ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა
ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო ფესტივალის VIII დღეს ოზურგეთის დრამატულ თეატრში ვიხილეთ ორი სპექტაკლი- მცირე სცენაზე ბერძნული ვოლტ თეატრ პლუსის დადგმა- „ლეგენდა კარაისკაკენაზე“ (რეჟისორი- დიმიტრი კარაციასი), ხოლო დიდ დარბაზში ქართულ-აზერბაიჯანული კოპროდუქცია – „კუკარაჩა“ ( რეჟისორი- ვასო ჩიგოგიძე).
გადავინაცვლოთ ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე, სადაც მსახიობმა სოფია კაფსოურუმ (პიესის ავტორი და შემსრულებელი)ზოი დიამანტოს, XVIII-XIX საუკუნეში მოღვაწე სამხედრო მეთაურის- გიორგი კარაისკაკისის დედის ცხოვრების ამბავზე დაფუძნებულ მონოდრამას გვთავაზობს დიმიტრის კარაციასის რეჟისურით.
გიორგი კარაისკაკისი 1821 წლის რევოლუციის ლიდერი იყო. მის სახელს ერთ-ერთი საფეხბურთო არენაც კი ატარებს. ინსცენირებიდან გამომდინარე, დედამისი- მონაზონი თავის კელიაში უყურებს ბერძნებისა და თურქების საფეხბურთო მატჩს, რომლის დროსაც მასში გარდატეხა ხდება, რადგან მან დაინახა თურქი ფეხბურთელის პატივისცემა ბერძენი კოლეგის მიმართ და მიხვდა, რომ ეროვნებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, უმთავრესია ჰუმანურობა, ურთიერთპატივისცემა, რადგან თითოეული ჩვენგანი დედა ბუნების შვილია.
სოფია კაფსოურუ ქმნის ტემპერამენტული, ვნებიანი ქალის პორტრეტს. პერსონაჟის ამგვარ ხასიათს ხაზს უსვამს გრძელი წითელი ხავერდის კაბა.
მართალია, მსახიობი მთელი სპექტაკლის განმავლობაში მაქსიმალურად იხარჯება და გარდასახვის უნარით გამოირჩევა, მაგრამ მაინც საკმაოდ რთული იყო წარმოდგენაზე კონცენტრირება, რადგან დადგმა ბერძნულ ენაზე იყო წარმოდგენილი, თანაც გამომსახველობითი ხერხების თვალსაზრისით სიძუნწით გამოირჩეოდა.
მხატვარმა იორგოს ლინძერისიმ შექმნა საეკლესიო კელიის შესაბამისი გარემო- გარშემო არაერთი კანდელი კიდია და მარიამ ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატებია. სამწუხარო კი ისაა, რომ ეს ელემენტები მხოლოდ ფონს ქმნიან და არ მოქმედებდნენ მსახიობთან ერთად.
ახლა კი გადავიდეთ ოზურგეთის თეატრის დიდ დარბაზში,სადაც ჩვენს წინაშე გაცოცხლდა ბევრი თქვენგანისთვის საყვარელი ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა“ (ინსცენირების ავტორი- ნინია სადღობელაშვილი), რომლის რეჟისორი ოზურგეთის თეატრის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი- ვასო ჩიგოგიძეა.
აღნიშნული დადგმა წარმოადგენს ოზურგეთისა და განჯის დრამატული თეატრების კოპროდუქციას. სცენაზე მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი მსახიობები.
ლომგულ მურუსიძის მხატვრობა ქმნის ძველი თბილისი ატმოსფეროს- თბილისის აივნები, ე.წ. იტალიური ეზოები, გარგრისა და ტირიფის ხეები, საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი სამოსით მოსილი მხიარული მოზარდები, ჭორიკანა მეზობლები. აღსანიშნვია, რომ სცენოგრაფია არა მხოლოდ ფონს ქმნის, არამედ ფუნქციურიცაა- ბრუნავი კონსტრუქციის საშუალებით მაყურებელი მოგზაურობს როგორც ქალაქის ქუჩებში, ისე ინგას და ანიკოს სახლებში, პოლიციის განყოფილებაში, ექთნის ოთახში და ა.შ.
სპექტაკლი ორ ენაზე მიმდინარეობს, სცენაზე ყველა წამყვან პერსონაჟს ორ-ორი შემსრულებელი ჰყავს, მაგალითად ინგას ასრულებს ქართველი – თამარ ჭანუყვაძე და აზერბაიჯანელი კამალა მამადოვა.
სპექტაკლის განმავლობაში მსახიობები ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგალითად ქართველ ინგასთან შეიძლება კომუნიცირებდეს აზერბაიჯანელი კუკარაჩა (მურად მეიფალიევი) და პირიქით. როცა ერთი როლის ერთ-ერთი შემსრულებელი მოქმედებს, მეორე უბრალოდ სცენაზე დგას და უსმენს. აღნიშნულმა გადაწყვეტამ კითხვა დაბადა- რისთვის დგას მეორე მსახიობი ყოველგვარი ამოცანის გარეშე, თუ მისი გამოსვლის ჯერი ჯერ არაა?
მნიშვნელოვანია ის, რომ სცენები არ მეორდება, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ თუ ქართველი მსახიობი თამაშს იწყებს, იგივეს არ იმეორებს აზერბაიჯანელი შემსრულებელი, არამედ აგრძელებს სცენას.
მართალია, მსახიობები არათუ სხვადასხვა თეატრის, არამედ ეროვნების წარმომადგენლები არიან, ისინი მაინც ორგანულად შეთამაშებულნი არიან და ქმნიან სამსახიობო ანსამბლს.
მთავარი როლის შემსრულებლებს ტოლს არ უდებდა ეპიზოდური როლის შემსრულებელი შორენა გვეტაძე, რომელმაც დამაჯერებლად, სახასიათო შტრიხებით გამოძერწა მკითხავ ანჟელას სახე.
საბოლოო ჯამში, ოზურგეთისა და განჯის თეატრის ერთობლივი ნამუშევარი ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეუძლია ორი ქვეყნის სხვადასხვა თეატრს შექმნას ანსამბლური ნამუშევარი.
მსგავსი სტატიები
- 94
- 90
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ, არაერთი მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა ყოფნა-არ ყოფნის ჟამი. შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
- 90
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…
- 89ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
- 89
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ანშლაგით წარადგინა შთამბეჭდავი სპექტაკლი „ლუშნუ“. „ლუშნუ“ – ეს არის შემეცნებითი, სათავგადასავლო, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ჟანრის ნამუშევარი. სპექტაკლი ეფუძნება წერილობით წყაროებს, კვლევებსა და გადმოცემებს, რაც მას ისტორიული სიზუსტისა და სიღრმის შეგრძნებას ანიჭებს. პიესაში გამოყენებულია სვანური ფოლკლორის მდიდარი მემკვიდრეობა, ავტორთა ციტირებები და…