ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მეხუთედ სტუმრობს ოზურგეთს. ფესტივალი 5 ივლისს გაიხსნა და 15 ივლისამდე, ოზურგეთელი მაყურებელი, არაერთი საინტერესო სპექტაკლის მომსწრე გახდება, როგორც ქართული, ასევე უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის თეატრებიდან. ფესტივალზე პირველად არის წარმოდგენილი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ისრაელის თეატრალური დასი _ ბეერ შევის „ფრინჯ-თეატრის“ სპექტაკლი  „სისხლის კვანძი“ _ შექმნილი ნოდარ დომბაძის ნაწარმოებების მიხედვით. რეჟისორი იოავ მიქაელი. ასევე წარმოდგენილი იქნება ოზურგეთისა და აზერბაიჯანის თეატრების ერთობლივი კოპროდუქცია „კუკარაჩა“. სპექტაკლების ჩვენება  ოზურგეთის თეატრის სხვადასხვა სასცენო სივრცესა და ჩოხატაურის თეატრის სცენებზე გაიმართება.

ტრადიციული მასპინძლობა _  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ ისაუბრა ფესტივალის ისტორიასა და მნიშვნელობაზე. მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურის სამინისტროს, გურიის სამხარეო ადმინისტრაციას, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციას.  ფესტივალის სპონსორებს.  აღინიშნა, რომ სწორედ ამ ფესტივალზე დაწესდა ნოდარ დუმბაძის სახელობის პრემია. ფესტივალს ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი მანანა დუმბაძე ესწრებოდა. ჟიურის ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნე გიორგი ცქიტიშვილი, ხოლო წევრები ქართული და უცხოური თეატრების მესვეურთაგან არიან წარმოდგენილნი.

ფესტივალი  გაიხსნა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლით „მსხვერპლინი“ .  რეჟისორი გიორგი კაშია. ყოფა დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების  ნაწარმოებიდან და მისივე შემოქმედების ერთიანი, მძიმე სოციალური ფონიდან,  რაც  პირდაპირაა ასახული  თითოეული პერსონაჟის ბუნებაზე. ისინი  ერთად  მიუყვებიან ცხოვრებას და ერთმანეთის უბედურებასაც ერთობლივად ძერწავენ. აქ არიან მოძალადენი და მაინც ყველა, ერთმანეთის მსხვერპლია, რადგან სიყვარულის კარი დახშულია და ვერავინ ახერხებს მის გაღებას. „ასე რავა უნდა წახდეს კაცი“ _ იმთავითვე გაიწირა ახალშექმნილი ოჯახი, ვერ  იყვავილა სიყვარულმა, რადგან უსუსურობა, ანგარება, სიხარბე და უზნეობა ბატონობს სოციუმზე და დაუნდობელი, მკაცრი კანონებით განკარგავს ამ სოციუმის მონაწილე თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას.

მთავარი პერსონაჟები მარინე და ნიკა. ვერ შეიქმნა სხვათაგან დაგეგმილი მათი ოჯახი. თავად ვერ გაუმკლავდნენ ცხოვრების გასაჭირს. არც ხელის შემშველე დაურჩათ ვინმე. ცხოვრების გასაჭირი ვახსენეთ, თორემ,  განა აქ მყოფი ადამიანები არ ადგენენ თავად ცხოვრებას.

ტრაგედია _ მარინეს  უკვე სიკვდილი ეპატრონება,  ნიკა ჭკუიდან იშლება, სასულიერო პირი კაბას იხდის…  ასე სრულდება ყოველივე.

სასცენო დეკორაციებით დასაწყისშივე იყო წარმოდგენილი დასასრული.  _ სიმბოლური დაკრძალვა და  სუდარაშემოხვეული  ყოფა.

და მაინც, სულ მცირე, პატარა იმედი ცხოვრების გაგრძელებისა? _ იმ ყოფასა და ძალადობას უნდა მოსცილდეს _   ბავშვი არ უნდა გაიყინოს.

 

მსგავსი სტატიები