ერთი დღე სოფელ შრომაში
საქართველოში რამდენიმე სოფელი ვიცი, რომელსაც შრომა ჰქვია. სახელწოდება, ალბათ, იქედან მომდინარეობს, რომ ამ სოფლებში შრომითა და გარჯით გამორჩეული ხალხი ცხოვრობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომა თავის სეხნია სოფლებს საგრძნობლად აღემატება როგორც ტერიტორიით, ისე მოსახლეობის რაოდენობით.
ზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის სოფლები: თვით შრომა, ორმეთი, ზედუბანი, ვაკე, მოცვნარი და ხრიალეთი. კომლების საერთო რაოდენობა 1450-ია, ოჯახებისა _ 1250.
გასული კვირის ხუთშაბათს, 10 ივნისს შრომაში ექსკურსი ამ სოფელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან, ბატონ კონსტანტინე ხომერიკთან ერთად, ჩირედან დავიწყეთ. ჩირე, რკინიგზის გადაღმა ურეკის მარჯვნივ მდებარე, შრომის საკმაოდ ვრცელი უბანია. აქ დღესდღეობით მეტად საინტერესო და აუცილებელი პროექტი ხორციელდება, კეთდება ურეკი-შრომა-ლანჩხუთის გზა, რომელიც მნიშვნელოვანწილად განტვირთავს ავტობანის ახლომდებარე მონაკვეთს, გარდა ამისა, ხელს შეუწყობს სხვადასხვა სტრუქტურის განვითარებას და, აქედან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შირე და აქ მშენებარე 2 კმ სიგრძის გზა კურორტ ურეკისა და სოფელ შრომის ხვალის პერსპექტივაა. საგზაო სამუშაოებს შპს „პალადა“ აწარმოებს, სამუშაოთა მწარმოებელი მამუკა ორაგველიძე გახლავთ.
როგორც კონსტანტინე ხომერიკმა გვითხრა, არანაკლებ მიშვნელოვანია მეორე საგზაო პროექტი _ ურეკი-ეკალდიდი-დონაურის ბეტონის გზა, რომლის მშენებლობა ბოლო ეტაპზეა 6,032 კმ სიგრძის ბეტონის გზის მშენებლობისთვის პროექტის მიხედვით 2 მილიონ 357 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. საგზაო სამუშაოთა მწარმოებელია შპს `გუგა~ (დირექტორი _ შოთა მჟავანაძე, მთავარი ინჟინერი _ კარლო გობრონიძე).
შრომა იმდენად ვრცელი სოფელია, რომ მხოლოდ შიდა გზების ჯამური სიგრძე 200 კილომეტრს აღემაღება, ამაში არ შედის საპლანტაციო გზები.
ბოლო 2-3 წელიწადში 10 კილომეტრი სიგრძის ბეტონის გზა დავაგეთ, პირადად მეც ფიზიკურად ვმონაწილეობდი ამ სამუშაოებში. ვერ ვიტყვი, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაგრძელება ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანად მიმაჩნია~“ _ გვითხრა კონსტანტინე ხომერიკმა.
ეკალდიდში, სადაც ასამდე კომლი ცხოვრობს, სექტემბრიდან სკოლის ახალ შენობაში განახლდება სასწავლო პროცესი. მანამდე კი ეს საბაზო სკოლა შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.
სოფელში მთლიანად გაყვანილია ბუნებრივი აირის მილები. ვაკეში, ორმეთსა და ზედუბანში.
ორ-სამ დღეში დაიწყება აირის ოჯახებში შეყვანა, დამონტაჟება და აბონენტირება.
ხრიალეთში გაკეთდა ჭაბურღილი. იმ მარაგის წყალი ამოვიდა, რომ 150-მდე ოჯახს უზრუნველყოფს სასმელი წყლით, ჯერჯერობით არ არის ჩართული. სოფლის ცენტრში გაკეთებული ჭაბურღილი კი უკვე ექსპუატაციაშია და სასმელი წყალი მიეწოდება სკოლასა და მიმდებარე ტერიტორიას.
შეღობილია სოფლის თორმეტივე სასაფლაო. ცუდი შედარებაა, მაგრამ მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი საერთო ფართით, თურმე ნაკლებია ამ სასაფლაოებზე.
გადაიხურა კულტურის სახლი, რითაც ფაქტობრივად გადარჩა ეს შენობა და მასში განთავსებული ღირებულებანი. ახლა მთავარია, როგორმე გამოიძებნოს სახსრები როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.
რაც შეეხება სოფლის ადმინისტრაციულ შენობას _ იშვიათ არქიტექტურულ ქმნილებას, მის სარესტავრაციოდ ვინმეს კეთილი ნების იმედზე არ უნდა ვიყოთ. სახელმწიფომ, შესაბამისმა სამინისტრომ იგი უნდა ჩასვას სასწრაფოდ სარესტავრაციო უნიკალურ ნაგებობათა ნუსხაში.
შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ნომერ პირველ პრობლემად გზები და სასმელი წყალი რჩება.
კონსტანტინე ხომერიკის თქმით, ერთ თვეში დაიწყება წლევანდელი სოფლის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება, გაკეთდება ორი მოსაცდელი, გადაიხურება საჭიდაო დარბაზი, მოწესრიგდება შიდა გზები _ დაიგება ბეტონი.
რამდენიმე სიტყვით ჩაისა და ციტრუსოვნების შესახებ. ჩაიმ კარგა ხანია შრომაში ჩაილურის წყალი დალია, ციტრუსიც მის ბედს გაიზიარებს თუ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ქმედითი ღონისძება არ გატარდა. შარშან შრომელებმა თითქმის მთლიანად იზარალეს მანდარინის მოწეული მოსავალი, რადგან ვერ მოახერხეს მისი რეალიზება. კონსტანტინე ხომერიკის აზრით, მუნიციპალიტეტში აუცილებლად უნდა მოქმედებდეს ხილის გადამამუშავებელი საწარმოები, მათ შორის მინიმუმ ერთი ასეთი საწარმო შრომაშიც უნდა იყოს.
სახარბიელო მდგომარეობა ვერც ერთწლიანი კულტურების სავარგულებშია, 380 ჰექტარი სახნავ-სათესიდან დათესილია მხოლოდ 70 ჰექტარი და ამის უპირველესი მიზეზი უტრაქტორობაა. სოფელში კი არა, მთლიანად მუნიციპალიტეტში სახნავ- სათესი ტექნიკის დიდი დეფიციტია, რის გამოც მოსახლეობა უყანოდ და შემოდგომა-ზამთრისთვის უსიმინდოდ რჩება. უსიმინდო სოფელი კი დამშეულია, მეტადრე დასავლეთ საქართველოში.
მოკლე ექსკურსის შემდეგ, სოფლის ცენტრში იმ დროს მივედით, როცა საჭიდაო დარბაზში ახალდაწყებული იყო იური ხომერიკის ხსოვნის ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის 2008-2010 წლებში დაბადებული მოჭიდავეები.
მოუცლელობის მიუხედავად, სოფელ შრომის ჭიდაობის სექციის ხელმძღვანელმა ბატონმა გურამ აბაშიძემ რამდენიმე წუთი მაინც გამონახა ჩვენთან სასაუბროდ:
„იური ხომერიკი ასევე შრომელი მოჭიდავისა და მწვრთნელის შაქრო ტუღუშის აღზრდილია. ბატონი იურის წარმატებები საყოველთაოდ ცნობილია, როგორც რესპუბლიკურ, ისე ყოფილ საკავშირო ჩემპიონატებსა და სხვადასხვა ტურნირებში. ტურნირი ტრადიციულია და ყოველწლიურად მაღალ დონეზე ტარდება. მხოლოდ შარშან არ ჩატარებულა ქვეყანაში არსებული კოვიდ-პანდემიის გამო. წლევანდელი ტურნირი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, საკმაოდ წარმომადგენლობითია, მასში მონაწილეობენ ხაშურის, ჭიათურის, ბორჯომის, ბაღდათის, ქუთაისის, ლანჩხუთის, ხობის, ფოთის ხულოს, ბათუმის გუნდები. ოზურგეთს ამ ტურნირში ძირითადად შრომელი მოჭიდავეები წარმოადგენენ. სტუმარი გუნდები დაბინავებულია კურორტ ურეკის სასტუმროებში. ფინალური ორთაბრძოლები ხვალ გაიმართება. ვეცდებით, ღირსეულად გამოვიდეთ“.
გამომშვიდობებისას კონსტანტინე ხომერიკმა გვითხრა, რომ სოფლის ყველა პრობლემას ერთობლივად განიხილავენ ის და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭაკნელიძე, რასაკვირველია, მოსახლეობის ჩართულობით. ერთობლივად მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე. ასევე ისაუბრა თავის თანაშემწეებზე კახა ქადეიშვილზე, კოტე ბოლქვაძესა და იონა მამფორიაზე. განსაკუთრებით აღნიშნა კახა ქადეიშვილის ღვაწლი, რომელსაც სოფლად ორგანიზებული მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
წარმატებები შრომას.
თემურ მარშანიშვილი

მსგავსი სტატიები

  • 88
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 83
    „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…
  • 82
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 82
    ფესტივალის მერვე დღე _„ცის კარი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მერვე დღეს მაყურებელმა ორი წარმოდგენა იხილა. მაყურებელმა გაიცნო ბრაგის თეატრალური კომპანია სპექტაკლით „ცის კარი“ (რეჟისორი- ელენე მაცხონაშვილი) და თავისუფალი თეატრი სპექტაკლით „სამანიშვილის დედი(ს) ნაცვალი“. საგულისხმოა, რომ ორივე სპექტაკლში ასახულია რეჟისორების განსხვავებული ხედვა და ინტერპრეტაციები. „ცის კარი“ ფესტივალის ფარგლებში ბრაგის თეატრალური კომპანიის სპექტაკლის სანახავად ჩოხატაურის კულტურის…
  • 82
    ბახვი 2 ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვა ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერთან, დავით კობერიძესთან _ბატონო დავით, როგორ დაახასიათებთ ჰიდროენერგეტიკას და არის თუ არა ის მწვანე ენერგიის წყარო? _ ჰიდროენერგეტიკა არამც თუ მწვანე და განახლებადი ენერგიის რესურსია, არამედ ქარისა და მზის სადგურებისგან განსხვავებით სტაბილური ენერგიის წყაროა. ქარისა და მზის სადგურების მუშაობა მეტწილად დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე…