დედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს.

ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებს შორის, რომლებიც დღესდღეობით თითქმის ყველა რეგიონში ფიქსირდება.

გამონაკლისი არც საქართველოა (იხილეთ: როგორ აისახება კლიმატის ცვლილება საქართველოზე).

კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი გაუდაბნოებაა, რაც ერთ დროს მცენარეული საფარით მდიდარი ხმელეთის სამუდამო დეგრადაციას ნიშნავს. გაეროს ინფორმაციით, მსგავსი პროცესები ამჟამად 30-35%-ითაა დაჩქარებული, რის გამოც დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი დღეს უკვე მშრალ მიწებზე ცხოვრობს. ნავარაუდებია, რომ 2030 წლისთვის მათგან 30 მილიონს, გაუსაძლისი პირობებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს.

გაუდაბნოებისა და ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ NEXT.On.ge-ს გეოგრაფი კახა ბახტაძე ესაუბრა, რომელიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის მწვანე და თეთრი წიგნების შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას.

_რა არის გაუდაბნოება და რა ფაქტორები განაპირობებს მას?

გაუდაბნოება არის პროცესი, როდესაც სხვადასხვა ფაქტორის გამო, როგორიცაა, მაგალითად, კლიმატის ცვლილება, საქონლის ჭარბი ძოვება და ტყეების განადგურება, ნაყოფიერი მიწა მშრალ, უდაბნოს მსგავს, რელიეფად გარდაიქმნება. გაუდაბნოება ძირითადად გვალვიან ადგილებში (არიდული, ნახევრად არიდული და სუბჰუმიდური ტერიტორიები) მიმდინარეობს, რომლებიც დედამიწის ხმელეთის დაახლოებით ნახევარს შეადგენს და იქ ერთ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

გაუდაბნოების პროცესზე ანთროპოგენური ზემოქმედებიდან აღსანიშნავია არამდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, ტყის უკონტროლო გაჩეხა, საძოვრების არამდგრადი მართვა, ხელოვნური ხანძრები, სამელიორაციო სისტემების მოშლა, პესტიციდებისა და ქიმიური სასუქების უკონტროლო გამოყენება, ქარსაფარი ზოლების გაჩეხა და სხვა. ასევე, დიდია ნიადაგის დანაკარგები მეორადი დაჭაობებისა და დამლაშების, სასარგებლო წიაღისეულისა და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების შედეგად.

_ როდის დაიწყო მსგავსი პროცესები საქართველოში და როგორი სიტუაციაა ახლა?

საბჭოთა პერიოდში არსებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და სოფლის ინდუსტრიულ მეურნეობაზე გადასვლამ ტყის, ჭარბტენიანი და აგრარული ეკოსისტემების სერიოზული დეგრადაცია და მიწის რესურსების კარგვა გამოიწვია.

კლიმატის ცვლილებითა (მომატებული ტემპერატურა, გვალვა, ძლიერი ქარები და ა.შ) და ეკონომიკური ფაქტორებით (სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები, ირიგაცია, მოპოვებითი სამუშაოები) განპირობებული გაუდაბნოება საქართველოში ნახევრად არიდული და არიდული ტერიტორიების გაფართოებას იწვევს.

ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების ერთ-ერთი შედეგი ნიადაგის ხარისხის დეგრადაციაა. მაგალითად, შირაქის დაბლობზე,1983-2006 წლების შუალედში შავმიწა ნიადაგში ნეშომპალას შემცველობა 7.5%-დან 3.2%-მდე შემცირდა. ამასთან, ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ნიადაგის დამლაშება, განსაკუთრებით კი კახეთის რეგიონში, სადაც დამლაშებული ნიადაგები მთლიანი ტერიტორიის 22%-ს შეადგენს.

_ რა ტემპით მიმდინარეობს საქართველოში გაუდაბნოება. თუ დაჩქარებულია, რატომ?

საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციისადმი” მიმოიხილავს საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზემოქმედებას, რომელიც ორი 30-წლიანი პერიოდის შედარებას (1956-1985 წლები და 1986-2015 წლები) ეფუძნება. ეს გვიჩვენებს, რომ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ქვეყანაში 0.25-0.58°C-ით გაიზარდა, ხოლო ჰაერის საშუალო ტემპერატურის ზრდის მაჩვენებელმა 0.47°C-ს მიაღწია.

2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის” მიხედვით, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწების (რომელთა საერთო ფართობი 3 მილიონ ჰექტარს აღემატება) 35% დეგრადირებულია. მიწის დეგრადაციის ყველაზე გავრცელებული ფორმა ნიადაგის ეროზიაა, რაც ბოლო წლებში საგრძნობლად დაჩქარდა. დაზიანებულია 1 მილიონ ჰექტარზე მეტი, საიდანაც 380 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა, ხოლო საძოვრები და სათიბები 570 ათასი ჰექტარია.

ნალექის წლიური რაოდენობა გაიზარდა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და შემცირდა აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში. ასევე, ძლიერი ქარიანი დღეების რაოდენობა (≥15 მ/წმ) შემცირდა დასავლეთ საქართველოში და გაიზარდა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, რაც ნიადაგის ქარისმიერ ეროზიას ხელს უწყობს. ეს პროცესი ძლიერ ვლინდება შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში, განსაკუთრებით კი გარე კახეთსა და შირაქის ველზე.

_ საქართველოს რომელი რეგიონია გაუდაბნოების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ?

გაუდაბნოება აღმოსავლეთ საქართველოსთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. დღეისათვის შექმნილი ვითარება დაკავშირებულია გვალვებთან, ზამთრის პერიოდში ნალექის შემცირებულ რაოდენობასთან და ძლიერ ქარებთან. ამ პროცესების თანხვედრა გაუდაბნოებისთვის შესაფერის პირობებს ქმნის. კლიმატის პროგნოზირებული ცვლილების პირობებში მომავალში ნიადაგის ეროზიის პროცესების კიდევ უფრო მეტად გამწვავებაა მოსალოდნელი.

ნიადაგის ეროზია აღინიშნება ახალგორის, ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, თეთრიწყაროს, კასპის, მარნეულის, მცხეთის, საგარეჯოს, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. ამ პროცესის მიმართ გამორჩეულად მოწყვლადია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სადაც სახნავი მიწების 37% ქარისმიერი ეროზიისგან არის დეგრადირებული.

_ რა პრობლემებს ქმნის გაუდაბნოება სახელმწიფოსთვის და მოსახლეობისთვის?

გაუდაბნოებას უარყოფითი ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური შედეგები ახლავს თან.

არიდული ლანდშაფტების მცენარეულობა, ნიადაგი თუ სხვა რესურსები კლიმატურ პირობებს ეგუება, მაგალითად გვალვას, და კვლავაღდგენა შეუძლია. ამის მიუხედავად, როცა მიწა დეგრადირდება, ასეთი მედეგობა მნიშვნელოვნად კლებულობს. ეროზირებული ნიადაგი წვიმით ადვილად ირეცხება და ქარით იფანტება. შესაბამისად, მისი ფიზიკური სტრუქტურა და ბიოქიმიური შემადგენლობა უარესდება. წარმოიქმნება ხვრელები და ნაპრალები, რაც ქარისა და წვიმის ზეგავლენით ნიადაგის გამოფიტვას კიდევ უფრო აძლიერებს.

გაუდაბნოების შედეგია მცენარეული საფარის კარგვა, რაც, თავის მხრივ, მიწის დეგრადაციას განაპირობებს. ფაშარი ნიადაგი მცენარეების ფესვებს აშიშვლებს და შესაძლოა, მათი ჩაფლობა ან ქვიშით დაფარვა გამოიწვიოს. დეგრადირებული მიწა მცენარეული საფარის შენარჩუნებასა და აღდგენას ზღუდავს. შესაბამისად, ამ მცენარეებზე დამოკიდებული ცხოველები თვითგადარჩენის მიზნით ახალი ადგილსამყოფლის მოსაძებნად მიგრირებას იწყებენ.

მიწის დეგრადაცია ზემოქმედებს არიდული ადგილების წყლის ციკლზეც. გვალვიანი ამინდების შემთხვევაში მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რეზერვები არ ივსება, რაც წყლის რესურსების შეზღუდვას ედება საფუძვლად. დამშრალი წყალსატევები, მცენარეთა და ცხოველთა დაღუპვასთან ერთად, ადამიანების მიგრაციის მიზეზიც ხდება. მეორე მხრივ, გაუდაბნოებულ ადგილებში, სადაც მცენარეული საფარი მნიშვნელოვნად შემცირებულია ან საერთოდ არ გვხვდება, ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობა ცხოველებისა და ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება. კოკისპირული წვიმა ადვილად რეცხავს დეგრადირებული მიწის ფენას, ხოლო გვალვიანი ამინდების შემდეგ მიწის ზედაპირზე წარმოქმნილი უხეში ქერქი იქ წყლის ინფილტრაციას ზღუდავს, რაც გაუდაბნოების პროცესს ამწვავებს.

გაუდაბნოების პრობლემა დაკავშირებულია სიღარიბესთან. ერთი მხრივ, გაუდაბნოება სიღარიბეს იწვევს, ხოლო მეორეს მხრივ, სიღარიბე მოსახლეობის მიერ დარჩენილი ბუნებრივი რესურსების მოხმარებას კიდევ უფრო ამძაფრებს, რაც, მიწის შემდგომ დეგრადაციას უწყობს ხელს.

_ რისი გაკეთებაა საჭირო ამ პროცესის შესაჩერებლად და საქართველოში როგორ ვეწინააღმდეგებით ამას?

საქართველო გაეროს “გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ” კონვენციას მხარს უჭერს. ამ დოკუმენტის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ნიადაგის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევაა, რაც გაეროს მდგრადი განვითარების 15.3-ე მიზანს შეესაბამება: ბრძოლა გაუდაბნოების წინააღმდეგ, დეგრადირებული მიწისა და ნიადაგის აღდგენა (მათ შორის გაუდაბნოებით, გვალვითა და წყალდიდობებით განპირობებული) და მსოფლიოში მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა 2030 წლისთვის.

რაც შეეხება საკუთრივ საქართველოს, გაუდაბნოებასთან ბრძოლის მთავარი ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტი 2014-2022 წლების “გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა” იყო. სტრატეგიის მოქმედების ვადა ამოიწურა და ამჟამად გაუდაბნოებასთან და მიწის დეგრადაციასთან მიმართებით დადგენილი ამოცანები და ქმედებები დიდწილად “2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნულ პროგრამას” ეყრდნობა.

გაუდაბნოების შესაჩერებლად მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა. ეს გამოიხატება მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის შემოღებაში, ტრადიციული გამოცდილების გათვალისწინებაში, გაუდაბნოების კვლევისა და ამ პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა გულისხმობს: გამოფიტული მიწის ნოყიერების აღდგენას კომპოსტის შეტანით, მიწის დაცვას ქარის ზემოქმედებისგან ქარსაცავი ზოლების მოწყობითა და ისეთი მცენარეების დარგვით, რომელთა ფესვთა მძლავრი სისტემაც ნიადაგის შეკავებასა და ტყის საფარის აღდგენას უზრუნველყოფს.

გაუდაბნოების პრევენცია გაცილებით ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს, ვიდრე იმ პრობლემებთან გამკლავება, რომლებიც გაუდაბნოების შედეგია. მიწის დეგრადაციის შეჩერება მდგრადი სოფლის მეურნეობითაა შესაძლებელი, რაშიც მოიაზრება:

  • ნიადაგის სტაბილურობის შენარჩუნება ორგანული სასუქით მისი განოყიერების გზით;
  • პოლიკულტურების შერჩევითი, მონაცვლეობითი, მოყვანა;
  • გარკვეულ პერიოდებში მიწის დასვენების უზრუნველყოფა;
  • სარწყავი სისტემის ეფექტიანი მოხმარება სარწყავი წყლის გადაჭარბებული ხარჯვისა და გრუნტის წყლების რეზერვების გამოფიტვის თავიდან აცილების მიზნით, რაც მიწის დამლაშებისგან თავდაცვის აუცილებელი პირობაა.

ახალ ტექნოლოგიებთან ერთად აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ტრადიციული სოფლის მეურნეობის პრაქტიკასაც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას ემყარება.

მასალა შექმნილია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის პროგრამის “გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია NEXT.On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს WFD-ის შეხედულებებს.

ON.ge

მსგავსი სტატიები