პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ და ოჯახური სასტუმროების დიდი პერსპექტივა გურიაში

 

გია სალუქვაძე – „ტურისტს უნდა სუფთა, ნახევრად ველური ბუნება, მდინარე, ტყე, თევზაობაც, მამლის ყივილიც. მგლის ყმუილს ვერ შევთავაზებთ, მაგრამ „ტურების კივილიც“ კი „ბედნიერებაა“ ბევრისთვის“

 

„შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტმა აჭის ხეობას ახალი სიცოცხლე მისცა, უკვე დაიწყო  მიწების შეძენა საოჯახო სასტუმროების აშენების მიზნით. როცა მშენებლობა დავიწყე თურქ ბიზნესმენთა ჯგუფმა თურქეთში, არდაშენში წამიყვანა, სადაც ძირითადად ლაზები ცხოვრობენ. როცა მივდიოდი, იქაური გარემო ლიხაური მეგონა, ისე გავდა. სულ ოჯახური სასტუმროები, ერთი მეორეს მიყოლებით. მითხრეს, რომ მთავარი პრინციპია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ბუნება, დამსვენებელი თავისით მოვა, მას ძებნა არ სჭირდება, მილიონობით ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოს მეგაპოლისებში, სადაც მდინარეც ენატრებათ, ტყეც და სიმყუდროვეც. მამლის ყივილიდან დაწყებული ყველაფერი შეგვიძლია გავყიდოთ, რაც სოფლის ბუნებას თან  ახლავს და მასზე გიჟდებიან და მზად არიან კარგი პირობების შემთხვევაში ეს მომსახურეობა შეისყიდონ“

გია სალუქვაძე; კომპლექს „ნაბადას“ მფლობელი;

 

 

„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“

 

ლადო მენაბდე-“გურიის მოამბე”

საოჯახო სასტუმროები იდეალური საშუალებაა იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მხარეში თქვენი მოგზაურობა უფრო მრვალფეროვანი და თავგადასავლებით დატვირთული გახადოთ. საოჯახო სასტუმროებში უფრო თბილი და ოჯახური გარემოა, უფრო ბიუჯეტურია და რაც მთავარია, უფრო მეტად არის შესაძლებელი გაიცნო ადგილობრივების ყოფა, ადგილი და მათი კულტურა,  აღმოაჩინოთ უფრო მეტი, ვიდრე ამას პრემიუმ კლასის სტანდარტულ სასტუმროში შეძლებდით. ამასთან საქართველოს რეგიონებში საოჯახო სასტუმროები უფრო ხელმისაწვდომია მათი სიმრავლის ფონზე. ასე რომ, თუ განსხვავებულ გამოცდილებას ეძებთ დასვენებისას, ამისათვის ოჯახურ სასტუმროს ალტერნატივა არ აქვს.

 

რუბრიკის „სოფლის ცხოვრება-წარმატებული მეწარმეები“ სტუმარი დღეს, გია სალუქვაძეა-ბიზნესმენი, რომელიც აჭის ხეობაში მრავალსართულიან კომპლექსს ფლობს და რომელმაც აჭის ხეობას ახალი სიცოცხლე შესძინა. მისი სასტუმრო კომპლექსი კი ტურისტებისათვის გურიაში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად გადააქცია.

 

გია სალუქვაძე: ეს ადგილი ჩემთვის გარკვეულწილად საკრალურია, ყველა ჩემი წინაპარი აქ დაიბადა, გამონაკლისი ვიყავი მე, რომელიც თბილისში დავიბადე. ყოველთვის მინდოდა ამ ადგილს დავბრუნებოდი,  მოგეხსენებათ აქ არსებული აჭის მონასტერი გურიელებმა საწინამძღვროდ გადასცეს თაყაიშვილ-სალუქვაძეებს და მონასტრის ერთ-ერთი ბოლო წინამძღვარი მამაჩემის ბაბუა, არსენი იყო.

ამ ცნობილი ისტორიის შესახებ არ ვისაუბრებ, ეს ცნობილი ამბავია და მასზე ბევრი დაიწერა. მინდა, მოგიყვეთ როგორ ჩაისახა ეს იდეა, რატომ განვახორციელეთ აქ და რა იყო ამის მამოძრავებელი ძალა.

ჩემი წინაპრები აქ არიან დაბადებულნი, აქედან ვარ წარმოშობით. ბაბუაჩემი 1927 წელს დახვრიტეს, ბებიას დედაჩემი ციხეში შეეძინა. სასტუმრო „ნაბადას“ მის უკან არსებული მთის სახელი დავარქვი. ეს დასასვენებელი კომპლექსი გასული წლის გაზაფხულზე გავხსენით. დასაქმებულია 22 ადამიანი, თავისთავად, ძირითადად ადგილობრივები. კომპლექსში არის სასტუმრო, რომელსაც ერთდროულად 40 ადამიანის მიღება შეუძლია. იდეალურია ოჯახური ტურიზმისათვის, არის რესტორანი, საკონფერენციო დარბაზები, რაც ადგილს საქმიანი შეხვედრებისათვის იდეალურს ხდის. არის ასევე სარიტუალო სივრცე სხვადასხვა სახის ღონისძიებისთვის, იქნება ეს ქორწილები, დაბადების დღეები თუ სხვა.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს გურია ყოველთვის განიცდიდა ისეთი მომსახურების  არსებობის დეფიციტს, სადაც ბუნებაში სტუმრებს ექნებოდათ შესაძლებლობა მიეღოთ სხვადასხვა მომსახურება ერთად, იქნებოდა ეს სასტუმრო, რესტორანი და ასე შემდეგ. ძალიან დიდია უცხოელი ტურისტების ინტერესი არამარტო ქართული ბუნების, არამედ ქართული სამზარეულოს მიმართ. მთავარია, რომ ქალაქთან ახლოს ვართ, 7 კილომეტრია ოზურგეთიდან, მოწესრიგებულია სავალი გზა. ისეთი კლიმატია შექმნილი ორი მდინარის, აჭისა და ნიაბაურის ხეობის მეშვეობით, კოღო აქ არ არის, სულ სასიამოვნო ნიავია, ვინაიდან ავტომობილების მოძრაობა ნაკლებია, ჰაერში ტყვიის შემცველობაც ძალიან დაბალია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აქ ჩამოდის, თუნდაც არა დასასვენებლად, არამედ მივლინებით, ყოველთვის დიდ სიამოვნებას იღებს. გარშემო სულ ტყეებია და ძირითადად ოჯახებს იზიდავს დასასვენებლად, დასეირნობენ ხეობაში, მდინარის პირას.

ამ კომპლექსის მშენებლობა ცოტა გაჭიანურდა, სამწუხაროდ დაემთხვა პანდემიის პერიოდი. 2019 წელს, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ქვე-პროგრამამ „უმასპინძლე საქართველოში“ გამოაცხადა კონკურსი, სადაც გამარჯვებულს, სახელმწიფო მნიშვნელოვან შეღავათიან პირობებს სთავაზობდა. დაახლოებით ასე იყო, მაგალითად ავიღე 100 ლარი, 13 ლარია პროცენტი გადასახადი, აქედან 10 ლარს სახელმწიფო იხდიდა, შემდგომი ორი წელი კი ძირი თანხის გადასახადიდანაც თავისუფლდებოდი. ძირი თანხის გადახდას იწყებ მშენებლობის დასრულებიდან ორი წლის, ანუ ექსპლოატაციაში გასვლის შემდეგ. როგორც ვიცი, პროგრამის პირობები ახლა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია და სახელმწიფო ქონებრივი უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც ახორციელებს დახმარებას.

მინდა, მოვუწოდო გურიის მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაინტერესდნენ ამ პროგრამებით, ეს ძალიან მომგებიანი იქნება არამარტო მათი ოჯახების, არამედ ჩვენი ოზურგეთისა და მათი სოფლებისათვის. ბევრი ადამიანი მოგვმართავს დახმარებისათვის და ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით ჩემი ვაჟი უანგაროდ ეხმარება ყველას პროექტის მომზადებაში, ასევე გეხმარებიან მერიასა და გუბერნიაში. მსურს, ბევრმა კრეატიულად მოაზროვნე ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, უამრავი საგრანტო კონკურსია მცირე წარმოების დასაწყებად თუ დაწყებულის განსავითარებლად. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები როცა ამ სიკეთეებს, რომელიც სახელმწიფოდან მოდის, არაკეთილსინდისიერად იყენებენ, მაგრამ კარგი მაგალითიც ბევრია.

ახლა მაგალითად, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოაცხადა პროექტი „მწვანე ალტერნატივა“, რაც პატარა მდინარეებზე და ღელეებზე პატარა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საშუალებას იძლევა. მინდა გურიიდან ამ პროგრამაში ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. ბრწყინვალე შესაძლებლობაა ჩვენთვის, გურია საქართველოში ყველაზე მცირემიწიანი რეგიონია, თუმცა შესაძლებლობა და განვითარების საშუალება ბევრი გვაქვს. რაზეც ხელი მიგვიწვდება, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტმა აჭის ხეობას ახალი სიცოცხლე მისცა, უკვე დაიწყო  მიწების შეძენა საოჯახო სასტუმროების აშენების მიზნით. როცა მშენებლობა დავიწყე თურქ ბიზნესმენთა ჯგუფმა თურქეთში, არდაშენში წამიყვანა, სადაც ძირითადად ლაზები ცხოვრობენ. როცა მივდიოდი, იქაური გარემო ლიხაური მეგონა, ისე გავდა. სულ ოჯახური სასტუმროები, ერთი მეორეს მიყოლებით. მითხრეს, რომ მთავარი პრინციპია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ბუნება, დამსვენებელი თავისით მოვა, მას ძებნა არ სჭირდება. მილიონობით ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოს მეგაპოლისებში, სადაც მდინარეც ენატრებათ, ტყეც და სიმყუდროვეც. მამლის ყივილიდან დაწყებული ყველაფერი შეგვიძლია გავყიდოთ, რაც სოფლის ბუნებას თან ახლავს და მასზე გიჟდებიან და მზად არიან კარგი პირობების შემთხვევაში ეს მომსახურეობა შეისყიდონ.

ზემო აჭში უკვე შემოვიდა ინვესტორი ისრაელიდან, რომელმაც ჩადგა კოტეჯები და ომში დაზარალებულ ისრაელელ ოჯახებს ემსახურება. გითხარით, რომ ჩემთან 22 ადამიანი დავასაქმე, მაგრამ ასევე საინტერესოა, რომ მე კვერცხს, ქათამს, თაფლს, ხილს, ბოსტნეულს  ადგილობრივი გლეხებისგან ვყიდულობ. ჩემს მეზობლად უკვე გააკეთეს პატარა სასათბურე მეურნეობა, რომელიც ჩემს ბიზნესს სრულიად აკმაყოფილებს. რასაც მოიწევენ ყველაფერს ვიღებ, ანუ ჩვენ ირიბად სხვა დარგებსაც ვავითარებთ. ბევრი ფიქრობს უკვე თუნდაც პატარა ტიპის საოჯახო სასტუმროების მშენებლობაზე, ასევე აჭის ხეობის გარდა ამის დიდი პოტენციალი აქვს შემოქმედს, განსაკუთრებით სოფელ გომს, ვაკიჯვარს, მთისპირს, ასკანას, კონჭკათს, ჯუმათს.

შემოქმედი, აჭი და ჯუმათი იდეალური ადგილია ასევე პილიგრიმებისათვის, ჩვენ შეგვიძლია პილიგრიმული ტურიზმი განვავითაროთ.

გურიაში ძალიან განვითარებულია ზღვისპირა კურორტები. ბევრია საუბარი მთის კურორტებზე, მაგრამ 90-იან წლებში დაწყებულმა პრივატიზაციამ, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, ამ კურორტებს განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. თანაც ისინი სეზონურია, ოჯახურ სასტუმროებს კი ამ მხრივ განვითარების უნიკალური რესურსები და პირობები აქვს.

ძალიან დიდი მოთხოვნაა ტყემალზე, საწებელს ვგულისხმობ. აქ ერთმა ოჯახმა დაიწყო ტყემლის საწებლის წარმოება და მის ნაწარმს მთლიანად ჩვენ ვყიდულობთ, კარგი იქნება თუ დემირას ვაშლსა და ხეჭეჭურის მსხალს მოგვაწვდის ვინმე, სამწუხაროდ აღარაა.

ტურისტს უნდა სუფთა, ნახევრად ველური ბუნება, მდინარე, ტყე, თევზაობაც, მამლის ყივილიც. მგლის ყმუილს ვერ შევთავაზებთ, მაგრამ ტურების კივილიც კი „ბედნიერებაა“ ბევრისთვის. პარალელურად კი უსაფრთხოება და კომფორტი – ეს ჩვენ შეგვიძლია და ამას ბევრი შეძლებს თუ ყურადღებით იქნება და პასუხიმგებლობით მიუდგება სახელმწიფო პროგრამებს.

მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო ისარგებლონ ამ პროგრამებით, მივიდნენ ანი ჩუბინიძესთან, ვახო გველებიანთან, ლიკა ღლონტთან. რაც უფრო მეტი ვიქნებით გადავალთ კოოპერაციულ ურთიერთობებზე, რაც გაამყარებს სტაბილურობას და გაზრდის შემოსავლებს.

 

წარმატებული ბიზნესმენები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

მსგავსი სტატიები

  • 94
    კოტე სარიშვილი – „ხომ ვართ წარმატებული გარკვეული კულტურის მოყვანაში? რატომ არ უნდა ვიყოთ ასეთივე წარმატებული სხვა კულტურებთან მიმართებაში“კოტე სარიშვილი – „ნებისმიერი კულტურა, რომელიც მარტო რჩება ბუნებასთან, უჭირს დაავადებებთან გამკლავება და სისტემატიურ ჩარევას ითხოვს. ამის მაგალითი თხილია და ის დაავადებები, რომლებმაც ამ ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა, შესაბამისად ეს მძიმედ აისახა გლეხზე, მიმაჩნია, რომ თხილის პლანტაციების პარალელურად სხვა კულტურები, თუნდაც მეხილეობა რომ ყოფილიყო, ამ კულტურისათვის ბუნებრივი – მოდით ასე ვთქვათ-შემოტევები- შედარებით…
  • 90
    სოფელ ზოტის ეკონომიკის განვითარებაბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა. მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო. 130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად…
  • 90
    ია ურუშაძე _ „ვაკიჯვარს აქვს მეფუტკრეობის დიდი ტრადიცია, ადგილობრივი ცოდნა და უნარები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა“ია ურუშაძე - ჩემი მშობლიური ქალაქი არის ოზურგეთი.დავამთავრე ნოდარ დუმბაძის სახელობის პირველი ქართული გიმნაზია და სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორიო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2011 წლიდან ვმუშაობ ორგანიზაციაში „მომავლის სხივი, რომელიც არის  ორი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის და მიტოვების რისკის ქვეს მყოფ ბავშვთა მომსახურების დღის ცენტრის მმართველი. ასევე, ვარ საქართველოს…
  • 86
    გაუდაბნოება საქართველოში — როცა სასოფლო-სამეურნეო მიწების 35% დეგრადირებულიადედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…
  • 86
    აკაკი ღლონტი: „უნდა შევცვალოთ აზროვნება და მასთან ერთად შეიცვლება ბევრი რამ სასიკეთოდ, მათ შორის მიდგომებიც“„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. „სოფლის…