ავტორი: ნუგზარ ასათიანი
თამარ მელიქაძისა და ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ…
მელიქაძეები
მელიქაძეთა გვარიდან წერილის დაწყება განაპირობა ჟურნალ „ჭოროხის“ 1982 წლის ნომრებში, მწერალ ნესტორ მალაზონიას წერილმა „მოგონებათა წიგნიდან“ .
დაახლოებით, მე-20 საუკუნის დასაწყისში მომავალი მწერალი სოფელ მამათიდან ოზურგეთში ჩამოვიდა სახარაზო საქმის შესასწავლად. ეს ის პერიოდია, ოზურგეთის „გარადავოი“ (ქალაქის უფროსი) ეგნატე ტრაპაიძეა. იგი მთელ ქალაქში იცავდა წესრიგს. პატარა ქალაქის ცენტრში ბაზარი და დუქნები იყო მრავლად. მწერალი „კაი ყაზახად“ მოიხსენიებს ბაზრის უფროსს, გვარად ერქომაიშვილს; საწვრილმანოების მესაკუთრეებს: ილარიონ ხომერიკს, გიტო ცეცხლაძეს…
ოზურგეთში ნესტორ მალაზონიამ გიგილო გედევანიძის სახარაზოში ამოყო თავი.
პირველი, ვისაც შეხვდა, ეს სახარაზოს უფროსი მაქსიმელ მელიქაძე იყო, რომელიც სოფელ მელექედურში ცხოვრობდა. მალე თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა მომავალ მწერალსა და მაქსიმელს შორის.
„_მაქსიმელმა ფეშტებალი მომცა და გავაკეთე, ლანჩა და საპირე შემირჩია. მეც ძაფი ავარჩიე, ლანჩა და პირი ერთმანეთს მივუსადაგე. კერვა დავიწყე. მაქსიმელის ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი. იგი სულ მათვალიერებდა, ხშირად ნამუშევარს მიმოწმებდა“ _იხსენებს მწერალი.
შემდეგ, ნესტორ მალაზონიას, სოფელ მამათის მამასახლისის დახმარებით, ოზურგეთში სწავლის დაწყების საშუალება მიეცა. მან მაქსიმელს სთხოვა რჩევა:
_ყველაფერში გამოვუტყდი უფროსს. მე სწავლის გაგრძელების საშუალება მომეცა, რომ მთავრობა-მამასახლისი გამოძახებით მღებულობდნენ სკოლაში_თქო. ბოლოს ვთხოვე, პირობის ქაღალდი მიშლის ხელს და ხუთი თუმნის გადახდა არ შემიძლია. მომეხმარე…
მაქსიმელმა ცოტა ხანს იფიქრა. გული მისკდებოდა განაჩენის მოლოდინში.
_მე შენ მებრალები, მაგრამ გიგილომ რომ შეიტყოს, ქაღალდი მოგეცი, მაშინვე გამაგდებს…. ცოლ-შვილი შიმშილით დამეხოცება.
შენ რა უნდა ჰქნა, იცი, მას უნდა სთხოვო… მარა არ იზამს!“
ნესტორი სამეურნეო სკოლაში ჩაირიცხა. კვლავ თბილად იხსენიებს მაქსიმელს…
მაქსიმელი გასული საუკუნის 10-იანი წლებიდან ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, ყოფილი მილიციის შენობის გვერდით ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ამჟამინდელ აპოლონ წულაძის ქუჩის დასაწყისში. მეუღლე _სონა ტუღუში წარმოსადეგი ქალბატონი იყო. ჰყავდათ ორი შვილი ბაყათარი და თამარი. ისე მოხდა, რომ და-ძმა იმჟამინდელ რევოლუციურ მორევში სხვადასხვა ნაპირზე აღმოჩნდნენ: ქალბატონი თამარი ბოლშევიკური პარტიის წევრი, ხოლო ბაყათარი _ მენშევიკურ იდეებს თანაუგრძნობდა.
მაქსიმელმა ექადიაზე, ამჟამინდელ თაყაიშვილის ქუჩაზე, მიწის ნაკვეთი შეიძინა. 1918 წელს, თურქების შემოსევის შემდეგ მათი ნაკვეთის მოპირდაპირედ ბებიამ და ბაბუამ შეიძინეს მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი მოაწყვეს.
ბებია _ეკატერინე გობრონიძე იხსენებდა, რომ ბაყათარი და სხვა ახალგაზრდები პერიოდულად იკრიბებოდნენ ე.წ. „სათხილეს“ თავში, ტყისპირას და კრებებს მართავდნენ. ეს შეკრებები 1921 წლის 25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ თბილისის აღების შემდეგაც გრძელდებოდა.
და თამარი კი ბოლშევიკების ახალგაზრდული ორგანიზაცია „სპარტაკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი წევრი ქალი იყო გურიაში. ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ იგი გურიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სამაზრო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
1924 წლის გამოსვლებისას თამარი და ბაყათარი კვლავ სხვადასხვა „ფრონტზე“ იბრძოდნენ: თამარი – ბოლშევიკების ხელისუფლების დასაცავად, ხოლო ბაყათარი _ქართული სახელმწიფოს აღსადგენად. მენშევიკების აჯანყების დამაცხების შემდეგ ბაყათარი დაიჭირეს. დამ ვერ გაიმეტა თავისი სისხლი და ხორცი. თავისი ავტორიტეტის წყალობით ბაყათარი ციხიდან დაიხსნა და საქართველოდან თურქეთში გადასვლაში შეუწყო ხელი, საიდანაც იგი ოზურგეთელ ბერეჟიანთან ერთად საფრანგეთში ჩავიდა.
ჯინჭარაძეები
გურიაში, სოფელ ონჭიკეთში ცხოვრობდა შეძლებული გლეხი კოწია ლაზარეს ძე ჯინჭარაძე. მას ადგილობრივი ორკლასიანი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული.
კოწია გამოირჩეოდა სილამაზით, ვაჟკაცობით და შრომისმოყვარეობით. სოფელში აგვარებდა მეზობლურ დავებსა და სხვადასხვა ძნელად გადასაწყვეტ საქმეებს. მას მოიხსენიებდნენ, როგორც „მედიატორს“, ანუ საქმის მომგვარებელს.
კოწიამ თავისი ცხოვრების მეგზურად აირჩია ერკეთში მცხოვრები ულამაზესი ქალბატონი, ბაბინე ქიშვარდის ასული კალანდაძე. იგი მის მეუღლეზე ცხრა წლით იყო უფროსი.
ქალბატონი ბაბინე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით და დიდი სიკეთით, ყოველთვის გვერდით ედგა გაჭირვებულებს.
კონსტანტინემ და ბაბინემ 7 შვილი გაზარდეს: ანდრო, ქიონიასი, გრიგოლ (გრიშა), თამარი, ხარიტონი, ილია (ჭიჭიკო), ფაცია.
მათ ყველა შვილს განათლება მიაღებინეს, რომლებიც შემდეგ საზოგადოებაში დაფასებული პიროვნებები იყვნენ.
ბაბინეს და კონსტანტინეს უფროსი ვაჟი ანდრო, 22 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.
მომდევნო ქალიშვილი ქიონიასი, 1917 წლიდან იყო პარტიის წევრი. მისი მეუღლე ილარიონიც ბოლშევიკი იყო, ერკეთში გამორჩეული პიროვნება, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობზე. მათ ხუთი შვილი ჰყავდათ: ჟენია, მედეა, ბათურა, ლეილა, რევაზი.
გრიშას ორკლასიანი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ გამოირჩეოდა კარგი ორგანიზატორული ნიჭით. წლების განმავლობაში მუშაობდა ერკეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. სოფელში ახლაც იხსენებენ ცხენზე ამხედრებულ გრიშა ჯინჭარაძეს, რომლის გამოჩენა დიდსა და პატარაში პატივისცემას და მორიდებას იწვევდა. მას ორი ვაჟი ჰყავდა: ანდრო და ზურაბი.
სილამაზით გამორჩეული თამარი კი თბილისში მცხოვრებ გაბრიელ მდივანს გაჰყვა ცოლად. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ: ჯანიკო, დონარა, იმედო, გულიკო.
ილიამ (ჭიჭიკო) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა.მუშაობდა სოფელ სურებში. მეუღლე – ნატაშა მამალაძე პედაგოგი იყო. ილიას ტიფი შეეყარა და 1939 წელს 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. დარჩა ცხრა თვის შვილი ტოგო.
შვილის გარდაცვალებიდან, რამდენიმე თვეში გარდაიცვალა ოჯახის უფროსი კონსტანტინე ჯინჭარაძე.
უმცროსი შვილი ფაცია იყო ექთანი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ცოლად გაჰყვა ალექსანდრე ბზეკალავას. ჰყავდა ორი შვილი _მზია და თამაზი.
ოჯახში ყველაზე გამორჩეული ხარიტონ ჯინჭარაძე იყო. მან სამთო-საინჟინრო ინსტიტუტი დაამთავრა. მუშაობდა გურიის სამაზრო კომიტეტის მდივნად. ოზურგეთში მუშაობისას, თამარ მელიქაძე გაიცნო, შეუყვარდა და მასზე დაქორწინდა. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ _იზო ჯინჭარაძე. ხარიტონი ჯერ ტყიბულში, შემდეგ ლანჩხუთში გადაიყვანეს რაიკომის მდივნად. 1937-1938 წლების რეპრესიებს ვერ გადაურჩა. დაიჭირეს, გადაასახლეს, სადაც ის დაიღუპა.
სოფელ ერკეთში, ძველ ფუძეზე, კონსტანტინე ჯინჭარაძის შვილიშვილის ზურაბ ჯინჭარაძის ოჯახი ცხოვრობს. ზურაბის შვილები ზვიადი, ეკა, ივერი ღირსეულად განაგრძობენ ამ ლამაზი ოჯახის ტრადიციებს.
ექადიაზე
როგორც ზემოთ ვთქვით, მაქსიმელ მელიქაძის ოჯახს ქ. ოზურგეთის მახლობლად, ექადიაზე მიწის ნაკვეთი ჰქონდა შეძენილი. სიძე-ქალიშვილს ბინა თბილისშიც ჰქონდათ, თამარი თბილისში მუშაობდა თანამდებობაზე და მომავალი ეიმედებოდათ, მაგრამ ხარიტონის დაჭერის შემდეგ მათი მდგომარეობა დამძიმდა.
მეუღლის დაკავებისთანავე თამარიც დააკავეს, მალე გამოუშვეს, მაგრამ პარტიიდან გარიცხეს და სამსახურიდანაც დაითხოვეს. ქალაქ ოზურგეთის ცენტრში ორსართულიანი სახლი გაყიდეს და ექადიაზე დამკვიდრდნენ. როგორც ბებია ჰყვებოდა, ერთ უბედურებას ფინანსური პრობლემებიც მოჰყვა _ფული გაბონდა და ფაქტიურად უსახსროდ დარჩნენ. მაქსიმელი თავისი ხელობით ოჯახს ვერ არჩენდა. თამარს არსად შეეძლო მუშაობა. მეგობარი დაეხმარა და სხვისი სახელითა და გვარით აბრეშუმის ფაბრიკაში მუშაობდა მუშად. პატარა ქალიშვილს სახელმწიფო მანქანამ ბავშვობის წლები წაართვა.
ექადიაზე პატარა სახლი ჰქონდათ. არ ჰქონდათ შეშა, აუცილებელი საკვები…
ბებია ეკატერინე გობრონიძე იგონებდა: _ მაქსიმელი, სონა და თამარი საუცხოო ადამიანები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირდათ და თითქმის შიმშილობდნენ, თავი ღირსეულად ეჭირათ. პატარა იზო ჩემს უმცროს ქალიშვილთან, ნადიასთან მეგობრობდა. ვცდილობდი, ისე გამეკეთებინა, რომ ერთად ესადილათ. ეს არც ისე ადვილი საქმე იყო… განსაკუთრებით უჭირდათ ომის წლებში. ამის შესახებ კოლმეურნეობის კრებაზე ვთქვი. ექადიელებმა სიმინდი შეაგროვეს და სახლში მივუტანეთ… შემდეგ მაქსიმელი გარდაიცვალა. მეზობლებმა ფიცრები მოაგროვეს და შეჭედეს… გოშველის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ბარათები საფრანგეთიდან
ამ ბარათების შესახებაც ბებიას მეშვეობით შევიტყვე, თუმცა ეს ბარათები გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე არ წამიკითხავს. თუკი გაამჟღავნებდენ, ჩეკასაგან მორიგი უსიამოვნება ელოდათ. წერილები იზო ჯინჭარაძის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ ანდრო ჯინჭარაძის შვილმა, პედაგოგმა ნანა ჯინჭარაძემ გადმომცა.
1988 წელს გადახვეწილი ბიძის ბედის შესახებ ქალბატონ იზოს დავალებით პროფესორ გურამ შარაძეს შევხდი, მაგრამ 1921-24 წლებში უცხოეთში გადახვეწილი, საფრანგეთში მცხოვრები ქართველები არა მარტო პარიზში, არამედ ლიონში, მარსელში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში იყვნენ გაბნეულნი და ბევრი მათგანის შესახებ ცნობები არ შემორჩა.
ქალბატონმა იზომ 1989 წელს უცხოეთში მცხოვრებ თანანმემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე ოთარ გიგინეიშვილს მიმართა.
გაზეთ „სამშობლოს“ დახმარებით, რაღაც პასუხი მიიღეს ვალოდია კვაჭანტირაძისაგან, მაგრამ ბაყათარ მელიქაძის და მისი მეუღლის შესახებ ცნობები ვერ მოიპოვეს.
„დედა,
აგერ რამდენიმე დღეა რაც წერილი გამოგიგზავნე. ველოდი შენგან პასუხს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ მივიღე, რატომ არ ვიცი.
ახლა გიგზავნი წერილს იმიტომ, რომ ახალ მისამართზე გადავდივარ…
მომწერე, რომ დროზე ვიყო გარკვეული, რადგან აქ აუტანელი მდგომარეობაა, ყველა წვრილმანის მოწერას ვერ ვახერხებ….
ყველა ეს მდგომარეობა მაიძულებს ჩავეწერო იტალიის მოხალისეთა ლეგიონში, სადაც თვიურ ჯამაგირს იძლევიან აბისინელების წინააღმდეგ ბრძოლაში. მხოლოდ ეს არის ჩემთვის და აგრეთვე სხვისთვისაც გამოსავალი. კიდევ რამდენიმე გამოსავალი ვიცით. ველი პასუხს.
ბაყათარი.“
(იტალია-აბისინიის ომი 1935-1941 წლებში მიმდინარეობდა. რედ.)
„საყვარელო დედა და მამა,
დედა, მე გწერდით ჩემი ადრესის შეცვლის შესახებ. იმ ადგილიდან წავედი სხვა ალაგას. მიზეზი ის იყო, რომ ძალიან გაჭირვებული ვიყავი…თუმცა ასე თუ ისე გაცნობილ ადგილიდან წასვლას არაფერი გაუმჯობესებული ცვლილება მოუცია. თქვენი იმედი მქონდა და ვერაფერი დავინახე. ვიფიქრე, ჩემს საქმეს საშველი მაინც არ აქვს მეთქი და წავედი სამუშაოს საძებრად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიჭირდებოდა მუშაობა, სამუშაო ვერ ვიპოვე და ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში ვარ. ახლა ჩემთან არავინაა ქართველი. მათ სამგზავრო ფული დავესესხე, ერთი ათი დღის საჭმელი და წავედი მარტო. ყველამ შემაძახა, სად მიდიხარო ასთე მარტო, მაგრამ მე მაინც წავედი…მაგრამ ვერაფერი ვერ ვიშოვე. ახლა კი ვარ ისე ჩვეულებრივად. ამ ქალაქში გავიცანი სადღაც სამი რუსი და აგენის საშუალებით გავიკეთე ნდობით საჭმელი…ფული მომდის სახლიდან-მეთქი და ერთ ალაგას გამიხსნეს კრედიტი და ჯერჯერობით ქე ვარ. აწე რას ვიზამ არ ვიცი, თქვენ ყოველი შემთხვევაში აი, ამ ახალ ადრესზე გადმომიგზავნეთ.
ბაყათარი,
3 კვირკობისთვე.“
„საყვარელო დედა,
მივიღე შენი წერილი, სადაც იწერები შენს ავადმყოფობას, რომელმაც ძალიან შემაწუხა და ბოლოს იმასაც ქე მწერ, რომ ახლა ცოტა უკეთ ყოფილხარ და ამით უფრო იმედი მომეცა. რამენაირად კარგად მოუარე თავს დედა. მე სრული დარწმუნებული ვარ,რომელიმე რომ ავად გახდეთ, საშუალება მაინც გაქვთ, ნუგეშის მთქმელი მაინც გეყოლებათ და ალბათ სხვა საშუალება მაინც გექნებათ….
დედა შენ იწერები პასილკის გამოგზავნაზე. პასილკის გამოგზავნა მაქედან არ არის საჭირო, რადგან აქ ერთ ქართველს მოუვიდა თბილისიდან აგერ ერთი კვირაა და სწორეთ იმ დღეს შემხვდა მე, რა დღესაც პასილკის ქვითარი მიიღო ფოსტიდან, რომელსაც იმ დღეს არაფერი ეჭამა. იმის დახსნის საშუალება საიდან უნდა ქონებოდა… ერთი სიტყვით, უკან გამოაბრუნეს, აქაც ფულს ახდიებენ, ნუ გამოგზავნი. სხვა დედა, საკონსულოს ჩემი ახალი მისამართი გადაუგზავნე. ადვილი არ არის პასპორტის მიღება, თუ მაქედან რაიმე რეკომენდაცია არ არის. სხვა რა მოგწერო, ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა რომ მოგწერო, ეს თქვენ ძალიან შეგაწუხებს და ისევ ვანებებ თავს. სხვა აქ არაფრის საშუალება არ არის.
მამა თუ კარგად არის, რატომ წერილი არ მომწერა, მომწეროს ცოტა რამე.
იყავით კარგად.
ბაყათარი.
დედა, სხვათა შორის წერილს დაზღვეულს ნუ გამოგზავნი, არ არის საჭირო. წერილი არ იკარგება.“
„საყვარელო დედა და მამა,
თითქმის ორი წელია, წერილი არ გამომიგზავნია. დღეს გიგზავნი წერილს. არ ვიცი, მიიღებთ თუ არა. თუ მიიღოთ, წერილი იმავე დღესვე გამომიგზავნეთ.
მე აგერ ხუთი თვეა ცოლი შევირთე, ფრანგის ქალი. ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგი ოჯახიდანაა. მშობლები შეძლებული არიან. ვცხოვრობთ ძალიან კარგად. მაქვს საკუთარი ბინა ქ. ლიონში. ერთი სიტყვით, აწე მე არაფერი მიჭირს. აქაც მყავს პატრონი. ეს იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე თქვენზე არ ვფიქრობდე და არ მახსოვდეთ. ეს წერილი ძალით დამაწერია ცოლმა. მე კიდევ არ ვფიქრობდი მოწერას, იმიტომ კი არა, რომ არ მინდოდა მომეწერა, პირიქით, მაგრამ რა ვიცი, იქნებ თქვენთვის არ ვარგა, აქედან წერილს რომ ღებულობთ. აქ ყველანი ღებულობენ წერილებს, მიუხედავად იმისა, აქედან არ აგზავნიან. მე თქვენგან ვერ მივიღე, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მისამართი არ იცოდით. ახლა გიგზავნით ჩემს მისამართს. ჩემი ცოლიც გიგზავნის წერილს. დაწვრილებით წერილს არ გწერთ. თუ მიიღებთ არ ვიცი. თუ ცოცხალი ხართ, არც იგი ვიცი. გამაგებინეთ თქვენი ამბავი, თუ მიიღეთ ეს წერილი.
თქვენი ბაყათარი.
10 თებერვალი, 1939 წელი, ქ. ლიონი.“
ამის შემდეგ ოჯახში წერილების მიღება შეწყდა. მით უმეტეს, მაქსიმელის და სონას სიძე, ხარიტონ ჯინჭარაძე რეპრესირებული იყო. ოჯახმა ფრაგმენტულად მხოლოდ ის იცოდა, რომ ბაყათარს ფრანგ მეუღლესთან შვილი არ შესძენია. გარდაიცვალა სავარაუდოდ გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში…
იზო
იზო სკოლაში კარგად სწავლობდა. გამორჩეული იყო ნიჭიერებითაც და სილამაზითაც.
როგორც იზოს მეზობელი და ბავშვობის მეგობარი, 87 წლის ნათელა რამიშვილი იგონებს, იზოს ბავშვობა იმით გამოირჩეოდა სხვებისაგან, რომ იგი „ხალხის მტერის“ შვილი იყო, არადა, მისი მშობლები, ბებია-ბაბუა კარგი ადამიანები იყვნენ.
_აბა რა გითხრათ, იზო ჩვენს სამეგობროში ყველაზე უმცროსი იყო. მამა რომ დაუჭირეს, 3 წლის იყო. ჩვენ პატარები ვიყავით, უფროსები შიშით ყვებოდნენ იზოს მამის დაჭერის ამბავს. ოჯახს ძალიან უჭირდა. არ ვიცი, როგორ გადმოვცე, რა დამართეს იმ წლებში მათ _გვითხრა ქალბატონმა ნათელამ.
სკოლა წარჩინებით დაამთავრა, მაგრამ „ხალხის მტრის“ შვილს ოქროს მედალი არ მისცეს. ვერცხლის მედალი აკმარეს.
იზომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. მისი მშველელი მისი უახლოესი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ…
„სტალინის კულტის“ დაგმობის შემდეგ ხარიტონ ჯინჭარაძის რეაბილიტაცია მოხდა.
„თამარ, გამარჯობა.
გისურვებ ჯანმრთელად ყოფნას. მომიკითხე თქვენი გოგონა და დედა. მოკითხვას გითვლიან: მიხო, ნელი, იტო, მაღლა რომ ცხოვრობს რუხაძე ნათელა და დაბლა მახათაძე.
თამარა, მე არ ვიცოდი თქვენი მისამართი და მახათაძემ მომცა. ორი დღის წინ თქვენს სახელზე დეპეშა მივიღეთ ტაშკენტიდან.
თუ მიიღო ეს წერილი, მომწერე და გამოგიგზავნი დეპეშას. ეხლა იმიტომ არ გიგზავნი, რომ შეიძლება დაიკარგოს.“ წერდა თბილისელი მეზობელი მარგო.
Ташкент 1/5801 20 3 12 55
Здаров телеграфте получение денежнного переода. Ташкент. Кирова №4 рахматулаеву для Джинчарадзе. Целую милучу Бичико. Целую Васс. _ასეთი იყო დეპეშის ტექსტი.
(თბილისიდან გამოგზავნილ წერილს გარედან ადევს დამღა ПРОСМОТРЕНО Военои Цензурои ТВИЛИСИ 34).
თითქმის 20-წლიანი გაუსაძლისი ყოფის შემდეგ თამარს ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა. როცა თამარმა მეუღლის ამბავი მოიკითხა, უთხრეს: _„რომ გაიგო რეაბილიტაციის შესახებ, სიხარულისაგან გული გაუსკდა და დაიღუპაო…“. ერჯერადი ფულადი დახმარება გადასცეს…როგორც შემდეგ გაიგეს, ხარიტონი 1938 წელს დაიღუპა.
იზო თანდათან დაუახლოვდა ეროვნული სულისკვეთების მქონე ადამიანებს.იგი მოწიწებით გვიყვებოდა კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის შესახებ…
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იზო ჯინჭარაძე ჩაის მრეწველობის საკავშირო-სამეცნიერო საკვლევ ინსტიტუტში მუშაობდა წამყვან მეცნიერ მუშაკად.
მე-4 კლასში ვიყავი, იზო მოსკოვში გაგზავნეს ინსტიტუტიდან მივლინებით. როცა დაბრუნდა, უბნის ყველა ბავშვისთვის ჩამოიტანა საჩუქარი. ეს უბრალოდ ფრაგმენტია მისი ახალგაზრდებთან ურთიერთობიდან. იზო იყო მეზობლად მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უფასო მასწავლებელი და დამრიგებელი.
ცოტა ხელფასის დანაზოგს რომ მოუყარა თავი, ბელეტაჟი სახლი დადგა და დედას და ბებიას ცხოვრების უკეთესი პირობები შეუქმნა.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სითბო და სიყვარული, რაც მათ სანათესაოში სუფევდა. ბიძაშვილი, ანდრო ჯინჭარაძე მუდამ გვერდით ედგა ოჯახს. არც თუ იშვიათად ჩამოდიოდნენ მამიდაშვილები იმედო მდივანი, მზია მზეკალავა, რომელიც ცნობილი მეცნიერის, პროფესორ გრივერ ფარულავას მეუღლე გახლავთ.
ისე მოხდა, რომ იზო არ დაქორწინებულა… ბებია სონა 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედა თამარმაც 1979 წელს დატოვა წუთისოფელი.
იზოს შვილად ჰყავდა მიღებული ანდროს ქალიშვილი _ნანა ჯინჭარაძე. არც მეზობლის ობოლ ბიჭებს აკლებდა ყურადღებას.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, როცა ეროვნული მოძრაობა გააქტიურდა, იზო მათ გვერდით იყო. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, არსებული ხელისუფლება არასწორ ინფორმაციებს აქვეყნებდა. იზოს ინიციატივით ექადიის კულტურის სახლში 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტური კადრების ჩვენება მოეწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობისათვის.
1991-1992 დეკემბერ-იანვრის სამოქალაქო ომის შემდეგ, ცხოვრება სხვაგვარი გახდა, რაღაც უფერული და უინტერესო. უშუქობა, სამსახურები სულს ღაფავდნენ.. აფხაზეთის ომი, კრიმინალური ელემენტების გააქტიურება და მკვლელობები, საწუთროდან უდროოდ წასული მეგობრები, მეზობლები. ალბათ ამ ყოველივემ დიდი გავლენა იქონია იზოს ჯანმრთელობაზე…
გარდაცვალებაც ტრაგიკული იყო…2004 წლის 24 დეკემბერს მეზობლებმა იზო გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში…პოეტის არ იყოს „ვინ იცის, როდის დაიღუპება, განაპირდება…“
ალბათ, წელსაც მივლენ იზოს საფლავთან მამიდაშვილი მზია, ბიძაშვილისშვილი ნანა, უახლოესი მეგობარი ნუნუ ტურძილაძე…
„ბინდისფერია სოფელი….“
გაზეთი „ალიონი“ ##13-14, 2018 წ.
მსგავსი სტატიები
- 88ბახმარო ბევრი წერს, რომ ესაა გურიის განვითარების და გადარჩენის ერთადერთი შანსი, რომ ბახმარომ მინიმუმ 300000 ვიზიტორი უნდა მიიღოს საწყის ეტაპზე. რომ დასაქმდება და გამდიდრდება ადგილობრივი მოსახლეობა. მაგრამ, ამას ვინც წერს ერთ სიტყვას არ ამბობს, თუ რა მოუვა ეკოლოგიას. 300000 ვიზიტორისას 100000 გათბობის ქვაბის მოგუგუნე მილი რომ ჩაირთვება, ასობით ავტომობილის გამონაბოლქვს…
- 88ნამდვილად არ მესმის, რას ემსახურება და რა აზრი აქვს ეროვნული ბანკის რეზერვების შესახებ კვლავ წამოწყებულ პოლემიკას, უნდა გამოეყენებინა თუ არა რეზერვები, რათა შეემცირებინა და დაესტაბილურებინა ლარის აჟიოტაჟური ვოლატილობა?! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფინანსისტი, საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე წერს. მისი თქმით, სებ-ის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული.…
- 85გასული საუკუნის 80-იან წლებში ქალაქ ოზურგეთის ვიცე მერი (ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე) გახლდათ ნიჭიერი და ოზურგეთზე შეყვარებული კაცი თენგიზ კუნჭულია. 9 აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ მან გაზეთის რედაქციაში წარმოადგინა გამოსაქვეყნებლად ქალაქის ქუჩებისთვის სახელების შეცვლის პროექტი, სადაც ბოლშევიკი რევოლუციონერების და სხვა სახელები ქვეყნისთვის თავდადებული მოღვაწეების სახელით უნდა ჩაენაცვლებინათ. გაზეთ „ალიონის“…
- 84ოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …
- 83საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ამ დროისათვის, მონიტორინგის ფარგლებში საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეო ჩანაწერების გაცნობის და დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად, საზოგადოებას 30 აპრილის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველადი შეფასებები წარუდგინა: პარლამენტის პიკეტირების მონაკვეთი: ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლების მოთხოვნა, შესაძლოა, იყოს ლეგიტიმური თუმცა, მთავარია განთავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც აპარატის დაკვირვებით…