საია ეხმიანება პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებების შეტანას.

საია-ს განცხადებით, „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ბოლოდროინდელი რიტორიკისა და პროპაგანდის გაძლიერება, ჯანსაღი ოპოზიციის გრძელვადიანი განადგურება და ქვეყანაში ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარებაა”.

„ცვლილებები ეწინააღმდეგება პლურალისტური დემოკრატიის პრინციპს და არაპროპორციულად ზღუდავს არა მხოლოდ არსებული, არამედ მომავალში ახლად დაფუძნებული პარტიების საქმიანობას. გარდა ამისა, ბუნდოვანი საკანონმდებლო კრიტერიუმებისა და პოლიტიკური გავლენების მქონე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეუზღუდავი ინტერპრეტაციის საშუალებით, ცვლილებები მიმდინარე პოლიტიკურ მოცემულობაში გამოიწვევს ოპოზიციური პარტიების დასუსტებას, მომავალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებისათვის ხელოვნური ბარიერების შექმნასა და საბოლოოდ, გაუქმებას.

თანამედროვე თავისუფალი დემოკრატიული წესრიგი სხვა ღირებულებებთან ერთად მოიცავს მრავალპარტიულობას, პოლიტიკურ პლურალიზმსა და პარტიათა თანასწორობას.1 დემოკრატიაში განსხვავებული იდეოლოგიების, შეხედულებების მქონე პოლიტიკური აქტორების – პარტიების არსებობა პოლიტიკური პლურალიზმის შეუცვლელი მოცემულობაა.

პოლიტიკური პარტიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მის საქმიანობაში ჩარევა, მისი გაუქმება და აკრძალვა დემოკრატიის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული წესრიგი ასევე იცნობს პარტიების აკრძალვის შესაძლებლობასაც, კერძოდ, იგი ე.წ. „თავდაცვითი დემოკრატიის“2 შემადგენელი ნაწილია, პარტიის საქმიანობის რაიმე სახით შეჩერება ყველაზე სახიფათო საკითხია. იგი ავტომატურად იწვევს აკრძალული პარტიის მიერ პოლიტიკურ საქმიანობის შეჩერებას, არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობას, ამომრჩეველთან ურთიერთობის შეუძლებლობას და ა.შ. „ვენეციის კომისიის“ შეფასებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არის უკიდურესი ღონისძიება და იგი მაქსიმალური სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.3 ამისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოებში საკმაოდ მაღალი სტანდარტები უნდა მოქმედებდეს, მათ შორის, საკითხს წყვეტდეს მიუკერძოებელი სასამართლო შესაბამისი დასაბუთებით, პროცესი კი პოლიტიკისგან მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესაძლებლობა გავრცელდება ისეთ პარტიებზე, რომლებიც არსებითად იმეორებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს. აღსანიშნავია, რომ პარტიის „საქმიანობის არსში“ იგულისხმება ასევე პარტიის პერსონალური შემადგენლობაც, მათ შორის, საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა. თუმცა, პარტიის პერსონალური შემადგენლობის მსგავსება უკვე გაუქმებულ პარტიასთან ავტომატურად არ ნიშნავს მათ იდენტურობას — მსგავსების დასადგენად დამატებითი გარემოებებია საჭირო. ამასთანავე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ზუსტდება სარჩელის განხილვის ვადები: სასამართლოს ორდინალურ პირობებში ექნება 9 თვიანი, ხოლო საარჩევნო პერიოდში 14 დღიანი განხილვის ვადა.

მოქმედი რედაქციით, პარტიის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ პარტიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.4 კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა სტანდარტულად 9 თვეს შეადგენს5. წარმოდგენილი ცვლილებებით კანონმდებლობაში შემოდის ე.წ. „მემკვიდრე“ პარტიების აკრძალვის შესაძლებლობა, რომლის საქმიანობა ფაქტობრივად იმეორებს მისი წინამორბედი პარტიის საქმიანობას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ პარტიების გაუქმების ინიციატივა ემსახურება პოლიტიკური ველის გასუფთავებას, ოპონენტების ჩამოშორებასა და ანტი-დემოკრატიული პროპაგანდის გაძლიერებას.

„იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ფაქტობრივად ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, მოსალოდნელია, რომ იგი მარტივად, ყოველგვარი აუცილებელი სამართლებრივი დასაბუთების, ფაქტობრივი მტკიცებულებების წარმოდგენისა და გაერთიანების თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის გარეშე მოახერხებს პარტიათა საქმიანობის აკრძალვას და პოლიტიკური სპექტრის განადგურებას. ე.წ. „მემკვიდრე პარტიების“ საქმიანობის აკრძალვა და მისი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა სამომავლოდ გამოიწვევს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შეუზღუდავი ინტერპრეტაციის შესაძლებლობითა და პოლიტიკურ დღის წესრიგზე დაყრდნობით, უფლებამოსილი იქნება „მემკვიდრე პარტიის“ ქოლგის ქვეშ საქმიანობა აუკრძალოს ისეთ ახალ პარტიას, რომელიც, მართალია ამ ცნების ქვეშ არ ექცევა, თუმცა მმართველი პარტიის ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის მიუღებელია. მათ შორის, ინტერპრეტაციის რისკი არსებობს „მემკვიდრე პარტიის“ კრიტერიუმების განსაზღვრისას, თუ ვის მიიჩნევს და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალული პარტიის მემკვიდრედ. კანონი პირდაპირ ახსენებს პარტიის „პერსონალურ შემადგენლობას“, რაც არამხოლოდ პარტიის, არამედ, ასევე, კონკრეტული პირების დევნის ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს.

გარდა ამისა, განსაკუთრებით საეჭვოა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის სრულყოფილი და სამართლიანი პროცესის წარმართვა საარჩევნო პერიოდში, როდესაც მას ამისთვის მხოლოდ 14 დღე ექნება. როგორც აღინიშნა, პარტიის აკრძალვა იმდენად კომპლექსური და მრავალმხრივი საკითხია, გადასაწყვეტად აუცილებელია გონივრული ვადა, რათა ზუსტად, სრულად და სამართლიანად შეფასდეს ყველანაირი მტკიცებულება, მოისმინონ მხარეები და მხოლოდ სათანადო განხილვისა და მსჯელობის შემდეგ მიიღონ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 85
    დაფუძნდა გურიის არქიტექტორთა ასოციაცია „ AGA “გურული  არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“  (AGA – Association of Gurian Architects)  რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა.  AGA-ს წარდგენის  პრეზენტაცია  გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული  საქმიანობები უკვე  დაიწყო.…
  • 85
    განცხადება 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებსაქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
  • 83
    გადაცემა ანტიბიოტიკი - გრიგოლ მახარაძეგადაცემა ანტიბიოტიკი. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონალური პროტესტის მნიშვნელობა სტუმარი გრიგოლ მახარაძე https://www.youtube.com/watch?v=2Z89gki6_7s დაფინანსებული
  • 83
    გადაცემა ანტიბიოტიკი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონალური პროტესტის მნიშვნელობაქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და რეგიონალური პროტესტის მნიშვნელობა სტუმარი ანანო მჟავანაძე   https://www.youtube.com/watch?v=YtZpXs8uEWw   დაფინანსებული ფართი