ავტორები: ზურაბ აზმაიფარაშვილი;  არქეოლოგი, პროფ. მერაბ ძნელაძე

1994 წლის გვიან შემოდგომის-გიორგობისთვის, ყინვიან შუადღეს, საქართველოს გამოაკლდა სამშობლოს თავისუფლების, მისი მომავლის მოტრფიალე მამულიშვილი, მოღვაწე მასწავლებელი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში – შოთა ინწკირველი. მისთვის 24 ნოემბერი ამ ქვეყანაზე მოსვლისა და წასვლის დღე აღმოჩნდა. იმ დღეს 65 წელი შეუსრულდა.

 

მსოფლიოს საჭადრაკო პრაკტიკას არ ახსოვს რომ ერთ პიროვნებას მაღალი რანგის ესოდენ დიდი რაოდენობის მოჭადრაკე გაეზარდოს. ოლიმპიური, მსოვლიოსა და საერთაშორისო პირველობებში გამარჯვებული ექსტრა კლასის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები: ზურაბ აზმაიფარაშვილი, ნინო გურიელი, ნანა იოსელიანი, დავით გურგენიძე (არაერთგზის მსოფლიოს ჩემპიონი საჭადრაკო კომპოზიციაში), რომან ჯინჯიხაშვილი, გენადი ზაიჩიკი, ქეთევან კახიანი, მაია ლომინეიშვილი, თეიმურაზ ლომაია, ციცინო კახაბრიშვილი, ლეილა ნაჭყებია, ნინო ხუბულური, მერაბ ძნელაძე, კახა ჩიგოგიძე, ვარლამ ვეფხიშვილი, მზია წერეთელი, იგორ კუზმინი, ნატო ბაღაშვილი, ლალი გელიაშვილი, ზურაბ ზამბახიძე, თამაზ ტაბატაძე, აკაკი იაშვილი, ქეთევან და ნინო მელაშვილები, კახა შალამბერიძე, ზაზა გოროზია, ბექა კვარაცხელია, ირაკლი ძნელაძე, რევაზ კაკაბაძე, ცირა მერეკლშვილი, მათ შორის საქართველოს დამსახურებული მწვთნელები: გიორგი მაჭარაშვილი და გოგი ხომერიკი (თავიანთი მრავალრიცხოვანი წარჩინებული მოწაფეებით) და კვალიფიციურ მოჭადრაკეთა მთელი არმია. შოთა ინწკირველთან მიღებული პატიოსნების, უმწიკლოების, კაცადკაცობის გაკვეთილები ცხოვრების საგზლად და მეგზურად გაიყოლა . . . პოეტებმა, მწერლებმა, კინოსა და თეატრის მოღვაწეებმა, სპორტსმენებმა, მეცნიერებმა (ლაშა თაბუკაშვილი, რევაზ ეგაძე, კარლო კობერიძე, ანზორ სალუქვაძე, ლამარა ჭყონია, ნუგზარ ბაგრატიონი, ლაშა ნადარეიშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, იმედო ფხაკაძე, ზურაბ კანდელაკი, მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეები, იორამ ქემერტლიძე, ნიკა ბერაძე, კახი ჩიგოგიძე, მერაბ ძნელაძე და კიდევ მრავალი სხვ.). `ოსტატი ნახელავით იცნობა, მასწავლებელი – აღზრდილით~.
განსაკუთრებული თვითმყოფადი ხასიათი შოთა ინწკირველს ყოველთვის გამორჩეულს ხდიდა. მასში უმთავრესი სიყვარული იყო – უზომო სიყვარული სამშობლოსადმი – საქართველოსადმი, უზომო სიყვარული ქართული ჭადრაკისადმი, ბავშვებისადმი. გვახსენდება 40-50 წლის წინ თუ როგორ დადიოდა იგი ქართულ სკოლებში და რა სათუთად-რუდუნებით კრიბავდა ასობით პატარა ქართველს, რომ შემდეგ მათში ჭადრაკის სიყვარულთან ერთად საქართველოს ხატება დაემკვიდრებინა. `ნაძალადევში~, მაშინ ლენინის რაიონის პიონერთა სახლში (`სადღაც დაკარგულში~) ერთი `მოცუცნული~ ოთახი ეკავა ჭადრაკის კაბინეტს – ჩვენ `გაბრწყინებულ საქართველოში~ შევდიოდით. ილია, ვაჟა, აკაკი, ივანე, დავითი, თამარი, ფარნავაზი, ვახტანგი, მირიანი, გალაქტიონი, ლადო, ნონა, ბუხუტი და ისევ დიდი ილია სამუდამოდ ჩვენი სათაყვანებელნი გახდნენ.
ახლა ადვილია ყოველივე იმის თქმა, რასაც მაშინ იგი ჭადრაკთან ერთად, უმეტესწილად, `აღზნებული გვიჩიჩინებდა~, გვმოძღვრავდა, მაგრამ იმ დროისათვის (პიონერთა სახლში !) მისი საქმიანობა გმირობა თუ არა დიდ გამბედაობასა და ვაჟკაცობას წარმოადგენდა. მახსენდება, მაშინ, ქართველ მოჭადრაკეებში რუსულ-ქართულ ნარევი ტერმინოლოგით საუბარი ჩვეულებად იყო მიღებული. ქართველი მოჭადრაკეების დიდი ნაწილი რუსული საჭადრაკო ანბანით სარგებლობდა და ახალგაზრდებსაც ასე ასწავლიდნენ. დასამახსოვრებელი იყო ისიც, თუ როგორ ცინიკურად უყურებდა რიგი `წარჩინებული~ მოჭადრაკე და მმართველი საჭადრაკო `ჩინოვნიკი~ “ქარის წისქვილებთან” მებრძოლ ახალგაზრდა მოჭადრაკესა და მწვრთნელს – შოთა ინწკირველს, როცა ის ქართული საჭადრაკო, და არა მარტო საჭადრაკო, ენისა და დამწერლობის დამკვიდრებას რომ მოითხოვდა. ამ შემთხვევაში, იგი მუდამ დაუდეგარი და შეურიგებული იყო, რამაც საბოლოოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში ქართული საჭადრაკო დამწერლობის დროულ დამკვიდრებაში. რაც შეეხება მის პედაგოგიურ საქმიანობას, ზემოდ ჩამოთვლილ აღზრდილთა სახელები და დიდი რაოდენობით გამოქვეყნებული საჭადრაკო თეორიული, კრიტიკული თუ პუბლიცისტური ნაშრომები თვალნათლივ მეტყველებენ.
ბრწყინვალე მეხსიერების, დიდი ცოდნისა და ინტელექტის პატრონი, ცხოვრებაში სავსებით არაპრაქტიკული აღმოჩნდა. მის კიდევ ერთ დამახასიათებელ თვისებას უანგარობა და თავდაუზოგაობა წარმოადგენდა. დაუვიწყარია, ყველა მის მოწაფეთათვის, თუ როგორი ბედნიერი სახით, წიგნებით დაზვინული, ჭადრაკის კაბინეტში შემოვიდოდა – თავის `თავისუფალი საქართველოს ტერიტორიაზე~. იგი, მიღებულ არც თუ ისე სამყოფ ხელფასს, უმეტესწილად, ჩვენთვის – მოსწავლეთათვის საჩუქრად ნაყიდ წიგნებსში ხარჯავდა. როცა სხვა რიგი `რჩეული მწვრთნელი~ ცხოვრების ყველა სიკეთით სარგებლობდა, იგი თავის ბოლო კაპიკებსაც კი სხვას უნაწილებდა. მისთვის, მეცადინეობისას საათი და რეგლამენტი, თავისთავად ჩვენთვისაც, არ არსებობდა. ხშირად მასწავლებლისავე ნაყიდი ფუნთუშებით ვიმაგრებდით თავს. წვრილმანებია ვითომ ?
მოწაფეებზე ფიქრში ღამეები უთენებია, დიდ ენერგიას ხარჯავდა. ყოველთვის დაჩაგრულს ეხმარებოდა. ვერ იტანდა სიყალბეს და კომპრომისზეც არასდროს არ მიდიოდა. ცდილობდა და ადვილადაც ახერხებდა მოწაფეები ისე აღეზარდა, რომ არ ყოფილიყვნენ ობივატელები და `ხელოსნები~-`დღევანდელ კვერცხზე მეოცნებენი~. ცდილობდა ჩვენში ჩაენერგა, როგორც ჭადრაკში, ისე ცხოვრებაშიც, `ხელოსნობასა~ და `ხელოვნებას~ შორის განსხვავების უნარი. იგი მეორეს აძლევდა უპირატესობას.
შოთა მასწავლებლის განუსაზღვრელი ენერგია სასწაულებრივად კეთილ გავლენას ახდენდა მის გარშემო მყოფებზე. სამაგიეროდ თავისი შეურიგებელი – უკომპრომისო ხასიათის გამო კრიტიკა არ აკლდა, რაზედაც ხშირად იტყოდა, რომ `მე მხოლოდ პატიოსანი ხალხი მაფასებს, პატივს მცემს~ და ჩამოთვლას ნონა გაფრინდაშვილით იწყებდა.
ჭადრაკი ისეთი სპორტია, რომელშიც წარმატების მიღწევას თავდაუზოგავ შრომასთან ერთად დიდი დრო სჭირდება, რასაც, ხშირ შემთხვევაში, ერთეულები თუ აღწევენ. შოთა ინწკირველის ასობით და ათასობით მოსწავლეებშიც (45 წლის მწვრთნელობისას) პროფესიულ ჭადრაკს ერთეულები შერჩნენ, მაგრამ რაც მთავარია, იმ მრავალმა ასეულმა გაიარა მისი სულიერი – ქართული სკოლა და სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, წრფელი მადლიერებით გაიხსენებენ ბავშვობის იმ დაუვიწყარ წლებსა და დღეებს.

`არიან ადამიანები, რომელთა არსებობაც უანგარო და უშურველი ნათებაა სხვათა სასიკეთოდ, სასიხარულოდ~ (ლ.ჩინჩალაძე. მრავალ არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. `სახალხო განათლება~, 1989,13.10.), ხოლო ვინც ანათებს უცილობლად იწვის კიდევაც. დიახ! იწვის – იფერფლება. ასეთი იყო შოთა ინწკირველი.D

შოთა ინწკირველის მოწაფეთა სახელით – ზურაბ აზმაიფარაშვილი, მერაბ ძნელაძე

ამონარიდები შოთა ინწკირველზე:
`ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ შოთა ინწკირველს – გულმხურვალე მამულიშვილს. თვითმხილველნი, მოწმენი ვართ მისი თავგანწირული შრომისა, მაგრამ ახლა, როცა ერთგვარად ვაჯამებთ მის მიერ განვლილ გზას, გაოცება გვეუფლება.~
(ნ.გაფრინდაშვილი, ბ.გურგენიძე. `უანგარო მოღვაწე~. `ცისკარი~, 1984, #9.)

`დღეს ბავშვებთან მოღვაწე მწვრთნელთა შორის იდეალად შოთა ინწკირველი მიმაჩნია. მან ნორჩებთან მუშაობის ყველა `საიდუმლეობა~ იცის.~
(ნონა გაფრინდაშვილი. `მხოლოდ პატიოსნებას მოვითხოვ~. `ლელო~, 1989. 26.09.)

`დიახ, ასეთია იგი – შოთა ინწკირველი, გამოცდილი უღალატო პედაგოგი და ადამიანი: კაცი რომელსაც ცხოვრების მოწოდებად სამშობლოს, ერის სამსახურია ყველაზე დიდი ამქვეყნიური ბედნიერება.~
(ნ.ავალიანი. `დიდი ამქვეყნიური ბედნიერება~. `პიონერი~, 1989, #3.)

`თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას ქართული ჭადრაკის ამაგდარი, ეს უპირველესად ბატონ შოთა ინწკირველზე ითქმის. მისთვის არაფერი არ არსებობდა თავისი მოსწავლეებისა და ჭადრაკის გარდა. ის ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობდა, ხშირად საკუთარი ჯამრთელობის ფასადაც. შოთა მასწავლებელთან მეორეთანრიგოსანი მივედი – პირველი, რაც მან გააკეთა იყო ჩემი თანრიგის გაუქმება, ყველაფერი თავიდან დაიწყო. მე მასთან მუშაობაში მივხვდი, თუ რაოდენ ძნელი ყოფილა ნამდვილი ჭადრაკის თამაში, რა ენერგია, რა ძალისხმევა სჭირდება თურმე მას. შოთა მასწავლებელს თავად შეეძლო შეექმნა მეტად საინტერესო შემოქმედებითი ატმოსფერო. მისი ყოველი გაკვეთილი რაღაც ახალს მმატებდა და ვთვლიდი, რომ თუ რამეს მივაღწიე საჭადრაკო პრაქტიკაში, ეს მისი დამსახურებაა. მას მთელი ცხოვრების მანძილზე არავითარი სიმდიდრე არ შეუქმნია. მისი სიმდიდრე ჩვენ, მისი მოსწავლეები ვიყავით. მასთან ჭადრაკის გარდა არაფერი გვახსოვდა~.
ნინო გურიელი.

`საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი შოთა ინწკირველი, შეიძლება ითქვას, ჩემი უპირველესი მასწავლებელი და მწვრთნელია, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მოჭადრაკედ ჩემს ჩამოყალიბებაში. ჩემი არა ერთი კოლეგა, დღეს სახელმოხვეჭილი მოჭადრაკეები, უმადლიან ბედს, რომ მათი აღმზრდელი და გზაზე დამყენებელი იყო შოთა მასწავლებელი~. ნანა იოსელიანი.

`ჩვენი წარმატება უპირველესად ჩვენი მწვრთნელის, ძვირფასი შოთა ინწკირველის დამსახურებაა. მისი მეშვეობით მე გადავაბიჯე პირველ დაბრკოლებებს~.
ქეთევან კახიანი.

შოთა ინწკირველის 60 წლის თავზე `თვალი პატიოსნის~ ავტორმა – გურამ ფანჯიკიძემ თქვა: `მე დიდ პატივს ვცემ შოთა ინწკირველს, იგი შესანიშნავი აღმზრდელი და სპეციალისტია. თვითონ პედაგოგის ოჯახიდან ვარ და ვიცი რას ნიშნავს ერისათვის კარგი პედაგოგი. თანაც ისეთი სპეციალისტი, როგორც შოთა ინწკირველია. მინდა ვუთხრა მას, რომ იგი ის კაცია, საქართველოს, ქართველ ერს რომ სჭირდება~.

პროფესორი ავთანდილ დაუშვილი – `ჩვენ ყველა პატივს ვცემთ, ყველას გვიყვარს ნონა გაფრინდაშვილი და ვიქტორ კუპრაძე, ნაზი კილასონია და ლექსო თორაძე, ასევე ძვირფასი და საყვარელი ადამიანია შოთა ინწკირველი. მართლაც რომ უანგარო აღმზრდელი და დიდი პატრიოტია იგი.~

შოთა ინწკირველს სალაღობო სტრიქონები მიუძღვნა პოეტმა ზაურ ბოლქვაძემაც

საქართველოს და ჭადრაკს იფიცებს,
ფიცილში აქსოვს გურულ სიფიცხეს!
ტყუილს, სიყალბეს ებრძვის იცილებს!
შემოდგომაზე ითვლის წიწილებს!..
ნაღდი მწვრთნელია! ნაღდად ვიცი მე,
რომ მომავალშიც ნაღდად იბრწყინებს!
უნიკალური ამკობს სიწმინდე!.
თან გადჰყვება კაცს, რა მისჭირდეს!
ვისაც გეხებათ, ყველამ ისმინეთ:
კუთვნილისათვის სანამ იცდიდეს?!
გულგრილობისგან შორს დაიჭირეთ,
ნუ შეიწირავთ შოთა ინწკირველს!..
და გწამდეთ, კვლავაც არ გაგაწბილებთ! –
დიდოსტატებად გაზრდის ყმაწვილებს!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 88
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 83
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 82
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 82
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 81
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…