ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა

ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის IX დღეს, ოზურგეთის დრამატულ თეატრში ორი წარმოდგენა ვიხილეთ: ამბროლაურის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“ (რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე) და ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დადგმა „ლამბალო და ყაშა“ (რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი).

ოზურგეთის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაცოცხლდა ნინია სადღობელაშვილის პირველი დრამატურგიული ნამუშევარი – „ბამბაზიის სამოთხე“. აღნიშნული დადგმა ეხება თითოეული ჩვენგანისთვის მტკივნეულ თემას – აფხაზეთის ომსა და მის შედეგებს. როგორია ომში დაკარგული ვაჟის დედის (ლილიანა მხეიძე) მდგომარეობა, როგორ ეძებს იგი თავისი შვილის ცხედარს. სპექტაკლის მხატვრობა ნატურალისტურია: ერთი მხრივ, გაჩაჩანაკებული სახლია, შუაში გზა და ორად გაყოფილი საფლავი, სადაც მტრები არიან დამარხული. მარცხნივ კი გაყიდული ამანათებია.

აღსანიშნავია, რომ სამსახიობო ჯგუფი მოყვარული მსახიობებისგან შედგება, მაგრამ ამის მიუხედავად, შემსრულებლები დამაჯერებლად ქმნიან თავიანთი პერსონაჟების სახეებს. სცენიდან სცენაზე გადასვლა შუქის ჩაქრობითა და რეალურ ამბებზე დაფუძნებული ჩანაწერებით ხორციელდება. ამის მიუხედავად, იკარგება დინამიზმი, რაც მოდუნების საშუალებას იძლევა.

დაკვირვებიდან გამომდინარე, ფესტივალზე წარმოდგენილ არაერთ სპექტაკლში ნატვრის ხეები ფიგურირებენ, რაც არ მგონია შემთხვევითი იყოს, რადგან ჩვენისთანა ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ ნატვრაღა შეგვრჩა. ამ შემთხვევაში არც „ბამბაზიის სამოთხეა“ გამონაკლისი – თითოეულ პერსონაჟს აქვს უმთავრესი ნატვრა: აფხაზეთში დაბრუნება.

გადავინაცვლოთ ოზურგეთის თეატრის დიდ დარბაზში, სადაც მაყურებლის წინაშე განხორციელდა მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი მოთხრობის „ლამბალო და ყაშა“ სცენური ინტერპრეტაცია. დარბაზში შესვლისთანავე მაყურებლის წინაშე იშლება მხატვრობა (მხატვარი – ლომგულ მურუსიძე), რომელშიც დომინირებს წითელი ნაჭრები, რაც თავიდანვე რუსული ძალის ასოციაციას იწვევს. ასევე, აქა-იქ სამხედრო ყუთებია. სპექტაკლის განმავლობაში კი მონუმენტური მხატვრობა სულ უფრო და უფრო მოქმედებს, მაგალითად, უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც წარმოდგენის ბოლოს ეცემა და რეჟიმის დამხობას ასახავს. ამასთანავე, ჩნდება რუსეთის იმპერიის გერბი და ჯვარი. როცა სახელმწიფო მოხელეების სცენა თამაშდება, განათება გერბზე გადადის, ხოლო სასულიეროზე – ჯვარზე. აღნიშნული დადგმა ერთგვარი მხილებაა როგორც ჩვენი, ისე მტრის მანკიერი მხარეების, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში არ იცვლება.

სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ როგორც გამოცდილი, ასევე ახალი თაობის მსახიობები, რომელთა დაკვირვებისას აშკარაა, რომ თითოეული მათგანი სპექტაკლიდან სპექტაკლამდე იხვეწება და ვითარდება. განსაკუთრებულად გამოვყოფ ნიკოლოზ ხრიკულს, რომელიც ლამბალოს როლს ასრულებს. მსახიობმა დამაჯერებლად შექმნა ლაღი, თავისუფალი, ერთგული ახალგაზრდის სახე, რომლის უმთავრესი ღირსებაა – სიყვარულის უნარი. ხრიკულმა არა მხოლოდ ვერბალურად, არამედ სხეულის ენითაც მაქსიმალურად და დახვეწილად გადმოსცა თავისი პერსონაჟის გრძნობათა ბუნება.

ასევე აღსანიშნავია ნიკა ჭკადუა, რომელიც რუსი სალდაფონის როლს ასრულებს. მსახიობის ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, იგრძნობა მისი მხრიდან გარდასახვის უნარი და მრავალმხრივობა, რაც როგორც მის უნარებზე მეტყველებს, ისე სამსახიობო გამოცდილებაზეც.

თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენიდან არ ჩამოდის ნიკოლოზ ფაიქრიძე, რომელმაც ემოციათა სპექტრი შთაბერა თავის პერსონაჟ ექიმბაშს. მართალია, მას არაერთი ემოციური სცენა ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი სცენურ გულწრფელობასა და სისადავეს ინარჩუნებდა.

წარმოდგენაში არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების, არამედ ფარისეველი სასულიერო პირების ერთგვარი მხილებაცაა, რადგან დღესაც ეს ორი ინსტიტუცია მჭიდროდაა შეკრული და ღმერთის სახელით სჩადის უამრავ კრიმინალურ დანაშაულს. სწორედ ცოდვებში ამოლმპალ ყაშას დამაჯერებლად და ირონიული ელფერით ასრულებს დავით ხახიძე.

„ლამბალო და ყაშაში“ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქორეოგრაფიას (ქორეოგრაფი – გია მარღანია): საკმარისია გავიხსენოთ ლამბალოსა და მისი საცოლის (ლალიკო ღერკენაშვილი) მოკრძალებული, მაგრამ ამავდროულად ვნებიანი ცეკვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ლამბალოს გაროზგვის სცენა, რომლის საშუალებით მაყურებელი მაქსიმალურად შეიგრძნობს ტკივილს, რომელსაც განიცდის ახალგაზრდა მამაკაცი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვლინდება ლამბალოს შემსრულებლის უსაზღვრო პლასტიკური მონაცემები.

საბოლოო ჯამში, „ლამბალო და ყაშა“ ერთ-ერთი გამორჩეული ანსამბლური ნამუშევარია, რომელიც ვიხილე ფესტივალის განმავლობაში.

მსგავსი სტატიები

  • 98
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 98
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
  • 98
    ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 95
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 95
    „ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით, ერთმანეთი თავიდან  უნდა გავიცნოთ“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მცირე დარბაზში გაიმართა,  ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე;  პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…