იმ პერიოდში, როცა კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა, ქალაქში ნაკლებად, სოფელში კი შობას და კალანდას განსაკუთრებულად აღვნიშნავდით.

ჩვენ სოფელ მაკვანეთში ვცხოვრობდით, ოზურგეთიდან ხუთ კილომეტრშია. ერქომაიშვილების გვარი იქიდან მოდის. ჩვენი ოჯახი მგალობელთა ოჯახი გახლდათ. ბაბუაჩემი არტემ ერქომაიშვილი ცნობილი მგალობელი იყო. მთელი ოჯახი ვმარხულობდით. ბავშვებსაც გვაჩვევდნენ. მარხვას კი არ არქმევდნენ, მაგრამ ამბობდნენ, ახლა ხორცი არ გვაქვს, არც ყველიო და სამარხვო საჭმელს შევექცეოდით. ბაბუა არტემს ჰყავდა და, ლისა, რომელიც საოცარი მცოდნე იყო ტრადიციების. მისგან იგებდა მთელი სოფელი, რომელი საეკლესიო დღესასწაული როდის იყო. ოჯახში ახალ წელს მაინცდამაინც არ აღვნიშნავდით. ლისა ბაბუდა იტყოდა ხოლმე: “მომილოცავს, ნენა, მომილოცავს, მაგრამ სა გაგონილა, ჯერ ახალი წელი იყოს და მერე ქრისტეშობა?..”მერე კი დასძენდა, ფუ, რას არ მოიგონებენ ეს კომუნისტებიო.

მარხვის შემდეგ ბებია მუცლის სალოცავს აკეთებდა ოჯახის ყველა წევრისთვის. ეს იყო პატარა ღვეზელი ერთი ცალი კვერცხით შუაში. როგორც კი გათენდებოდა შობა, ბებია თავზე შემოგვავლებდა ოჯახის ყველა წევრს სათითაოდ და გვეტყოდა, მაგალითად: “ანზორის თავის ტკივილი, გულის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ფეხის ტკივილი აღმა ქარს, დაბლა – წყალს”, მერე პირჯვარს გადაგვსახავდა. ასე აკეთებდა ოჯახის ყველა წევრთან. შემდეგ მუცლის სალოცავი უნდა გვეჭამა, არავისთვის არ უნდა გაგვეყო, მერე კი ვიგალობებდით “ალილოს”.

შობის წინ მეალილოეები ღამით მოივლიდნენ ხოლმე ოჯახებს. ყაბალახით ჰქონდათ სახე ახვეული, რომ არ ეცნოთ. რატომ არ უნდა ეცნოთ, არ ვიცი… ყველა სოფელს თავისი “ალილოს” ვარიანტი ჰქონდა, განსხვავებული. ისე ლამაზად მღეროდნენ… იგალობებდნენ ყველა ოჯახში, სადაც მათთვის სპეციალურად იყო მომზადებული კალათა საჩუქრებით, ტკბილეულით, ხაჭაპურებით, ღვეზლით. კალათაში აუცილებლად ვერცხლის ფულიც უნდა ყოფილიყო, უფრო სწორად – ხურდა. ალბათ, ფული რომ ვერცხლის იყო, იმ პერიოდიდან შემორჩა ეს ტრადიცია… საინტერესოა ერთი ფაქტი – რაიმე მიზეზით სახელგატეხილ ოჯახში მეალილოეები არ მიდიოდნენ და ეს დიდი სირცხვილი იყო. მეორე დღეს ყველა იტყოდა, ამა და ამ ოჯახში მეალილოეები არ მისულანო.

ძველით ახალ წელს კალანდობას ვეძახდით. საკალანდოდ დაამწყვდევდნენ ხოლმე ქათმებს, ღორს და ისე აჭმევდნენ, ასუქებდნენ. მერე გამოთქმაც დამკვიდრდა გურიაში – ბიჭო, რავა გასუქებულხარ საკალანდე ღორივითო. კალანდობის რიტუალს ყველა ოჯახი ასრულებდა. გამთენიას ოჯახის უფროსი გაიტანდა დიდ გობს, რომელზეც ელაგა განსაკუთრებული ხორაგი, ტკბილეული, ხაჭაპური… ჭურთან ან მარანში მიიტანდა და ჭარიკაში (ნახევარფუთიან დოქში) ჩაასხამდა ღვინოს. მერე ამ ყველაფერს მოიტანდა სახლის კართან და იტყოდა: “კარი გამიღეთ!” იქიდან ჰკითხავდნენ: “რა მოგაქვს?”ეს უპასუხებდა:”ოქრო და ვერცხლი აუწონავი, მშვიდობა, ხალხთა ბედნიერება, ჯანმრთელობა, ქორწილები, ლხინი, ხორაგი… კარი გამიღეთ!” სახლიდან კიდევ გამოსძახებდნენ: “რა მოგაქვს?” ეს ისევ ჩამოთვლიდა, რაღაცებს მიამატებდა და დასძენდა, კარი გამიღეთო! ასე სამჯერ ჰკითხავდნენ, მერე კი შემოუშვებდნენ. ეს იმპროვიზებული ტექსტი არ იყო, ყველა ოჯახის უფროსმა იცოდა.

რამდენჯერმე მე და ჩემი ბიძაშვილიც ვახლდით ბაბუას ამ რიტუალის შესრულებისას. შემდეგ გაიშლებოდა დიდი სუფრა. საკალანდოდ მოხარშულ ღორის თავს აუცილებლად თამადისკენ ჰქონდა დინგი მიშვერილი და იწყებოდა ლხინი, გადადიოდნენ ოჯახიდან ოჯახში, იყო გაუთავებელი ქეიფი, სიმღერა… საღამოს გადაინაცვლებდნენ მარანში. საწნახელთან დიდი კომბალი იდო, რომელსაც დაარტყამდნენ და იტყოდნენ:

აგუნა, აგუნა, გადმეიარეო, ორცხვიში და ორკოპე გადმეიტანეო.

ჩვენს მამულში ყურძენიო,

მტრის მამულში ფურცელიო…”

ბოლოს დასძენდნენ: აგუნა, აგუნა ვიი…”

(ორცხვიში და ორკოპე ღვინის ამოსაღები და ჭურის ამოსარეცხია . აგუნა კი ღვინის ღმერთია, წარმართობიდან მოდის – ანზორ ერქომაიშვილი ) … მერე გადადიოდნენ სხვა ოჯახებშიდა ყველგან დაჰკრავდნენ ამ ხის კომბალს. საწნახლებს ბაგაბუგი გაჰქონდა. ჩვენს სოფელში ფეშკინე თოიძე იყო ამის მოთავე და შემსრულებელი. ბავშვებიც დავყვებოდით – გვაინტერესებდა. ბოლოს ერთ ოჯახში მოიყრიდნენ თავს აგუნას შემსრულებლები და დილამდე ქეიფობდნენ.

 

მსგავსი სტატიები

  • 83
    უცხოელები რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს.,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“  გრ. რობაქიძე მე-19   საუკუნის საქართველოს ისტორიაში  ნათელ ფურცლებს წარმოადგენს  ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს  საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას,  ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი  რაც შეიძლება უკეთ გაცნობის  კეთილშობილურ  მიზანს.  და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
  • 82
    ევერესტის დაპყრობა: ტრიუმფი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალზე1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს.  ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…
  • 78
    გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები გრძელდებაოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები იწმინდება…
  • 72
    ვაშნარი _IV-VIII საუკუნეების მნიშვნელოვანი ძეგლი  ·  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები გრძელდება. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები…
  • 70
    გობრონიძეთა საგვარეულოგობრონიძეთა გვარი საკუთარი სახელიდან გობრონ-იდან მოდის. ამ საკუთარ სახელებს ჩვენში გმირული წარსული აქვს. გობრონი ერქვა ერთ სამხრეთელ ქართველ ციხისთავს, რომელიც X საუკუნის დამდეგს მოღვაწეობდა და 914 წელს, ერთ-ერთი არაბი სარდლის შემოსევისას ყველის ციხიონს ედგა სათავეში. 28 დღე და ღამე გმირულად უმკლავდებოდნენ ყველელი ქართველები მრისხანე მტერს და მხოლოდ მას შემდეგ დანებდნენ,…

არ გამოტოვოთ