პირველი წიგნისათვის
საქართველოს ახალი ისტორიის (1801-1918) შესწავლის პირველი ცდა ეკუთვნის დავით ბატონიშვილს. მისი ნაშრომები: „ახალი ისტორია“ და „მასალები საქართველოს ისტორიისათვის. შეკრებილი ბატონიშვილის დავით გიორგის ძისა და მის ძმებისა. 1744-1840“. საყურადღებოა ფაქტობრივი მასალის თვალსაზრისით. როგორც ისტორიული წყარო, საყურადღებოა ბაგრატ ბატონიშვილის „ახალი მოთხრობა“ და თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“.
- რუსეთის იმპერიის ისტორიოგრაფია. საქართველოს ახალი ისტორიის მეცნიერული შესწავლა რუსეთის იმპერიის ისტორიოგრაფიამ დაიწყო. რუსმა ისტორიკოსებმა შეკრიბეს და გამოაქვეყნეს დიდი რაოდენობა საყურადღებო დოკუმენტებისა და მასალებისა. ამ ნაშრომთაგან უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება აკადემიკოს ადოლფ ბერჟეს რედაქციით 1866-1904 წლებში გამოცემულ მრავალტომეულს „კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის მიერ შეკრებილი აქტები“. აქტების თორმეტტომეულიდან, რომლის გვერდთა საერთო რაოდენობა 24 ათასს უდრის, პირველი ათი ტომი ადოლფ ბერჟეს რედაქციით გამოვიდა, მეთერთმეტე ტომი მ. დ. კობლიაკოვის რედაქციით, ხოლო მეთორმეტე _ ე. დ. ფელიცინისა.
- აქტების თორმეტტომეულში შესული მასალა მოიცავს პერიოდს XVIII საუკუნის მიწურულიდან 1862 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ აქტების თორმეტტომეულის პირველი ტომის გამოსვლიდან საუკუნე-ნახევარზე მეტი გავიდა, გამოცემა დღესაც შეუცვლელ წიგნად რჩება საქართველოს ახალი ისტორიის მკვლევართათვის. დოკუმენტებისა და მასალების თავმოყრასა და პუბლიკაციასთან ერთად რუსეთის იმპერიის ისტორიოგრაფია საქართველოს ახალი ისტორიის გამოკვლევასაც შეუდგა. ამ პერიოდის მკვლევართა შორის პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ პიოტრ ბუტკოვი.
- მას ეკუთვნის სამტომეული „მასალები კავკასიის ახალი ისტორიისათვის 1722 წლიდან 1803 წლამდე“ (1869 წ.). პიოტრ ბუტკოვის ნაშრომის გვერდით უნდა მოვიხსენიოთ ნიკოლაი დუბროვინის „გიორგი XII, უკანასკნელი მეფე საქართველოსი და მისი შეერთება რუსეთთან“ (1867 წ.), „ამიერკავკასია 1803 წლიდან 1806 წლამდე“ (1866 წ.)7, ექვსტომეული „კავკასიაში რუსეთის ომებისა და მფლობელობის ისტორია“ (1871-1888 წწ.); ვასილი პოტტოს ოთხტომეული „კავკასიის ომი ცალკეულ ნარკვევებში, ეპიზოდებში, ლეგენდებსა და ბიოგრაფიებში“ (1885-1888 წწ.) და მისივე რედაქციით გამოცემული ერთტომეული „კავკასიური ომების ისტორიის ნარკვევი მისი დასაწყისიდან საქართველოს შეერთებამდე“(1899 წ.); ვ. ნ. ივანენკოს „ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობა საქართველოს შეერთებიდან დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის მეფისნაცვლობამდე“(1901 წ.); 1901-1908 წლებში ვასილი პოტტოს რედაქციით განხორციელდა პუბლიკაცია ოთხტომეულისა „რუსული მფლობელობის განმტკიცება კავკასიაში (1801-1829 წწ)“. ამ გამოცემის დამატებად დაიბეჭდა ვ. ნ. ივანენკოს ზემოთ ხსენებული ნაშრომი „ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობა საქართველოს შეერთებიდან დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის მეფისნაცვლობამდე“
- (1901 წ.) მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიის ისტორიოგრაფიამ გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოს ახალი ისტორიის შესწავლის საქმეში, უნდა აღინიშნოს სერიოზული ნაკლიც: რუსი ისტორიკოსები იმპერიის კავკასიური პოლიტიკის მეხოტბენი არიან და ბევრ ისეთ საკითხზე ხუჭავენ თვალს, რომლებიც ცხადად წარმოაჩენს რუსეთის ველიკოდერჟავულ პოლიტიკას კავკასიაში და მათ შორის, საქართველოში.
რუსი ისტორიკოსების გვერდით მოღვაწეობდნენ და პრაქტიკულად რუსულ ისტორიოგრაფიას მიეკუთვნებოდნენ ქართველი ისტორიკოსები პლატონ იოსელიანი და ზურაბ ავალიშვილი. პლატონ იოსელიანს ეკუთვნის ქართულ ენაზე გამოცემული ნაშრომი „ცხოვრება მეფე გიორგი მეცამეტისა და საქართველოს რუსეთთან შეერთება“ (1867 წ.), ხოლო ზურაბ ავალიშვილს _ რუსულ ენაზე გამოცემული ნაშრომი „საქართველოს შეერთება რუსეთთან“ (1901 წ.).
რუსეთის იმპერიის ისტორიოგრაფიას გარკვეულწილად უპასუხა და საქართველოს ახალი ისტორიის მეცნიერულად შესწავლის ორიენტირები დასახა ივანე ჯავახიშვილმა რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ ნაშრომში „პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში“ (1906 წ.).
1907 წელს სიმონ ესაძემ რუსულ ენაზე ორ ტომად გამოსცა უმნიშვნელოვანესი გამოკვლევა კავკასიის რუსული მმართველობის შესახებ XIX საუკუნეში. ნაშრომი ემყარება მდიდარ საარქივო მასალას. ასევე უმნიშვნელოვანეს გამოკვლევას წარმოადგენს 1912-1920 წლებში რუსულ ენაზე გამოცემული სიმონ ავალიანის ოთხტომეული „გლეხთა საკითხი ამიერკავკასიაში,“ რომლის პირველი, მეორე და მესამე ტომები ოდესაში გამოიცა, ხოლო მეოთხე _ თბილისში.18 1913 წელს სიმონ ავალიანმა რუსულ ენაზე გამოსცა ბროშურა „ნარკვევები ამიერკავკასიაში გლეხთა საკითხის შესახებ.“ 1986 წელს სიმონ ავალიანის ოთხტომეულის დამატებად, მეხუთე ტომად, რუსულ ენაზე გამოიცა მისი ნაშრომი „გლეხთა საკითხი ამიერკავკასიაში.“
- ქართული ისტორიოგრაფია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში (1918-1921 წწ.) შეიქმნა ზოგიერთი საინტერესო წიგნი. 1920 წელს სარგის კაკაბაძემ გამოსცა „საქართველოს მოკლე ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა“. დაახლოებით იმავე პერიოდში მომზადდა გამოსაცემად სარგის კაკაბაძის მნიშვნელოვანი გამოკვლევა „საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500-1810 წწ.)“, რომელიც ცოტა მოგვიანებით, 1922 წელს, დაიბეჭდა. უშუალოდ საქართველოს ახალ ისტორიას ეძღვნება სარგის კაკაბაძის „საქართველოს ისტორია. 1783-1921“23, რომელიც პირველად 1997 წელს, ხოლო მეორედ 2003 წელს გამოიცა. ძალზე მნიშვნელოვანია სარგის კაკაბაძის მიერ განხორციელებული პუბლიკაცია დოკუმენტებისა, რომლებიც იმერეთის სამეფოს გაუქმებას ეძღვნება.
1921 წლიდან საბჭოთა საქართველოში ახალი ისტორიის კვლევის ხელმძღვანელობა თავს იდო ფილიპე მახარაძემ და რუსულ ენაზე რამდენიმე ნაშრომიც გამოაქვეყნა: „საქართველო XIX საუკუნეში“ (1933 წ.), „რევოლუციური მოძრაობის ისტორიის ნარკვევები ამიერკავკასიაში“ (1927 წ.), `საქართველოში მუშათა და გლეხთა მოძრაობის ისტორიის ნარკვევები” (თანაავტორი გიორგი ხაჭაპურიძე) (1932 წ.). ამ ნაშრომებით საფუძველი დაედო საქართველოს ახალი ისტორიის გაყალბებას. ფილიპე მახარაძე იმაზე მეტად სცოდავდა ჭეშმარიტებას, ვიდრე რუსეთის იმპერიის ისტორიოგრაფები. ფილიპე მახარაძეს საქართველოს ახალი ისტორიის გაყალბებაში მხარი აუბა გიორგი ხაჭაპურიძემ (პერაშკოვმა), რომელმაც ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომები: „გლეხთა მოძრაობანი საქართველოში XIX საუკუნეში“ (1932 წ.) და „1905-1907 წლების რევოლუცია საქართველოში“ (1941 წ.), ხოლო 1931 წელს რუსულ და 1932 წელს ქართულ ენაზე _ „გურიის აჯანყება 1841 წელს“. ფილიპე მახარაძისა და გიორგი ხაჭაპურიძის ნაღვაწის ფონზე საქართველოს ახალი ისტორიის ობიექტურად გაშუქების მცდელობა გამოიკვეთა სიმონ ხუნდაძის ნაშრომებში: „სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში“ (1927 წ.), „ქართველი ინტელიგენციის პროფილი მეცხრამეტე საუკუნეში“ (1927 წ.), „დიმიტრი ყიფიანი“ (1936 წ.), „მასალები ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიისათვის“ (1949 წ.).
XX საუკუნის 20-30-იან წლებში განხორციელდა დოკუმენტებისა და მასალების ისეთი პუბლიკაციები, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს ახალი ისტორიის შესწავლის საქმეში. ამ იშვიათ გამონაკლისთა შორის უნდა მოვიხსენიოთ გრიგოლ გიორგაძისა და გიორგი გოზალიშვილის პუბლიკაციები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიგოლ გიორგაძის „საზოგადოებრივი ურთიერთობა საქართველოში ბატონ-ყმობის გადავარდნიდან პირველ რევოლუციამდე 1864-1905“ (1928 წ.) და „საბუთები რევოლუციონურ მოძრაობის ისტორიისათვის საქართველოში. 1870-1902“ (1930 წ.). 1935 წელს გიორგი გოზალიშვილმა გამოსცა სამტომეულად ჩაფიქრებული პუბლიკაციის პირველი ტომი „1832 წლის შეთქმულება“, რომლის მეორე ტომი გამოვიდა 1970 წელს, ხოლო მესამე _ 1976 წელს.
მართალია, ივანე ჯავახიშვილს 1906 წლის შემდეგ საქართველოს ახალი ისტორიის შესწავლა არ გაუგრძელებია, მაგრამ ვერც ერთი მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის მის ნაშრომს „ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია“.
XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, უშუალოდ იოსებ სტალინის, ნების საფუძველზე საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, კონკრეტულად, ლავრენტი ბერიამ, ქართველ ისტორიკოსებს დაავალა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნა. სახელმძღვანელოს შექმნისათვის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა სიმონ ჯანაშია. შედგა ავტორთა კოლექტივი ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილისა და გიორგი ხაჭაპურიძის შემადგენლობით. 1940 წელს 105 ეგზემპლარის ოდენობით გამოიცა ავტორთა კოლექტივის მიერ მომზადებული 488-გვერდიანი ნაშრომი „საქართველოს ისტორია. უძველესი ხანიდან ჩვენ დრომდე“. სახელმძღვანელო უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე დაწერილი იყო ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის მიერ, ხოლო XIX-XX საუკუნეები გიორგი ხაჭაპურიძეს ეკუთვნოდა. სახელმძღვანელოს მაკეტის განხილვისას აშკარა გახდა, რომ გიორგი ხაჭაპურიძის მიერ დაწერილი მონაკვეთი იმდენად სუსტი იყო, რომ მისი გამოქვეყნება არ შეიძლებოდა. ამიტომ, რომ 1943 წელს დაიბეჭდა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს ის ნაწილი (უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე), რომელიც ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის მიერ იყო დაწერილი. გიორგი ხაჭაპურიძემ თავისი გავლენა გამოიყენა და 1940 წელსვე დაწუნებული ნაშრომი (მაკეტის ბოლო ნაწილი) ცალკე წიგნად გამოსცა სათაურით „საქართველოს XIX და XX საუკუნეთა ისტორია“. ამ ნაშრომში შეჯამდა საქართველოს ახალი ისტორიის გაყალბება, რომელიც ფილიპე მახარაძემ დაიწყო, ხოლო გიორგი ხაჭაპურიძემ დააგვირგვინა.
საქართველოს ისტორიის ყველა მკვლევარი დიდადაა დავალებული პაატა გუგუშვილისაგან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ეკონომიკური ისტორიის შესწავლას. 1936 წელს პაატა გუგუშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომებში გამოაქვეყნა ვრცელი გამოკვლევა „შეღავათიანი ტრანზიტი და ვაჭრობა საქართველოსა და ა.კავკასიაში 1822-1831 წწ.“ გამოკვლევაში დასმული საკითხების მეცნიერულ შესწავლას პირველად სწორედ პაატა გუგუშვილმა დაუდო სათავე და რამდენადაც საკვირველი არ უნდა იყოს, კვლევა წარმართა არამარქსისტული მეთოდოლოგიით. ავტორი იძულებული იყო ალაგ-ალაგ კარლ მარქსი და ვლადიმერ ლენინიც დაემოწმებინა. მიუხედავად ამისა, არსით ნაშრომი არის მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო გამოკვლევა. ეპოქალურ მოვლენას წარმოადგენდა პაატა გუგუშვილის 1949 წელს გამოცემული სქელტანიანი მონოგრაფია „საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში“. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ ასეთი მაღალი მეცნიერული ღირებულების მქონე მონოგრაფია დღემდე არ გამოცემულა. მკვლევარები დიდად არიან დავალებული პაატა გუგუშვილისაგან მისი მონოგრაფიებისათვის: „ქართული ჟურნალისტიკა“ (1941 წ.) და „ქართული წიგნი.“ 1629-1929 `(1929).
ნიკო ბერძენიშვილი, ცხადია, კარგად გრძნობდა, რომ გიორგი ხაჭაპურიძე და მისი ახალგაზრდა თანამოაზრეები საქართველოს ახალი ისტორიის მეცნიერულად შესწავლას ვერ შეძლებდნენ, ამიტომ იყო, რომ დიდი მეცნიერი თავად შეუდგა საქართველოს ისტორიის ამ ეპოქის დამუშავებას. 1949 წელს ნიკო ბერძენიშვილმა დააასრულა ნაშრომი „საქართველო XIX ს. პირველ მეოთხედში“. ეს ნაშრომი მხოლოდ 1965 წელს დაიბეჭდა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ნიკო ბერძენიშვილს საქართველოს ახალი ისტორიის კვლევა აღარ გაუგრძელებია. ზემოთ ხსენებული ნაშრომი დღემდე სამაგიდო წიგნად რჩება ისტორიკოსთათვის. ნიკო ბერძენიშვილის მეცნიერული მემკვიდრეობიდან საქართველოს ახალი ისტორიის მკვლევართათვის ძალზე მნიშვნელოვანია მისი რეცენზია აბელ კიკვიძის სადოქტორო დისერტაციაზე „საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში (ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა)“, რომელიც 1955 წელს პირველად დაიბეჭდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომებში, ხოლო მეორედ _ 1971 წელს.
საქართველოს ახალი ისტორიის შესწავლის საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა შალვა ჩხეტიამ. ეს, პირველ რიგში, ეხება საარქივო მასალების მოძიებასა და გამოქვეყნებას. ასეთ ნაშრომთა შორის უნდა მოვიხსენიოთ: „მასალები დიმიტრი ყიფიანის მკვლელობაზე“, „რუსეთის დიდი რევოლუცია“, `ნიკოლოზ ბარათაშვილი. 1. მასალები ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ”, „საგლეხო რეფორმის ისტორიისათვის საქართველოში“, „დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის“. შალვა ჩხეტიას ეკუთვნის შესანიშნავი გამოკვლევები: „რუსული მმართველობის სისტემა საქართველოში (1801-1840 წწ.)“ და „რუსული მმართველობის სისტემა საქართველოში (1840-1864)“.
დაინტერესებული მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის ალექსანდრე ფირცხალაიშვილის გამოკვლევებს: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან“ (1955 წ.) და „ამიერკავკასიის ქალაქები“(2002 წ.). საყურადღებოა მამია დუმბაძის „დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში“ (1957 წ.) და ქველი ჩხატარაიშვილის „გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან“ (1977 წ.).
საქართველოს ახალი ისტორიის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მკვლევარმა აბელ კიკვიძემ. საბჭოთა ისტორიოგრაფიისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნაკლის მიუხედავად, ყურადსაღებია მისი ნაშრომები: „საქართველოს ისტორია. XIX ს.“(1954 წ.), „საქართველოს ისტორია (XIX-XX სს.)“ (1959 წ.) და „საქართველოს ისტორია. 1801-1890“(1977 წ.). აბელ კიკვიძემ დიდი მუშაობა გასწია მანამდე უცნობი საარქივო მასალების მოძიებისა და გაანალიზების თვალსაზრისით და, რამდენადაც საბჭოთა ცენზურა საშუალებას იძლეოდა, უკუაგდო XX საუკუნის 20-30-იან წლებში ფილიპე მახარაძისა და გიორგი ხაჭაპურიძის მიერ დამკვიდრებული ბევრი მცდარი დებულება.
სიმონ ხუნდაძის მიერ წამოყენებული და საბჭოთა იდეოლოგიისათვის მიუღებელი ბევრი თვალსაზრისის დაცვას შეეცადა ისტორიკოსი ლეონიდე გორგილაძე 1961 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში „ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან“.
საბჭოთა ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული დოგმების აშკარად თუ შეფარვით უარყოფის თვალსაზრისით საინტერესოა მაქსიმე ბერძნიშვილის ორტომეული„XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვი“” (1980-1983 წწ.) და ალექსანდრე ბენდიანიშვილის „ეროვნული საკითხი საქართველოში 1801-1921 წწ.“ (1980 წ.) ყურადღებას იმსახურებს ასევე ალექსანდრე ბენდიანიშვილის „საქართველოს ისტორია. 1801-1921“ (1999 წ.).
მეტად მნიშვნელოვანი გამოკვლევა შექმნა მკვლევარმა კოტე ანთაძემ, რომელიც საყურადღებო დოკუმენტებსა და მასალებზე დაყრდნობით XIX საუკუნის საქართველოში დემოგრაფიული პროცესების ობიექტურ სურათს აღადგენს.
რამდენიმე ქართველი ისტორიკოსის მიერ ღირებული ნაშრომების გამოცემა ვერ ცვლიდა საერთო სურათს: საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში მყოფი ათეულობით ისტორიკოსი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში აგრძელებდა საქართველოს ახალი ისტორიის გაყალბების იმ ტრადიციას, რომელსაც სათავე XX საუკუნის 20-30-იან წლებში დაუდეს ფილიპე მახარაძემ და გიორგი ხაჭაპურიძემ. ქართულმა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ საქართველოს ახალი ისტორიის (1801-1918) გაყალბების თვალსაზრისით მძიმე მემკვიდრეობა დატოვა. ცალკეული ისტორიკოსის ნაშრომებს რომ არ შევეხოთ, ისტორიის გაყალბების მასშტაბების შეცნობისათვის საკმარისია „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ რვატომეულის მეოთხე ტომის ბოლო სამი თავის, მეხუთე და მეექვსე ტომების, ასევე „საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიის“ სამტომეულის პირველი ტომის დასახელება. ეს ორი გამოცემაც კმარა იმის დასტურად, თუ რა დონეზე ხდებოდა საქართველოს ახალი ისტორიის არა მარტო ცალკეული ფაქტისა და მოვლენის, არამედ მთელი ისტორიული პროცესის გაყალბება, როგორ იჩქმალებოდა გამოჩენილ მოღვაწეთა როლი საქართველოს ისტორიაში, როგორ იქმნებოდა ცრუგმირების გალერეა. ხშირ შემთხვევაში ავტორები, სხვადასხვა მოსაზრებით, იმაზე მეტად სცოდავდნენ ჭეშმარიტებას, ვიდრე ამას საბჭოთა პოლიტიკური რეჟიმი ითხოვდა, შესაბამისად, ავტორთა შინაგანი ცენზურა კიდევ უფრო ამძიმებდა მკაცრი საბჭოთა ცენზურის მიერ დაკანონებულ შეზღუდვებს.
ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის „საქართველოს ისტორიის“ გამოცემით დიდ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის გააზრება ძნელი აღარ იყო, სამაგიეროდ, კვლავ გრძელდებოდა საქართველოს ახალი ისტორიის (1801-1918) გაყალბება. ამ ტენდენციამ თავი იჩინა ნიკო ბერძენიშვილის, ვარლამ დონდუას, მამია დუმბაძის, იური კაჭარავას, გიორგი მელიქიშვილის, შოთა მესხიასა და პროკოფი რატიანის ავტორობით 1958 წელს გამოცემულ „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოში, რომელიც საშუალო სკოლის VII-X კლასებისათვის იყო განკუთვნილი. სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი (უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ბოლომდე), რომლის ავტორები არიან ნიკო ბერძენიშვილი, ვარლამ დონდუა, გიორგი მელიქიშვილი და შოთა მესხია, დაწერილია ივანე ჯავახიშვილის სკოლის მიღწევებზე დაყრდნობით, ხოლო მეორე ნაწილი, 1801-1918 წლების ისტორია, არსებითად გაყალბებულია. იგივე ითქმის პროკოფი რატიანის, აბელ კიკვიძის, იური კაჭარავასა და აკაკი სურგულაძის ავტორობით 1962 წელს გამოცემულ „საქართველოს ისტორიაზე“(ტ. II). კიდევ უფრო მძიმეა სურათი 1960 წელს იური კაჭარავას, ნიკოლოზ მახარაძის, ნიკოლოზ სტურუასა და აკაკი სურგულაძის „საქართველოს ისტორიისა“ (ტ. III) და 1968 წელს გამოცემულ ლუკა ციხისთავის, ილია მახარაძისა და მიხეილ ცერცვაძის „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოებში. სამწუხაროა, რომ ნაყალბევი ისტორია რუსულ ენაზეც იცემოდა. 1968 წელს რუსულად დაიბეჭდა იური კაჭარავას, ნიკოლოზ მახარაძის, ნიკოლოზ სტურუას, აკაკი სურგულაძის, ცეცილია კალანდაძის, მირონ ქოჩიაშვილის, მაყვალა ნართმელაძისა და სანდრო ჩხარტიშვილის „საქართველოს ისტორია“.
* * *
XX საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებიდან საბჭოთა პოლიტიკური რეჟიმის შესუსტებისა და საბჭოთა კავშირის ნგრევის პირობებში ქართველ ისტორიკოსებს საქართველოს ახალი ისტორიის ობიექტურად კვლევის შესაძლებლობა მიეცათ. ვითარება კიდევ უფრო ხელსაყრელი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1990-1991 წწ.). XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულისა და 90-იანი წლების დამდეგიდან დღემდე გამოქვეყნდა მრავალი ნაშრომი, რომელთა ნაწილი საქართველოს ახალი ისტორიოგრაფიის მიღწევად უნდა ჩაითვალოს. მიუხედავად წარმატებებისა, აშკარაა, რომ საქართველოს ახალი ისტორიის (1801-1918) სრულყოფილი შესწავლისაგან ჯერ კიდევ შორს ვართ. საქართველოს, რუსეთისა და ევროპის ქვეყნების არქივებში დაცული დოკუმენტებისა და მასალების დიდი ნაწილი ისევ ელოდება მკვლევარს.
წინამდებარე ნაშრომი ემყარება ქართულ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე გამოქვეყნებულ წყაროებსა და სამეცნიერო გამოკვლევებს. ამ სამეცნიერო ლიტერატურის ნაწილი, ძირითადად ქართულ და რუსულ ენაზე არსებული, ჩვენ ზემოთ მიმოვიხილეთ. გარდა ამ ავტორებისა, ნაშრომში ასახვა ჰპოვა ქართველ ისტორიკოსთა ნაღვაწმა, რომელთა შორის პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ: ვალერიან მაჭარაძე, გივი ჟორდანია, ვარლამ დონაძე, ირაკლი ანთელავა, მიხეილ გოცაძე, პროკოფი რატიანი, დერმიშა გოგოლაძე, გიორგი პაიჭაძე, გრიგოლ მარგიანი, ტრიფონ ხუნდაძე, იასონ ხუციშვილი, გურამ შარაძე, გიორგი შარაძე, პეტრე ვაჭრიძე, ოთარ ჟორდანია, ზურაბ პაპასკირი, აბელ სურგულაძე, ჯემალ გამახარია, მანანა ხომერიკი, მერაბ კეზევაძე, აკაკი გელაშვილი, მიხეილ რეხვიაშვილი, დიმიტრი შველიძე, შოთა ვადაჭკორია, გურამ მარხულია, გიორგი მჭედლიძე, მალხაზ სიორიძე, გოდერძი ვაჭრიძე, ჯემალ კარალიძე, სულხან კუპრაშვილი, გელა საითიძე, ავთანდილ სონღულაშვილი, ოთარ ჯანელიძე, გვანცა ბურდული, დოდო ბერიძე, დავით მალაზონია, ლევან ტყეშელაშვილი.
რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა ისტორიოგრაფიაში განსაკუთრებით ტენდენციურად იყო წარმოდგენილი XIX საუკუნის პირველი მესამედის ეროვნული მოძრაობის ისტორია. ეროვნული მოძრაობის ობიექტური ისტორიის შექმნის მიზნით დიდი მუშაობა გასწიეს და სოლიდური მონოგრაფიები გამოაქვეყნეს მანანა ხომერიკმა და აკაკი გელაშვილმა.
საქართველოს ახალი ისტორია (1801-1918), ცხადია, სრულყოფილად ვერ წარმოჩინდება საქართველოს ეკლესიის ისტორიის გარეშე, კონკრეტულად, მხედველობაში გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება რუსეთის მიერ; ქართველი სამღვდელოება ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისათვის, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ეს პრობლემები საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძისა და პროფესორ სერგო ვარდოსანიძის მიერ.
ნაშრომის ცალკეულ თავში გამოვიყენეთ ჩვენ მიერ სხვადასხვა არქივში მოძიებული დოკუმენტები და მასალები, რომლებზე დაყრდნობითაც თავის დროზე დავწერეთ რამდენიმე ათეული მონოგრაფია და სამეცნიერო სტატია.
ვახტანგ გურული
საქართველოს ახალი ისტორია (1801 -1918), ტ. IV, გვ. 6-10.
მსგავსი სტატიები
- 76ოზურგეთში „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“ შეიკრა. მოქალაქეები ჭავჭავაძის ქუჩაზე განლაგდნენ, ჯაჭვი შეკრეს და ამით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე აქციას და მის მოთხოვნებს შეუერთდნენ. „ერთობის ჯაჭვში“ მონაწილეობას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა აქციებისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნებია.
- 74გადავარჩინოთ გურიის მდინარეები ეს ის ” პარვუს ჯგუფია” სოფელ გომის მიმდებარედ მდ. ბჟუჟს რომ უპირებს საბიტკოინედ დაშრობას. თაღლითური სქემით შემოპარული კომპანია 6 დან 30 მგვტ – მდე ზრდის ჰესების სიმძლავრეს რეალური გარემოსდაცვითი კვლევებისა და გათვლის გარეშე. წვეთ წყალს არ დატოვებენ საპროექტო არეალში რამდენიმე კმ. მანძილზე.თან სხვადასხვა ვითომ „ქველმოქმედებით“ ცდილობს მოსახლეობის…
- 71კომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში. სწორედ აქ,…
- 71მსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) „გლობალური ქსელისა“ და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ. განცხადებით მსოფლიო მედიის წარმომადგენლები „საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბნელ დროს“, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მამაც ჟურნალისტებს. აღინიშნება, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო…
- 68