ავტორი _ ანასტასია ჩერნეცოვა
ანასტასია ჩერნეცოვა
ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო ფესტივალის III დღე მრავალფეროვანი პროგრამით იყო დახუნძლული. ჯერ ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე მაყურებელმა იხილა გორის თეატრის დადგმა – „მე მოვალ- სიზმარი”( რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე), რომელიც დაფუძნებულია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიასა და წერილებზე.
მეორე წარმოდგენა კი, ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ჩატარდა, კერძოდ – ზინაიდა კვერენჩხილაძის დმანისის თეატრის დადგმა – „სტუმარ- მასპინძელი” ვაჟა- ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით ( რეჟისორები- გიორგი სიხარულიძე და თინათინ კორძაძე).
მესამე სპექტაკლის ნახვა კვლავ ოზურგეთის თეატრში მოგვიწია, ოღონდ დიდ დარბაზში, სადაც ვიხილეთ სენაკის თეატრის „კაცია-ადამიანი” (რეჟისორი- ვახტანგ ნიკოლავა) ილია ჭავჭავაძის ამავე მოთხრობის საფუძველზე.
როგორც ხედავთ, 7 ივნისს ქართველ კლასიკოსთა დღე გვქონია. საინტერესოა, როგორი წარმოდგენები შემოგვთავაზეს რეგიონის თეატრებმა.
ჯერ გადავინაცვლოთ ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე, სადაც მსახიობებმა- მაკა შალიკაშვილმა და დავით დარჩიამ „გააცოცხლეს” გალაკტიონ ტაბიძის პოეზია და პოეტის წერილზე დაფუძნებული ბიოგრაფიული ცნობები.
რეჟისორ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის ინსცენირებით , მსახიობები ხან გალაკტიონისა და ოლგა ოკუჯავას შემსრულებლები იყვნენ, ხან კი ლექსებს კითხულობდნენ.
ძირითადად, ლექსებს მხატვრულად კითხულობდა მაკა შალიკაშვილი და შესაძლოა იგი არა მხოლოდ ოლგა, არამედ პოეტის შემოქმედებითი წარმოსახვა იყო.
გალაკტიონის ლექსების წაკითხვა თავისებურ სირთულეს წარმოდგენს, ავტორის მრავალწახნაგოვანი გრძნობათა ბუნებიდან გამომდინარე, შესაბამისად არაა გასაკვირი, რომ მსახიობთა შესრულებაში მანერულობა ჭარბობდა.
ცხადია, თავად გალაკტიონის პოეზიას ახასიათებს თავისებური პათოსი, მაგრამ ორგანული შესრულება, მეტ სიცოცხლისუნარიანობას შესძენდა წარმოდგენას.
ოზურგეთის თეატრს დროებით დავემშვიდობოთ და გადავინაცვლოთ ჩოხატაურის კულტურის სასახლეში, სადაც ვიხილეთ ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძლის” ახლებური წაკითხვა.
ინსცენირებიდან გამომდინარე, ქისტი ჯოყოლასა (პაპუნა ირემაძე) და ქართველი ზვიადაურის (გიგა აბულაძე) ამბავი საერთაშორისო სხდომაზე განიხილება, სადაც ვხედავთ ფრანგ (ელენე თავართქილაძე), ამერიკელ (ბარბარე ჩალაძე), იაპონელ (ლაშა ქვაცაბაია) და სხვა ქვეყნის ელჩს. აღნიშნული გადაწყვეტა საკმაოდ ორიგინალურია, რადგან დღეს, როგორც არასდროს, ჩვენც მსგავს მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენი ქვეყნის კონფლიქტებს და საერთოდ, „ბედს“ არაერთი ქვეყანა განაგებს. ამის მიუხედავად, სპექტაკლის მსვლელობისას ეს დრამატურგიული ხაზი მოიშალა და ფაქტობრივად არ განვითარდა, მაგრამ ფინალისკენ, როცა მაყურებელი იტყობს ჯოყოლას სიკვდილის ამბავს, ელჩები „ლანჩ ბრეიქზე“ იცმუცნებიან და ნულოვან ემპათიას იჩენენ. და მართლაც, ვინმეს გულწრფელად ადარდებს ჩვენი „ბედი“?
მხატვრობაში (თეო კუხიანიძე) მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს შავ მონუმენტურ მაგიდას, რომელზეც არა მხოლოდ სხდომა, არამედ ძირითადი მოქმედება მიმდინარეობს. ცხადია, მაგიდას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ მაგიდებთან, არა აქვს მნიშვნელობა სუფრაა ეს თუ სამიტი, ხშირად საბედისწერო საკითხები წყდება, მათ შორის კი, ზვიადაურ-ჯოყოლას ამბავი.
„სტუმარ- მასპინძელი“ პირველად დაიდგა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, როგორც საკურსო სპექტაკლი დმანისის თეატრთან კოლაბორაციით. შესაბამისად, რეჟისორების მთავარ მიზანს წარმოადგენდა სტუდენტ მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალური წარმოჩენა. სწორედ ასეც მოხდა, რადგან სპექტაკლში არა მხოლოდ სტუდენტთა სამსახიობო არამედ, მუსიკალური ნიჭიც გამოვლინდა. სწორედ ამიტომ, სპექტაკლში გვხვდება ქორო (თამარ ყალაბეგაშვილი, ელენე თავართქილაძე, ელენე ქურთიშვილი, ანდრია ზაქარაია, ლაშა მორჩილაძე, ლუკა ხეჩუმაშვილი), რომელიც არა მხოლოდ მოვლენების კომენტატორად, არამედ საერთო განწყობის, ატმოსფეროს შემქმნელად გვევლინება.
აღსანიშნავია, რომ დადგმაში ზვიადაურ- ჯოყოლაზე არანაკლებ წინ წამოწეულია აღაზას ხაზი. ანუკი შარია ამ სპექტაკლის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელია, რომელიც მაღალ პროფესიულად ქმნის აღაზას ტრაგიკულ სახეს, სისადავით, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.
აღაზას ტრაგიზმი ხომ არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს რომ იგი იგივენაირად გლოვობს როგორც მტერს, ისე მოყვასს, არამედ იმის გამო, რომ იგი ქალია და ისედაც მორალურად დეგრადირებულ საზოგადოებაში მისი უფლებები განსაკუთრებულად შელახულია.
საბოლოო ჯამში, „სტუმარ- მასპინძელი“ გამოირჩევა როგორც ანსამბლურობის თვალსაზრისით, ისე თითოეული ახალგაზრდა მსახიობის ინდივიდუალიზმით.
მესამე საფესტივალო დღის ბოლო გაჩერებაა ოზურგეთის თეატრის დიდი დარბაზი, სადაც ვიხილეთ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრი სპექტაკლი „კაცია- ადამიანი?!“ ვახტანგ ნიკოლავას რეჟისურით.
სპექტაკლის მხატვრობა ლომგულ მურუსიძესა და სოფი ჩალაშვილს ეკუთვნის. სცენოგრაფია ქმნის წარმოდგენის ძირითად ატმოსფეროს, რომელიც სიმბოლოებითაა დატვირთული. პირველ რიგში, ნაცრისფერ- ყავისფერი კოლორისტული გადაწყვეტა ქმნის პირქუშ ატმოსფეროს. მართლაც, მაყურებლის წინაშე ხომ ძალზე ტრაგიკული ამბავი ცოცხლდება.
აღსანიშნავია, რომ თათქარიძეების სახლის ნაწილი მოშლილია, რაც შესაძლოა მიუთითებს იმაზე, რომ „ლუარსაბობის“ ეპოქა დასასრულს უახლოვდება. მარცხენა მხარეას კი , საყდარია, სადაც განათებულია ღვთისმშობლის ხატი, რაც შეიძლება პერსონაჟთა იმედს გამოხატავდეს. ამასთანავე ყურადღებას იქცევს ბარაქის ხე, რომელზეც შავი ნაჭრებია ჩამოკიდებული, ხოლო სპექტაკლის დასაწყისში ლამაზისეული ( სოფი ჩალაშვილი) კიდევ ერთ ნაჭერს ახვევს.
შავი ნაჭრები მეტად ამძაფრებენ პირქუშ ატმოსფეროს, სამგლოვიარო განწყობას ქმნიან. შესაძლებელია მსგავსი გადაწყვეტა მეტყველებს იმაზე, რომ თათქარიძეების ოჯახი ამ ხის ქონის მიუხედავად, უნაყოფოა, რადგან აგებულია უსიყვარულობასა და სიცრუეზე.
ლუარსაბის სახე შექმნა თენგიზ თოფურიძემ, ხოლო დარეჯანის თამუნა აბშილავა- კობახიძემ. ყურადსაღებია ის ფაქტი,რომ მსახიობებმა არა სტერიოტიპული სახეები შექმნეს,რაშიც ვგულოხმობ იმას, რომ ლუარსაბ-დარეჯანი ტრადიციისამებრ არ არიან გროტესკულები და ღიმილის მომგვრელნი,არამედ პირიქით, წინ წამოწეულია ცოლ-ქმრის დრამატიზმი.
მსგავსი სტატიები
- 87
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში, პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები. სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის…
- 86
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ანშლაგით წარადგინა შთამბეჭდავი სპექტაკლი „ლუშნუ“. „ლუშნუ“ – ეს არის შემეცნებითი, სათავგადასავლო, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ჟანრის ნამუშევარი. სპექტაკლი ეფუძნება წერილობით წყაროებს, კვლევებსა და გადმოცემებს, რაც მას ისტორიული სიზუსტისა და სიღრმის შეგრძნებას ანიჭებს. პიესაში გამოყენებულია სვანური ფოლკლორის მდიდარი მემკვიდრეობა, ავტორთა ციტირებები და…
- 84
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ, არაერთი მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა ყოფნა-არ ყოფნის ჟამი. შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
- 83
- 83
ავტორი: გია ბეშიტაიშვილი (გაგრძელება. ბეჭდური ვერსია იხ. გაზეთი „ალიონი“ #6-11.) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან როგორც წარჩინებულ…