„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დიდი მცდელობის შემდეგ, 2011 წლის ოქტომბერში გახდა შესაძლებელი „ალეგრობის“ გაცოცხლება. ამის შესახებ წერდნენ გაზეთები: „კვირის პალიტრა“, „ალიონი“,„გურიის მოამბე“ და სხვა. „ტრადიცია“ იმდენად ფესვგადგმული აღმოჩნდა,რომ შესაძლებელი გახდა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით 2011 წლის 16 ოქტომბერს „ალეგრობას გაცოცხლებულიყო. ოზურგეთს ახალი სიცოცხლე აჩუქეს გურულებმა“( გაზეთი „გურიის მოამბე“N 42, 24 ოქტომბერი, 2011 წელი).
2011 წლიდან მოყოლებული აღინიშნება ჩვენს ქალაქში „ალეგრობა- ოზურგეთობა“, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ფართო საზოგადოება და დედაქალადიდან მოწვეული სტუმრები.
სიტყვა „ ალეგრო „ იტალიურია და ნიშნავს -მხიარულად! „ალეგრობის“ შესახებ მოგონება დაგვიტოვა ქალაქის ყოფილმა ვიცე-მერმა აწ. განსვენებულმა, ბატონმა თენგიზ კუნჭულიამ, იგი შემდეგნაირად აღწერს ამ დღესასწაულს:“ ადრე, „ქალაქის ბაღად „ წოდებული დღევანდელი „თეატრის ბაღი“, დღესასწაულის დღეს , საზეიმოდ ირთვებოდა ,ყვავილებით, გირლიანდებით და ილუმინაციებით. მოდიოდა დიდი და პატარა ოჯახებით, ჩვეულებრივზე ადრე ცარიელდებოდა საპარასკევოდ წოდებული ქალაქის ბაზარი, სამიკიტნოები და დუქნები.
ბაღში საგანგებოდ გაკეთებული ფიცარნაგებიდან ისმოდა ვარლამ სიმონიშვილის, არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილების ,გიგო მგელაძის, დომენტი ქარჩავას, შერმანდინ ჭკუასელის, ვარლამ ვაშალომიძის, ილარიონ სიხარულიძის, აპოლონ ჩავლეიშვილისა და გურული ჰანგის სხვა ჯადოქართა სიმღერები. იქვე საცეკვაოდ სპეციალურად მორთულ ფიცარნაგზე ნიჟა ლომინაძის ცხემლისხიდელთა მოცეკვავე ჯგუფი ძველებურ „ხორუმსა“ და სხვა ქორეოგრაფიულ მინიატურებს ასრულებდა.
დიდი აუდიტორიის მოზიდვის მიზნით, პოეზიის მიყვარულები ჭადრისა და ურთხმელის ხეებზე ასულნი კითხულობდნენ მამია გურიელის, სიმონ გუგუნავას და საფო მგელაძის ლექსებს.
დღევანდელი თეატრის შენობის ადგილზე არსებული ვაზის ტალავერიდან ისმოდა , ზალიკო თალაკვაძის , ლადუშა ცერცვაძისა და ვანიჩქა ჩხაიძის მიერ გიტარაზე ნამღერი: „რა დროს სიყვარულია“ და სხვა იმდროინდელი მელოდიები.
ოზურგეთის თეატრის მსახიობები ვიქტორ ნინიძე, მარო მდივანი, მარო შარაშენიძე, ვასო ურუშაძე, ნუცა თაყაიშვილი,სამსონ ხურციძე, გრიგოლ ღლონტი, ოლია მოლარიშვილი, კუკური შაქარიშვილი, შოთა ჩავლეიშვილი და სხვები, კონცერტმეისტერ თამარ მასლოვასთან ერთად, წარმოადგენდნენ სპექტაკლების მუსიკალურ ნაწყვეტებს და კომიკურ სცენებს.
ბაღისერთ-ერთ კიდეში აღმართულ იმპროვიზირებულ კინოეკრანზე გერმანე გოგიტიძის კუთვნილ საპროექციო აპარატით უშვებდნენ სიმონ ესაძის მიერ სამხედრო თემატიკაზე გადაღებულ სურათებსა და მუნჯი კინო ქრონიკის სხვა ნიმუშებს.
ჭადრების ქვეშ, ჯიხურში, გასასყიდად გამოტანილი ქონდათ ოზურგეთში კოწია თავართქილაძის სტამბაში დაბეჭდილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველ ავტორთა სხვა წიგნები. ხეივნებში დადგმულ მოლბერტებზე,ნატურიდან , სახელდახელო ჩანახატებს აკეთებდნენ მხატვრები: ანტონ გოგიაშვილი,, ლადო მალაზონია, ალიოშა მკურნალიძე, შოთა დარჩია. „პოდ დიკიმ სტეპიამ ზა ბაიკალია“_ მღეროდა ვანიჩკა ასათიანის არღანი. ბაღის მწვანე მოლზე იმართებოდა ცეკვა-თამაში და ჭიდაობა. გრძელი რიგი იდგა კეგლის პავლიონთან, მუშაობდა „მფრინავი ფოსტა“ თამაშთებოდა ლატარეა. ყოველი „ალეგროს“ უცვლელი მონაწილე გახლდათ კიკოლია თაყაიშვილი და მისი „სიკინჭილა“( სპეციალური მაგიდა ნივთების ლტარეისთვის), ნაძვების ჩრდილში თამაშობდნენ ჭადრაკს , ლოტოს და ნარდს. დიდი პატივი იყო თუ ამ თამაში ჩაებმებოდნენ საქალაქო ხელისუფლების თავკაცები. ადრეულ წლებში პლატონ ბერიძე , შემდეგ კი ვასილ ხუნდაძე. სპეციალურად „ ალეგრობის“ დღისთვის მოწყობილ გუბურაში გაუშვებდნენ იხვს, თუ მას სალტის სროლით დაიჭერდი, ის შენი საკუთრება იყო და ოჯახისათვის საცივიც გარანტირებული გქონდა. დამსწრენი მოსვენებას არ აძლევდნენ ოზურგეთელ ფოტოგრაფებს: ბესარიონ ტურძელაძეს, ვანო ნაკაიძეს, გიორგი ჩხარტიშვილს, ხარიტონ ხომერიკს და ვასო ლომაძეს, რომლებიც სამახსოვრო ფოტოსურათებს იღებდნენ.
ყველა ოზურგეთელი ქალი და კაცი ცდილობდა „ ალეგრობის“ ღესასწაულზე თავი მოეწონებინა ახალი ჩაცმა- დახურვით, ე.ი. „ალეგრობა“ მოდების თავისებური დემონსტრაცია იყო. დღესასწაულის მონაწილე ყველაზე ლამაზ ქალიშვილს პრიზად გადასცემდნენ ქადეიშვილების ოჯახში( ბატონი ქუცა ქადეიშვილის გამზრდელი დეიდა) სპეციალურად გამომცხვარ „სამეფო ტორტს“, შემდეგ კი ოზურგეთის ყველაზე კომფორტული და პრესტიჟული ტრანსპორტით სიმონ გორგოშიძის თეთრი ვარდებით მორთული ფაიტონით მთელ ქალაქს შემოატარებდნენ.
„ალეგრობის“ დღესასწაულში სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიუღიათ დასავლეთ საქართველოში საგასტროლოდ მყოფ „მოხეტიალე ცირკისა“ და ბოშათა ჯგუფის მსახიობებს.
ბაღის მთელ სიგრძეზე იდგა მაგიდები,სადაც იყიდებოდა სასმელები და მშრალი საუზმე . ბევრი სტუმარი ჰყავდა იპოლიტე გორდელაძის ლიმონადს, მათე იმედაშვილის ბურახს, ყარამან გობრონიძის ფუნთუშებს, იოსკა დავარაშვილის ნაყინსა და მზესუმზირის გოზინაყს.
ბაღის შესასვლელთან , სოფლიდან ჩამოსულნი ჰყიდნენ ვაკიჯვრის ფიჭა- თაფლს, შემოქმედი-გომის სანთლის არაყს, ბახვის ჯანჯუხას,ლიხაურის ტკბილ კვერს ასკანის ფელამუშს და სხვა.
დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდებოდა, მთავრდებოდა სამეჯლისო ცეკვებით, ფოკსტროტითა და ვალსით, რომელშიც თითქმის ყველა დამსწრე მონაწილეობდა. სრულდებოდა სასულე ორკესტრის თანხლებით. XXსაუკუნის 20-იანი წლების ბოლოდან მისი უცვლელი ხელმძღვანელი და დირიჟორი იყო შალვა ხუჭუა.
დღესასწაულის დამთავრებისას „ქალაქის ბაღს“ ცეცხლოვანი ფეიერვერკი აჩირაღდნებდა., რაც უკვე ხალხის წასვლას მოასწავებდა. „ალეგრობის“ ჩატარების ხარჯები იფარებოდა ბილეთების რეალიზაციით, ლატარიის შემოსავალი, მოქალაქეთა საქველმოქმედო შემოწირულობით მიღებული მოგება გამოიყენებოდა ქალაქის საჭიროებისათვის.
„ალეგრობა“ თითქმის ყველა სოფელში ტარდებოდა, ცნობილია ბახვის ,ლიხაურის, შემოქმედის, კვირიკეთის ალეგროები.როგორც თვითმხილვენი გადმოქვცემენ, ალეგროს ორგანიზატორები წინასწარ ჩამოივლიდნენ მოსახლეობაში, თითოეული ოჯახი თავს მოვალედ თვლიდა საკუთარი წვლილი შეეტანა საქველმოქმედო საქმიანობაში, სწირავდნენ სხვადასხვა სახის სანოვაგეს, ხილს, ქვის კეცზე გამომცხვარ ხაჭაპურს, ქათამს, გოჭს, მთელი ეს სანოვაგე სახელდახელოდ გაკეთებულ ბუფეტში იყრიდა თავს და საგრძნობ შემოსავალს იძლეოდა, რომელიც ხმარდებოდა ეკლესიებსა და გზების გაყვანას.
ალეგრობისათვის დამახასიათებელი იყო „სიყვარულის ფოსტის“, თამაში,რომლის საშუალებით ხდებოდა ახალგაზრდა ქალ-ვაჟის გაცნობა, რომელიც ხშირად ქორწინებით მთავრდებოდა.კვირიკეთის ალეგროზე გაიცნენ და თავისი ბედი დაუკავშირეს ერთმანეთს ეთერ სვანიძემ და მსახიობმა გიგოლა თალაკვაძემ ოზურგეთის ალეგროზე გრიგოლ მახარაძემ და ციცო თიკანაძემ.
ცნობილი პედაგოგის მარგალიტა კუნჭულიას მოგონებიდან:“ ჩემი ბავშვობის სიხარული იყო „ალეგრობა,“ რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.“ მისივე სიტყვებით მეორე მსოფლიო ომმა დაუსვა წერტილი ამ დღესასწაულს.
მანანა ლომაძე
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი
გაზეთ „ალიონიდან“
ფოტოები „ალიონის“ არქივიდან
მსგავსი სტატიები
- 100https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
- 96თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
- 88
- 84ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ანა კალანდაძის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა დაესწრნენ. სოფელ ხიდისთავში, ანა კალანდაძის სახელობის სკვერში, პოეტის ბიუსტი გაიხსნა.
- 839 - 21 აგვისტოს ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლი „გურია“ მიემგზავრება ესპანეთში. ანსამბლი „გურია“ მიწვეულია მსოფლიო საერთაშორისო XXXVI ფესტივალზე სადაც მონაწილეობს მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის ანსამბლები. ანსამბლ „გურიას“ გარდა ამ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ არგენტინის, პერუს,ბრაზილიის, ბოლივიის, კანარის კუნძულების (ესპანეთი) და სხვა ქვეყნების ცნობილი ანსამბლები. აღნიშნულ ინფორმაციას კობა დუნდუა ავრცელებს.