70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია:
ბატონო ვახტანგ!
ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო!
საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს და გილოცავენ დაბადების 70 წლისთავს.
თქვენი ლიტერატურული დებიუტი 1977 წელს შედგა, როდესაც ქართულ პერიოდიკაში პირველი ლექსები გამოაქვეყნეთ. ასე დაიწყო თქვენი საინტერესო და, ამავე დროს, რთული სვლა შემოქმედებითი სრულყოფისაკენ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მას შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველხარისხოვან შემოქმედად ჩამოყალიბდით და მწერალთა იმ მცირერიცხოვან გუნდში მოიაზრებით, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე ქართული მწერლობის დონეს და ახალი ფერადებით, ახალი სათქმელით ამდიდრებს მას.
თქვენი პოეტური კრებულები, ისეთები, როგორიცაა „ყვავილობა“, „სიყვარული“, „მე აქ ვიყავი“, „შეჩერდი, მგზავრო“, „სიტყვები ქარისთვის“, „სევდიანი სიმღერა“, „ბოღმა უარყოფილ სულთა“, „მოგონებათა ქუჩაბანდები“, „წვიმა და ოცნების გენერლები“, „ღმერთო, მიხედე ვახტანგს“, „წვიმა ჩემი სამშობლოა“, „შემოდგომა ჩემი დროა“, „რჩეული“ შეიყვარა მკითხველმა. ამ კრებულებში შესული ლექსები ხომ XXI საუკუნის ქართული პოეზიის მიღწევათა რიგს განეკუთვნება. მათში სრულად გაცხადდა თქვენი პოეტური ძალმოსილება, დაუოკებელი სწრაფვა ორიგინალური აზროვნებისკენ, ღრმა დაფიქრება სამშობლოს ბედსა თუ უბედობაზე, რაინდული, ამაღლებული სიყვარულის განცდა. თქვენი პოეზიის ლირიკული გმირი ხომ მარტოსული პილიგრიმია, რომელიც მარტოობას მარტოობით ებრძვის, ებრძვის ფარისევლებს, მოღალატეებსა და მუცლითმეზღაპრეებს, რომლებსაც ჩირადაც არ უღირთ არც სამშობლო და არც ის უძვირფასესი ფასეულობანი, დღევანდლამდე რომ მოიყვანა ეს ქვეყანა. მისხლით მისხლამდე აქვს გაზომილი ის მანძილი, ბეთლემს რომ აშორებს გეთსიმანიის ბაღამდე და გულს უკლავს ის, თუ რა მცირე დრო სჭირდება ერთგულებიდან ღალატამდე მისვლას, გადაბიჯებას სიკეთეზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე, თავმოყვარეობაზე. ამის შემდეგ კი ერთი ნაბიჯიღა რჩება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაულის ჩადენამდე. წიწამურთან ნასროლი ტყვია მის გულშიც გაივლის და თუ რამ ანუგეშებს, ის ანუგეშებს, რომ ის გასროლა დაგვიანებული აღმოჩნდა და ქართველობა ბოლომდე გაჰყვა დიდი ილიას ნაანდერძევ იმ ტრიადას – მამული, ენა, სარწმუნოება რომ ჰქვია. ერთი რამ კი ცხადად აქვს გასიგრძეგანებული – ახლა თითოეულმა ქართველმა ცხრა უღელი უნდა დაიდგას ქედზე და ისე უნდა დაიხარჯოს სამშობლოს სამსახურში. მხოლოდ მაშინ გამოჩნდება ბაზალეთის ტბაში ის სანუკვარი აკვანი, მხოლოდ მაშინ მოევლინებიან ქვეყანას. ახალი ცოტნე დადიანები და გიორგი ჭყონდიდელნი, ბერი თევდორეები და ქეთევან წამებულები, მხოლოდ მაშინ დაიწერება ახალი „გალობანი სინანულისანი“..
თქვენი პოეზიის საუკეთესო ნიმუშები არაერთ უცხოურ ენაზე ითარგმნა, მათზე პოპულარული საესტრადო თუ საგუნდო სიმღერები შეიქმნა.
თქვენი პიესა „თოვლის დედოფალი“ წარმატებით იდგმებოდა ბათუმის თოჯინების თეატრში.
ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე ხართ. გიმუშავიათ ბათუმის თოჯინების თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლად განათლების, კულტურისა და შემოქმედებით ინტელიგენციასთან მუშაობის სფეროში, ბათუმის საკრებულოს წევრად და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ, ასოციაცია „გულანის“ ვიცე-პრეზიდენტად, გამომცემლობის „კიდევაც დაიზრდებიან“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ, ალმანახ „ლიტერატურა და ხელოვნების“ მთავარ რედაქტორად, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარედ და ყველგან ღირსეულად იცავდით ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს, იცავდით ქაართველი მწერლის ღირსებასა და სახელს.
თქვენი ღვწა და რუდუნება ღირსეულად დაფასდა. მონიჭებული გაქვთ ილია ჭავჭავაძის, აბუსერიძე ტბელის, მემედ აბაშიძის (3), აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, ფრიდონ ხალვაშის სახელობის, ასოციაცია „გულანის“, „ოქროს წიგნის“, „საგურამოს“ პრემიები. დაჯილდოებული ხართ დავით აღმაშენებლის გრან-პრით და ოქროს მედლით, პოეზიის რაინდის, წლის პოეტის, წლის ხელოვანის, საქართველოს ბრენდ-პერსონის წოდებებით. არჩეული ხართ საპატიო ბათუმელად და „ბათუმის სახედ“. გვიხარია, რომ თქვენი მრავალრიცხოვანი ჯილდოების რიგს ეკიდევ ერთი შეემატა – ილია ჭავჭავაძის ენდალმა და ოქროს მედალი.
ბატონო ვახტანგ!
ამ გათითოკაცებულ სამყაროში, სადაც ბოროტებასა და ავკაცობას ღრმად გაუდგამს ფესვები. იმ ჭეშმარიტ რაინდად მიგვაჩნიხართ, გულით რომ დაატარებს საქართველოს. ამიტომაც გვესახებით ამ ქვეყნის მეციხოვნედ და ჭირისუფლად…
კიდევ ერთხელ სიყვარულით გილოცავთ საიუბილეო თარიღს დიდებულ შემოქმედსა და მოღვაწეს, დღეგრძელობასა და მზეგრძელობას გისურვებთ მშობელი ქვეყნის სადიდებლად.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია უერთდება მრავალრიცხცოვან მიმლოცველთა რიგს და დღეგრძელობას და წარმატებებს უსურვებს ბატონ ვახტანგ ღლონტს!
მსგავსი სტატიები
- 97ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 97ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 93სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…
- 93ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
- 91ოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …