ნამდვილი ამბავი

ავტორი: ავთანდილ ბერიშვილი

რიჟრაჟი შეპარვოდა წყავისა და შქერის რტოებით დაბურულ ბახვისწყლის ხეობას. დინების საპირისპიროდ, ზევით, ბახმაროს მთებისკენ მიიზლაზნებოდა მდინარის აქოჩრილ ზედაპირზე გველეშაპივით გაწოლილი სქელი ნისლი,თითქოსდა, ხეობასთან ერთად, საყორნიის მწვერვალის დაპყრობას ლამობდა. ნაპირიდან ნაპირამდე ვერ წვდებოდა, იმდენად მოკლე იყო თვალსაწიერი. სოფელ მთისპირთან მოიგო ბრძოლა მდინარემ, მოარღვია და შუაზე გააპო ნისლი. მზის სინათლემ ჩაატანა წყლის ტალღებამდე. ბუნების ამ სილამაზეს შეერწყა მწვანედ აღერებული სიმინის ყანები. იღვიძებდა სოფელი.

სიმინდის სათოხარში ჰყავდა ნადი მიწვეული ნიკიფორე ჩავლეშვილს ოქროსქედის უბანში. დილადრიან ლოტბარის ყანისკენ მიიჩქაროდნენ მხარზე თოხგადებული ახალგაზრდები, ნიკიფორეს მიერ შექმნილი მომღერალთა ანსამბლის წევრები.

დიდი სასიმღერო სკოლა ჰქონდა გავლილი ნიკიფორეს. ბიძის, გურული სიმღერების ამღორძინებლის, სამუელ ჩავლეშვილის აღზრდილი კაცი, ჩონგურის ჯადოქრად იწოდებოდა.

სანამ საქმეს შეუდგებოდნენენ, მეუღლის, ანეტი მამეიშვილის მიერ გამომცხვარი ხაჭაპურით, ცხელი მჭადით, ყველითა და ჭაჭის არაყით წაასაუზმა მასპინძელმა მენადეები. მუხლამდე აწვერილ სიმინდის ყანაში მწკრივში ჩადგნენ კაცები, მხიარული შეძახილებით შეუდგნენ თოხნას.

გრამაფონზე ჩაწერა_ ძმები ჩავლეშვილები. ჩონგურით ნიკიფორე. 20-იანი წლები.

„იაშა, შენს გაზრდას, მაი თოხი გვერდზე გადადეი და ცივი წყლით მოგვამარაგე დღეს“, – გასძახეს  თოხოსნებმა ნიკიფორეს უფროს შვილს, თხუთმეტიოდე წლის ულვაშებშეღინღლულ მოზარდს, ვისთვისაც, ფიზიკურ სრულყოფილებასთან ერთად, უნიკალური მუსიკალური სმენა ებოძებია  უფალს. იოლად ითვისებდა სიმღერებს.

შრომას სიმღერით იმსუბუქებდნენ მენადეები, დადგა „ნადურის“შესრულების დრო. ნიკიფორეს ძმამ, გალაქტიონმა დაიძახა: „აბა, ჰე, შემოვძახოთ!“ მომღერლებში ჩადგა იაშა.„კრიმანჭულმა“ გაკვეთა ჰაერი და ხეობაში ჩააღწია. პოლიფონიით მოვარაყდა ოქროსქედი. თანდათან ემატებოდა შრომას ტემპი, შესაბამისად ძლიერდებოდა სიმღერაც. საღამომდე ჩაამთავრეს ყანის ბოლო რიგები და საღამოსპირის ქეიფის მოლოდინში დასხდნენ.

„უყურე, შენ, როის მუასწრო ამ ბაღანამ ამფერი ძნელი სიმღერის,„ნადურის“სწავლა?  – იაშას ბიძას, კალისტოს შეეკითხა ვარლამ ვაშალომიძე (შემდგომში ცნობილი ლოტბარი).

კალისტოს გაეღიმა, შეკითხვას კი, მეორე ბიძამ, აკაკიმ უპასუხა: _„გადამრევ, აპალონა, უნიჭიერესი ბაღანაა და რაა გასაკვირი?!“

კვიცი გვარზე ხტისო და უკვე ზრდასრული იაშა  ჩავლეშვილი კარგ მომღერლად ჩამოყალიბდა. სამედიცინო სასწავლებელში ჩაირიცხა. თვალდასატანებელი ახალგაზრდა, გოგონათა რჩეული გახდა, მაგრამ იაშას გული ქსენია ხმელიძეს ეკუთვნოდა.ოჯახის წევრებიც უწონებდნენ არჩევანს.მამიდამ, ნინამ (ნინიამ) მოიტანა ამბავი „შველივით გოგოა, იურიდიულზე სწავლობსო, თურმე“.

მთისპირის მომღერალთა გუნდი. II რიგი, მარცხნივ მეორე: ნიკიფორე ჩავლეშვილი, მარცხნივ ზის _იაშა ჩავლეშვილი. 30-იანი წლები

შრომაში, ჯაფაში, სიმღერის უსაშველო სიყვარულში მიმდინარეობდა ლოტბარ ნიკიფორე ჩავლეშვილის ოჯახის განვითარება. თითქოს, არაფერი უშლიდა ხელს იაშას ოჯახის შექმნაში, მაგრამ ულმობელმა წუთისოფელმა სხვა ხვედრი არგუნა უკვე მედფერშალ, ფოლკლორში გამოძერწილ უმშვენიერეს ვაჟკაცს. მეორე მსოფლიო ომის შავმა ღრუბელმა შთანთქა იაშასა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

ქერჩის მისადგომებთან გადაისროლეს ქართული დივიზია, სადაც სამედიცინო სამსახურის ოფიცრისჩინით მსახურობდა იაშა. ომის ქარცეცხლშიც არ ივიწყებდა სიმღერას. რამდენიმე ახალგაზრდა შეარჩია და გურული სიმღერები ასწავლა. სიმღერით ამხნევებდნენ გურული ბიჭები ხელჩართულ ბრძოლაში მიმავალ ჯარისკაცებს…

ორი წლის შემდეგ ნიკიფორეც გაიწვიეს ომში. ერთი თვის თავზე ფრონტის წინა ხაზზე იდგა, ჩონგური შაშხანით შეცვალა.

როგორც ქართველთა უმეტესობა, ნიკიფორეც  ქერჩის დამცველთა რიგებში ჩადგა. იმ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, თითქოს ერთკვირიანი შესვენება გამოცხადდა.

საბრძოლო ნათლობა მიუღებელმა ნიკიფორემ იქითკენ გასწია, სადაც ახალგათხრილი სანგრები ეგულებოდა. მოძრაობის საპირისპირო მხრიდან ქროდა ქარი. შედგა, მიაყურადა, სიმღერის ჰანგები მოიკვლევდა გზას მისკენ. არა, არ შემცდარა, ამჯერად მკაფიოდ ჩაესმა, დაიძრა, ფეხს აუჩქარა, იმატა ხმამ  „ჩვენ შვიდოოობა  გაიააამარჯობაა, ოი დელა ადილოო“.  დარწმუნდა, გურულ სიმღერას ,,ჩვენ მშვიდობას“ აბულბულებდნენ. თავს წაადგა სანგარში ჩამსხდარ მომღერლებს, მუხლები უკანკალებდა. აქ, ფრონტის წინახაზზე სიმღერა? თანაც გურული? „ღმერთო, შენ დამიფარე, სიზმარია თუ ცხადი?“ – შფოთავდა  ლოტბარი. უცებვე მოეშვა, ხმა ვეღარ ამოიღო მოწოლილი ემოციისგან.

უცხო ჯარისკაცის დანახვაზე, სიმღერა შეწყვიტეს მომღერლებმა. სიჩუმემ დაისადგურა. როგორც იქნა, სული მოითქვა ლოტბარმა და შემოსძახა ,,მასპინძელსა მხიააარულსა და ჰარალალი ჰარალოო, ყავს სტუმრეებიი საყვარლები“, იქუხა პირველმა ხმამ, გვირგვინი მოაბა ბანმა სიმღერას. სამუელ ჩავლეშვილისეული ვარიანტი შეამჩნია ლოტბარმა მათ ნამღერს.

,,ვინ ხართ, ბაღნებო, თქვენ შემოგევლეთ? ხედავთ ხომ კი, სიმღერა, ყოლგან არგია კაცს, ჭირშიც და ლხინშიც, შრომაშიც და ბრძოლაშიც“- სათითაოდ გადაეხვია მასზე ბევრად ახალგაზრდა ბიჭებს.

„გურულები ვართ, ბიძია, ერი წელია ვებრძვით გერმანელ ფაშისტებს, სიმღერა ჩვენებურმა ოფიცერმა კაცმა გვასწავლა“ – უთხრა პირველი ხმის შემსრულებალმა მომღერალმა.

„კი, მარა, ვინაა მაი ოჯახაშენებული, ამ გაგანია ომში, სასიმღეროთ და სასტავლებლად რომ მიიცალა?“ – შეეკითხა და სმენად გადაიქცა ნიკიფორე.

„ეჰ, ჩემო ბიძია, მაი რომ გვყავდეს ცოცხალი, რა გვაქ ზორი, ერთი თვეია, რაც დეიღუპა“, – თქვა  ყველაზე ახალგაზრდამ  და თვალები აუცრემლიანდა.

„აუჰ, რას ჩივი კაცო, რა გვარი იყო, სადაური?“ – პასუხის მოლოდინში უფრო დაიძაბა. ლოტბარმა ის იცოდა მხოლოდ, რომჯარისკაცთა მასწავლებელი კარგად ფლობდა გურულ ფოლკლორს.

„ოზურგეთელი, მთისპირელი კაცი, იაშა ჩავლეშვილი“, – იყო პასუხი.

თვალთ დაუბნელდა ნიკიფორეს, ყბა ჩამოუარდა, წაბარბაცდა. ხელი შეაშველეს მებრძოლებმა. „შვილოო იაშა, შვილოო“… -შვილდაღუპული მამის ბღავილმა  გაანგრია სანგრის ყრუ კედლები.

თავი მოიყარეს მებრძოლებმა.

„რა მოხდა, ბიჭებო, ვინაა აი კაცი ? – კითხულობდნენ ისინი.

„იაშას მამა ყოფილა, ცნობილი ლოტბარი, ნიკიფორე ჩავლეშვილი, შევსებაზე ჩამუუყვანიათ ჩვენთან და  ახლა გეიგო  შვილის დაღუპვის ამბავი“…

ბოლომდე იბრძოლა ნიკიფორემ, ბუნაგამდე მიჰყვა ფაშისტებს, გამარჯვებული დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს. ხელოვნებას დაუთმო სიცოცხლის დარჩენილი პერიოდი.

. . .

იაშა ჩავლეშვილის საცოლე არ გათხოვდა. ქალბატონი ქსენია სიცოცხლის ბოლომდე, ოზურგეთის რაიონის ნოტარიუსი ბრძანდებოდა. ბავშვი იშვილა, გოგონა. იაშას ძმის, გური ჩავლეშვილის ქალიშვილი, ნაზიკო მიიპატიჟა სახლში, ბავშვის დაბადების მოწმობა აჩვენა, რომელშიც ეწერა: „თეკლე იაშას ასული“.ბავშვის მამად აღიარა გარდაცვლილი საქმრო და ამ ფორმით სცა პატივი სამარადისო, შეუცვლელ  სიყვარულს.

იაშა ჩავლეშვილის ხსოვნა მარადჟამს  გაჰყვა ჩავლეშვილების ოჯახს. უმცროსი ძმა,გერონტი ჩავლეშვილი და მისი დედმამიშვილები, იაშას სახელს იფიცებდნენ, დაბადების დღეს უხდიდნენ, რომლის მომსწრეამ სტრიქონების ავტორიცაა.

ლოტბარი, სამუელ ჩავლეშვილის სკოლის გამგრძელებელი, ვირტუოზი მეჩონგურე, ნიკიფორე ჩავლეშვილი, 1963 წელს გარდაიცვალა.

მთავარ ფოტოზე: მარცხნიდან _ძმები ნიკიფორე, აკაკი, გალაქტიონი და კალისტო ჩავლეშვილები.

გაზეთი „ალიონი“, 30 აპრილი, 2026 წ.

მსგავსი სტატიები

  • 88
    ცნობილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი გარდაიცვალაგარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“  ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის  „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75…
  • 87
    დღეს ანზორ ერქომაიშვილი 85 წლის იქნებოდადღეს ანზორის დაბადების დღეა ... და რა უნდა ინატრო კაცმა უფრო დიდი, თუ არა, როცა შენი გარდაცვალების შემდეგ , შენი ნაცხოვრების გამო, შენი სახელის ხსენებას გვარის დამატება არ ჭირდება ... აცხონოს ღმერთმა სამაგალითო კაცი..წერს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე სოციალურ ქსელში და მის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტსაც გთავაზობთ:  ,,…
  • 86
    ოზურგეთს კარგი კაცი დააკლდაახალი წლის წინა დღეებში  ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _  გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…
  • 85
    უნიკალური ფოტოავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…
  • 85
    ენვერ გოგუაძის გახსენებაისტორიის დოქტორი, პროფესორი რევაზ პაპუაშვილი ენვერ გოგუაძის გახსენება ჩემი პირველი შეხვედრა ენვერ გოგუაძესთან 1976 წელს შედგა. მაშინ ურეკში, ადგილ კაპროვანზე ქვიშის მოპოვების დროს ნაწილობრივ განადგურდა ძველი კოლხური სამაროვნის ნაწილი. დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალგაზრდა დირექტორი – ენვერ გოგუაძე და ჩვენ - კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლები ერთობლივად ვიბრძოდით. შევძელით…