ანასტასია ჩერნეცოვა
თუ ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველ დღეს მაყურებელი იმერულ, კლდიაშვილისეულ სამყაროში იმყოფებოდა, მეორე დღეს გადაინაცვლა გურულ ატმოსფეროში, რადგან ორივე სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების ინსცენირებას წარმოადგენს. ისრაელის ბეერ-შევის ფრინჯ თეატრმა გააცოცხლა „სისხლის კვანძი“ (რეჟისორი — იოავ მიქაელი), ხოლო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა — ბევრისთვის ცნობილი „მე ვხედავ მზეს“ (რეჟისორი — პეტრე ჩარგეიშვილი).
გავყვეთ ქრონოლოგიას და ჯერ გადავინაცვლოთ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში, სადაც ვიხილეთ ისრაელელების ინტერპრეტირებული „სისხლი“, რომელსაც სათაური ოდნავ შეუცვალეს და „სისხლის კვანძი“ უწოდეს.
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ დადგმაში გამოყენებული იყო პროექცია (ვიდეო-არტი — ელი ლევი), გამოსახულება არა მხოლოდ კედელზე, არამედ იატაკზეც პროეცირდებოდა. ცხადია, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ამით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ პროექციას იყენებდნენ კონტექსტუალურად და ძალზე ხარისხიანად.
გამოსახულების პროეცირებისას რამდენიმე სცენაში ორიგინალური, ქართული ტექსტი ჩნდებოდა, რაც დიდი პატივისცემის ნიშანია ქართველი მაყურებლისთვის. საინტერესო იქნებოდა, თუ მთლიანი წარმოდგენის განმავლობაში პროექციის საშუალებით ვიხილავდით ქართულ ტექსტს — ასეთ შემთხვევაში, მაყურებელი უფრო მეტად კონცენტრირებული იქნებოდა.
გამორჩეულმა სამსახიობო ანსამბლმა (ცაჰალა მიხაელი, ეიალ შეხთერი, ანატოლი შენფელდი, დედი ზოჰარი) ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მაყურებელს ერთი ამოსუნთქვით ეყურებინა სპექტაკლისთვის. თითოეულმა მათგანმა მაქსიმალურად გაითავისა პერსონაჟთა გრძნობათა ბუნება და ძალზე ემოციურად, მაგრამ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გააცოცხლა ნოდარ დუმბაძის პერსონაჟები.
ახლა კი გადავინაცვლოთ ოზურგეთის თეატრის დიდ დარბაზში, სადაც ბათუმის თეატრმა წარმოადგინა ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“. ეს ნაწარმოები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საკმარისია გავიხსენოთ ლანა ღოღობერიძის გამორჩეული ამავე სახელწოდების კინოსურათი. ამასთანავე, ქართველი მწერლის ეს ტექსტი ქართულ თეატრშიც პოპულარულია, რაც ვლინდება იმაში, რომ როგორც მოყვარულთა თეატრში — „მოდი ნახეში“, ისე თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში წლების განმავლობაში „მე ვხედავ მზეს“ არ ტოვებს რეპერტუარს.
ცხადია, მოთხრობა და სპექტაკლები განკუთვნილია მოზარდებისთვის, შესაბამისად გასათვალისწინებელია, რომ ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სწრაფ ტემპორიტმში იმყოფებიან, ძალზე რთულია ორ საათიან სპექტაკლზე გაჩერება. სასურველია ინსცენირების შემოკლება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, წარმოდგენაში მეტი დინამიკურობის შემოტანა.
სპექტაკლის მხატვარმა ლუკა ბესელიამ შექმნა გუსტავ კლიმტისეული სამყარო, რაც გამოიხატება ავსტრიელი მხატვრისთვის დამახასიათებელი ორნამენტებით, ოქროსფერის შემოტანით, არნუვოსთვის დამახასიათებელი სტილით შესრულებული ნატვრის ხე, რომელიც პირდაპირ კლიმტის „სიცოცხლის ხის“ ასოციაციას ბადებს. ცხადია, ნატვრის ხე სიმბოლურადაა ჩაქსოვილი სპექტაკლში, რადგან ხატიათი (ხატია ფოფხაძე) დაწყებული და სოსოიათი (დავით მამრიკიშვილი) დამთავრებული, ყველა პერსონაჟს აქვს თავისი ნატვრა. უბრალოდ, კლიმტისეული სამყარო გურულ ატმოსფეროსთან არ არის თანხვედრაში, შესაბამისად, მხატვრის ეს გადაწყვეტა თავისებურ გაურკვევლობას ბადებს.
მოთხრობაში საკმაოდ ბევრი პერსონაჟია, ამ თვალსაზრისითაც რეჟისორი გაყვა ნაწარმოების ხაზს და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები გააცოცხლებინა ქეთო მამიდას (დიანა ჩახუნაშვილი), სოსოიას (დავით მამრიკიშვილი), ხატიას (ხატია ფოფხაძე), დათიკოს (ზაალ გოგუაძე), ბეჟანას (მამუკა მანჯგალაძე), ანატოლის (ზურაბ გორგილაძე), აკვირინეს (თამარ მაყაშვილი), მატრონას (ნატო გოგიტაური), ფედოსის (ნინო კვიტაიშვილი), ედემიკას (რამაზ ღორჯომელაძე), ლუკას (გიორგი მეგრელიძე), ქიშვარდს (სესე მიქავა), ზოსიმეს (გიორგი ფირცხალაშვილი), კოწიას (ავთო ქარჩავა), ბეგლარას (ნოდარ ძიძიგური), გურიელიძეს (ნოდარ იაკობიძე), ბაბილოს (კახა კობალაძე), კაკანოს (მარინა ბურდული), მარგალიტას (თამარ ბოლქვაძე), თათულის (ქეთა ბარამიძე), იაგოს (მიხეილ ღომიძე), ნოდარას (კახაბერ ბრეგაძე), ოტიას (ტამანგო ჯღერია), თამაზას (შაკა გვარაცხელია).
მსგავსი სტატიები
- 75
- 72
(გაგრძელება) უცხო ენათა ინსტიტუტის პრორექტორი გოგი შიოშვილი დიდებული ადამიანი აღმოჩნდა, მან განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ცხოვრების გზაზე. ჯერ კიდევ 1965 წლის იანვარში, როცა კონსერვატორიაში გამოცდების ჩაბარებამდე რჩებოდა რაღაც 4 - 5 თვე, ბატონმა გოგიმ მიგვამაგრა ინგლისური ენის მასწავლებელთან, ახალგაზრდა ასპირანტ ქალთან, რომელიც კვირაში სამჯერ, სამი საათის განმავლობაში გვიტარებდა გაკვეთილებს. ამ…
- 69
ავტორი: გია ბეშიტაიშვილი (გაგრძელება) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან როგორც წარჩინებულ სტუდენტს დამინიშნეს პ.ი. ჩაიკოვსკის სტეპენდია! საკმაოდ დიდი თანხა,…
- 69
ავტორი: გია ბეშიტაიშვილი (გაგრძელება. ბეჭდური ვერსია იხ. გაზეთი „ალიონი“ #6-11.) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან როგორც წარჩინებულ…
- 66
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…