ლიეტუვაში საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება და საპროტესტო აქციები გამოიწვია.

„ხელები შორს სიტყვის თავისუფლებისგან“,- ამ მოწოდების ირგვლივ ვილნიუსში ათიათასობით ადამიანი გაერთიანდა, მათ შორის არიან ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები. ცვლილებების მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ მთავრობის გეგმა ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას და დემოკრატიულ ნორმებს ეწინააღმდეგება.

ლიეტუვის სეიმმა ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა „მაუწყებლის შესახებ კანონში“ ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მოხსნას ამარტივებს. უფრო კონკრეტულად კი, დირექტორის გათავისუფლება შესაძლებელი იქნება ფარული კენჭისყრით და ამას დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა აღარ დასჭირდება.

ცვლილებების პაკეტი ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან სათანადო კონსულტაციის გარეშე შემუშავდა, რამაც კრიტიკა გამოიწვია. ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის 2026-2028 წლების ბიუჯეტიც გაიყინა. ამჟამად ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის წლიური ბიუჯეტი 79.6 მილიონი ევროა. დაფინანსების ზრდა კი აღარც განიხილება.

ლიეტუვის მთავრობისა და მმართველი კოალიციის ზოგიერთი დეპუტატი ამტკიცებს, რომ რეფორმები აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გათავისუფლების პროცედურების გასარკვევად და მმართველობის გასაუმჯობესებლად.

კანონპროექტს პირველ მოსმენაზე მხარი სეიმის 76-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 50. მმართველი ბლოკიდან წინააღმდეგი მხოლოდ ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დოვილე შაკალიენე იყო. ცვლილებების პროექტი საკანონმდებლო ორგანომ მეორე მოსმენითაც მიიღო, 19 დეკემბერს დაგეგმილი მესამე კენჭისყრა კი გაუქმდა. ლიეტუვის სეიმის სპიკერმა, იუოზას ოლეკასმა განმარტა, რომ კანონმდებლები შემოდგომის სესიას 23 დეკემბერს საკამათო შესწორებების განხილვის გარეშე დაასრულებდნენ.

მანამდე კი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინიენემ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს გადადგომისკენ მოუწოდა. ამასთანავე, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ორგანოსაც მიმართა, უკან დაეხია და ცვლილებების დამტკიცება არ ეჩქარა.

თუ ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო გადადგება, პოსტებს ავტომატურად დატოვებენ მაუწყებლის გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილეც.

დაძაბულობის განმუხტვის გზას მაუწყებლის და ადმინისტრაციის გადადგომაში ხედავს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც. ნაუსედას თქმით, ნებისმიერი სამართლებრივი ცვლილება „უნდა შეესაბამებოდეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს“.

ცვლილებების მომხრეები თანამედროვე მმართველობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების საჭიროებაზე მიუთითებენ. კრიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ ინიციატივა მაუწყებლის პოლიტიზებას გამოიწვევს, შეამცირებს მის დამოუკიდებლობას და პოლიტიკურ გავლენას მოახდენს რედაქციულ საკითხებზე; დაასუსტებს პოლიტიკური ჩარევისგან დაცვის მექანიზმებს და შესაძლოა, მმართველ პარტიებს უფრო ხელსაყრელი ხელმძღვანელობის დანიშვნის საშუალება მიეცეს.

ოპოზიციონერი კანონმდებლები პროცესის შეჩერებას ცდილობენ და ამ მიზნით საკანონმდებლო ორგანოში 100-ზე მეტი შესწორება წარადგინეს.

ადგილობრივი და საერთაშორისო წინააღმდეგობის შემდეგ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირას დაგეგმილი მესამე კენჭისყრა მომავალ წლამდე გადაიდო. გადაწყვეტილება მმართველმა კოალიციამ მიიღო.

ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ (EFJ), ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და პრესის თავისუფლების საკითხზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომ ლიეტუვის მთავრობის ინიციატივა საფრთხეს უქმნის სარედაქციო და მმართველობით დამოუკიდებლობას, ეწინააღმდეგება ევროპის მედიის თავისუფლების აქტს (EMFA), რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მედიის დაცვას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ცვლილებების საწინააღმდეგო პეტიციას 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეწოლა მკვეთრად გაიზარდა და თუ საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდება, პოლიტიკასა და ჟურნალისტიკას შორის მანძილი შემცირდება, რაც პოლიტიკური დანიშვნების რისკს გაზრდის.

 

პრესის თავისუფლების დამცველები მოუწოდებენ ევროკომისიას, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს ლიეტუვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და მიიღოს ზომები ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებიც პატივს აღარ სცემენ პრესის თავისუფლების ძირითად პრინციპებს. უფლებადამცველები ლიეტუვას გარდა უნგრეთის მედიასივრცეში არსებულ პრობლემებზეც ამახვილებენ ყურადღებას.

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბალტიის რეგიონში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საყრდენად მიიჩნევა. ამიტომ, ბევრი შიშობს, რომ ცვლილებამ შესაძლოა, ლიეტუვაში მედიის თავისუფლება შეარყიოს და პრეცედენტი ევროპის სხვა ქვეყნებშიც შექმნას.

წყარო: „მედია კრიტიკა“

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ