ოცდამეცხრე-ოცდამეათე წერილი
ავტორი: გია ბეშიტაიშვილი

1983 წლის სექტემბრიდან ოჯახის გადაწყვეტილებით და მამის თხოვნით, ჩვენი ბავშვები ტატიანასთან ერთად კიდევ ერთი წლით დარჩნენ მახარაძეში. იამ და მანანამ სწავლა გააგრძელეს მახარაძის რუსულ სკოლაში. პატარა კაკო მაშინ იყო ოთხი წლის! მინდა გავიხსენო ერთი მაშინდელი ამბავი. ერთხელ ჩემი პატარა ბიჭი ეზოდან გასულა და ქუჩაში თამაშობდა. ამისთვის ყურადღება მიუქცევია ჭუჭა ბეშიტაიშვილს, ჩემ ბიძიას. გოგებაშვილის ქუჩაზე მაინც და მაინც ბევრი მანქანები არ მოძრაობდნენ, მაგრამ ჭუჭა ბიძია კაკოს გაწყრომია: «კაკო! აბა ახლავე შედი ეზოში და იქ ითამაშეო!» რაზეც პატარა კაკოს «მკაცრად» უპასუხია: «ზნაეშ ჩტო ია ტებე სკაჟუ ჩუჩა? სიჩას ტაკ დამ ტებე, ჩტო ნა ლუნუ ულეტიშ». კაკოჩასგან ასეთი პასუხით გაოცებული და გახარებული ჭუჭა ბიძია ყველას უყვებოდა ამ ამბავს: «იცით რა მითხრა ამ ოთხი წლის ბაღანამო». შემდეგ შეხვედრისას ჭუჭა ბიძიას ყველა ასე ესალმებოდა: «ზნაეშ ჩტო ია ტებე სკაჟუ ჩუჩა!».
1983 წლის დეკემბერში მოსკონცერტის დირექტორმა კონსტატინ ბუგაკოვმა რუსეთის კულტურის სამინისტროდან უარყობითი პასუხი მიიღო, ჩვენთვის დამსახურებული არტისტის წოდების მინიჭებაზე! პასუხში ნათქვამი იყო, რომ ამ არტისტებს მოსკონცერტში მუშაობის ჯერ პატარა სტაჟი გააჩნიათო! დირექტორმა: «გული არ გაიცრუოთ! როცა კარებიდან არ გიშვებენ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდეო!». ასეთი ოპტიმისტური სულის ადამიანი იყო ჩვენი დირექტორი!
1983 წლის ბოლოს გასტროლებით გაგვიშვეს ევროპაში: ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში და გერმანიაში. გასტროლებში მონაწილეობის მისაღებად თან გამოგვაყოლეს იუმორისტული ჟანრის ახალგაზრდა, მაგრამ რუსეთში უკვე პოპულარული იუმორისტები, კლარა ნოვიკოვა და ეფიმ შეფრინი. ასევე ციგნური სიმღერების და ცეკვების საუკეთესო მოცეკვავე და მომღერალი ზემფირა ჟემჩუჟნაია, თავისი პატარა ანსამბლით.

კონცერტებს ძირითადად ვატარებდით ევროპაში მყოფი საბჭოთა ჯარების ოფიცერთა სახლების სცენებზე, ოფიცერთა ოჯახებისთვის და ჯარისკაცებისთვის! მაგრამ გვქონდა კონცერტები ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. უფრო სწორად ადგილობრივი, დიდი თანამდებობის სამხედრო პირების და მათი ოჯახებისთვის!
ჩვენი გასტროლები დაიწყო ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში.
იმ დროის ყველაზე ცნობილ, შესანიშნავი ჩეხ მომღერლის კარელ გოტტის ქალაქში. კონცერტი დიდი წარმატებით ჩავატარეთ პრაღის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში! ჩვენდა გასაკვირად მეორე დღეს, ერთ-ერთ ჩეხეთის მოწინავე გაზეთში დაიბეჭდა სტატია, გოგის და ჩემი ფოტოებით. სტატიის ავტორი, მუსიკალური კრიტიკოსი მოხიბლული ჩვენი ხმებით, ყველას ურჩევდა დასწრებოდნენ ჩვენ კონცერტს და მოესმინათ ორი ქართველი მომღერლისთვის, რომელთა ხმები, მისი აზრით დაამშვენებდა ყველა საოპერო თეატრების სცენებს. მან შეგვადარა ჩეხეთის საყვარელ მომღერალს კარელ გოტტს! ამ გაზეთს დიდი ხნის განმავლობაში ვინახავდი, მაგრამ … ამ მაგრამ-ზე ცოტა უფრო გვიან!
ბულგარეთში ჩვენ შეგვხვდნენ როგორც უკვე ნაცნობ მომღერლებს. ჩვენ კონცერტზე ისევ მოვიდა პოპულარული მომღერალი ლილი ივანოვა, რითაც ჩვენ ძალიან გაგვახარა. აქაც ჩვენმა კონცერტებმა წარმატებით ჩაიარა, ისევე როგორც პოლონეთში და გერმანიაში.
მარტის თვეში ჩავედით მახარაძეში, ჩვენი დედის გარდაცვალების წლისთავზე. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველი ადამიანების ყველაზე გამაერთიანებელი ძალა ჭირშიც და ლხინშიც არის ნათესაობრივი კავშირის და მეზობლობის ურთიერთობის ძალა!
1984 წელს ზაფხულში ფირმა «მელოდიამ» დიდი ტირაჟით გამოუშვა
ჩვენი ვინილის პირველი «გიგანტი» პლასტინკა: «ლიუბოვ მოია, ლიუბოვ». პლასტინკის დასახელება აღებული იქნა კომპოზიტორ ვალერი ლაზავოის სიმღერის სათაურისაგან.

პლასტიკის უკანა ყდაზე თქვენ წაიკითხავთ მოსკონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსანდრე კატენინის ანოტაციას. ასევე გაეცნობით სიმღერების დასახელებას.
პლასტინკამ თანამედროვე მუსიკის მოყვარულებში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. რამოდენჯერმე დიდი ტირაჟებით გამოიცა არა მარტო საბჭოთა კავშირში და ყველა სოციალისტურ ქვეყნებში, ასევე კაპიტალისტურ ქვეყნებში: იტალიაში და ესპანეთში. როგორც ფირმა «მელოდიის» მთავარმა რედაქტორმა გვითხრა პლასტინკის გაყიდვის ტირაჟმა მილიონ ცალს გადააჭარბა. რეკორდული ტირაჟით გაყიდული პლასტინკისთვის ჩვენ დაგვალჯიდოვეს ფირმა «მელოდიის» სპეციალური პრემიით: «თანამედროვე ესტრადის საუკეთესო შემსრულებლები».
პლასტინკის გამოცემიდან 35 წლის შემდეგ 2019 წელს გერმანიაში ნაყიდი ჩვენი პლასტინკა.
ჩვენი პლასტინკა საქართველოშიც საკმაოდ ბევრი რაოდენობით გაიყიდა. თუმცა იმ დროს გავრცელებული «წესით» პატარა აუდიო სალონის მეპატრონე შეიძენდა პლასტინკას, გადაწერდა კასეტებზე და კასეტებით ვაჭრობდა. რა თქმა უნდა ეს მისთვის საკმაოდ სარფიანი ბიზნესი იყო. განსაკუთრებით იმ დროიდან, როცა ავტომობილებში კასეტებზე ჩანაწერების მოსმენა გახდა შესაძლებელი.
ჩვენი შემოქმედებითი კავშირი პოეტ ხუტა გაგუასთან წარმატებით გრძელდებოდა! მისი ლექსებით კიდევ რამოდენიმე სიმღერა დაემატა
ჩვენ რეპერტუარს. ვინაიდან ფირმა «მელოდიამ» წინასწარი თანხმობა გამოგვიცხადა ჩვენი საავტორო ქართული სიმღერების ორ დიდ პლასტინკის ჩაწერაზე, ვცდილობდით დაგვეხვეწა ამ სიმღერების შესრულების ხარისხის დონე და ყოველთვის, ყველა კონცერტებში ვასრულებდით სიმღერებს ხუტა გაგუას ლექსებზე. ახლა ჩვენთვის ოცნების მიზნად გადაიქცა ჩვენი ქართული სიმღერების ჩაწერა ფირმა «მელოდიაში». დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველ პლასტინკას სახელად «მოიდანახე»-ს დავართქმევდით!
დავბრუნდით მოსკოვში სადაც კრემლის ყრილობათა დიდ დარბაზში, რამოდენიმე კონცერტში მონაწილეობის მისაღებად პირველად მიგვიწვია დარბაზის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა. კონცერტებში ჩვენმა გამოსვლამ დიდი წარმატებებით ჩაიარა და იმ დღიდან დაწყებული ჩვენ საკონცერტო დარბაზებს კიდევ ერთი დიდი დარბაზი, კრემლის ყრილობათა დარბაზიც დაემატა! ასევე გრძელდებოდა შემოქმედებითი კავშირი და კონცერტები მოსკოვის ესტრადის თეატრის სცენაზე.
1984 წლის აპრილის ბოლოს გასტროლებით გავემგზავრეთ უკრაინის დიდ ქალაქებში: ოდესაში, კიევში, ლვოვში და ხარკოვში! აქ ჩვენ პროგრამას რამოდენიმე პოპულიარული სიმღერები დაუმატეთ: «ჩერვონუ რუტუ», «ჩერემშინა» და «ტიჟ მენე პიდმანულა». მაყურებელი სიხარულით და ოვაციებით შეხვდნენ მათ საყვარელ სიმღერების შესრულებას. «ტიჟ მენე პიდმანულას» კი ჩვენთან ერთად მღეროდა მთელი დარბაზი!
შემდეგ რამოდენიმე კონცერტი ჩავატარეთ მოლდოვეთის დედაქალაქ კიშინოვში და გავემგზავრეთ თქვენთვის უკვე ცნობილი ჩვენი საგასტროლო მარშრუტით საქართველოსკენ! კონცერტები დავიწყეთ სოჩის ფილარმონიის დარბაზში. პირველი კონცერტის მერე ჩემთან მოვიდა სოჩის ფილარმონიის ყოფილი დირექტორი. შეგვაქო, დიდი მადლობა გადაგვიხადა, ძალიან კარგი პროგრამა გაქვთო და ბოლოში მითხრა: «მე მახსოვს 1976 წელს თქვენი რუსეთის საკავშირო კონკურსში გამოსვლა. კონკურსის პირველ და მეორე ტურში ყველაზე დიდი ქულები ჟიურიმ თქვენ რომ მოგანიჭათ. მე და ჩემი თანამშრობლები ვფიქრობდნენ, რომ კონკურსში გაიმარჯვებდით. თქვენ კი შეიძლება არც კი იცით, როცა მესამე ტურში თქვენი გვარი არ გამოაცხადეს, კონკურსის არტისტებმა ფილარმონიის წინ მოაწყვეს საპროტესტო დემონსტრაცია! ჟიურის წევრები უსამართლოებაში დაადანაშაულეს და უნდობილობა გამოუცხადესო». ეს ამბავი მე რა თქმა უნდა ვიცოდი. ამ დემონსტრაციის შესახებ მაშინდელ სოჩის გაზეთში იყო სტატია და ფოტოსურათი. გამომშვიდებისას ამ კეთილ ადამიანს დიდი მადლობა გადაუხადე.
სოხუმში ჩვენ პირველსავე კონცერტზე მოვიდა პოეტი გენო კალანდია თავის მეგობარ პოეტებთან ერთად. განსაკუთრებული მოწონება გამოიწვია ჩვენმა ახალმა სიმღერებმა ბატონ ხუტას ლექსებზე. გენომ კალანდიამ გამოთქვა აზრი, რომ ხუტა გაგუას უკვე შეუძლია ჩვენ სიმღერებისთვის დაწერილი ლექსები ახალი ლექსების კრებულში გამოიყენოსო. მითუმეტეს, რომ 1985 წელს პოეტ ხუტა გაგუას საიუბილეო 50 წელი შეუსრულდებაო!
ისევ ბევრი მაყურებელი ესწრებოდა ჩვენ კონცერტებს. ყოველ საღამოს ორ კონცერტს ვატარებდით საზაფხულო თეატრის სცენაზე. ისევ გაემგზავრა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ლადო სამადბეგიშვილი და აკაკი ახობაძე. ფოთმა, ზუგდიდმა, სამტრედიამ, გორმა, ქუთაისმა და ზესტაფონმა ჩვენ კონცერტებზე თანხმობა განაცხადეს.
ისევ უარი გვითხრა თბილისის ფილარმონიამ ! ისევ იმ მიზეზით, რომ ფილარმონიის დარბაზი იმდენად დაკავებულია, რომ ერთ დღესაც კი ვერ გამოვყოფთ თქვენი კონცერტის ჩასატარებლათო! თბილისი ის ქალაქი იყო სადაც ჩვენ ყველაზე მეტი ადამიანები გვიცნობდნენ, სადაც ჩვენ 13 წელი ვსწავლობდით და ვცხოვრობდით. სადაც ჩვენი პირველი პლასტინკების გამოსვლიდან ამ უარის თქმის დღემდე მინიმუმ ასობით, თუ არა ათასობით, ჩვენი პლასტინკები გაიყიდა. თბილისელმა ჩვენმა ნათესავებმა და ნაცნობებმა სწორედ იმ დღეებში ჩვენი ახალი პლასტინკა «ლიოუბოვ მოია, ლიუბოვ» თბილისში შეიძინეს! როგორ ახერხებდა «ჩვენ არ ცოდნას» ის ვიღაცა «საქართველოს დიდი პატრიოტი, დიდი კულტურის მოღვაწე» იმის თქმას, რომ არ ვიცი ვინ არიანო?» მთელი საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ქვეყნების ყველა დიდ ქალაქების საუკეთესო სცენებზე წარმატებით გამოვდიოდით, სადაც არა მარტო ჩვენი თავი, ასევე ყველგან საქართველო გვისახელებია. დიახ, აფიშებზე ეწერა მოსკონცერტის სოლისტები, მაგრამ ჩვენი გვარი ბეშიტაიშვილი ხომ ეწერა? საზღვარგარეთ ყველგან როგორც ქართველ მომღერლებად გვიღებდნენ, გვაღიარებდნენ! რა, უვიცები და სულელები იყვნენ? მაშინ რატომ გველოდნენ და გამოთქვამდე ჩვენთან შეხვედრის სურვილს? ეს კითხვა დღემდე კითხვად დარჩა!
კიდევ ერთხელ მოვიარეთ ის ქალაქები რომლებიც ზემოთ ჩამოვასახელე. დიდი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღეს, ძალიან მოეწონათ ჩვენი ახალი სიმღერები ბატონ ხუტას ლექსებით, განსაკუთრებით საოცარ ზემოქმედებას ახდენდა მაყურებელზე სიმღერა «მოიდანახე». ზესტაფონში, კონცერტის შემდეგ, ჩვენ გაგვეცნო ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი წყვილი, ცოლ-ქმარი იზოლდა და ვეფხვია მეგრელიშვილი. მე ყოველთვის ვამაყობდი ჩვენი ერის მომხიბვლელობით. სწორეთ ასეთი, ულამაზესი ქართველი ცოლ-ქმარი მოვიდა ჩვენთან. მორიდებული, კეთილი გულის და სულის ადამიანები.
ისე ვსაუბრობდით, როგორც დიდი ხნის მეგობრები. რამოდენიმე წლის მერე ჩვენ კონცერტსაც დაესწრნენ მოსკოვში. უფრო გვიან კი ბატონი ვეფხვიას გარდაცვალების ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგეთ. უფალმა აცხონოს მისი სპეტაკი სული!
გასტროლებმა ბათუმშიც წარმატებით ჩაიარა. მოვინახულეთ ჩვენი ნათესავები. ჩვენი დიდი პლასტინკა ბათუმშიც იყიდებოდა. აგვისტოს შუა რიცხვებში ჩავედით მახარაძეში და მამასთან წინასწარ შეთანხმებით ბავშვები წავიყვანეთ მოსკოვში სწავლის გასაგრძელებლად. იმ პირობით, რომ მამა ჩვენთან ხშირად ჩამოვიდოდა. ჩვენ კი შევეცდებოდით მამა ხშირად მოგვენახულებია! ცხოვრება გრძელდებოდა! წინ გველოდა 1985 წელი!
* * *
1984 წლის სექტემბერში ოჯახთან ერთად დავბრუნდით მოსკოვის გარეუბანში, სოფელ ფირსანოვკაში. მოსკოვიდან ლენინგრადისაკენ მიმავალ რკინიგზის გზის მონაკვეთზე, ორ რკინიგზის სადგურის: სხოდნიასა და კრიუკოვოს შორის არის პლატფოტმა ფირსანოვკა. სწორედ აქ იყო ჩვენი პატარა სახლი, დიდი ეზოთი. ეს ადგილი ფიჭვებისა და ნაძვების ტყეში გაჭრილი გრძელი ქუჩებით, მოსკოველებისთვის ითვლებოდა და დღესაც ითვლება საკურორტო, დასასვენებელ ადგილად. ამიტომ ზაფხულში ფირსანოვკის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის სამჯერ იზრდებოდა. სოფელში იყო პროდუქტების მაღაზიები, საშუალო სკოლა და კინოთეატრი! იმ დროისთვის ჩვენს გარდა აქ მხოლოდ ერთი ქართველის, ვალერი წერეთელის ოჯახი და კიდევ ერთი სომეხი კაცის, საშა დერზიანის ოჯახები ცხოვრობდნენ.
ჩვენი პატარა ბიჭი კაკო მაშინ ხუთი წლის იყო. დაუღლელი, უსასრულო ენერგიის ბავშვი. ჩვენი მეზობლების, ზოლოტოვების და ანანიევების ბავშვებთან თამაშის დროს შეუცვლელი მეთაური და წინამძღოლი.
ვფიქრობ, რომ კარგია როცა მშობლები შვილებს ბებია-ბაბუას სახელებს არქმევენ. შეიძლება სხვებს ასე არ ჰგონიათ, ვინმეს ეს მოძველებულ, დრომოჭმულ ტრადიციათაც მიაჩნდეს. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის რაღაც განსაკუთრებული, სულიერი დამოკიდებულება მყარდება. განა იმას ვამბობ, რომ ბებიებს და ბაბუებს სხვა შვილიშვილები უფრო ნაკლებად უყვართ. არა! ბებიები და ბაბუები, ისევე როგორც მშობლები მათი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის ამიერში და იმიერშიც ხომ მფარველი ანგელოზები არიან და თუ საჭირო იქნება ყოველთვის მზად არიან მათ საკუთარი სიცოცხლეც კი შეწირონ!
აქ სიყვარულზე კი არა, უფრო ღრმა სულიერ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე. მოხუცებული მისი სახელის მქონე შვილიშვილში თავის «გაგრძელებას» ხედავს. მასთან ერთად იგონებს თავის პატარაობას, მის ცხოვრებას! მინდა ახალგაზრდებს მივმართო თქვენი გაზეთის მეშვეობოთ: «რაც არ უნდა შორს ცხოვრობდეთ თქვენი ბებია-ბაბუებისაგან, მაინც ეცადეთ ხშირად მოინახულოთ ისინი, გულში ჩაიკრათ, მოეფეროთ. თუ გინდ სულ უბრალო საჩუქარი აჩუქეთ. იცოდეთ შენ პატარა საჩუქარს ისინი, როგორც ძვირფას რელიქვიას შეინახავენ თავის სიცოცხლის ბოლომდე. კარგად დაიმახსოვრეთ: «მათ მოხუცებულობას თქვენ, თქვენი მოხუცებულობის დროს გაიხსენებთ!» დღემდე ჩემი შვილი კაკო ხშირად იგონებს რასაც ბაბუა კაკო პატარობისას მას ეუბნებოდა: «მი სტაბოი იზ ჟელეზა სოზდანი! ია ბალშოი ჟელეზა, ა ტი მალენკი!»

ჩვენი მანანას დაბრუნებამ სკოლაში მისი თანაკლასელების დიდი სიხარული გამოიწვია. თურმე ფიქრობდნენ «მამამ საქართველოში წაიყვანა და ალბათ ჩვენთან სკოლაში არ დაბრუნდებაო!». მანანას ჯერ კიდევ ბავშვობაში შევამჩნიეთ განსაკუთრებული «თეატრალური ნიჭი». ჩვენდა გასაოცრად ისე ჩააცმევდა პატარა კაკოს, ფეხსაცმლიდან დაწყებული, ტანსაცმლით და ქუდით დამთავრებული, რომ ბავშვს ვერ იცნობდით! თანაც ჯერ ავარჯიშებდა როგორი სახით და სიარულის მანერით უნდა შემოსულიყო კაკო ჩვენთან ოთახში! ეს უცნაური, «თეატრალური» თვისება შეამჩნიეს მისმა თანაკლასელებმაც. ყოველ დღესასწაულზე კონცერტის მომზადების დროს მანანა გახდა მისი კლასის «სამხატვრო ხელმძღვანელი».
იას სწავლების ამბავის მოგვარება უფრო რთული აღმოჩნდა! ჩვენგან უახლოესი მუსიკალური სკოლა ქალაქ ზელენოგრადში იყო. სკოლის დირექტორმა როგორც იქნა ჩარიცხა ია მუსიკალური სკოლის მეხუთე კლასში, მხოლოდ სკოლის კომისიის წევრების გადაწყვეტილებით! ფირსანოვკიდან მუსიკალურ სკოლამდე მისვლა მხოლოდ ავტობუსით შეიძლებოდა. ჩემს ცოლს ტანიას მიჰყავდა ია სკოლამდე და საღამოს ავტობუსის გაჩერებაზე ხვდებოდა მასს.
ახალ თანაკლასელებთან გაცნობისას აღმოჩნდა, რომ კლასში ჩვენი იაზე სიმაღლით მაღალი მხოლოდ ორი მოწაფე იყო, ისიც ბიჭები. პირველ დღეს ერთ გოგოს ზურგს უკნიდან მისთვის «სულიკო» დაუძახია. ბუნებით ია ძალიან კეთილი ბავშვი იყო და სრულიად მშვიდად გვითხრა: «ალბათ «სულიკოს» გარდა სხვა სიტყვა ქართულათ არ იცოდაო». მე მაშინ გამახსენდა, რომ ჩემ ცოლს, როცა ფირსანოვკაში დავსახლდით, თავიდან «გრუზინკინა ჟენა»-ს უძახდნენ, თუმცა კარგად იცოდნენ, რომ სახელად ტანია ერქვა. რა თქმა უნდა მალე ია და მისი თანაკლასელები დაუმეგობრდნენ ერთმანეთს.
1984 წლის შემოდგომაზე შევძელით სახლში გაზის შემოყვანა. ეს უკვე დიდი ამბავი იყო ჩვენი ოჯახისთვის! მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის რეგიონის კლიმატი შედარებით თბილი და უფრო ადვილად გადასატანია, ცივი ზამთარი აქაც დიდხანს ექვსი, შვიდი თვე გრძელდება! ამიტომ სახლში კარგი გათბობა დიდ ფუფუნებად ითვლება. მოკლედ ძალიან კმაყოფილები და გახარებულები ვიყავით.
ჩემი და გოგის მუშაობა მოსკონცერტში ჩვეულებრივი რითმით გრძელდებოდა, ისევ გასტროლები, ისევ კონცერტები მთელ რუსეთში.
მე მქონდა რამოდენიმე სქელი რვეული, სადაც ყოველთვის ვიწერდი ჩვენი გასტროლების, კონცერტების შესახებ მთლიან ინფორმაციას!
ალბათ გასაგებია, რომ ვინც მისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე სულ სამჯერ ან ოთხჯერ იყო გასტროლებით სხვა ქალაქებში ან სხვა ქვეყანებში, ის გასტოლები მას ძაღლის ნაკბენივით ემახსოვრება. ჩვენ კი
იმ ცოტა ხანში, 1980 წლიდან დაწყებული, უკვე სამჯერ მოვიარეთ რუსეთი, საბჭოთა რესპუბლიკების დიდი ქალაქები და საზღვარგარეთის სოციალისტური ქვეყნები! ასეთი დიდი ინფორმაციის დამახსოვრება მარტო დიდი მახსოვრობის მქონე კომპიუტერს შეუძლია, მაგრამ იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო კომპიუტერები, ამიტომ ყველაფერს ვიწერდი რვეულში, მითიმეტეს რომ გრძელდებოდა ჩვენი მუშაობა მოსკონცერტში და გასტროლების მისამართებს ემატებოდა სხვა, ახალ-ახალი ჩანაწერები.
1985 წლიდან მეტწილად კონცერტებზე გამოსვლა გვიხდებოდა მოსკოვის დიდ სცენებზე, კრემლის ყრილობათა დარბაზში, მოსკოვის ესტრადის თეატრის სცენაზე, კულტურის სახლების და სპორტული დარბაზების დიდ სცენებზე. აპრილის თვეში 28 დღის განმავლობაში დიდი წარმატებით ვიღებდით მონაწილეობას კონცერტებში, ლენინგრადის სპორტიულ-საკონცერტო სასახლის «იუბილეინის» სცენაზე. ამ კონცერტებში ჩვენთან ერთად გამოდიოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ რუსეთში ცნობილი ანსამბლები და მომღერლები. ჩვენი მათ შორის ყოფნა ნიშნავდა ჩვენ აღიარებას.

როგორც იტყვიან «შემდეგი სადგური» იყო ქალაქი კადალაქშა, კარელიის პატარა, ულამაზესი ქალაქი. წინათ ის შედიოდა კარელიის ავტონომიურ ოლქში, მაგრამ ჩვენი იქ გასტროლების დროს უკვე ითვლებოდა ქალაქ მურმანსკის ოლქის შემადგემლობაში. კონცერტის შემდეგ ჩვენ გაგვეცნო ახალგაზრდა ცოლქმარი, იქ მცხოვრები ქართველები! სამწუხაროდ ვერ გავიხსენე მათი სახელები. ვერ აგიღწერთ ამ ახალგაზრდების სიხარულს ჩვენთან გაცნობისას. ორივენი, ცოლქმარი კადალაქშის ვაგონების დეპოში მუშაობდნენ. მიგვიწვიეს თავის ბინაში. შვილები, პატარა გოგონა და ბიჭუნა გაგვაცნეს. სუფრა გაგვიშალეს. მთელი საღამო საქართველოზე ვსაუბრობდით! საღამოს ბოლოს, როცა სიმღერა «მოიდანახე»-ს სიტყვებს ვკარნახობდი ოჯახის ქალბატონს, თან სიტყვებს იწერდა და თან ტიროდა. მერე ორივემ ცოლქმარმა გვთხოვეს: «თუ შეიძლება ერთხელ კიდევ გვიმღერეთ თქვენი სიმღერაო». ჩვენც ვიმღერეთ «მოიდანახე». სანამ სიმღერას ვმღეროდით ორივე ცოლქმარი ტიროდა. ეს ყველასთვის ისე ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ მალე მათ ჩვენი ლადო და ტარიელიც დაემატნენ. მე ძალიან ხშირად მიფიქრია რატომ ტიროდნენ, რას დასტიროდნენ ეს ადამიანები? ბევრი ფიქრის შემდეგ მე მივედი იმ აზრამდე, რომ ისინი დასტიროდნენ იმ გაუთავებელ ტკივილს, რომელსაც გრძნობდნენ ამ სიმღერის მოსმენისას.
ჩვენმა კონცერტებმა გადაინაცვლა ქალაქ მურმანსკში, სადაც ოთხი დღის განმავლობაში დარბაზი სრულიად სავსე იყო მაყურებლით. შემდეგ დავბრუნდით მოსკოვში და ივნისის ბოლოდან დიდი ხნით გაგვაგზავნეს გასტროლებით კავკასიის რესპუბლიკების დედაქალაქებში: გროზნოში, მაიკოპში, ნალჩიკში, მახაჩკალაში, ჩერკესკში, ინგუშეთის დედაქალაქში მაგასში, ვლადიკავკასში.
კონცერტები წარმატებით მიმდინარეობდა, მაყურებელი კმაყოფილი იყო, ასევე კმაყოფილები იყვნენ ადგილობრივი ფილარმონიის დირექტორებიც. თუმცა ჩვენთვის და ასევე ანსამბლის წევრებისთვის ეს კონცერტები უსაშველოდ დამქანცველი აღმოჩნდა. სამწუხაროდ მთელი გასტროლების განმავლობაში ძალიან ცხელი ამინდები დაგვემთხვა. ძველი ავტობუსებით გადავყავდით ერთი რესპუბლიკიდან მეორე რესპუბლიკაში. მოკლედ ვოცნებობდით ამ გაუთავებელი გასტროლების დამთავრებაზე. მარტო დაღესტანის დედაქალაქ მახაჩკალაში ცოტა გვიშველა კასპიის ზღვაზე რამოდენიმე დღით დასვენებამ.
როგორც იქნა დავბრუნდით უკან მოსკოვში. გვადროვეს რამოდენიმე
დღე და აგვისტოს დასაწყისში გასტროლებით გაგვიშვეს უკვე შავი ზღვის საკურორტო ზონის ქალაქებში: კრიმში, იალტაში, სევასტოპოლში, ევპატორიაში. შემდეგ კრასნოდარის რეგიონის ქალაქებში: გელენჯიკში, ანაპაში, ადლერში და ბოლოს სოჩში! ჩვენ უკვე რამოდენჯერმე ვიყავით გასტროლებით ამ ქალაქებში და ვიცოდით, რომ საცხოვრებელი პირობები კარგი გვექნებოდა!
ამასობაში მოახლოვდა შესანიშნავი პოეტის, ხუტა გაგუას დაბადების დღე! იყო მიღებული გადაწყვეტილება სოხუმში ჩატარებულიყო მისი საიუბილეო საღამო, პოეტის 50 წლისთავი! ბატონი ხუტასთან შეთანხმებით ჩვენ ამ საღამოსთვის უნდა ჩავსულიყავით სოხუმში და მიგვეღო მონაწილეობა საუბილეო კონცერტში.
აფხაზეთის კულტურის სამინისტროსთვის და სოხუმის კულტურულ საზოგადოებისთვის ეს იუბილე განსაკუთრებულ, შესამჩნევ მოვლენად იქცა. იმ დროისთვის აფხაზეთში და საბჭოთა კავშირში ხუტა გაგუა უკვე საკმაოდ ცნობილი პოეტი იყო, თავისი ლექსების კრებულებით, პოემებით და მოთხრობებით. ასევე ხუტა გაგუა 1974/76 წლეებში იყო აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი. შემდეგ სსრკ მწერალთა კავშირის საქართველოს ქართული ლიტერატურის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ბატონი ხუტა გაგუას იუბილეზე სოხუმში ჩამოვიდნენ ცნობილი მწერლები და პოეტები მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, თბილისიდან და კიდევ სხვადასხვა ქალაქებიდან.
საიუბილეო კონცერტი გაიმართა მაყურებლით სავსე სოხუმის ფილარმონიის პატარა დარბაზში. კონცერტის სცენარის მიხედვით სიტყვით გამომსვლელების შემდეგ, ჩვენ უნდა გვემღერა ხუტა გაგუასთან ერთად შექმნილი ახალი ქართული სიმღერები! კონცერტის მსვლელობა დროში ძალიან გაიწელა. სიტყვით გამოვიდნენ ჩამოსული სტუმრები და ცნობილი აფხაზი პოეტები. ადგილობრივი ტელევიზია იღებდა იმ საღამოს მსვლელობას. შეგვპირდნენ, რომ სურათებს მოსკოვში გადმოგიგზავნითო.
მთელი საღამოს განმავლობაში მე და გოგიმ შევასრულეთ 15 სიმღერა, რამაც თავისებური სიცოცხლე და ელფერი შემატა ბატონი ხუტას საღამოს მსვლელობას, რითაც მაყურებლის დიდი მოწონება დავიმსახურეთ.
სიმღერის, «მოიდანახე»-ს შესრულების წინ ბატონმა ხუტამ მიმართა მაყურებელს: «მინდა გაგაცნოთ ორი ქართველი ახალგაზრდა! ყველა იმ სიმღერების მუსიკის ავტორები რომელიც თქვენ უკვე მოისმინეთ. ჩემი მეგობრები, კომპოზიტორები გია და გიორგი ბეშიტაიშვილები!».
ამ სიტყვებს მსმენელი შეხვდა ხანგრძლივი ოვაციებით! როცა მაყურებელი ცოტა დაწყნარდა, დარბაზიდან გაისმა ხმა: «სიტყვები. სიმღერის სიტყვები ვის ეკუთვნის?» პასუხად ხუტა გაგუამ უპასუხა: «სიტყვები ვინ დაწერა არ ვიცი! ვიცი მხოლოდ სიმღერის ლექსები ვინ დაწერა»… მერე გაიღიმა და პატარა პაუზის მერე გაღიმებული სახით ხელი გულზე დაიდო და თავი ნელა დახარა! მთელი დარბაზი ადგა და «ხუტა, ხუტა»-ს შეძახილებით ოვაციები გაუმართეს პოეტ ხუტა გაგუას! ეს იყო პოეტის აღიარება! მისი თავისებური «სიურპრიზი» მსმენელებისთვის და მეგობრებისთვის. ამჯერად ის მათ წინაშე წარსდგა როგორც სიმღერების ლექსების ავტორი.
კონცერტის მერე საპატიო სტუმრებთან ერთად მე და გოგი მიგვიპატიჟეს ბანკეტზე. სადაც ხუტა გაგუამ გაგვაცნო საღამოში მონაწილე ჩამოსული სტუმრები, აფხაზი მწერლები და პოეტები. ბოლოს კი გაგვაცნო მისი საუკეთესო მეგობარი, საიუბილეო საღამოს მოწყობის მთავარი სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი ბატონი ანზორი დუმბაძე!

ბანკეტის მსვლელობის დროს ბატონმა ანზორმა გაგვაცნო თავისი მეუღლე ქალბატონი მერი და უმცროსი ქალიშვილი ინგა, ალბათ ჯერ კიდევ სკოლის მოწაფე, ძალიან ლამაზი გოგონა. ცოტა მოგვიანებით ჩვენ გავიცანით ინგას უფროსი დაიკო დალი. სწორეთ ამ შესანიშნავი ოჯახის ბინის დიდ, საოცრად ლამაზ დარბაზში იყო გაწყობილი საუცხოო, საბანკეტო ქართული სუფრა.
საოცარი საღამო იყო, საოცარ ქალაქში, საოცარ ოჯახში, საოცარ ქართულ სუფრასთან ისმოდა სიმღერები, კეთილი სიტყვები, კეთილი სურვილები. იყო ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს ყველას უნდოდა ეს ზღაპრული ღამე, ღამე მშვიდობის, ღამე მეგობრობის გაუთავებლად გაგრძელებულიყო!
წინ ჩვენ გველოდა 1986 წელი! კონცერტები მშობლიურ მახარაძეში!
გაზეთი „ალიონი“ ## 9,10.
მსგავსი სტატიები
- 93
ოცდამეხუთე-ოცდამეექვსე წერილი 1981 წლის ოქტომბრიდან ანსამბლ «მუსიკასთან» ერთად ჩვენ კონცერტებით მოვიარეთ რუსეთის დიდი ქალაქები: სვერდლოვსკი, ჩელიაბინსკი, კურგანი, მაგნიტაგორსკი, ჩიტა! ნოემბრის თვიდან ვიყავით გასტროლებით თურქმენისტანში, ბელორუსიაში, ქ. როსტოვში. დავბრუნდით მოსკოვში და მაქსიმ გორკის სახელობის პარკში 23-დან 26-ის ჩათვლით ჩავატარეთ დღეში ორ-ორი კონცერტი.… - 92
- 92
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 91
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის… - 91
ავტორი გიორგი გორდელაძე ამა წლის მარტის თვეში, ესტონეთში უდიდესი მსოფლიო კომპოზიტორის - Arvo Pärdi Keskus / Arvo Pärt Centre არვო პიარტის ცენტრს ვესტუმრეთ. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, თავად კომპოზიტორთანაც მოვახერხეთ შეხვედრა. აქვე, მინდა მადლობა ვუთხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ყოველთვის სწორი და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი…
