ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა

საფესტივალო დღეები გრძელდება. 9 ივნისს გაიმართა სამი წარმოდგენა: ჯერ ჩოხატაურის კულტურის სასახლეში მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დადგმა „ბეთქილი“ (რეჟისორი კახა ბაკურაძე), შემდეგ ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე პერფორმანსი „რადგან ყველა ომი ტყუილია“ (რეჟისორი კახაბერ შარტავა), ხოლო დიდ დარბაზში იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის „იავნანამ რა ჰქმნა?!“ სცენური ინტერპრეტაცია (რეჟისორი ვატო ჯუღელი).

ჩოხატაურში ლეგენდა ბეთქილის (დავით ფილფანი) შესახებ არავერბალური ენით აჟღერდა. დადგმის ქორეოგრაფიაზე იზრუნა გიორგი მერლანმა. სპექტაკლში მაქსიმალურად იგრძნობა სვანური ატმოსფერო, რომლის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სამსახიობო ანსამბლს: სალომე ჯაფარიძე, ნანა კახიანი, მარიამ ნავერიანი, გეგი ფალიანი, თემურ ფირცხელანი, მარიამ მჭედლიანი, გოდერძი აფციაური, როინ შუკვანი, თემო ფირცხელანი, ვაკო ხერგიანი, ირაკლი კვანჭიანი, ბაქარ ფალიანი, დავით ფილფანი, გოგა ფალიანი, ლუკა რატიანი. მსახიობებს შორის იგრძნობა პარტნიორული შეგრძნება და ინდივიდუალური ნიშან-თვისებები.

ატმოსფეროს შექმნას მნიშვნელოვნად განაპირობებს თავად რეჟისორის მხატვრობა და სანდრო ნიკოლაძის მუსიკა, რომელიც ორგანულად ერწყმის დადგმის თითოეულ კომპონენტს და, ასე ვთქვათ, კრავს სპექტაკლს.

მომდევნო წარმოდგენა ჩატარდა ოზურგეთში, მცირე დარბაზში, სადაც მსახიობმა ნინო ფილფანმა შვიდი თანამედროვე  პოეტის — ბესიკ ხარანაულის, მარიამ წიკლაურის, გიორგი ლობჟანიძის, ნინო სადღობელაშვილის, კატო ჯავახიშვილის, დიანა ანფიმაიდისა და ნატო ინგოროყვას — ლექსებს ომის თემაზე სცენური სახე შესძინა რეჟისორ კახაბერ შარტავასთან ერთად. დადგმის სათაური მოდის კატო ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების ლექსიდან. წარმოდგენა გამოირჩევა ექსპრესიულობით: მონაწილე მხატვრები ისმენენ მხატვრულად წაკითხულ ლექსებს და თავიანთ შთაბეჭდილებებს ტილოზე ასახავენ. თითოეული ახალი ლექსის დაწყებამდე ისინი ერთმანეთს ცვლიან და აგრძელებენ სხვის მიერ დაწყებულ სურათს. ნამუშევრების დასრულებული ვერსია მაყურებელმა სპექტაკლის ბოლოს იხილა.

მცირე სცენიდან გადავინაცვლოთ თეატრის დიდ დარბაზში, სადაც მაყურებელი 45 წუთის განმავლობაში მოგზაურობდა აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, სოფელ ვაშლოვანში. ჩვენ თვალწინ გაცოცხლდა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა?!“.

ოზურგეთიდან კახეთში გვამოგზაურებს მთხრობელი (ნინო აბესაძე), რომელიც ექსცენტრიკული შესრულების მანერითა და ჩაცმულობით კარლსონის პერსონაჟს მოგაგონებთ.

წარმოდგენაში შენარჩუნებულია ნაწარმოების ეპოქა, რაც, მაგალითად, პერსონაჟთა კოსტიუმებში იკითხება (მხატვარი ხატია დავითაშვილი). სცენოგრაფია პირობითია: ხეები და კარ-მიდამო შავ-თეთრად, ქართული ანბანის ასოებითა და წინადადებებითაა გაფორმებული. შესაძლოა, ძუნწი კოლორისტული გადაწყვეტა გამომდინარეობს იქედან, რომ დეკორაცია თითქოს ქართული ენის რვეულია, მაგრამ დაკვირვების პროცესში მიჩნდებოდა მისი გაფერადების სურვილი. თანაც, სპექტაკლი ძირითადად უმცროსი ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი, შესაბამისად, მრავალფეროვნება მხატვრობას მეტად სიცოცხლისუნარიანს გახდიდა.

მართალია, სპექტაკლის მოკლე ხანგრძლივობის განსაზღვრა, მით უმეტეს მაშინ, როცა მოზარდ მაყურებელზეა გათვლილი, საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილებაა — გაჯეტებზე მიჯაჭვული ბავშვებისთვის გრძელი სპექტაკლი დამღლელი იქნებოდა — თუმცა დიდი ქეთოს (თათული ნებიერიძე) დაბრუნება უეცრად ხდება და მაყურებელი ვერ ხედავს, თუ როგორ მოახერხა ეს მამამ (გიორგი გლოველი). ამასთანავე, ქეთოს მოტაცებიდან წლები გადის, მაგრამ არც მშობელთა ვიზუალი და არც ჩაცმულობა არ იცვლება. მაგდანი (ნანა ისიანი) და ზურაბი კვლავ ისეთები არიან, როგორებიც იყვნენ, ქეთოსგან განსხვავებით.

წარმოდგენის ნათელი წერტილია პატარა ქეთოს შემსრულებელი — ნინო მუმლაძე. პატარა მსახიობი გამოირჩევა სცენური მომხიბვლელობითა და გულწრფელობით. ასევე გამოვარჩევ ზურაბის შემსრულებელ გიორგი გლოველს, რომელიც თითოეულ სპექტაკლში ყურადღებას იქცევს სადა, მანერულობას მოკლებული შესრულებით.

გემშვიდობებით ფესტივალის მეექვსე დღემდე, რომელიც კვლავ ნოდარ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების ინტერპრეტაციებით იქნება გამორჩეული.

მსგავსი სტატიები

  • 95
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 95
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
  • 92
    თემები, რომლებიც აქტუალობას არ კარგავენ - ანუ რა მანძილია შემგროვებლობასა და ხარჯვას შორის და რამდენად თვითმყობადია იგი სცენასა და სცენის მიღმა, რეალურ ყოფაშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე  რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს  წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…
  • 92
    „ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით, ერთმანეთი თავიდან  უნდა გავიცნოთ“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მცირე დარბაზში გაიმართა,  ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე;  პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…
  • 92
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…