წელს გაზაფხულზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, სახელმწიფოს მხარდაჭერით სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივ „ულეველას“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა და პირველი პროდუქციაც შესთავაზა მომხმარებელს.
გახსნის ცერემონიალს რეგიონის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ხუცაიძე ესწრებოდა, რომელიც კონსულტაციას უწევდა კოოპერატივის წევრებს მთელი ამ ხნის განმავლობაში.. (გაზეთი „ალიონი“, #12, 25 მაისი, 2023 წ.)
სამწუხაროდ, „ულეველას“ რძის გადამამუშავებელი საწარმომ მალევე შეწყვიტა მუშაობა, რადგან ვერ შეძლეს რძის გადამზიდი, 500 ლიტრიანი „პიკაპის“ შეძენა, რაც აუცილებელი გახლავთ საწარმოს მუშაობისა და HACCP -ის სისტემის მოთხოვნების შესასრულებლად, რომელიც დაიცავს მათ ბიზნესს, მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს და მომხმარებლებასაც. ამის ერთ-ერთი მიზეზი სს „ზოტი ჰიდროს“მიერ „ულეველასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობა იყო.
მოკლე ექსკურსს შემოგთავაზებთ „ულეველას“ ისტორიიდან, ამონარიდი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის მანანა მინდაძის „ალიონისათვის“ მიცემული ვრცელი კომენტარისაგან:
_ ჩვენთან სამსახურში, 10 წლის წინ, ასაკოვანი კაცი მოვიდა და გვითხრა: _ ჩვენი გადარჩენის საფუძველი, სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა იყოს. ჩვენ ზოტში უნდა შევქმნათ მნიშვნელოვანი საწარმო. მომეწონა მისი იდეა, შემართება და იმედიანი განწყობა. მას შემდეგ დაიწყო ვიზიტები, მცდელობები. გაჩნდა იდეა, კოოპერატივის შექმნისა. დავაკავშირეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 4 პროგრამაში მიიღო მონაწილეობა ბატონმა ნევრიზმა და მისმა გუნდმა.
პირველი ეტაპი: მაღალმთიან რეგიონებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სიმბოლურ ერთ ლარად უზუფრუქტით გადაეცათ 536 ჰექტარი სათიბ-საძოვარი; ამ პერიოდში გადაეცათ 5 ცალი ხელის მოტობლოკი, რომლის ღირებულების ნაწილი სააგენტოსთან ერთად ბენეფიციარებმაც გადაიხადეს. აღნიშნულ ტექნიკას ისინი სათიბ ფართობებში იყენებენ.
შემდეგ გადაეცათ 240 000 ლარის ღირებულების ტექნიკა (ტრაქტორი, გუთანი, ფარცხი, სათიბელა, თივის პრესის დამამზადებელი და მისაბმელი); მათ შორის თანხის 10% კოოპერატივმა გადაიხადა.
მეორე ეტაპი: რძის მწარმოებელი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა: სააგენტომ დაფარა 250 000 ლარი, კოოპერატივის გადასახდელი გახდა 100 000 ლარი, რაც იაფიანი კრედიტით იქნა განხორციელებული. მათ ააგეს რძის გადამამუშავებელი საწარმოს შენობა.
შემდეგი ეტაპი, ბრენდირება, შეფუთვა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემის დანერგვა;
კოოპერატივის 41 წევრი, კოოპერატივის მეპაიეა, გაერთიანებული ჰყავთ 200 ფური. წლის განმავლობაში, დაახლოებით 45 ტონა რძის გადამუშავებას გეგმავენ. გამოუშვებენ: სულგუნს, დაწნულ ყველს, იმერულ ყველს, ნადუღს, ნაღებს, პასტერიზებულ რძეს…
გაზეთ „ალიონთან“ ერთ-ერთმა მეპაიემ, დარიკო ჭელიძემ აღნიშნა, რომ მათ საწარმოში ძირითადად ქალები იყვნენ გაერთიანებული. რაც, მათივე წარმატების მომტანი იქნებოდა, თუმცა, იქვე საუბრობდნენ იმ სირთულეებზეც, რაც მაღალმთიანი სოფლის კლიმატს და რთულ რელიეფს უკავშირდება. რომ საქონელი მალე მთაში გაირეკებოდა, რძის გადმოსატანად კი, გზის შეკეთება და სპეციალური რძის სპეციალური ბიდონები იყო საჭირო.
გაზეთი „ალიონი“ ზაფხულის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა ზოტის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ულეველას“ გამგეობის თავმჯდომარე ნევრიზ მიქელაძეს, რომელიც იმედიანად იყო განყობილი, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაეხმარებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
ბატონი ნევრიზი ოზურგეთში ჩამოვიდა და გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში ვისაუბრეთ:
_ რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოპერატივების მხარდამჭერი პროგრამის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელს მანანა მინდაძეს.
ქალბატონმა ნინომ რძის საწარმოს მშენებლობისათვის გამოგვიძებნდა დამხმარე_სს „ზოტი ჰიდრო,“ (რომელიც მდინარე გუბაზეულზე ჰესების კასკადს აშენებს) და 2018წლის 14 დეკემბერს გავაფორმეთ სესხის ხელშეკრულება (სს „ზოტი ჰიდროდან“ ხელს ზურაბ გორდეზიანი აწერს), რომელშიც ვკითხულობთ: „ვინაიდან, სს „ზოტი ჰიდრო“ გურიის რეგიონის სოფელ ზოტის ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, კორპოტატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გეგმავს რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის დაფინანსებას, 10 წლით რკ „ულეველას“ მისცემს უპროცენტოდ 90 000 ლარს.
ხელშეკრულების თანახმად სესხის დაფარვის საშეღავათო პერიოდი 3 წელი იყო, რომლის შემდეგ შემუშავებული სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად ყოველკვარტალურად თანაბარწილად მოხდებოდა გადახდები.
სამწუხაროდ,სს „ზოტი ჰიდრომ“ სესხის ხელშეკრულების ვალდებულება არ შეასრულა. იძულებული გავხდით,რძის საწარმოს მშენებლობისათვის საქართველოს ბანკიდან აგვეღო 135 000 ლარი სესხი იმ იმედით, რომ სს „ზოტი ჰიდროს“ხელმძღვანელობა გადმოგვირიცხავდა დაპირებულ სესხს და აღებულ აგროსესხს დავხურავდით, მაგრამ ეს არ მოხერხდა და ახლა კი გვიჭირს ყოველთვიურად 1 500 ლარის გადახდა.
ნევრიზ მიქელაძე სხვა პრობლემეზეც გვესაუბრა:
_სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6 წლის წინ წელს არსიანის ქედთან, ბახმაროს მთების გაგრძელებაზე იჯარით გადმოგვეცა 538 ჰექტარი სათიბ-საძოვარი, რომელიც მხოლოდ ზაფხულობით 3 თვის განმავლობაში გამოიყენება.აქვეა ათასობით ჰექტარი სათიბ-საძოვარი, რომელზეც არასდროს ყოფილა გადასახადი.
სახელმწიფოს (საქ. მთავრობის დადგენილება #265, 29 მაისი, 2017 წ.) სათიბ-საძოვრებამდე უნდა გაეყვანა სამანქანე გრუნტის გზა, რაც არ გაკეთებულა. თავდაპირველად ჰექტარზე სიმბოლურად ვიხდიდით 1 ლარს, ხოლო შემდეგ გადასახადი 15 ლარი გახდა. მიწის აუთვისებლობის გამო გადახდა ვერ შევძელით და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მოგვივიდა შეტყობინება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ, რამაც 2 წელიწადში 17 778 ლარი შეადგინა. ამას პირგასამტეხლო 8 569 ლარიც დაემატა.
ყოველ წელს ქონების ეროვნულ სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს ვუგზავნით შეტყობინებებს, რომ საიჯარო ფართობს ვერ ვითვისებთ უგზოობის გამო.
ამ დღეებში კოოპერატივ „ულეველას“ გამგეობის წევრები და მეპაიეები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ ღია წერილით მიგვემართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისათვის, რომ იჯარის ქირის გადახდა აუთვისებელ სათიბ-საძოვრებზე იქნებოდა ტყუილი და დანაშაული სახელმწიფოს წინაშე.ამიტომ მას ვთხოვთ მოცემულ გადახდაზე გაგვეწიოს საგადასახადო შეღავათი და დაკისრებული ჯარიმისაგან გაგვათავისუფლონ., შემდეგ კი დაგვიწესონ საიჯარო დაბალი გადასახადი.
ნევრიზ მიქელაძე რძის გადამამაუშავებელი საწარმოში შექმნილ პრობლემებზეც გვესაუბრა:
_ წელს, 20 მაისს, ტელეკომპანია „იმედმა“ მთელ საქართველოს ამცნო, რომ სოფელ ზოტში გაიხსნა რძის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც კოოპერატივი „ულეველა“ყველა პირობების დაცვით, ნედლი მძისაგან დამზადებულ პროდუქციას მიაწვდიდა მაღაზიებს. მალე შეკვეთები მოგვივიდა ქუთაისიდან, ბათუმიდან, ქობულეთიდან, მაგრამ მუშაობა ვეღარ გავაგრძელეთ, რადგან მოსახლეობა მთაში საზაფხულო საძოვრებზე წავიდა და რძის საზიდი ავტოცისტერნის უქონლობის გამო, რძის ჩამოტანა მთიდან ვერ შევძელით. მთა კიდობანამდე, სადაც ძირითადაა ზოტელი მემთეურები 17-18 კილომეტრი მანძილია.
ბანკის ვალების, სს „ზოტი ჰიდროს“მიერ ჩვენთან გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ვერ შევძელით მეორადი „პიკაპის“ შეძენა, რომელსაც 500-ლიტრიანი სპეციალური ცისტერნა ექნებოდა.
ჩვენ არ ვართ უმადური ხალხი და ვაფასებთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებით დახმარებას, მაგრამ თუ საქმე შუა გზაზე გაჩერდა, ამაო იქნება გაწეული დახმარებაც და კოპერატივი დაიშლება.
ჩვენი გზა, რომელიც ახლა რეალურად მიდის ევროპისაკენ, ხელისუფლებისაგან მხარდაჭერასა და და დახმარებაზე დამოკიდებული _გვითხრა ნევრიზ მიქელაძემ.
გაზეთი „ალიონი“ #26, 14 ნომბერი, 2023 წ.
მსგავსი სტატიები
- 84დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 77საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…
- 76გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 75"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 75ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერთან, დავით კობერიძესთან _ბატონო დავით, როგორ დაახასიათებთ ჰიდროენერგეტიკას და არის თუ არა ის მწვანე ენერგიის წყარო? _ ჰიდროენერგეტიკა არამც თუ მწვანე და განახლებადი ენერგიის რესურსია, არამედ ქარისა და მზის სადგურებისგან განსხვავებით სტაბილური ენერგიის წყაროა. ქარისა და მზის სადგურების მუშაობა მეტწილად დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე…