საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე დაასახელა ის სფეროები, სადაც დასაქმებულებს მომავალი წლიდან ხელფასები გაეზრდებათ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული.
„ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ.
470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას.
რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, გამოყოფილია 350 მილიონი ლარი, მაღალი ტემპებით წავა მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 225 მილიონი ლარი მიემართება. ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან გაიზრდება პენსიაც.
„2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი.
ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი. ახლა არის 415 ლარი და მაღალმთიან დასახლებებში – 500 ლარამდე.
ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის რეალური შედეგი. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.