გობრონიძეთა გვარი საკუთარი სახელიდან გობრონ-იდან მოდის. ამ საკუთარ სახელებს ჩვენში გმირული წარსული აქვს. გობრონი ერქვა ერთ სამხრეთელ ქართველ ციხისთავს, რომელიც X საუკუნის დამდეგს მოღვაწეობდა და 914 წელს, ერთ-ერთი არაბი სარდლის შემოსევისას ყველის ციხიონს ედგა სათავეში. 28 დღე და ღამე გმირულად უმკლავდებოდნენ ყველელი ქართველები მრისხანე მტერს და მხოლოდ მას შემდეგ დანებდნენ, როდესაც ძალა გამოელიათ. არაბმა მოძალადემ გმირს რჯულის შეცვლა მოსთხოვა, რაზეც გობრონმა მტკიცე უარით უპასუხა. განრისხებულმა მტერმა მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა, რაც მაშინვე შეასრულეს. ქართულმა სამოციქულო ეკლესიამ წამებული გობრონი წმინდანად შერაცხა და მიქაელი უწოდა.

გობრონის წამება ტბეთის საეპისკოპოსოს მღვდელმთავარმა  სტეფანე მტბევარმა აღწერა და მრავალი საუკუნეა ამშვენებს საეკლესიო (ჰაგიოგრაფიულ) მწერლობას. ერთი ხალხური გადმოცემა, სწორედ ამ მამაც მეომარს მიიჩნევს გობრონიძეთა საგვარეულოს ფუძემდებლად. გადმოცემა ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ ყველის ციხისთავი (გობრონი) აზნაური იყო, ხოლო გობრონიძეთა გვარში ამ წოდებით დღემდე არცერთი პიროვნება არ არის გამოვლენილი.

გარდა საგეოგრაფო ფაქტორისა, გობრონიძეთა საგვარეულოს წარმოქმნის საქმეში ცხადია, დროის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. ყველის ციხისთავი მესხი გახლდათ სამცხის ქვეყნის მკვიდრი. გობრონიძეთა საგვარეულო კი საკმაოდ დაშორებულ საგეოგრაფო არეალში (აჭარისწყლის ხეობის ქვემო ხევი) ყალიბდებოდა, არა განვითარებულ შუასაუკუნებში (Xს.), როდესაც გმირი აზნაური გობრონი ცხოვრობდა, არამედ გვიანშუასაუკუნეებში (XIII-XIXსს).

გვარ-სახელი გობრონიძე პირველად 1463 წელს ერთ წარწერაში იხსენიება (სოფ. გობრონეთი). Aამ თარიღიდან 16 წლის შემდეგ ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და მალე შეუდგნენ მეზობელ ქვეყნებზე ლაშქრობებსაც. 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიაც დაეცა და ოსმალეთიც უშუალოდ მოადგა საქართველოს. 1545 წელს გამოღმა ბასიანში (სოფ. სოხოისტა) ქართველებმა დიდი ომი გადაიხადეს ოსმალებთან. ეს საბედისწერო ომი ჩვენი მხედრობის დამარცხებით დამთავრდა, რამაც მტერს შემდეგი ბრძოლებისათვის გაუხსნა გზა. Oრი წლის შემდეგ ოსმალებმა გურიის სამთავროს შემოუტიეს, სამკვდრო-სასიცოხლო ბრძოლების შემდეგ გურიას სამხრეთ-დასავლეთის მხარის ყველაზე დიდი ციხე გონია წაართვეს და მდინარე ჭოროხის შესართავს მოადგნენ.

გავიდა კიდევ ორი წელი და ოსმალები ახლა გურიის სამთავროს მეზობელ სამცხე-საათაბაგოს დაესხნენ თავს. მოაოხრეს ჭოროხის ხეობის შუა და ზემო წელი და შავშეთში შეიჭრნენ. იმ დროს აჭარისწყლის ხეობა გურიის სამთავროს ფარგლებში იყო, მაგრამ ოსმალებმა მას ყურადღება არ მიაქციეს და გურიელს ამ ხეობის ქვემო მხარე აუოხრეს.

ქვემო ხეველმა გობრონიძეებმა სწორედ ამ დროს იგრძნეს ოსმალთა სიავე და შიშით დაუწყეს მომავალს ცქერა. და აი, 1561 წელს ოსმალლნი ისევ მოადგნენ აჭარისწყლის ხეობას.

გურიის მთავარი როსტომ ვარდანიძე (1534-1565) მედგრად დაუხვდა მტერს, მაგრამ მისი წინსვლა ხეობაში მაინც ვერ შეაჩერა და ოსმალებმა მთელი ხეობა ჩამოაჭრეს როსტომის სამფლობელოს.

მტერმა აღწერა დაპყრობილი ქვეყანა და მის ოსმალურ ყაიდაზე მოსაწყობად დაიწყო ზრუნვა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ აჭარისწყლის ხეობიდან დაიწყო ლტოლვილთა გადაადგილება ქვეყნის უფრო დაცულ მხარეებისაკენ. ეს პროცესი საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა. ასე დაიცალა ქვემო ხევის უმშვენიერესი სოფელი გობრონეთი და არა მარტო ის; დაცარიელდა სოფელი ხაბელაშვილებიც. სოფელ ინწკირვეთის მკვიდრთა მნიშვნელოვამნა ნაწილმაც დატოვა სამკვიდრო და თავი შუა გურიას შეაფარა. ყველას ვინ მოთვლის.

ამ ძნელბედობის ჟამს გურიის სამთავრო კარი დიდ ორგანიზებულობას ავლენდა და დევნილებსაც საცხოვრებლითა და სარჩოთი უზრუნველყოფდა. გობრონიძეების ერთი ნაწილი გურიანთაში დაასახლეს. გურიანთის მოურავის, თავად ნაკაშიძის 1828 წლის მოხსენებაში, ორი გურიანთელი ყმა გობრონიძე მოიხსენიება, დიმიტრი და იესელა. გურიანთა ნაკაშიძეთა სათავადოს გული იყო, მაგრამ გობრონიძეები სათავადო ყმებში არ ირიცხებოდნენ. იესელაც და დიმიტრიც სააზნაურო ყმები იყვნენ.

გურიანთაში ამ დროს რამდენიმე სააზნაურო საგვარეულო გახლდათ. ესენი იყვნენ: თაყაიშვილები, ნაკაიძეები, სალუქვაძები, შევარდნაძეები, წითლიძეები. სამწუხაროდ, მოხსენებიდან არ ჩანს, რომელი მათგანის ყმები იყვნენ გობრონიძეები.

 

გავიდა ხანი და ბატონყმობის სისტემაც გაუქმდა. 1905 წელს ქართველებმა რუსეთის მეფესაც უჩვენეს თავისი ძალა. 1918 წელს კი საქართველომ დამოუკიდებლობაც მოიპოვა.ქვეყანა წინ მიდიოდა. ახალგაზრდობამ თბილისის უნივერსიტეტს მიაშურა. გობრონიძეთა გვარიდან ერთ-ერთი პირველი ვინც დედაქალაქში ფსიქიატრიის ურთულეს დარგში დიდ წარმატებას მიაღწია, გაღმა დვაბზუელი ევტიქი გობრონიძე (1903-1988წ.წ.) იყო_მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

პედაგოგიურ მეცნიერებაში სახელი გაითქვა საქართველოს პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, პროფესორმა ალექსანდრე გობრონიძემ (1925-2004 წ.წ.) ალ. გობრონიძე პოლიტიკურ სარბიელზეც თვალსაჩინოდ მოღვაწეობდა. იგი ჯერ აჭარის კომკავშირის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო, ხოლო შემდეგ_ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აჭარის პარლამენტის თავმჯდომარე.

მანამდე აჭარის ახალგაზრდულ საოლქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა მისი სეხნია და გობრონიძეთა გვარის გამორჩეული შვილი ალექსანდრე გობრონიძე (1924-1984), რომელიც მოგვიანებით აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა და გენერლის წოდებაც მიენიჭა.

ახალგაზრდა წავიდა სოფ. ლიხაურიდან ქ. თბილისში რაჟდენ გობრონიძე (1903-1976), რომელიც სხვადასხა საპასუხისგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. ასევე სხვადასხვა საპასუხისგებლო თანამდებობებზე მუშაობდნენ მისი შვილები ოთარი, ომარი, სოსო. მათგან ოთარი  გეოლოგი იყო სპეციალობით და ერაყსა და ირანში მუშაობდა. გეოლოგების ცხოვრებას მიუძღვნა მან მოთხრობების კრებული „თეა“ (1963 წ), რომლის მოთხრობების მიხედვით ცნობილმა რეჟისორმა არჩილ ჩხარტიშვილმა დადგმა განახორციელა მარჯანიშვილის თეატრში. შემდეგ იგი იყო ერთ-ერთი საკვლევი ინსტიტუტის დირექტორი. 1978 წელს, 46 წლის ასაკში დაიღუპა ავტოავარიისას.

რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905 წ.წ.)თავი ისახელა ლიხაურელმა დიომიდე გობრონიძემ(1883-1922)მისი გმირობის ამბავი პეტერბურგამდეც მივიდა და იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ იმპერიის დედაქალაქში პირადად გადასცა ოქროს ჯვარი, ხოლო შემდეგ სხვა საგმირო საქმეებისთვის „წმინდა გიორგის ჯვრის“ ოთხივე ორდენის სრული კავალერი გახდა,

კაპიტანმა  გრიგოლ გობრონიძემ, როგორც  ღირსეულმა მეთაურმა (1916_1998)თავი ისახელა დიდ სამამულო ომში.

შინაგან საქმეთა ორგანოებში ნაყოფიერად იღვაწა გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა ვიქტორ გობრონიძემ.  შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდა პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გენადი გობრონიძე. გობრონიძეთა საგვარეულოს ამშვენებს იურისპუდენციის დოქტორი, ერთ დროს ჩოხატაურის რაიკომის პირველი მდივანი და ოზურგეთის რაისაბჭოს აღმასკომის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი გობრონიძე.

1983 წელს საქართველოს საუკეთესო მოსამართლის წოდება მიენიჭა და მოსამართლეთაგან პირველს გადაეცა ილია ჭავჭავაძის მედალი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ გობრონიძეს. 

დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ასევე ოზურგეთის სასამართლოს თავმჯდომარე ნინა გობრონიძე, რომელიც გასული საუკუნის 40- 50-იანი წლებიდან უძღვებოდა ამ საქმეს.

გონიერებით, ენერგიულობითა და პატიოსნებით გაითქვა სახელი თამაზ გობრონიძემაც. იგი თავდაპირველად ოზურგეთის რაიონული გაზეთის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე იყო, შემდეგ კი  ათეული წლის განმავლობაში გახლდათ ჯერ ბახვის, შემდეგ გაღმა დვაბზუს კოლმეურნეობის თავმჯდომარე.

შოთა გობრონიძემ კი მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდას დასდო ღირსეული წვლილი. იგი დიდხანს წარმატებით უძღვოდა ჯერ მერიის, შემდეგ სოფელ ოზურგეთის საშუალო სკოლებს, ხოლო ქალბატონი მანანა გობრონიძე გამოცდილი ექიმია.

გობრონიძეებს ბიზნესშიც აღმოაჩნდათ შესაშური ნიჭი. ამ მხრივ გამორჩეულია სააქციო საზოგადოება „იმედის“ დირექტორი ოლეგ გობრონიძე, რომელიც წლების მანძილზე იყო ოზურგეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წამყვანი წევრი.

ეს არასრული სიაა. ღვაწლმოსილ გობრონიძეებზე საუბარი მომავალშიც გაგრძელდება.

იური სიხარულიძე,

პროფესორი

სურათებზე; „დიდმორწმუნე მიქაელი, რომელსაც ეწოდება გობრონ; : პროფესორები.ევტიქი, ალექსანდრე; ალექსანდრე (პოლიციის გენერალი), გრიგოლ გობრონიძეები;

(ქვემოთ) აკაკი გობრონიძე ბახმაროში ვასილ მჟავანაძესთან ერთად; რაჟდენ გობრონიძე მეუღლესთან _ბაბულია სადუნიშვილთან ერთად.

 

მსგავსი სტატიები

  • 85
    უცხოელები რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს.,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“  გრ. რობაქიძე მე-19   საუკუნის საქართველოს ისტორიაში  ნათელ ფურცლებს წარმოადგენს  ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს  საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას,  ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი  რაც შეიძლება უკეთ გაცნობის  კეთილშობილურ  მიზანს.  და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
  • 79
    გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები გრძელდებაოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები იწმინდება…
  • 74
    ვაშნარი _IV-VIII საუკუნეების მნიშვნელოვანი ძეგლი  ·  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები გრძელდება. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები…
  • 68
    იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი თბილისშია მე-10 საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწის, მწერლის და ჰიმნოგრაფის იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ივნისში ლონდონში, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად ფონდმა „ქართუმ“  შეიძინა და საჩუქრად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს გადასცა. უნიკალური ხელნაწერი დღეს თავდაპირველად საპატრიარქოში მიიტანეს.  ორენოვან, ქართულ-არამეულ ენებზე შესრულებულ ხელნაწერებს, სახარებისეული ტექსტების შესწავლისა და სამეცნიერო-ლიტერატურული თვალსაზრისით უნიკალური მნიშვნელობა აქვს. იოანე ზოსიმეს…
  • 64
    ზურაბ ცინცქილაძე 70 წლისაა„მივესალმოთ და მივულოცოთ იუბილარს! დღეს, 6 ივნისს, 70 წლის გახდა ცნობილი ქართველი მსახიობი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ზურაბ ცინცქილაძე - მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. დაიბადა ბათუმში, 1952 წელს. 1973 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1973-1988 წლებში მუშაობდა „მეტეხის თეატრში“ 1977-2003 წლებში თეატრისა…