასახელებული ადგილისაკენ. ტაქსის მძღოლებმა უარი გვითხრეს დასახელებული მისამართით გადაყვანაზე. „ალიონის“ ჟურნალისტები პიკეტის ადგილისაკენ ფეხით წავედით. ძლიერი ნისლი იყო, ხედვა ჭირდა. გზის გასწვრივ, მაღლობზე, ტყეში, ყოველ 30 მეტრში შავფორმიანი იდგა. დაახლოებით 30-40 წუთში, პიკეტის ადგილას ვიყავით. აქედან 300 მეტრზე მხოლოდ პოლიციელები იდგნენ. იმ დროს, როდესაც ცენტრალური მედიასაშუალებების ჟურნალისტები დაუბრკოლებლივ გადაადგილდებოდნენ, ჩვენ გადაადგილების უფლება არ მოგცეს. ზუსტად ამ დროს პიკეტს დიდი ავტობუსი მიადგა და რეზინის ხელკეტებით შეიარაღებული 50-მდე შავფორმიანი გადმოვიდა. ჩვენგან დაახლოებით 50 მეტრში „რეალ ტვ“-ს ჟურნალისტი იდგა შავფორმიანების გვერდით. მან პოლიციელებს რაღაც უთხრა და ხელით ჩვენსკენ მოუთითა. მივხდით, „განსაკუთრებული ყურადღების“ ქვეშ ვექცეოდით. ხშირი ნისლით „ვისარგებლეთ“ და ნისლში „გავუჩინარდით.“
იქ, სადაც ხის ჯვარი დგას, ჩემს ვაჟს და ძმისშვილს (მაშინ მე-12 კლასის მოსწავლები იყვნენ) ვთხოვეთ დარჩენილიყვნენ. ჩვენ ქვემოთ გზაზე ჩავედით და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტებს შევხდით. საქართველოს პარლამენტის მომავალმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, თემურ ჩხაიძემ გვითხრა, მიკროავტობუსებით ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან „ქართული ოცნების“ 70-მდე აქტივისტი იყო დოღზე დასაწრებად, რომელთა გადაადგილებას 300-მდე პოლიციელი უშლიდა ხელს.
იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა აქტივისტები გვიყვებოდნენ ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ …ამ დროს ოფიცერის ბრძანება გაისმა: -„სასწრაფოდ შეყარეთ ავტობუსებში…“
სირბილით დაიძრნენ შავფორმიანები..
თემურ ჩხაიძისკენ გავიხედე, ჩემი ვაჟი და ძმისშვილი გზაზე ჩამოსულიყვნენ და ესაუბრებოდნენ (ბატონი თემური ცხინვალის „სპარტაკის“ ახალგაზრდა გუნდს წვრთნიდა, სადაც ჩემი ძმისშვილიც გამოდიოდა).
_ უცებ ყველანი მოგვაქციეს ალყაში.
_ჟურნალისტი ვარ მეთქი, მოწმობა ამოვიღე…გაიცინეს..
ნინო ნიკოლაიშვილს (ჟურნალისტი, ჩემი მეუღლე) მაღლობის ძირში ბიჭებისთვის ხელი მოეხვია და შავფორმიანებს არ აძლევდა საშუალებას და ისინი ავტობუსში ჩაესვათ.
შავფორმიანების ალყაში გზას მივიკვლევდი ბიჭებისაკენ.
ოფიცერმა ბრძანება გასცა და შავფორმიანებმა (როგორც შემდეგ გავიგეთ, ესენი სამეგრელოს ე.წ. „სპეცრაზმი“ იყო) ხრამის პირას მიგვაყენეს და გადაადგილების უფლებას არ გვაძლევდნენ…
_როცა ბრძანებას მივიღებთ, გაგიშვებთ _ასე უპასუხა ჩვენს მრავალგზის პროტესტს შავფორმიანების ოფიცერმა.
ნინო ნიკოლაიშვილი სპეცრაზმელებს მიმართავდა: _თქვენ სამშობლოს უნდა ემსახუროთ და არა ერთი კაცის ახრირებას.
ამ პერიოდში გამოიარა „ინფო 9“-ის ოზურგეთის წარმომადგენლებმა.
ვანიშნე, ვიდეოკამერით გადაეღოთ…
არ ჰქონდათ კამერა (იცოდნენ წაართმევდნენ)…
_„გაატარეთ ჩვენიანია, სიაშია“_გვესმოდა მსუბუქი ავტომანქანების გამოჩენისთანავე და მძღოლები (ძირითადად საჯარო მოხელეები) მადლიერების ნიშნად სპეცრაზმელებს უღიმოდნენ და „ბედნიერები“ აგრძელებდნენ გზას ბახმაროსაკენ.
დრო ნელა მიიზლაზნებოდა. რას არ ვფიქრობდი..ალბათ ერთ საათზე მეტი დრო იქნებოდა გავლილი, მათ „ბრძანება“ რომ მიიღეს ჩვენი „გათავისუფლების“ შესახებ.
გვითხრეს, _პოლიციის კორდონის გავლით შეგვეძლო გადაადგილება. „ალაიაში“ გაგვატარეს.
შავი პრინტერი წამოგვეწია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულის აღსანიშნავად მიდიოდნენ.
ჩვენს ნიშანზე,მანქანა გაეჩერებინათ, იმჟამინდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ადგილობრივმა „სახემ,“(რომელიც მძღოლის გვერდით იჯდა), მძღოლს ხელის აქნევით ანიშნა „გზა გააგრძელეო…“ ჩვენი ხმაურიანი პროტესტის შემდეგ მიკროავტობუსი გაგვიჩერეს და კურორტის ტერიტორიაზე ჩაგვიყვანეს…
„წამოვედით, რომ ფერისცვალების დღესასწაულს შევხვედროდით ბახმაროში და დავსწრებოდით სახალხო ღონისძიებებს, რომელიც აქ იმართება. ბახმაროს შესასვლელთან დაგვხვდნენ შავებში ჩაცმული სპეცრაზმელები და ჩოხატაურის პოლიციის წარმომადგენლები, რომელთაც ხელში ეჭირათ დიდი დავთარი – იქ ჩამოთვლილია მანქანის ნომრები, ვინ გაატარონ და ვინ – არა. სამწუხაროდ, ჩვენ შავ სიაში მოვხვდით. ვკითხე, თუ რატომ არ გვიშვებდნენ და მითხრეს, რომ უსაფრთხოების გამო. სრულიად გაუგებარია, მე ან ის ახალგაზრდები, რომლებსაც გვსურდა ბახმაროში მისვლა სახალხო ღონისძიებებზე დასასწრებად, რითი ვარღვევეთ უსაფრთხოების ნორმებს. გარდა იმ ახალგაზრდებისა, რომლეთაც აცვიათ „ქართული ოცნების“ მაისურები, არ გაატარეს ბავშვები და ადგილობრივები; ასევე მშობელი, რომლის შვილიც ისვენებს ბახმაროში, ავადაა და ითხოვს დედის ჩასვლას“, _ აცხადებდა „რეზონანსის“ კორესპონდენტთან საუბრისას კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი.
„მანქანიდან გადმოსვეს და უკან გამოაბრუნეს ფეხმძიმე ქალბატონი. აქ არის ადგილობრივების პატარა დასახლება, რომლებსაც არ აძლევენ საშუალებას, დაესწრონ ღონისძიებებს. ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ ხდება, რომ მათ კარგად იციან ამ ადამიანების ოპოზიციური განწყობა. საოცრებები ხდება. მე და ამ ახალგაზრდებს აქ გვიცნობენ, ადგილობრივები არიან. ადამიანებს, რომელებიც ჩვენ მოგვესალმნენ, არ უშვებენ, თუმცა მათ არანაირი საერთო კოალიციასთან არ აქვთ, მაგრამ ალბათ ფიქრობენ, რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან და ამიტომ უარს ეუბნებიან შესვლაზე – ესაა იმ დონის განუკითხაობა, სიტყვები არ მყოფნის, ვილაპარაკო. ადამიანები დაგვყვეს ხარისხების მიხედვით. ჩვენ აღმოვჩნდით მეორეხარისხოვნები“ , _აცხადებდა დასახელებულ გამოცემასთან სხვა რესპონდენტი…
პრეზიდენტის ბახმაროდან წასვლისთანავე ზაფხულში მოსული თოვლივით გაქრა მისი „ამალაც,“ დაახლოებით 2 ათას კაცამდე პოლიციელი და სპეზრაზმელი.
სპეციალურ სცენაზე თბილისელმა და ოზურგეთელმა „ვარსკვლავებმა“ იმჟამინდელი მმართველი პარტიისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართეს. მაყურებელი ბევრი არც ჰყავდათ..
* * *
გაზეთმა „ალიონმა“ 2012 წლის 19 აგვისტოს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის შესახებ შესაბამისი მასალა დაბეჭდა. არც ადგილობრივი პოლიცია და არც პროკურატურა დაინტერესებულა მოხდარით. ველოდით, გურიის მაღალჩინოსნები (გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი, საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი), სიტყვით მაინც გამოხატავდნენ თანადგომას…პირიქით, არჩევნების შემდეგ პოლიციამ „ოზურგეთელი ალისტრახო“ დაასაქმა. ბევრი იმათთაგანი, რომლებიც ასეთ „დემოკრატიას“ დუმილით მხარს უჭერდნენ (ზოგი თავად ატერორებდა) კვლავ თბილ სკამებზე სხედან და აქეთ გვიკითხავენ „მორალს:“_შენ ძმაო, დაანებე თავი, მაგ ზონდერების სიების ძებნას _მაშინ ასე იყო საჭიროო.
ამიტომ არ მიკვირს, როცა კვლავ გვებრძვიან და სხვადასხვა მეთოდით აპირებენ ჩვენს დახურვას:_ისინი ხომ ყველა დროში იქნებიან…..
2012 წლის 19 აგვისტოს შემდეგ ბახმაროში დოღს აღარ დავსწრებივარ…
2015 წ.
სურათებზე: უსაფრთხოების ზომები მიხეილ სააკაშვილის ოზურგეთში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს. 08.09.2012 წ.
ზონდერები; თემურ ჩხაიძე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა წარმომადგენლებთან ერთად (შუაში);
(ქვემოთ) ადგილობრივი ჟურნალისტები 2012 წლის მარტის ცივ დღეებში ოზურგეთის „თეთრი სახლის“ წინ იდგნენ, რათა საქართველოს სახალხო კონტროლის პალატის მიერ დაკითხვებზე დაბარებული უდანაშაულო მოქალაქეებს დადგომოდნენ გვერდით;უწყების ნიმუში; სავაჭრო ობიექტების „რისხვა“ საფინანსო ეგზეკუციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მან გაზეთ „ალიონს“ გადაღებისას ფოტოაპარატი დაუმტვრია. პროკურატურაში საქმე კი აღძრეს, მაგრამ…
მსგავსი სტატიები
- 95სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
- 92კომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
- 72თურქეთის ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, რის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც ბურსა-ყარსის რეისს ასრულდებდა, სოფელ კარაკურტთან 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა. მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დადგენა.
- 72https://www.youtube.com/watch?si=HFdW7K6POJ-ipkv6&fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR0YySFWzw5ef020fvDMRPReFUvJAe6qbH-mrcstLDKygO3xEmzvYz0Skyc_aem_AWkbEnQdyPfADBQq_PWd_jkXl31477O5dkcb8F6ZHjwBqlqtx7DylwGHElWucqjDGnuhCQ68-UCJ6SufuYwxPJaV&v=dbh7IoXVGfA&feature=youtu.be დაფინანსებული ფართი
- 71გული მწყდება, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, და ქართველ ხალხს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, „საქართველოს პარლამენტისთვის გვიანი არ არის, რომ კურსი შეაბრუნოს“. „გული მწყდება,…