მწვანე ალტერნატივას კომენტარები და შენიშვნები „ბარამიძე ჰესის“ მშენებლობის და ქსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშსა და ანგარიშის განხილვის პროცესზე

2021 წლის 12 თებერვალს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ს ვებ-გვერდზე საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნდა მდ. ბარამიძისწყალზე 7.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ბარამიძე ჰესის“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში. დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელია სს „სუფსა ენერჯი“. სკოპინგის ანგარიშის ავტორია –

GAMA Consulting

შპს „გამა კონსალტინგი“.

საჯარო განხილვა

მიუხედავად იმისა, 2021 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შეხვედრების ჩატარებაზე პანდემიით გამოწვეული შეზღუდვა 1 მარტიდან მოიხსნა, 2021 წლის 2 მარტს „ბარამიძე ჰესის“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი სკოპინგის ანგარის განხილვა ონლაინ ჩატარდა.

საჯარო განხილვის არაერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ განხილვაში მონაწილეობის მსურველთა დიდმა ნაწილმა ვერ შეძლო განხილვაზე დასწრება შესაბამისი ტექნიკის (კომპიუტერის ან სმარტფონის) და/ან ინტერნეტზე წვდომის არ ქონის გამო. ასევე, აღნინიშნა, რომ თუნდაც ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის პირობებში ქაღალდზე ამობეჭდილი ინფორმაცია საჯარო განხილვაში მონაწილების მისაღებად სრულიად უსარგებლო იყო.

მომხმარებელთათვის სამინისტროს სრულიად უხილავ განყოფილებაში ინფორმაციის განთავსება არ შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციის გავრცელებად. ისევე როგორც, ქაღალდზე ამობეჭდილი უგრძესი ინტერნეტ ბმულის ხეზე გაკვრა.

არ არსებობდა არავითარი ალტერნატივა ადამიანებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ ინტერნეტზე ან შესაბამის ტექნიკაზე წვდომა;

განხილვის დროს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ სოფელ სურებში გამოირთო ელექტროენერგია. მსგავსად, რამდენიმე თვის წინ, სოფელ ვაკიჯვარი ანალოგიური საჯარო განხილვის დროს გამოირთო ელექტროენერგია. სოფელ სურების მცხოვრებნი სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვაზე მონაწილეობისათვის იძულებული იყვნენ ჩასულიყვნენ ჩოხატაურში და მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზით ესარგებლათ;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან საჯარო განხილვაში მონაწილეობის მსურველთა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო დარბაზში შეცვლა და შეხვედრაში ჩართვა. მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ 10 მოქალაქეს მისცა შენობაში შესვლის უფლება, რამაც მოქალაქეების გულისწყრომა გამოიწვია, რადგან მათი განმარტებით საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, 30-40 ადამიანი ესწრება;

საჯარო განხილვაში მონაწილე პირების ნაწილი არ იყო იდენტიფიცირებადი;

სამინისტროს წარმომადგენელს არასწორი წარმოდგენა ჰქონდა პროცესში საკუთარი როლის შესახებ, ხშირად არ ჰქონდა პასუხი განსახილველ დოკუმენტთან დაკავშირებით, რაც მთავრია არ ჰქონდა თავად განსახილველი დოკუმენტი;

კომპანიის წარმომადგენელი ერთვებოდა საუბარში როცა მოესურვებოდა, აწყვეტინებდა საუბარს და ეკამათებოდა გამომსვლელებს უხეში ტონით, ზოგჯერ ხმის ამაღლებით, რასაც არ მოჰყოლია სამინსიტროს წარმომადგენლის რეაგირება;

შეხვედრაზე არაერთხელ გაჟღერდა კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეებზე ზეგავლენის არაერთი ფაქტი. რამდენიმე ადამიანმა თავად მოყვა კომპანიის მხრიდან მათ მიმართ გაწეული მატერიალური „დახმარების“ შესახებ და ღიად დააფიქსირა, რომ ამის გამო პროექტს უჭერდა მხარს;

კომპანიის წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ კომპანია მზად იყო თავად დაეფარა სოფლის მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯი და შეესყიდა მაცხოვრებლების მიერ შექმნილი სხვადასხვა პროდუქცია; ასევე კომპანია დაასაქმებდა ყველა დასაქმების მსურველს. ჩვენს შეკითხვაზე თუ რატომ არ იყო ეს ვალდებულებები წარმოდგენილი განსახილველ დოკუმენტში სოციალური ზემოქმედების შესწავლისას, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩვენთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ ეს ვალდებულებები ასეთ დოკუმენტებში ვერ მოხდებოდა. ნათელია, წარმომადგენლის საჯარო განხილვაზე გაჟღერებული დაპირებები დაინტერესებული საზოგადოების აშკარა და დაუფარავი მოსყიდვისა და ზემოქმედების მცდელობა იყო და უნდა აღკვეთილიყო სამინისტროს წარმომადგენლის მიერ, რასაც ადგილი არ ჰქონია. საჯარო განხილვაზე ნათლად გამოიკვეთა, რომ კომპანიის მოქალაქეებთან არაკეთილსინდისიერი ფორმებით ურთიერთობის შედეგად ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაში უკვე შექმნილია კონფლიქტური სიტუაცია;

საჯარო განხილვაზე ასევე გაჟღერდა მოქალაქეების მიმართ მუქარის ფაქტების არსებობის შესახებ, რაც მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების საგანი უნდა გახდეს.

რაც მთავრია, ვადების დაცვის საბაბით მოხსნილი შეზღუდვების პირობებში შეხვედრის ონლაინ ჩატარება საზოგადოების სათანადო მონაწილეობის მიზანმიმართული შეზღუდვაა და არ შეიძლევა ჩაითვალოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საკმარის საფუძვლად.

დანაწევრებული საქმიანობა

წარმოდგენილ სკოპინგის ანგარიშში საქმიანობად განხილულია მხოლოდ ჰიდროელექტროსადგური. ნათელია, რომ მაღალი ძაბვის ელ. გადამცემი ხაზი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციის განუყოფელი ნაწილია. საქმიანობა ხელოვნურად არის დანაწევრებული და მთლიანი პროექტის ზემოქმედება მიზანმიმართულად შემცირებული.

ვთვლით, რომ დაუშვებელია პროექტის მსგავსი დანაწევრება და წარმოდგენილ საქმიანობას მხოლოდ ამ მიზეზით უარი უნდა ეთქვას სკოპინგის დასკვნის გაცემაზე.

კუმულაციური ზემოქმედება

პროექტის განმახორციელებელს და მის კონსულტანტს არასწორად ესმის კუმულაციური ზემოქმედების არსი/ცნება. კუმულაციური ზემოქმედების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გარემოს მდგომარეობაზე და ბუნებრივ რესურსებზე მოსალოდნელ ცვლილებები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა სხვა მიმდინარე ან დამტკიცებულმა პროექტმა. პროექტის ავტორს და მის დაქირავებულ საკონსულტაციო კომპანიას მიაჩნიათ, რომ კუმულაციური ზემოქმედება მხოლოდ მსგავსი პროექტის (ჰესის) შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს. საჯარო განხილვაზე, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი, ასევე, არასწორად ესმის სამინისტროსაც.

ალტერნატივები

სკოპინგის წარმოდგენილი „არაქმედების ალტერნატივა“ არ შეესაბამება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ განმარტებას. უმოქმედობის (ნულოვანი) ალტერნატივა გულისხმობს საქმიანობის განუხორციელებლობის შემთხვევაში გარემოს არსებული მდგომარეობის ბუნებრივად განვითარების აღწერას, რომლის შეფასებაც შესაძლებელია არსებული ინფორმაციის გამოყენებით და მეცნიერულ ცოდნაზე დაყრდნობით.

ჰიდროლოგია და წყლის ხარჯი

სკოპინგის ანგარიშის თანახმად, „მდინარე ბარამიძისწყალი არ არის შესწავლილი ჰიდროლოგიური თვალსაზრისით. ამიტომ, მისი საშუალო წლიური ხარჯების სხვადასხვა უზრუნველყოფის სიდიდეები საპროექტო ჰესის სათავე ნაგებობის კვეთში, დადგენილია ანალოგის მეთოდით. ანალოგად აღებულია მდ. სუფსას მონაცემები ჰ/ს ჩოხატაურის კვეთში, რომელიც მდებარეობს საპროექტო უბნის სიახლოვეს. ეკოლოგიური ხარჯის ოდენობად განიხილება საშუალო წლიური ხარჯის (3.0 მ3/წმ) 10-დან 15%-მდე, რაც შეადგენს 0.30-0.45 მ3/წმ-ს. ნებისმიერ შემთხვევაში ეკოლოგიური ხარჯის ოდენობა მეტი იქნება 90%-იანი უზრუნველყოფის ბუნებრივ მინიმალურ ხარჯზე“.

წარმოდგენილი მიდგომა არ შეესაბამება ევროკავშირის წლის ჩარჩო დირექტივის მიდგომას და ეწინააღმდეგება საქართველოს დეკლარირებულ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებას გულისხმობს. განსახილველი დოკუმენტი ეყრდნობა სრულიად მოძველებულ, არარელევანტურ ჰიდროლოგიურ მონაცემებს. ანალოგიური შემთხვევების დროს ე.წ. „ანალოგის მეთოდის“ და 10%-იანი „სანიტარული ხარჯის“ გამოყენება არის სრულიად დაუსაბუთებელი და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. ამ მიდგომის გამოყენებით ბოლო წლებში ათეულობით პროექტი განხორციელდა, რასაც, ერთის მხრივ, უკვე აქვს თვალნათელი ეკოლოგიური პრობლემები (რამდენიმე კილომეტრზე მდინარის ეკოსისტემის კვდომა, ვიზუალური/ლანდშაფტის დაბინძურება, თევზების ჰაბიტატების და სამიგრაციო გზების განადგურება), ხოლო მეორეს მხრივ, ბოლო პერიოდში აშენებული ჰესების მიერ ელექტორენერგიის გამომუშავების დონე საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით დაგეგმილ ენერგეტიკულ სარგებლიანობაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

ბიომრავალფეროვნების საკითხები

სკოპინგის ანგარიშში რამდენჯერმე ნახსენებია, რომ კვლევები ჩატარდა 2018 წელს მომზადებული გზშ-ს ფარგლებში. გაუგებარია, რა დოკუმენტზეა საუბარი, რომელი პროქტის გზშ მომზადდა 2018 წელს. ზოგ ადგილას საუბარია მდინარე ბარამიძის წყალზე, ზოგან – მდინარე სუფსაზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ წინამდებარე სკოპინგის ანგარიშის მოსამზადებლად არანაირი კვლევა არ არის ჩატარებული და სკოპინგის ანგარიშის ტექსტი წარმოადგენს სხვადასხვა დოკუმენტის კომპილაციას.

წარმოდგენილი სახით და დიზაინით პროექტის განხორციელება სულ მცირე ცხოველთა ორ სახეობაზე – Lutra lutra (წავი) და Salmo fario labrax (შავი ზღვის ორაგული ან კალმახი) გამოიწვევს იმგვარ ზემოქმედებას, რომელიც აკრძალულია „წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით. ამასთან ერთად, მდინარის დაშრეტის, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისა და სხვა ანთროპოგენული ჩარევის შედეგად ვიზუალურ-ლანდშაფტური დაბინძურების ხასიათი და მოცულობა იქნება მიუღებელი, შეუძლებელი იქნება გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენცია და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ სკოპინგის ეტაპზე უარი ითქვას საქმიანობის განხორციელებაზე „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

შენიშვნების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე

http://greenalt.org/ga_comments_baramidzehpp_scoping/

 

მსგავსი სტატიები

  • 84
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 84
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 78
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 73
    ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო ცხემლისხიდში  გუშინ, 12 სექტემბერს, სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ მუზეუმში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით პოეტ ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. „ძალიან რომანტიული სამყარო იყო და სასიამოვნო გარემო... ქართული სულით გაჟღენთილი ლექსი და სიმღერა... ძლივს მოვისმინე ქართული მხატვრული კითხვა... ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც ძალიან, ძალიან გვაკლია და გვენატრება ყველას“…
  • 72
    თამაზ კილაძე – როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ვლადიმერ მენაბდე „მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ  და მეღორეობას ან კიდევ…