ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი ერთ-ერთი წარმატებული თეატრია საქართველოში, რომლის წინაპირობა კარგი კოლექტივია. ისინი არა მარტო კარგ სპექტაკლებს უჩვენებენ ბავშვებს, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალებზე იმარჯვებენ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურობენ და ქველმოქმედნიც არიან. პრობლემა _ დაუმთავრებელი დარბაზია, რის გამოც მათ სპექტაკლების ჩვენება მცირე დარბაზში უწევთ. გასულ კვირას სპექტაკლის „ძია ჯამბაზი და წრუწუნა მიციკი“დასრულების შემდეგ თეატრში მოღვაწე მსახიობ ქალბატონებს შევხდით:
მარი ქილიფთარი: _ გაზაფხულის შემობრძანებას გილოცავთ. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა დედას, ქალს, რადგან პირველ რიგში ვარ დედა, შვილი, მეუღლე და მეგობარი.
14 წელია ვმუშაობ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში, რომელიც ჩემთვის მეორე ოჯახია და აქ თავს განსაკუთრებულად კარგად ვგრძნობ.
ძალიან მიყვარს ბავშვები, ალბათ ეს არის ფაქტორი იმისა, რომ კარგად გამომდის მათთან ურთიერთობა და ამიტომაც ავირჩიე მსახიობის პროფესია. ამაში ოჯახსაც რომ არ შეეწყო ხელი, დღეს ვერ ვიქნებოდი ჩამოყალიბებული ჩემს სფეროში.
მიუხედავად ანაზღაურების ოდენობისა, დამოუკიდებლად ვაკეთებთ ქველმოქმედებას. ეს არის ტრადიცია და მას საახალწლოდ და სხვა დღესასწაულებზე ვაკეთებთ. ვეხმარებით მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს _ერთმანეთის დახმარებით ხომ ყველა სირთულის დაძლევას შევძლებთ.
მინდა შევეხო თუ რა რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. მცირე დარბაზის გამო, მშობელს ბავშვის სახლში დაბრუნება უწევს. ეს ძალიან მოქმედებს ჩვენზე.
თუკი გვექნება კარგი გარემო, დიდი დარბაზი იმისათვის, რომ არც ერთი ბავშვი სახლში გულდაწყვეტილი არ წავიდეს, რადგან ისინი ყველაზე საუკეთესოს იმსახურებენ.
ელენე კვარაცელია: _ თოჯინების თეატრი ჩემთვის ის ადგილია, სადაც ყოველთვის იმას ვპოულობ, რაც მინდა. თეატრი გაძლევს შესაძლებლობას, რომ დაუსრულებლად გაზარდო შენი შემოქმედებითი პოტენციალი. ჩვენს და იმ პატარა მაყურებლებს შორის არის ჯაჭვი, რომლის გაწყვეტის უფლება არ გვაქვს. ყოველი სპექტაკლის წინ, ისე ვნერვიულობ, რომ მგონია, საცაა გული „გამისკდება“ და მოვკვდები, მაგრამ ეს სრულდება, როგორც კი სცენაზე გადიხარ და გესმის შეძახილები: „არა,“ „იქით წავიდა,“„ხელი არ ახლო“ და ა.შ.ეს არის ის მუხტი და ძალა, რაც გაძლევს საშუალბას, არ გაჩერდზე.
მარიმ ილაპარაკა და მეც ვიტყვი, რომ 32-ადგილიანი დარბაზი ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვების სურვილს, დაესწრონ სპექტაკლებს, არ აკმაყოფილებენ.
მუდმივად მიდგას ოჯახი მხარში: მეუღლე, 12 წლის მერაბიკო და 4 წლის ნიცა, რომელსაც ძალიან მოსწონს ჩვენი თოჯინური სპექტაკლები.
მე ვარ ძლიერი ქალი და ვამაყობ ამით!
ნინო გაგუა: _ დავამთავრე მედეა ჩახავას სახელობის კინოსა და თეატრის აკადემია და 13 წელია ოზურგეთის თოჯინების თეარის სცენაზე ვდგავარ. მომავალი თაობის ბავშვობის გალამაზებას, შემეცნებით აღზრდას ვემსახურები. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო პატარა მაყურებლის გულწრფელი ემოცია და აპლოდისმენტია, რაც სტიმულს მაძლევს მეტად დავიხარჯო სცენაზე.ნორჩ მაყურებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ დარბაზის პრობლემა გვაქვს. დაწყებულია ახალი დარბაზის სარემონტო სამუშაოები, რომლის დასრულებას უკვე 2 წელია ველოდებით. მისი დასრულების შემდეგ შევძლებთ სრულფასოვან გარემოში ვუმასპინძლოთ პატარა მაყურებლებს და სპექტაკლებს ხარისხი აღარ დაეკარგება.
მყავს მეუღლე და ორი შვილი. ისინი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. ძალიან რთულია ერთმანეთს შეუთავსო პროფესია და ოჯახი, მაგრამ ორთავე ჰაერივით მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვცდილობ სირთულეების მიუხედავად ორივეს გავართვა თავი.
ჩემი აზრით, ყველა ადამიანი მაქსიმალურად რეალიზებული უნდა იყოს.როცა შენი საქმე გიყვარს, ყველაფერს შეძლებ.
ქეთევან კოპლატაძე: _ ჩოხატაურში დავიბადე და გავიზარდე. ვარ დაოჯახებული და ამჟამად ვცხოვრობ ოზურგეთში. მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი _4 წლის ივლიტა და ერთი წლის თამარი.
პროფესიით მსახიობი ვარ და ვმუშაობს ოზურგეთის თეატრში. ძალიან მიყვარს ჩემი თეატრი, ის როლები, რომლებიც მე შევასრულე. ისევე როგორც ჩემს შვილებს, ვცდილობ თეატრში მოსულ ბავშვებს ჩემი როლებით შევასწავლოთ და დავანახვოთ რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა სიკეთე და რა ბოროტება. ვასწავლით, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტზე.ამის საშუალებას თეატრის მდიდარი რეპერტუარიც იძლევა.
თეატრში მოსული ყველა ბავშვისთვის საკმარისი ადგილი არ არის, მაგრამ ისინი ფეხზე დამდგარი, თვალებგაბრწყინებული, მაინც შესცქერიან სცენას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება სასიკეთოდ.
გაზეთი „ალიონი,“9 მარტი, 2023 წ.
მსგავსი სტატიები
- 100დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა. _აჯობებს…
- 100დაბა და სოფელი (მოწერილი ამბავი) გურია,10 მაისი. ნათქვამია „დიდი ლხენაა ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ…
- 100გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის…
- 100ბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე, განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის…
- 100ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 5 ივლისს, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის, რიგით მეოთხე თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. 15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის თეატრის სხვადასხვა სცენა და ჩოხარაურის თეატრი 26 სპექტაკლს უმასპინძლებს ჩვენი ქვეყნის, თუ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან. საპატიო სტუმრები სტუმრობენ ოზურგეთს. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტის…