საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას თავად ცესკო ახდენს – პარტნიორები ხედავენ, რა არის რეალობა და მას ცესკო თვალში ნაცარს ვერ შეაყრის! – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაგზავნილ ღია წერილს.

სიორიძის თქმით, ცესკოს „ჰყოფნის უტიფრობა“ წერილით იმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართოს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ უფლებამოსილება შეუწყვიტა და უფლებამოსილების გაგრძელებისთვის პირობად პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა განუსაზღვრა.

„ცესკო რეალურად წუწუნებს, რომ მათი პოზიციის გარეშე საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია მოხდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას თავად ცესკო ახდენს – დიკრედიტაცია მან 26 ოქტომბერს მოახდინა, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩაცემენტება სცადა. დისკრედიტაციას ახდენს ყველა იმ უკანონო დაავადების შესრულებით, რასაც „ქართული ოცნებისგან“ იღებს, მათ შორის ეს ამ ქვეყანაში დამკვირვებლის ინსტიტუტის გაუქმებას ეხება, როცა კენჭისყრის შენობაში პირის იდენტიფიცირება შეუძლებელი ხდება. ამას ცესკო პერსონალური მონაცემების დაცვით ხსნის. როდიდან გახდა პირის იდენტიფიცირება და პერსონალური მონაცემების დამუშავება ერთი და იგივე რამ?! ამაზე „ძლიერმა საქართველომ“ სასამართლო მიმართა და ცესკოს თავის წერილში აღიარებს კიდევ, რომ დიახ, „ძლიერი საქართველოსთვის“ არგუმენტები გაიზიარეს.

პარტნიორები ხედავენ, რა არის რეალობა და მას ცესკო თვალში ნაცარს ვერ შეაყრის!“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს. როგორც ცესკო განმარტავს, წერილის დაწერა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 5 თვის თავზე კვლავ არ წყდება არჩევნების და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია, ბოლო წვეთი კი ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ცესკო-ს ახალი დადგენილების საკითხის წამოჭრა იყო.

ცესკო დადგენილების მიღების მიზეზს კიდევ ერთხელ განმარტავს და საპარლამენტო ასამბლეას სთხოვს, „დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის უწყებასთან, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღონ რეალური ინფორმაცია პირველწყაროსგან“.

ამასთან, საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებს, არ შეხედონ პროცესს ზედაპირულად, ვინაიდან მათი ნებისმიერი საჯარო მოსაზრება/შეფასება საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს.

წყარო: IPN.GE

მსგავსი სტატიები