ბადრი ინგოროყვა _ბიოლოგი, ხელოვანი, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის ბავშვთა საერთაშორისო ცენტრის დირექტორი,მთამსვლელი.

პირველი, ცნობილი ჟურნალისტის, ეთერ ქადეიშვილის (ამჟამად სქიმ მონაზონი დედა ეკატერინე) წიგნი „ელესა“ გადავფურცლეთ  და   წლების წინ ბადრი ინგოროყვასთან ჩაწერილი ინტერვიუ „სიმღერა _სულის საზრდო!“ წავიკითხეთ:

* * *

„_ რა არის სიმღერა ბადრისთვის?

_გურული სიმღერა უნიკალური ფენომენია, რაც სულის საზრდოა ჩემი!

შეიძლება თქვა ამაზე გააზრებულად და მორგებულად?!

_როგორ დაიწყო მისი სიმღერის გზა?

_ხელოვნებაში მოვედი ცეკვით. 8 წლის ბიჭმა, თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრში, ქართული ცეკვის შესრულებისთვის მივიღე უმაღლესი ჯილდო.

მერე, სიმღერას თავის სასარგებლოდ გადაუწონია ცეკვა. ცნობილი მომღერლების, მაკვანეთელი მამა-შვილის ილარიონ და ტრისტან სიხარულიძეების ნათლულად მიაჩნია თავი. ამ ოჯახის მადლი ჩემზე გადმოვიდა და ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალაო.

_რა იგულისხმება ამ შეცვლაში?!

_1961 წელს ანასეულის ინსტიტუტში ვიყავი სადიპლომო ნაშრომის შესასრულებლად. 14 იანვარს, კალანდობას, თოლა-ბურთაობაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ბიჭები. მაშინ კომკავშირის მდივანი იყო გენიალური ზაურ ბოლქვაძე…ჩვენი გაცნობა და პიანინოსთან მოხდა, მერე, გიტარაზე დავუკარი. მოისმინა, მოეწონა. მე ხალხური შემსრულებელი ვარ, ამიტომ ნოტებით სიმღერის შესრულება არ შემიძლია. სხვა რიტმით ვუკრავდი გურულ სიმღერას…

მერე გახდა ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი. მღეროდა დიდებულ მომღერალ მიხეილ შავიშვილთან ერთად, „ნადურით“ მსოფლიო მოვიარეო. იგი ხომ 34 წელი „შვიდკაცას“ შეუცვლელი წევრი იყო.

საოცარი სიყვარულით იხსენებს ანასეულის ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ ვახტანგ ჯაყელს.

_ ჩემი გენერალური სპონსორი იყო. ხშირად დავდიოდი გასტროლებზე. ის კი, ხელფასის შენარჩუნებით  „მათავისუფლებდა“ სამსახურიდან… რას მივხდი გასტროლების დროს? _ქართული სიმრერა მსოფლიო პოლიფონიური სიმღერის მეფეა!

შემდეგ ანსამბლ „ელესაში“ დაიმკვიდრა ადგილი. 10 წელი ელესას განუმეორებელი ბარიტონი იყო.

გარდაიცვალა ბატონი ვლადიმერ ერქომაიშვილი და…

ჩემი მოსაუბრე გაირინდა, თითქოს, დიდი სიმღერის ძალამ შეაკრთო და წარსულში ტკივილით დააბრუნა.

_ რა იყო მერე? უბრალოდ, ლხინის მაგიდის მომღერლად დავრჩი! თუმცა, არც ის მავიწყდება, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის დავალებით, ოზურგეთში, 90-იან წლებში, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის ბავშვთა ანსამბლი რომ შევქმენი.

ბავშვობის ხსენებამ გადამაწყვეტინა ბავშვობაში დამებრუნებინა…

დედულეთი, ძიმითი და მომღერალი ძმები ხინთიბიძეები გაიხსენა. ბებიას და ბაბუას სახლში უყვარდა ასვლა. ამღერებული ოჯახი სიხარულით ავსებდა, ცდილობდა, ბავშვური ხმა უფროსებისთვის „მოერგო“ _ აკი შეძლო კიდეც.

მამაც, ილიც ოჯახის მომღერლად ითვლებოდა.

მერე ცოლი შეირთო _მუსიკის მასწავლებელი ნელი თოდრაძე. ბიჭებიც გაჩნდნენ _ილია და კახა! თავისებურად შეერწყა ერთმანეთს ხალხური და კლასიკური, თუმცა, კახა უფრო ხალხური სიმღერებით იყო გატაცებული.

შვილები და შვილიშვილები ახლა საზღვარგარეთ არიან.

_პატარებმა იციან ქართული?

_ქართულიც იციან და სიმღერაც. ტელეფონში მათ სიმრერას რომ გავიგონებ..

ეს მართლაც ბავშვობაში დაბრუნებაა. დაბერება რომ არ უწერია, ისეთი ძალაა, ამ ძალას სიმღერა ჰქვია, სიმღერა, რომელიც ბადრი ინგოროყვასთვის სულის საზრდოა.

(ია თავდუმაძე, „ელესა,“ 2018 წ,).

გასული საუკუნის 70-იანი წლებში, სტუდენტი ვიყავი, ოზურგეთის რაიონულ კულტურის სახლში რომ დავიწყე მუშაობა. ბადრი „შვიდკაცაში“ მღეროდა და მალე დავმეგობრდით.  ვსაუბრობდით თუ როგორ გაიცნო მან სახელოვანი მწერალი ნოდარ დუმბაძე, „შვიდკაცას“ უცხოურ ტურნეებზე.. ხანდახან საუბარი  იმჟამინდელი წყობისთვის მიუღებელ თემებზე „გაგვექცეოდა.“. ერთხელ გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგის“ ნაწყვეტები მომიტანა და მითხრა: _ნურავის აჩვენებ. ჩუმად გადაწერე და გქონდესო. ერთ კვირაში  დედანი დავუბრუნე. ბადრის რჩევას არ დავუჯერე, ვენდე  და „ასლი“ ერთ-ერთ ტექნიკურ მუშაკს წავაკითხე. მთხოვა, გადავწერო   ერთი კვირის შემდეგ   უშიშროებაში დამიბარეს…

ბადრის ძალიან უყვარდა მშობლიური სოფელი მაკვანეთი. ამაყობდა აქაური კოლორიტი მომღერლებით..

ბადრის შვილებიც ილია და კახა კარგად მღეროდნენ ხალხურ და კლასიკურ სიმღერებს. ამისთვის მათ წრთობა მიხეილ შავიშვილის ბავშვთა ანსამბლ „კრიმანჭულში“ გაიარეს.

1989 წელს, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, ძმები ინგოროყვები ოზურგეთის თეატრის შესასვლელში მეგობართა  ჯგუფთან ერთად „შავლეგოთი“ და „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ამხნევებდნენ თეატრის კიბეებზე მსხდომ მოშიმშილეებს.

 

მთამსვლელი

ბადრი ინგოროყვა 1996 წელს ახლადშექმნილ ტურისტულ-ალპინისტურ საზოგადოება „გურიის მთებს“ შემოუერთდა.

კლუბის გაზეთში „გურიის მთები“ ინტერვიუში იგი ამბობდა, რომ ადამიანის ყველაზე მეტი დანიშნულებაა  ჰქონდეს მაძიებელი სული, ხოლო ბუნებასთან მიახლოება კი გამოხატულებაა იმისა, რომ ვისწრაფვით სრულყოფისაკენ.

ბადრი ხიფათიან, მაგრამ საინტერესო საქმეში ჩაერთო.

1997 წლის აგვისტოში „გურიის მთების“ წევრები გერეგეტის მყინვარის გავლით  კავკასიონზე ავიდნენ  და მეტეოსადგურში დაბანაკდნენ. ბადრიმ სწრაფად დაამყარა ურთიერთობები ესპანელ, ჩეხ, რუს და სხვა უცხოელ მთამსვლელებთან.

1997 წლის 19 აგვისტოს ჯგუფი (თამაზ ბაქანიძე, რევაზ ცქვიტინიძე, ნუგზარ ასათიანი, შოთა ცხომელიძე) გერგეტის მყინვარის ერთ-ერთ მწვერვალზე _ ორწვერზე ასასვლელად გაემზადა. ამინდი თანდათან შეიცვალა და ჯგუფი ძალიან რთულ პირობებში ავიდა მწვერვალზე. ძალიან გაუჭირდათ დაშვება და გვიან ღამით   დაბრუნდნენ ბანაკში. ბადრის და ჟურნალისტ ნატო შათირიშვილს ცხელი წვნიანი მოემზადებიათ _მაგათ ჭამის თავი სად ექნებათ, იქნებ ეს მაინც მიიღონო…ასე გავხდით უკვე „თოკის მეგობრები.“

რევაზ ცქვიტინიძის მოგონებიდან: _ზუსტად არ მახსოვს, 2004 თუ 2005 წელი იყო. ჩვენი კლუბის წევრის შოთა ცხომელიძის ახლობლებმა _იარაჯულებმა  ფშავ-ხევსურეთის მთებში სამოგზაუროდ მიგვიწვიეს. წასვლისხანს მამა კვირიკემ დაგვლოცა სოფელ შემოქმედში, ზარზმის ფერისცვალების ღვთისმშობლის ეკლესიაში. მახსოვს გარეთ ძლიერ წვიმდა. მამაო სამგზავრო ლოცვებს კითხულობდა, ბადრი ერთ-ერთ ხატთან დაჩოქილი იდგა და ლოცულობდა. მამაომ ლოცვა დაასრულა და ნაკურთხი წყალი გვაპკურა. ბადრიმ წყლის შხეფი შეეხო თუ არა, ჯერ ტაძრის გუმბათისკენ გაიხედა, ხომ არ უვლისო, მერე შემოგვხედა და მამაოს გაუღიმა.

ფშავში, ლახატოს ხეობაში განსაკუთრებულად პატივით მიგვიღეს იარაჯულებმა. ბადრი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჰყავდათ _ რა მაგარი ხმა ჰქონიაო…

ხშირად დავდიოდით აჭარა-გურიის მთებში. თან დაჰყავდა განუყრელი მეგობარი ინგლისური სეტერი. ერთხელ ბახმაროში ყოფნისას გაგვითოვა და მეტეოსადგურის შენობაში გვიმასპინძლეს მეტეოს თანამშრომლებმა. ცალკე თემაა მის მიერ შექმნილი ანსამბლი „ტყის ძმები“, რომლის სოლისტები  კოლორიტი ოზურგეთელი თენგიზ ბერიშვილი და რევაზ ცქვიტინიძე იყვნენ.

ოტია იოსელიანი

შემდგომში ჩვენს ტურისტულ კლუბს „ქორბუდე“ ეწოდა და ბადრი ინგოროყვა გამგეობის წევრად ავირჩიეთ.  2002 წლის გაზაფხულის ერთ-ერთ ლამაზ დღეს მისი ინიციატივით  ცნობილ ქართველ მწერალს ოტია იოსელიანს ვესტუმრეთ წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში. ამ სტრიქონების ავტორის გარდა დიდი მწერლის სტუმრები იყვნენ ტელეოპერატორი რევაზ ცქვიტინიძე, ექიმი გია თავბერიძე, რეჟისორი ავთანდილ სირბილაშვილი.

ეს იყო საყვარელ მწრალთან მისი ნიჭის თაყვანისმცემლების გულითადი შეხვედრა. ერთად პური გავტეხეთ, ქვეყნის ჭირ-ვარამზე ვისაუბრეთ, წინაპართა ნაკვალევს მოვეფერეთ და ბადრის მონდომებით სამომავლო ურთიერთობებზე შევთანხმდით _ბატონი ოტია ოზურგეთში მოვიპატიჟეთ.

22 ივნისს მწერალი საპასუხო „ვიზიტით“ გურიას ეწვია. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მწერლის ლიტერატურული სალონის წევრები.  მწერალმა პირველად სოფელ ზენობანში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი ინახულა, შემდეგ კურორტ ბახმაროს ესტუმრა და გურიის მხარის ამ საოცრების განუმეორებელი პეიზჟი იხილა. ბადრის მიერ ორგანიზებული სუფრასთანაც ლამაზი სიტყვები წარმოსთქვა. საღამოს მწერალი ოზურგეთში, გურიის ტეელევიზიის ღია ეთერით წარსდგა მაყურებლების წინაშე.

მწერლის სტუმრობა დიდ ზეიმას იქცა, ოზურგეთის თეატრში დიდი შეხვედრა გაიმართა. დიდ მწერალს ბადრი ინგოროყვამ და საქართველოს მწერალთა კავშირის გურიის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიზო ჭელიძემ მიმართეს…ბადრი შემდეგ ხშირად სტუმრობდა გვიშტიბს..

ოტია იოსელიანი როცა გარდაიცვალა, გელათის ტაძარში გამოსამშვიდობელი ცერემონიალი გაიმართა. ისევე, როგორ სხვა რეგიონებიდან ოზურგეთიდან დელეგაცია ჩავიდა. ბადრიმ ტაძრის ეზომდე მისვლა ვერ შეძლო ( ძალიან სტკოდა კიდურები) და ტაძრის ქვემოთ  ელოდებოდა  უკანასკნელ გზაზე მიმავალ დიდ მწერალს…

რამდენიმე წელია ბადრი აღარ არის. სამწუხაროდ, შარშან მოულოდნელად უფროსი ვაჟიშვილი, აფხაზეთის ომის მონაწილე  ილიაც გარდაიცვალა.უმცროსი კახა _მეუღლესთან და შვილებთან ერთად 25 წელია ამერიკაში ცხოვრობს.

ახლა მისი მეუღლე, ერთგული მეგობარი, ქალბატონი ქალბატონი ნელი დასტრიალებს თავს ქმარ-შვილის საფლავს.

1998 წელს ოზურგეთის კოლორიტმა, აკადემიკოსმა არსენ კეჭაყმაძემ მოგონებების წიგნი გამოსცა, რომლის ერთ-ერთი ეგზემპლარი ბადრი იმგოროყვასაც უსახსოვრა.

„ბატონ ბადრის! ჩვენი თაობის ღირსეულ წარმომადგენელს, დიდებულ ხელოვანსა და კარგ ოზურგეთელს“ _ხომ კარგი შეფასებაა..

ბადრი ახლა 84 წლის იქნებოდა…

უფალმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა  სულები…

სურათზე: ( მარცხნიდან) თამაზ სალუქვაძე, ბადრი ინგოროყვა, ნოდარ დონაძე.

გაზეთი „ალიონი“, #21

მსგავსი სტატიები

  • 92
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 88
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 88
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 87
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 87
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…