სამი ასეული წლის წინათ გურიაში მოღვაწე იტალიელი მისიონერი პატრი დონ ქრისტოფორო დე კასტელი იუწყებოდა: (გურულებს) ,,წიგნი ბევრი აქვთ, მაგრამ ყველა ხელნაწერის სახით, რომელთა შორის არის საღმრთო საეკლესიო წიგნები… უძველესი კანონები, სარაინდო ზღაპრებისა და პოეზიის წიგნები“.

ქართული ხელნაწერი წიგნები, რომლებიც ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას ისახავდნენ მიზნად, მეტწილად ეკლესია-მონასტრებში ინახებოდა. მათ გადაწერასა და მოვლა-პატრონობას მონასტრის მესვეურები ზრუნავდნენ. მონასტრებშივე არსებობდა სკოლა, სადაც წერა-კითხვას ასწავლოდნენ იმ ბავშვებს, ვისაც მომავალში სასულიერო მოღვაწეობისათვის ამზადებდნენ.

თედო სახოკია წერდა: ,,1892 წელს (სინამდვილეში 1893 – ავტორ.) სოფ. აკეთში დაარსდა გურიის სახალხო სამკითხველო, თუ არ ვცდები ეს წიგნსაცავი პირველი იყო არამც თუ გურიაში, არამედ მთელი საქართველოსათვის.“

აკეთელებმა სამკითხველო შემოწირულობებით დაარსეს. იქაურ მებატონეებთან, თავდგირიძეებთან ხშირად იყრიდა თავს საქართველოს განათლებული ინტელიგენცია. აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანი რუსულ ყაიდაზე იყო აღზრდილი და რუსულადაც უკეთესად საუბრობდა, მაგრამ ესმოდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აუცილებლობა და აქედან გამომდინარე სიკეთეები და ამ საქმეს ყოველნაირად უწყობდა ხელს.

ჩოლობარგის სამკითხველო

სამკითხველოს გასახსნელად თანხა და წიგნები შემდეგნაირად გროვდებოდა. წესად ჰქონდათ შემოღებული ერთმანეთს შორის ქართულად ლაპარაკი და თუკი ვინმეს რუსული სიტყვა წამოსცდებოდა, იგი ვალდებული იყო წიგნთსაცავისთვის წიგნი ან გარკვეული თანხა გაეღო, ამგვარად და შემოწირულობებით წიგნთსაცავი შეივსო ქართული, რუსული და საზღვარგარეთული ლიტერატურით. განსაკუთრებით ბევრი წიგნი ჩამოიტანეს საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და პეტერბურგიდან. მათ შორის, ვინც სამკითხველოს წიგნებით ამარაგებდა იყო თედო სახოკია, დიმიტრი ბაქრაძე, ივანე ჯავახიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი და სხვები. ბიბლიოთეკაში თავდაპირველად იყო 270 რუსული და 325 ქართული წიგნი, რომელიც შეგროვილი ფულით თბილისში იქნა შეძენილი ისიდორე რამიშვილისა და არსენ წითლიძის მიერ. იქ ნახავდით რუსი კლასიკოსების ნაწარმოებებს და ასევე ოზურგეთში ახლად გახსნილ სტამბაში დაბეჭდილ ,,ვეფხისტყაოსანს“, სიმონ გუგუნავას ,,თამარიანს“, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებს, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, მამია გურიელის და სხვათა ნაწარმოებებს. მრავლად იყო წარმოდგენილი ჟურნალ-გაზეთები ,,ივერია“, ,,მეურნე“, ,,ცნობის ფურცელი“, ,,კვალი“, ,,მოამბე“, ,,ჯეჯილი“, ,,მწყემსი“. თედო სახოკიას სიტყვებით, ,,1892 წლის ბოლოსთვის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გაზრდილია 1200-მდე და ჰყავს 1348 მკითხველი. წლის განმავლობაში მკითხველებს 1400 წიგნი

აგარაკის სამკითხველო

წაუკითხავს.“ არსებობის პირველ წლებშივე, ბიბლიოთეკის ეფექტიანობა ცხადი გახდა. საილუსტრაციოდ, პრესაში გაშლილი დისკუსიის ფონზე, რამდენად მიზანშეწონილი იყო გურიის სახალხო ბიბლიოთეკის აკეთში გახსნა, საქმის მოთავეები დროგამოშვებით ათავსებდნენ ბიბლიოთეკის მუშაობის სტატისტიკურ ცნობებს, რომელთა თანახმადაც, მაგალითად, 1895 წელს, ორი თვის განმავლობაში, ბიბლიოთეკით 21 სოფლიდან 315 ადამიანმა ისარგებლა, მომდევნო ორ თვეში კი 200-მა მკითხველმა 600-მდე ერთეული გაიტანა წასაკითხად. გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, მომხმარებელთა რიცხვი სტაბილური იყო, დაფარვის ზონა კი თანაბრად სწვდებოდა გურიის ყველა მხარეს… აკეთის სახალხო ბიბლიოთეკის პირველი წლების წარმატებამ, ერთი მხრივ, მაგალითი მისცა სხვა ენთუზიასტებს, ხოლო, მეორე მხრივ, ობიექტური მოთხოვნილება გააჩინა სოფლებში ლიტერატურის გავრცელებაზე, რასაც აკეთის ბიბლიოთეკა უკვე ვეღარ აუდიოდა და მალევე გურიის სოფლები სამკითხველოების ქსელით დაიფარა; შესაბმისად, აკეთში გახსნილი „გურიის სახალხო ბიბლიოთეკა“ იქცა იმ წყაროდ, რომელმაც შეუქცევადი გახადა განათლების გავრცელება გურიაში და, თამამად შეიძლება ითქვას, კულტურულ რევოლუციას დაუდო საფუძველი. შემოწირულობების შესახებ წერდა ,,ივერიაში” ვისია თავდგირიძე, რომელიც მადლობას სწირავს ნინო გურიელსა და სხვადასხვა პირებს წიგნთსაცავისთვის ფულადი თანხის შემოწირვის გამო.

მაჩხვარეთის სამკითხველო

 ,,ლანჩხუთი გურიის ყველა დაბა–სოფელზე მაღლა დგას. ლანჩხუთს აქვს მშვენიერი ქვითკირის ორსართულიანი სახლი სკოლისათვის. აქვს ქვითკირისავე სასოფლო კანცელარია; ეს სამი წელიწადია, რაც დაარსდა ფოსტის განყოფილება, რომლის უქონლობით შეწუხებული ვიყავით მთელის ლანჩხუთის, ნიგოითის, ჩიბათის, აკეთის და სხვა ახლომახლო სოფლის მცხოვრებლები. გაამშვენიერეს ბაზარი ქვითკირის სახლებით, რადგან საშინელმა ცეცხლმა 1892 წ. სულ ერთიანად გადაბუგა ხის შენობები. დააარსეს უფასო სამკითხველო, რომელიც ეხლა კარგად გაწყობილია და საკმაო წიგნებიც აქვს”. გაზეთი ,,ცნობის ფურცელი” (#76, 1897).

ამ შესანიშნავი წიგნსაცავით სარგებლობდა მთელი გურია. ეს იყო გურიის ინტელიგენციის შტაბი. ბიბლიოთეკაში უფასოდ მუშაობდნენ ყოფილი სამხედრო პირები ძმები ბაჟუნაიშვილები. მაშინდელი მკითხველები ადგილობრივი გლეხები იყვნენ, რომელთათვისაც წიგნის კითხვა უკვე საციცოცხლო მოთხოვნილებად იყო ქცეული. ბიბლიოთეკას ჰყავდა აქტიური მკითხველებიც – ლავრენტი თოხაძე, ათინოგე წულაძე და სხვები. თოხაძემ შემდგომში საკუთარი სკოლა გახსნა და გლეხების შვილებს უფასოდ ასწავლიდა.

,,გურიის პირველი წიგნსაცავი” ვერ აუდიოდა ხალხის სიმრავლეს, ეს თავისთავად მრავლისმეტყველი და სასიამოვნო ფაქტი იყო, მაგრამ ხშირად ,,გატანილი წიგნები იშვიათად უბრუნდებოდა წიგნსაცავს, რის გამო ის თანდათან ცარიელდებოდა, სუსტდებოდა, გაქრობის გზაზე დგებოდა… მაგრამ ამ პირველმა წიგნსაცავმა თავისი არსებობით დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე“.

აკეთის წიგნსაცავის დაარსებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოფლის მოსახლეობის სწავლა-განათლებისათვის. ამ მნიშვნელობას კარგად აფასებს თედო სახოკია, როცა წერს ,,სარგებლობა აკეთის წიგნსაცავისა და საერთოდ სხვებისაც გურიაში მით უფრო დიდია, რომელშიც გარდა სამრევლოში ქართული ენა თითქმის დატოვებულია, ,,ბუნებრივად“ წოდებულმა არაბუნებრივმა მეთოდმა სწავლებისა ჩვენი ენა დაჩაგრა და ჰგვემა გურიის სოფლებში. აქ ქართული ენა დაჩაგრულია როგორც საგანი, კვირაში ერთი გაკვეთილი აქვთ დათმობილი. აი, ასეთ დროს რა თქმა უნდა წიგნსაცავიღა თუ მიეშველება მოზარდ თაობას და რასაც სკოლებში არ სწავლობენ, სკოლის გარეთ თუ შეიძენენ სამკითხველოდან გამოტანილი წიგნების წყალობითა.“

დაბა ლანჩხუთში 1893 წელს გახსნილა სამკითხველო, რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო იმავე წელს დახურულა. ამ ფაქტს ადასტურებს 1893 წლის 22 ივნისს ,,ლანჩხუთის შემნახველ გამსესხებელი ამხანაგობის“ კრება. ამ კრებაზე მოხსენებით გამოსულმა ბანძელაძემ გულისტკივილით განაცხადა: ,,ერთი წელია, რაც სამკითხველო დაგვიხურეს, ახლა როგორც გავიგე გამგეს თხოვნა გაუგზავნია და მგონია ადრე თუ გვიან სამკითხველოს ისევ ვეღრსებით. ჩვენს სამკითხველოს ჰქონდა წიგნის მაღაზია”. კრებაზე დადებითად გადაწყდა სამკითხველოს საკითხი და იმავე წელს აიგო სამკითხველო და მაღაზია-პავილიონი. სამკითხველოს აგებიდან სულ მოკლე ხანში შალვა ცინცაძემ სამკითხველო გადააბარა ბესარიონ წულაძეს.

1892-96 წლებში წიგნთსაცავები გაიხსნა ჩიბათში, ნიგოითში, აცანაში. 1893 წელს გაზეთ ,,ივერიაში“ გამოქვეყნდა აპოლონ წულაძის წერილი, სადაც აღწერილია სუფსის უფასო სამკითხველოს კურთხევა, მისი დაარსების ისტორია და შემომწირველთა სია. სოფელ ლესაში წიგნსაცავის დაარსება ცნობილ მკურნალ ივანე გომართელის სახელს უკავშირდება. მას რამოდენიმე თვე უმუშავია ამ სოფელში. თანხა, რომელიც მასთან მკურნალობისათვის მიჰქონდათ პაციენტებს, ამ პატრიოტ კაცს გადაუხდია სამკითხველოს გასახსნელად.

აგარაკის ნათლისცემლის ეკლესიის მღვდელმა, დიდად განათლებულმა პიროვნებამ ბესარიონ ხომერიკმა შეძლო ბიბლიოთეკა გაეხსნა. ამისთვის თანხა ალეგრობით შეაგროვეს. ალეგრობა იოსებ თევზაძის ოჯახში მოაწყვეს. მასპინძელმა საკუთარი დიდი ეზო და რვაოთახიანი ოდა მთლიანად დაუთმო ალეგრობის ჩამტარებლებს. ქუთაისიდან მიწვეულ იქნა სასულე ორკესტრი. იყო სიმღერები, ჰყავდათ მკითხავი, რომელმაც თავისი ენამოსწრებულობით საკმაო თანხა შეიტანა სალაროში.

,,ალეგრო“ (Allegro) იტალიური სიტყვაა და ნიშნავს „მხიარულად“. „ალეგრობის“ წარმოშობა გურიაში მოღვაწე იტალიელ მისიონრებს უკავშირდება, მისი დამკვიდრების ისტორია კი გურიიის უკანასკნელი მთავრის, მამია V გურიელის (1789-1826) დროიდან უნდა ვეძიოთ, რომლის სასახლე იმ დროის ევროპული კულტურული სალონი იყო მთელ დასავლეთ საქართველოში. მაშინდელ ოზურგეთში უცხოელების გამოჩენა არავის უკვირდა, მათ შორის იყო გერმანელი მოხეტიალე მსახიობ–კომედიანტთა დასიც, რომელიც გურიელმა თავის კარზე დაიტოვა სანახაობათა მოსაწყობად. სერგო ჩხაიძის მოგონებიდან: ,,ჩვენ ქალაქში (ლანჩხუთში) ხშირად იმართებოდა ალეგროები (ზეიმები), რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. იგი იმართებოდა ლევან ჟორდანიას, სარდიონ ებრალიძის, ნადია ურუშაძის, ლუკა ჩხარტიშვილის, მელიტონ ებრალიძის, დავით თევზაძის, კოწია ჟორდანიას, მიშიკო იმნაძის ოჯახებში.” ალეგრობის ორგანიზატორები წინასწარ ჩამოივლიდნენ მოსახლეობაში, თითოეული ოჯახი მოვალედ თვლიდა თავს, საკუთარი წვლილი შეეტანა საქველმოქმედო საქმეში. სწირავდნენ სხვადასხვა სანოვაგეს: ხილს, ქვის კეცზე გამომცხვარ ხაჭაპურს, ქათამს, გოჭს. მთელი ეს სურსათ–სანოვაგე თავს იყრიდა სახელდახელოდ გაკეთებულ ბუფეტში. საგრძნობ შემოსავალს იძლეოდა ლატარეა, ასევე იყო ,,სიყვარულის ფოსტა“, ,,ბედის კასრი“ და სხვა გასართობები. შემდეგ იწყებოდა სცენის მოყვარულთა წარმოდგენები, ერთმოქმედებიანი ვოდევილები სკეტჩების, მონოლოგების, კუპლეტების სახით. ასევე იმართებოდა შეჯიბრება ცეკვაში, ბოლოს კი სახალხო სეირნობის გვირგვინი _ ,,ამერიკული ატრაქციონი“. შემოსავალი ხმარდებოდა კულტურულ–საგანმათლებლო დაწესებულებებს. ასევე თამაშდებოდა სილამაზის პრიზები, რომელთა მფლობელები გახდნენ მშვენიერი ლანჩხუთელი ქალბატონები – მარო მათითაიშვილი, ჩიტო ურუშაძე, ლუბა ჩხარტიშვილი… შემოსავალი ხმარდებოდა კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ალეგრობის ეს მშვენიერი ტრადიცია 1941 წლამდე არსებობდა და მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა.

ამონარიდი წიგნიდან: ,,ლანჩხუთის ქრონიკები.”

გაზეთი „ალიონი“, 19 ოქტომბერი, 2026 წ. #22

მსგავსი სტატიები

  • 100
           შობა-კალანდა გურიაში       „ცხოვრებაში დიდი  პოეზია შემოჰქონდა  ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად  ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა  მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა  მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები  ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი  ზედაპირი ალაგ-ალაგ  ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი  და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა  სუროთი,…
  • 96
    შობა-კალანდა გურიაში(გაგრძელება. დასაწყისი იხ.  https://alion.ge/2025/12/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99/)                                            კალანდა გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და მას თოფების გასროლით ხვდებიან., სიტყვა  კალანდა ლათინური სიტყვა კალანდედან  წარმოდგება და თვის პირველ რიცხვს ნიშავს. კალანდის შესახვედრად აუცილებელი…
  • 96
    გადადგომების დიდი ტალღა კულტურის სამინისტროშიგაზეთი „ალიონი“ 2026 წელს (#7,#11)წერდა ლევილის ქართულ მამულში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ არ სრულდებოდა საქართველოს მთავრობასთან ლევილის დარბაზში ხელმოწერილი შეთანხმება „ვალდებულებით ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის (ჩუქების) შესახებ“. ტიერი ბერიშვილი თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის პროცესში და, როგორც ფირცხალავებისა და რამიშვილების ოჯახების წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა 2016 წლის…
  • 96
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 95
    „მომწყურდი საოცარი ძალით“ერთი თვის წინ გაზეთ „ალიონის“ რედაქციასთან   ოზურგეთის თეატრის დირექტორს ზაზა ჯინჭარაძეს შევხდი სტუმრებთან ერთად.„სტუმარი“  ესტრადის ცნობილი მომღერალი გია ბეშიტაიშვილი იყო ქალიშვილთან ერთად.მასპინძელი კი ოზურგეთის თეატრი გახლდათ. „სანბარში“ დავსხედით. უცებ გავიხსენეთ  40 წლის წინ ოზურგეთსა და  ნატანებში  გამართული ძმები ბეშიტაიშვილების კონცერტები და იმჟამად რედაქციის პრაქტიკანტის, თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის ია…