ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა
ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის IV დღეს ნოდარ დუმბაძის და დავით კლდიაშვილის მოთხრობების სცენური ინტერპრეტაციები ვიხილეთ. პირველი სპექტაკლი წარმოადგინა ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის „გუდული ბაბუ და პატარა უჩა“ (რეჟისორი- დიმიტრი ხვთისიაშვილი), ხოლო შემდგომ – „სამანიშვილის დედინაცვალი“ (რეჟისორი- გიორგი კაშია).
ჯერ გავემგზავროთ ჩოხატაურის კულტურის სასახლეში, სადაც ბორჯომის თოჯინების თეატრმა დიმიტრი ხვთისიაშვილის რეჟისურით მაყურებლის წინაშე წარსდგა დადგმით- „გუდული ბაბუ და პატარა უჩა“, რომელიც დაფუძნებულია ნოდარ დუმბაძის მოთხრობაზე „უმადური“.
სპექტაკლი ძალზე ლაკონურია, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ შემოქმედებითმა ჯგუფმა დროის მცირე მონაკვეთში მინიმალისტურად, ყოველგვარი მიფუჩეჩების გარეშე მოახერხა მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევა, როგორიცაა წარმავალი და მომავალი თაობა, დროის მნიშვნელობა, სიყვარული, მარტოსულობა, სიკვდილ-სიცოცხლე, ოჯახური მეხსიერება და ა.შ.
თემატიკიდან გამომდინარე, აღნიშნული დადგმა არაა განკუთვნილი პატარა ბავშვებისთვის, არამედ თინეიჯერებისთვის და მათზე უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის.
დიმიტრი ხვთისიაშვილისთვის ეს არაა პირველი თოჯინური სპექტაკლი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში როგროც უმცროსი, ისე უფროსი თაობის წარმომადგენლებს აქვს შესაძლებლობა მის მიერ დადგმული „რწყილი და ჭიანჭველასა“ და „ოტელოს“ ხილვა.
ვახტანგ ქორიძის მხატვრობა მაქსიმალურად გადმოსცემს ნაწარმოებში არსებულ ატმოსფეროს, თავად თოჯინები კი, ძალზე მეტყველნი არიან, ხოლო მათ აჟღერებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით მეთოჯინეებს (მარიამ ლომიძე, თამარ გელაშვილი, სალომე მიქელაშვილი, ირინა კუბანსკი, ალეკო სტეფანიანი, ბაქარ ლომიძე).
სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელი თავად რეჟისორია. სწორედ გარკვეული ხმები და მუსიკა მნიშვნელოვნად განაპირობებს დადგმის ატმოსფეროს.
ჩოხატაურის კულტურის სასახლიდან გადავინაცვლოთ სამანიშვილების ოჯახში, რომელთა ამბავი ოზურგეთის თეატრის დიდ დარბაზში გაცოცხლდა.
გიორგი კაშიას სპექტაკლი „სამანიშვილის დედინაცვალი“ ალექსანდრე ქოქრაშვილის ინსცენირების მიხედვითაა დადგმული, რომლითაც პირველად იხელმძღვანელა გოგი მარგველაშვილმა და თავისუფალი თეატრში დადგა სპექტაკლი ოდნავ შეცვლილი სათაურით- „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“. აღნიშნულმა დადგმამ ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 2023 წელს გრან-პრი მიიღო.
მართალია, ორივე რეჟისორი ერთი და იმავე ინსცენირებით ხელმძღვანელობდა, მაგრამ მათ სპექტაკლებს შორის დიდი განსხვავებაა, რაც გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ გიორგი კაშიას დადგმა იწყება ბეკინას ცოლის დაკრძალვით, სადაც მსახიობებს მხოლოდ კუბოს თავსახური მოაქვთ. საინტერესოა, სადაა თავად კუბო?
ორივე სპექტაკლში სიმბოლური დატვირთვა გააჩნია ღვთისმშობლის ხატს, რომლის წინაშე პლატონი (გოგი გეგუჩია) და მელანო (სალომე ბუღაძე) და სხვა პერსონაჟები მრავალ ცოდვას სჩადიან, თუ გოგი მარგველაშვილთან ცოდვების ჩადენისას აბრუნებდნენ, აღნიშნულ სპექტაკლში ეს არ ხდებოდა, მაგრამ სწორედ ამ ხატთან დადგმული სანთელი მოღრეცილია, რაც სავარაუდოდ მეტყველებს იმაზე, რომ სამანიშვილის ოჯახი არაა მყარი და ძლიერი, როგორც პერსონაჟთა რწმენა.
ასევე, პლატონი ღვთისმშობელს უსვამს კითხვას – „ნუთუ, მართლა ხედავ ყველაფერს?“ რასაც მოსდევს ჭექა-ქუხილის ხმა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ სამანიშვილთა ოჯახი საფრთხეშია.
თუ „დედი(ს)ნაცვალში“ მელანო მკითხაობს, კაშიას სპექტაკლში კი მკითხავის პერსონაჟია (ლანა ფიფია), რომელიც პლატონს ბეკინას (ზურაბ ლაშხია) ოჯახურ მდგომარეობას უწინასწარმეტყველებს. მკითხავის პერსონაჟი კი შეგვიძლია პლატონის ერთგვარ შიშად აღვიქვათ.
თითქმის მთლიანი სპექტაკლის განმავლობაში ქელეხ- ქორწილის სტუმრები უფუნქციოდ მაგიდასთან სხედან, რაც ბადებს ბუნებრივ კითხვას, რისთვის ქმნიან ისინი ვიზუალურ ფონს?
ამასთანავე, დადგმაში დიდი ყურადღება ეთმობა ცრურწმენების თემა, მაგალითად მელანოს ეპნევა მარილი, რაც მასში შიშს იწვევს, რადგან მარილის დაპნევა კონფლიქტის მომასწავებელია. შაფათაძეების ქორწილში ჩანგლის დაცემისას ყველა ღელვას იწყებს, რადგან მათ ეშინიათ ზედმეტი სტუმრების მიღებას.
მარინა დარასელიას ერგო ორნაქმარევი, უშვილო ელენეს როლის შესრულება. მართალია, ეს პერსონაჟი ასოცირდება ტრაგიკულ პერსონასთან და ასეც არის, მაგრამ მარინა დარასელიამ თავის პერსონაჟს გარკვეული კომიზმიც კი შესძინა.
დათო ჩოგოვაძის არისტო ქვაშავიძე ბევრ „მოძველბიჭო“ ქართველს (უფრო ქუთაისელს) მოგაგონებთ, რომლებიც სიდუხჭირის გამო საკუთარ მამიდას გასაყიდ საქონელივით ექცევიან.
დავუბრუნდეთ კითხვას, სად არის თავად კუბო? სპექტაკლის ბოლოს ამ კითხვას პასუხი ეცემა აღმოჩნდება რომ მთელი სპექტაკლის განმავლობაში კუბო სცენაზე იყო, რომელიც სუფრით იყო დაფარული. სუფრა-კუბო სიკვდილ- სიცოცხლის მეტაფორაა. კუბო კი თურმე ელოდებოდა თავის „მსხვერპლს“- ბეკინას.
სპექტაკლი დაიწყო და დასრულდა გასვენებით, რაც შესაძლოა იმის გამომხატველია, რომ ცხოვრება ციკლურია.
მსგავსი სტატიები
- 94
ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VII დღეს მხოლოდ ერთი სპექტაკლი ვიხილეთ — ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონული დრამისა და ოპერეტის თეატრის მიერ თანამედროვედ აჟღერებული ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ (რეჟისორი — აბაი დაულეთი). მხატვარმა (რომელიც თავად რეჟისორიცაა) შექმნა პირობითი გარემო — ოთხკუთხედად დალაგებულია საბავშვო სათამაშო ჯარისკაცები, იარაღები,…
- 94
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის IX დღეს, ოზურგეთის დრამატულ თეატრში ორი წარმოდგენა ვიხილეთ: ამბროლაურის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“ (რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე) და ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დადგმა „ლამბალო და ყაშა“ (რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი). ოზურგეთის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაცოცხლდა ნინია სადღობელაშვილის პირველი…
- 92
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
- 91
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
- 91
რატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან და საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე მეტია, ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…