ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი კვლავ „მსხვერპლი“ გაჟღერდა, ოღონდ ამჯერად საბა ასლამაზიშვილის რეჟისურით.

ჩოხატაურის კულტურის სასახლის სცენაზე გურული სოფლის ატმოსფერო სუფევდა, რომელიც მხატვარმა თემურ შარდემიტოვმა შექმნა. სცენაზე როგორც სოფლის მინიატურა, ისე ჩვეულებრივი ზომის ქართული კარ-მიდამო, თივის ზვინები და ორნამენტული ხალიჩები იყო წარმოდგენილი. მხატვრობაში ავთენტურობისკენ სწრაფვა მკაფიოდა ჩანს. სპექტაკლში მონაწილე მსახიობები გულმოდგინედ ასრულებდნენ ქართულ ცეკვებს (ქორეოგრაფია: სულთანბაი დუისენბაევი) და სიმღერებს. პერიოდულად ქართულ სიტყვებსაც ამბობდნენ, მაგალითად — „გამარჯობა“ და „გაგიმარჯოს“, რაც, ცხადია, დიდი პატივისცემის გამოხატვაა ქართველი მაყურებლის მიმართ.

ყარაყალპაყეთის სახალხო არტისტმა საპარგულ დაულეტოვამ შექმნა მოუსვენარი, ემოციური, მზრუნველი და ამავდროულად კაპასი ოლგა ბებოს მხატვრული სახე. რუსლან კაიპიპნაზაროვმა ზურიკელას ლაღი, ცელქი და ღიმილისმომგვრელი პერსონაჟი გააცოცხლა, რომელიც სპექტაკლის მიწურულს დრამატულ ელფერს იძენს. კურბან კალანდაროვმა ტემპერამენტული და ქოთქოთა ილიკოს პერსონაჟი გამოძერწა. ბაზარბაი ნაზარიმბეტოვმა (ყარაყალპაყეთის დამსახურებული არტისტი) შექმნა ხისტი, მაგრამ ამავდროულად ექსცენტრიკული ილარიონის სახე. ქალბაევა შახნოზამ რომანტიკული, თბილი და ლირიკული მერის როლი შეასრულა.

სპექტაკლი 90 წუთი გრძელდებოდა, თუმცა ტემპო-რიტმი საკმაოდ მდორე იყო, ქორეოგრაფიული და მუსიკალური აქცენტების მიუხედავად, შესაბამისად, სპექტაკლზე კონცენტრაცია გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ აზიური ელფერით აჟღერება გამოირჩეოდა გულწრფელობითა და ნაწარმოებისადმი დიდი სიყვარულით.

გადავინაცვლოთ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრში, სადაც კლდიაშვილის მოთხრობის — „მსხვერპლის“ — ინტერპრეტაცია წარმოადგინა ფოთის თეატრმა.

თუ გიორგი კაშიამ მსხვერპლის როლი ყველა პერსონაჟს მიანიჭა და სათაური მრავლობით რიცხვში გადაიყვანა, საბა ასლამაზიშვილის შემთხვევაში აქცენტი მარინეს პერსონაჟზე (თამუნა ჭუბაბრია) გაკეთდა და რეჟისორმა ორიგინალური სათაური დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ორივე რეჟისორი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს კლდიაშვილის ნაწარმოებების მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ასლამაზიშვილმა „მსხვერპლის“ გარდა დადგა „უბედურება“, „ირინეს ბედნიერება“ და „დარისპანის გასაჭირი“. კაშიამ კი „ირინეს ბედნიერება“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“ დადგა.

ასლამაზიშვილისა და კაშიას სპექტაკლებს შორის დიდი განსხვავებაა. თუ პირველმა მხატვართან ერთად (გიორგი უსტიაშვილი) შექმნა პირობითი გარემო, კაშიამ, როგორც მისი წარმოდგენებისთვისაა დამახასიათებელი — ყოფით-ნატურალისტური. ფოთის თეატრის დადგმა მთლიანად მოთხრობის სიუჟეტზეა (ინსცენირება: მანანა ანთაძე, საბა ასლამაზიშვილი) აგებული, ხოლო რუსთაველის თეატრის წარმოდგენა კლდიაშვილის მოთხრობებისა და პიესების ერთგვარი კოლაჟია.

ფოთის თეატრის სპექტაკლში მისტიკური ატმოსფეროც სუფევს, რომლის შექმნაში განსაკუთრებულად ხელს უწყობს შოთა სასანიას პერსონაჟი, რომელიც პროგრამაში როგორც მთხრობელი წერია და ასეც არის, თუმცა თავისი ეშმაკური გამომეტყველებით, შავი სამოსითა და პლასტიკით მეტად დემონს მოგაგონებთ, რომელიც თითქმის მთელი წარმოდგენის განმავლობაში სცენაზეა. განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა აქვს ფეფენასთან (ნინო ჭუბაბრია), რომელიც თავიდან მის ლაქიად აღვიქვი, რადგან სწორედ ფეფენას აწვდის შამპანურის ფუჟერს.

ამასთანავე, მარინეს „სასამართლო პროცესის“ დროს ყმაწვილქალი აღიარებს, რომ ეშმაკთანაა შეკრული, პარალელურად კი მთხრობელი მას ევლება და ტალახში სვრის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის დემონურ ელფერს.

ფესტივალის განმავლობაში შევამჩნიე, რომ ქართველ რეჟისორებში მავნე ტენდენცია გამოიკვეთა — მსახიობთა ძირითადი ნაწილი უფუნქციოდ დგას/ზის სცენაზე, მაშინ, როცა მათი კოლეგები მოქმედებენ. არც საბა ასლამაზიშვილის „მსხვერპლია“ გამონაკლისი. მსახიობები სცენის ბოლოში, სარკეებთან სხედან და ელოდებიან თავიანთ გამოსვლას, ხანდახან კი პირდაპირ პირობითი „საგრიმიოროდან“ მოქმედებენ. გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა სპექტაკლის ისე დადგმა, თითქოს მსახიობები საგრიმიოროში ელოდებიან თავიანთ გამოსვლას. მსგავსი გადაწყვეტა სხვა სპექტაკლებშიც შემხვედრია, მათ შორის ლევან წულაძის „ოტელოში“. როდესაც დამდგმელი ამა თუ იმ ფორმას ირჩევს, მან უნდა განავითაროს და გაამართლოს საკუთარი გადაწყვეტა, ამ შემთხვევაში კი დარჩა განცდა, რომ ფორმა ფორმისთვის იყო შექმნილი.

ნინო ჭუბაბრიას ფეფენას გახრწნილი ბუნება ცხადია, ზიზღს იწვევს, თუმცა თითოეულ პერსონაჟს, როგორც მონეტას, ორივე მხარე აქვს და ამ თვალსაზრისით არც ავი დედამთილია გამონაკლისი, რადგან ქმრის გარდაცვალების შემდეგ დიდი ჯოჯოხეთი გამოიარა, იგულისხმება საზოგადოების ზეწოლა. აქედან გამომდინარე, გარკვეული ემპათია უნდა გაგიჩნდეს ფეფენასადმი, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ვერ მოხდა, რადგან მან ძალზე გულრილად მოჰყვა საკუთარი ამბავი.

ირინე კუპრავას ქორეოგრაფია განსაკუთრებით იკვეთება ეშმაკი-მთხრობლის, მარინესა და ნიკას (თეიმურაზ გოგინავა) სცენებში. მაგალითად, სპექტაკლის დასაწყისში ნიკასა და დემონის სცენაა, სადაც ისინი ერთმანეთს ართმევენ მარინეს შავ თავსაბურავს. მეუღლე ძირს ეცემა, ხოლო თავსაბურავი ეშმაკის ხელში რჩება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეშმაკმა იმარჯვა. და მართლაც, სპექტაკლის ფატალურ ფინალში დემონი თავის ცეკვაში უდიდეს სიამოვნებას გამოხატავს, რადგან საბოლოოდ მოიპოვა თავისი მსხვერპლი — მარინეს სახით.

სპექტაკლში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონსტანტინე ეჯიბაშვილის მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც დადგმას რეფრენად გასდევს, ხელს უწყობს წარმოდგენის ატმოსფეროს შექმნას და, რაც მთავარია, დადგმის ყველა კომპონენტს ორგანულად ესადაგება.

გემშვიდობებით ნოდარ დუმბაძის „ძაღლის“ ყაზახურ ინტერპრეტაციამდე.

მსგავსი სტატიები

  • 100
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 100
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 98
    თანამედროვე ქართული სცენური ინტერპრეტაციებიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის IX დღეს, ოზურგეთის დრამატულ თეატრში ორი წარმოდგენა ვიხილეთ: ამბროლაურის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“ (რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე) და ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დადგმა „ლამბალო და ყაშა“ (რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი). ოზურგეთის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაცოცხლდა ნინია სადღობელაშვილის პირველი…
  • 97
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 97
    „ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით, ერთმანეთი თავიდან  უნდა გავიცნოთ“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მცირე დარბაზში გაიმართა,  ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე;  პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…