საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა.
„2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ.
13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ სწორედ საქართველოში განახორციელა სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შელახვის აგრესიული პოლიტიკის აპრობირება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია საქართველოში საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გზით და კიბერთავდასხმებით ისევე, როგორც ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, მათი დე ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები და საოკუპაციო ხაზზე გააქტიურებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი უხეშად ლახავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.
13 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერდიქტი გამოუტანა საქართველოში რუსეთის ძალისმიერ შემოჭრას და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს რეგიონებში -_აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, ეკისრება პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა და მუხლების დარღვევაში. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ისეთ მძიმე დანაშაულებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვაში, როგორიცაა: მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების მკვლელობა და სიცოცხლის უფლების ხელყოფა; მათი წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა; ეთნიკური წმენდა და ქართული სოფლების გადაწვა, გაძარცვა და განადგურება; ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა; მიმოსვლის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და საკუთრების უფლების დარღვევა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულვებელყოფით და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით აგრძელებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე“,_აღნიშნავენ უწყებაში.
ამასთან, როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება და დაუშვას ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების განლაგება.
„რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და მიზანმიმართულად უშლის ხელს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად ძალისმიერი გზით გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოვილების დაბრუნებას საკუთარ სახლებში. მსგავსი აგრესიული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და მუქარას ძალის გამოყენებით და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების აქტიური გამოყენებით ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას.
ამ ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, ინტენსიური სახე აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, აკრძალულია მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღება და გალისა და ახალგორის მაცხოვრებლებს უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახდა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში. ამასთან, ძლიერდება დაუსჯელობის სინდრომი ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით, რაც წახალისებულია საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების _ დ.ბაშარულის, გ.ოთხოზორიასა და ა.ტატუნაშვილის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების შეფერხებით.
არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ტრანსფორმაციის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და დევნილების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებისაკენ; ხოლო, მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საქართველოს მოსახლეობის შერიგებისა და მათ შორის ნდობის აღდგენისაკენ. საქართველო სრულად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მან ცალმხრივად არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულების ერთგულება, რუსეთის მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში. პარალელურად, საქართველოს მთავრობა დგამს აქტიურ ნაბიჯებს ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ჩართულობისა და ურთიერთობების გასაღრმავებლად და აგრძელებს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ” სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაარსა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის” შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რათა ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის წარმართვის გზით განახორციელოს უფრო ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა. ჩვენ მზად ვართ, ფართო დიალოგისთვის, რომ აფხაზ და ოს საზოგადოებებთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი საერთო მომავალი და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანაცხოვრება თანამედროვე, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც მიმზიდველი იქნება აფხაზი და ოსი საზოგადოებებისთვის და სადაც თანაბრად იქნება დაცული მათი უფლებები და თავისუფლებები.
ამ პროცესში საქართველო დიდად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ძალისხმევა განახორციელოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესში, ხელი შეუწყოს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველყოფას და სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის განგრძობით აგრესიულ პოლიტიკას ფართო შავი ზღვის რეგიონში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს“,_ აღნიშნავენ უწყებაში.
მსგავსი სტატიები
- 100„ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და EU გაწევრიანებისკენ“, – ამბობს აშშ-ის საელჩო თავის განცხადებაში, რომლითაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიური უწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო, მმართველ პარტიას მწვავედ აკრიტიკებს. გთავაზობთ აშშ საელჩოს განცხადებას: „გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის…
- 100ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ მიზანიმართულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომლის სამიზნე მათ შორის აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც გახდა და მივიჩნევთ, რომ ამ კამპანიის ამოცანა ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების დაზიანება და ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივის შეფერხებაა. 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინას თავს დაესხა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა…
- 94საზღვარგარეთ, ხშირად გაიგებთ ქართველების პროტესტს, რომ მსოფლიო, საქართველოს, შესაბამისად და იმ საუკეთესო კუთხით არ იცნობს, რომლითაც იმსახურებს. ქართველები ამაში ვადანაშაულებთ ყველას - დაწყებული სახელმწიფოდან, დამთავრებული უცხო ქვეყნის რიგითი მოქალაქით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს. არადა, დამეთანხმებით, საქართველოს, მსოფლიოსთვის მოსაყოლიც ბევრი აქვს და ბევრიც შეუძლია ასწავლოს. თუ უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი…
- 93ნარუჯის საჯარო სკოლამ წარმატებით გაიარა სხვადასხვა ეტაპი, მათ შორის, ბიომრავალფეროვნებისა და მყარი ნარჩენების მიმართულებით. ეს არის პირველი, წარმატებული შედეგი და შესაძლებლობა, საქართველო გაჩნდეს ეკოსკოლების მსოფლიო რუკაზე, სადაც აღნიშნულ პროგრამაში გაერთიანებული, გარემოსდაცვითი განათლების ფონდის 80-ზე მეტი წევრი ქვეყანა არის წარმოდგენილი. დღეს, ოზურგეთის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ, სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული…
- 932021 წლის 15 ნოემბერს ევროპის პარლამენტის 2019-2024 წლის მოწვევის პარლამენტარებმა, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ მარინა კალჯურანდმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა სვენ მიქსერმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის როლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი…