გაზეთი „ალიონი“ 2026 წელს (#7,#11)წერდა ლევილის ქართულ მამულში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ არ სრულდებოდა საქართველოს მთავრობასთან ლევილის დარბაზში ხელმოწერილი შეთანხმება „ვალდებულებით ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის (ჩუქების) შესახებ“. ტიერი ბერიშვილი თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის პროცესში და, როგორც ფირცხალავებისა და რამიშვილების ოჯახების წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებას. ჩვენ ექსკლუზიური ინტერვიუ გამოვაქვეყნეთ საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“დამფუძნებელთან, იმჟამად ლევილის მამულის დირექტორის მოადგილე ტიერი ბერიშვილთან და წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე ავტორ ავთანდილ ბერიშვილთან.
28 ივლისს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოულოდნელად გადადგა. ჩვენ ლევილში ამჟამად არსებული მდგომარეობის შეფასება კვლავ ტიერი ბერიშვილს ვთხოვეთ. მას ჩვენი ჟურნალისტი თემურ მარშანიშვილი ესაუბრა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს:
_ ბატონო ტიერი, ხომ ვერ გვეტყვით, რასთანაა დაკავშირებული კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძისა და მისი პირველი მოადგილის, მაკა გურგენიძის გადადგომა ?
ტიერი ბერიშვილი : კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ 4 ივნისს გამართა მმართველი საბჭოს გაფართოებული შეხვედრა 30-ზე მეტ ადამიანთან ერთად, რათა განემარტა, რომ ლევილის მამულში ყველაფერი წესრიგშია. 28 ივლისს, დილით, მან მედიას წარუდგინა ლევილის მდგომარეობის იდილიური სურათი, ხოლო ნაშუადღევს გამოაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ გადადგა. რაც კიდევ უფრო უცნაურია, მასთან ერთად გადადგა მისი პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე, რამდენიმე კვირით ადრე კი სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირი, დიმიტრი მუჯირი.
„გარწმუნებთ, რომ ლევილის მამული არანაირ განსაკუთრებულ ვირუსს არ ავრცელებს. თუ, რა თქმა უნდა, მისი კედლები, რომლებსაც ჩვენმა დიდმა მოღვაწეებმა თავი შეაფარეს, რომელთაც „ოქროს თაობას“ ვუწოდებთ (მათ, ვინც მეფის რუსეთის საუკუნეზე მეტი ხნის ოკუპაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნა) – ალერგიულები არ არიან მოყვარულების, უვიცების, არაკომპეტენტურების თუ სულაც ხეირის მაძიებელთა მიმართ!
ძალუნებურად უნდა ვაღიაროთ, რომ ღრმა უფსკრულია «ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადამდგარი კულტურის მინისტრის» განცხადებებსა და რეალობას შორის!“
უნდა ვაღიაროთ, რომ ღრმა უფსკრულია „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადამდგარი კულტურის მინისტრის“განცხადებებსა და რეალობას შორის! ამრიგად, სერიული გადადგომების ასახსნელად რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს.
პირველი ის არის, რომ მთავრობამ ახლახან გააცნობიერა, „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადამდგარი მინისტრი“და მისი გუნდი, მიუხედავად განცხადებებისა და კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი უზარმაზარი რესურსებისა, დასახულ ამოცანებს სათანადოდ ვერ ასრულებენ.
მეორე ჰიპოთეზა ეფუძნება საყოველთაო უკმაყოფილებას „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადამდგარი მინისტრის“ მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის, ასევე მისი და პარტნიორების ურთიერთობების მიმართ, უგულებელყოფილი იყო მკაფიო, ნდობაზე, კომპეტენციასა და პროექტების ცოდნაზე აგებული მუშაობა და მოსკოვის ძველი რეჟიმის ეპოქის მსგავსად ან აღმოსავლელი სატრაპების მსგავსად თანამშრომლების სრულ მორჩილებაზე იყო დაფუძნებული მართვა.
მესამე ჰიპოთეზა გამომდინარეობს იქიდან, რომ მე საჩივარი შევიტანე საფინანსო კომისიაში სამინისტროს წინააღმდეგ: ტენდერების საერთაშორისო წესების შეუსრულებლობის, საქართველოს მთავრობის ფინანსური ინტერესების საზიანოდ ცალკეული კომპანიებისათვის უპირატესობის მინიჭებისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების ეჭვის გამო. მაგრამ განა მარტო მე გავაკეთე ეს?
მეოთხე ჰიპოთეზა: საქართველოს მთავრობამ ახლახან გააცნობიერა, რომ სამუშაოები 22 სექტემბრისთვის ვერ დასრულდება. ფაქტი, რომელზეც წელიწადზე მეტია ვამახვილებ ყურადღებას და რის გამოც სამსახურიდან გამათავისუფლეს!
მეხუთე ჰიპოთეზა კი ამ ყველა ელემენტის ნაზავი იქნება!
_ სინამდვილეში, რა რეალობაა სამუშაო პროცესში?
ტიერი ბერიშვილი: ყველაფერი, რაც კარგად გაკეთდა, მისი მოსვლამდე – 2024 წლის ოქტომბრამდე – დაწყებული საქმეებია: ადმინისტრაციის შენობა, ორანჟერეა (იქ შესახლებული უკანასკნელი ქართველების საცხოვრებლად), სასტუმრო ოთახები, გალავნის კედლების რესტავრაცია, შატოს, ბიბლიოთეკისა და მედიათეკის სამუშაოების დასაწყისი.
სამუშაოების გასაგრძელებლად აუცილებელი იყო ტრანსფორმატორის დამონტაჟება მთელი მამულისთვის საჭირო ელექტროენერგიის მისაწოდებლად. დღეს, 19 თვის შემდეგ, ის ჯერ კიდევ არ არის დამონტაჟებული და ექსპლუატაციაში მხოლოდ 2026 წლის დეკემბერში შევა…

ტრანსფორმატორის არ არსებობა იწვევს დაზიანებებს შატოს შიგნით.
თუმცა, გადამდგარი მინისტრი, თინათინ რუხაძე, და პროექტის მენეჯერი, თამარ კვარაცხელია, ამტკიცებენ, რომ „ყველაფერი კარგად არის !“
წესით, „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადამდგარი მინისტრის“ გუნდს 2025 წლის ივნისში უნდა გამოესწორებინა ხარვეზები და შეეცვალა ყველაფერი მათ ერთიანობაში მოსაყვანად. დღეს, 14 თვის შემდეგ, ჯერ კიდევ არაფერი გაკეთებულა!
თუმცა, გადამდგარი მინისტრი, თინათინ რუხაძე, და პროექტის მენეჯერი, თამარ კვარაცხელია, ამტკიცებენ, რომ „ყველაფერი კარგად არის !“


რაც შეეხება პარკს, სადაც მრავალი ხე და ნარგავი დაცულ სიას მიეკუთვნებოდა და უნდა შენარჩუნებულიყო: აი ფოტოები მთლიანად გაჩეხილი სექტორების, სადაც დაცული ხეებიც კი არ დაინდეს. პირველ ფოტოზე ჩანს „ძალიან ტენიანი“ ზონა, სადაც წყლის ამოსაშრობად მცენარეულობის შენარჩუნება აუცილებელი იყო, ახლა კი იქ არც ბუჩქია დარჩენილი და არც ხე.

თუ საჭირო იყო პარკის მოვლა, დაცული ხეებისა და ბუჩქების მოვლა-პატრონობა, კომუნიკაციების (გზები ავტომობილებისთვის, უსაფრთხოებისა და სახანძრო მანქანებისთვის, ასევე საფეხმავლო ბილიკები) გაყვანა და პარკინგების მოწყობა-პარკი კი არ უნდა დაენგრიათ, არამედ უნდა გაელამაზებინათ, მათ შორის ქართული ჯიშის მცენარეებითაც!
ზოგიერთი ეს მოჭრილი ხე რამდენიმე ასეული წლის იყო…
თუმცა, გადამდგარი მინისტრი, თინათინ რუხაძე, და პროექტის მენეჯერი, თამარ კვარაცხელია, ამტკიცებენ, რომ „ყველაფერი კარგად არის !“
კულტურის სამინისტროს პირველი გუნდის დროს, ჩვენ სრულად აღვჭურვეთ სასტუმრო ოთახები (საწოლის თეთრეული და აქსესუარები, დანა-ჩანგალი, სამზარეულოს, გარდერობები, კარადებისა და სააბაზანოების აღჭურვილობა). ავიღეთ სტანდარტული ინვენტარი, რომელიც, კომფორტულობასთან, პრაქტიკულობასა და ფუნქციურობასთან ერთად, ადვილად ჩანაცვლებადი და ურთიერთშემცვლელი იყო. ვფიქრობდით, რომ სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის განკუთვნილი 6 სტუდიოს ავეჯიც იდენტური იქნებოდა, რაც ლოგიკურიც არის და მართვისთვისაც ბევრად პრაქტიკული.

თუმცა, გადამდგარი მინისტრის გუნდმა სულ სხვაგვარად გადაწყვიტა. პროექტის ხელმძღვანელის მეგობარმა ქართველმა დიზაინერმა მათი „ვინტაჟურ სტილში“ მოწყობა შემოგვთავაზა… უცნობი წარმოშობის ძველი, აცდენილი და შეუსაბამო ავეჯით.

ნეტავ, დიზაინისა და ავეჯით მოწყობისამ „სპეციალისტებს“ თუ დაუსვა მათ საკუთარი თავისთვის კითხვები: მატრასების ზომისა და საწოლის ბადეებისა თუ ჩარჩოების შესაბამისობაზე? ელექტროენერგიის იმ მკაცრ ნორმებზე, რომლებიც საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში მოქმედებს, ან ძველ სანათებს აქვთ თუ არა მათ და მიწება? პროდუქციის ურთიერთ შემცვლელობის მართვაზე? – არა!
თუმცა, გადამდგარი მინისტრი, თინათინ რუხაძე, და პროექტის მენეჯერი, თამარ კვარაცხელია, ამტკიცებენ, რომ „ყველაფერი კარგად არის !“
რაც შეეხება რესტორანსა და მის სამზარეულოს, კულტურის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ეფექტური და გამჭვირვალე მართვის წყალობით შეძლო, რომ საქართველოს მთავრობას დაეფინანსებინა 210 კვ.მ-ზე მეტი ფართობის ოდის მშენებლობა, ხოლო ფრანგული ნორმების დასაცავად, მისი სამზარეულოს მოწყობა ოდისგან განცალკევებით. ეს პროექტი ნამდვილი შედევრია!


სამუშაო შესრულდა, თუმცა „საქართველოსთვის ლევილის მამულის პირობითი ჩუქების“ შეთანხმება ითვალისწინებდა რესტორანსა და სამზარეულოს შესაბამისად, აღჭურვილს და ფუნქციონირებადს, როგორც ქვეკონტრაქტორებით (ხელშეკრულება რესტორატორთან), ისე საკუთარი გუნდით. დღეის მდგომარეობით კი არაფერია გათვალისწინებული. შეთანხმების არსი ასეთია: „ეს არის მოქმედი რესტორანი და არა ცარიელი შენობა…“
დღემდე სამინისტროს დაკავებული აქვს 25 000 ევრო იმ ფრანგული კომპანიისთვის, რომელმაც სამზარეულო მოაწყო და ნაწილობრივ მონაწილეობდა ოდის მშენებლობაშიც (საძირკველი, ელექტროობა, პანდუსი, ტუალეტები), მაშინ, როდესაც,ქართულ კომპანიას 2 თვეზე მეტი დაგვიანება ჰქონდა, ხოლო პროექტის ხელმძღვანელმა, თამარ კვარაცხელიამ, ორჯერ მოინდომა თავდაპირველი კონტრაქტის შეცვლა და უშედეგო დებატებში 3 თვეზე მეტი დაკარგა…
თუმცა, გადამდგარი მინისტრი, თინათინ რუხაძე, და პროექტის მენეჯერი, თამარ კვარაცხელია, ამტკიცებენ, რომ „ყველაფერი კარგად არის !“
რაც შეეხებამუზეუმს, სამეცნიერო კომისიამ, რომელსაც ყოფილ პროექტის ხელმძღვანელ ნინო ჭიპაშვილთან ერთად ვხელმძღვანელობდი, 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეკრიბა ექსპერტები, მკვლევრები, ისტორიკოსები და ოჯახების წარმომადგენლები.
კომისიამ წამოაყენა წინადადება და დაამტკიცა პირველი რესპუბლიკისა და სოციალ-დემოკრატიის პრეზენტაცია შატოს 9 დარბაზში, ხოლო მეათე სივრცეში – ძალიან გრძელ დერეფანში – ლევილის ისტორიის წარმოდგენა მისი ზოგიერთი ცნობილი მოღვაწის მონაწილეობით. ყველაფერზე შევთანხმდით. პარალელურად, გუნდმა გამოაცხადა ტენდერი ფრანგულ კომპანიასთან, რომელიც გვირჩევდა თანამედროვე მუზეუმის შექმნას, მორგებულს ტურისტების ფართო აუდიტორიაზე, მოსწავლეებზე, მკვლევრებსა და სტუდენტებზე.
როდესაც ტენდერი საფინანსო სექტორს ხელმოსაწერად წარედგინა, ვიცე-პრემიერმა მაკა გურგენიძემ უარი თქვა ამ კონტრაქტზე და მიიღო გადაწყვეტილება, ეს ამოცანა ეროვნული მუზეუმის დირექციისთვის დაეკისრებინა. ფრანგულ კომპანიას შეეძლო ჩვენთვის ფრანგულ სასამართლოში ეჩივლა „კონტრაქტის უსაფუძვლო, უმართებულო შეწყვეტისთვის“, რაც მას არ გაუკეთებია.
ჩემი პროტესტის მიუხედავად, კომისიამ მუშაობა გააგრძელა და ლევილშიც კი ჩამოვიდა. ადგილზე ვიზიტისას, კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მიღებული გადაწყვეტილებები, მარშრუტში მხოლოდ მცირე კორექტივები შეიტანა.
2026 წლის 4 ივნისს სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი აცხადებენ, რომ იქნება მხოლოდ 8 სივრცე და ლევილის ისტორია აღარ გამოჩნდება. გარდა ამისა, მოსკოვის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით, 3 საექსპოზიციო კედლიდან ერთი მთლიანი კედელი ბოლშევიკურ საოკუპაციო ჯარებს ეთმობა – იმის ნაცვლად, რომ ნაჩვენები იყოს ქართული არმიისა და სახალხო გვარდიის ბრძოლა, ასევე ქართველი ხალხის წინააღმდეგობა და მისი წინააღმდეგობის მოძრაობები.
კომისიამ ჩემი თხოვნით გადაწყვიტა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დარბაზში პირველი ორი პრეზიდენტის, ნოე რამიშვილისა და ნოე ჟორდანიას ბიუსტები ყოფილიყო წარმოდგენილი. 4 ივნისს შევიტყვე, რომ ნოე რამიშვილის პორტრეტი გათვალისწინებული არ არის და სამინისტრო ამ საკითხს შეისწავლის?!
ნოე რამიშვილი, ჩემი დიდი პაპა, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა მეფის რუსეთისა და ბოლშევიკური ჩაგვრის წინააღმდეგ და რომელიც მოსკოვმა შუაგულ პარიზში მოკლა, ახლა იმ რისკის წინაშე დგას,რომ მეორედ მოკლან კულტურის სამინისტრომ და ეროვნულმა მუზეუმმა!
_ ინაუგურაცია როდის იგეგმება? რა მნიშვნელობის მატარებელია ის?
ტიერი ბერიშვილი: 2026 წლის 4 ივნისს, მმართველი საბჭოს შეხვედრისას გადამდგარმა მინისტრმა, თინათინ რუხაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფომ სრულად შეასრულა აღებული სახელშეკრულებო ვალდებულებები და სხდომა დახურა განცხადებით, რომ რეაბილიტირებული მამულის საზეიმო გახსნა 2026 წლის სექტემბერშია დაგეგმილი, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით.
აქაც გადამდგარი მინისტრი ცდება. თუმცა შეთანხმებაში ჩაწერილი თარიღი მართლაც 2026 წლის 22 სექტემბერია, საზეიმო გახსნა ვერ შედგება და ეს რამდენიმე მიზეზის გამო:
პირველი: სამუშაოები არ იქნება დასრულებული;
მეორე: ვიდრე სამუშაოები არ დასრულდება, დეპარტამენტის უსაფრთხოების კომისია, რომელიც იძლევა ნებართვას მამულში საზოგადოების დაშვებაზე, ვერ ჩაატარებს შესაბამის შემოწმებებს, რის გამოც გახსნა ვერ შედგება;
მესამე მიზეზი: (და არანაკლებ მნიშვნელოვანი): გადამდგარი მინისტრი არ წყვეტს, არის თუ არა მამულში ჩატარებული სამუშაოები საკმარისი 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით დაკისრებული პირობების შესასრულებლად. ვინაიდან ოჯახები წარმოადგენენ მამულის შემწირველებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული პირობებით, საბოლოო ჯამში, დარჩენილი 3 ოჯახის გადასაწყვეტია, არის თუ არა ეს პირობები რეალურად შესრულებული. მხოლოდ ამ ოჯახების ხელმოწერებს შეუძლია გახადოს საქართველო სრული უფლებამოსილი მესაკუთრე!
თუ, რა თქმა უნდა, გადამდგარ მინისტრს არ სურს, რომ მაინცდამაინც „პოტიომკინის გახსნა“ ყალბი გახსნა მოაწყოს საკუთარი ნამუშევრის აღსანიშნავად.
სამწუხაროდ, ქ-ნ თინათინ რუხაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უხელმძღვანელებს გახსნის ღონისძიებას.
_ რატომ გაგათავისუფლათ კულტურის ყოფილმა მინისტრმა, თინათნ რუხაძემ?
მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე, ჩემი მშობლები – მამია და ქრისტიანე ბერიშვილები მართავდნენ და პატრონობდნენ ლევილის მამულსა და ქართველთა სასაფლაოს. 1995 წელს მამაჩემმა გადმომცა თავისი უფლებამოსილება ამხანაგობა „ქართული კერაში“, რომელიც ფრანგული კანონმდებლობის წინაშე განაგებდა მამულს.
უკვე 31 წელია, რაც ამ საკითხზე ვმუშაობ და ერთადერთი ვარ (ნათელა ჟორდანიას, ნინა და აკაკი რამიშვილების, ჩემი ბიძაშვილების გარდაცვალების შემდეგ), ვინც საქართველოს სხვადასხვა მთავრობებთან გამართულ ყველა მოლაპარაკებას ესწრებოდა.
2016 წლის მაისში, თბილისში ხელი მოვაწერე „საქართველოსთვის შატოს გადაცემის ურთერთშეთანხმების ოქმს“, ხოლო 2016 წლის 22 სექტემბერს მოვაწერე ხელი შეთანხმებას „საქართველოსთვის ლევილის მამულის პირობითი ჩუქების შესახებ“.
ჩემი კომპეტენციის, ჩართულობისა და საკითხის ღრმა ცოდნის გამო, კულტურის იმჟამინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა, თავის გუნდში მიმიყვანა პროექტის დირექტორის მოადგილედ.
მისი თინათინ რუხაძით ჩანაცვლების შემდეგ, მუშაობა გავაგრძელე ადგილობრივ გუნდთან – ცენტრის დირექტორთან და უსაფრთხოებისა და ლოჯისტიკის მენეჯერთან ერთად. რა თქმა უნდა, 2026 წლის 1 მაისს ჩვენს გათავისუფლებამდე (მშრომელთა საერთაშორისო დღეს… როდესაც არც ერთი ფრანგი დამსაქმებელი არავის გაათავისუფლებდა…).
ჩვენი გათავისუფლება იმით იყო განპირობებული, რომ ახალ გუნდს ვაფრთხილებდით შესასრულებელი საქმეების შესახებ, მათ კი უგულებელგვყვეს, დევნა დაგვიწყეს.
ახალი გუნდი, რომელიც „უჯარისკაცო გენერლებისგან“ შედგებოდა, თვლიდა, რომ ყოველთვის მართალი იყო! მაგრამ არა! ისინი ცდებოდნენ.
ერთ წელზე მეტი ხნის წინ, რამდენჯერმე გავაფრთხილე რეალური სირთულეების შესახებ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მისი ვიცე-პრემიერი მაკა გურგენიძე, სამუშაოების პასუხისმგებელი დიმიტრი მუჯირი, პროექტის ხელმძღვანელი თამარ კვარაცხელია, მისი ნეიტრალური აუდიტი მიხეილ კიკნაძე, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.
რადგან მე ყოველთვის ვიცავდი და ვუფრთხილდებოდი ლევილის პროექტს, რომელიც შეიძლება ძალიან ლამაზი პროექტი იყოს ქართველი ერისთვის, და ყოველთვის ვიცავდი საქართველოს მთავრობის ინტერესებს, რომელმაც ამ პროექტისადმი ინტერესი რეალური ინვესტირებით დაამტკიცა. მაგრამ როდესაც ამ მთავრობის მინისტრი უშვებს შეცდომებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ამ შესანიშნავ პროექტს, არანაირი მიზეზი არ მაქვს, მხარი დავუჭირო ამ ადამიანს!
დღეს ქართულ მართლმსაჯულებაში ვუჩივლე კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს „უკანონო, რეალური და სერიოზული საფუძვლის გარეშე გათავისუფლებისთვის“.
გარდა ამისა, საჩივარი შევიტანე საფინანსო კომისიაში სახელმწიფო შესყიდვების წესების დარღვევის, ფავორიტიზმისა და სახელმწიფო სახსრების შესაძლო მითვისების/გაფლანგვის რისკის გამო.

_ ბატონო ტიერი, რა გამოსავალს გვთავაზობთ ლევილის მამულში სამუშაოების დასრულებისთვის?
ტიერი ბერიშვილი:საფრანგეთში არის ასეთი ანდაზა: „მოგებულ გუნდს არ ცვლიან!“. მეც ამ აზრს ვიზიარებ.
თეა წულუკიანი, დიასპორის საკითხებში იმჟამინდელ მინისტრ გელა დუმბაძესთან ერთად, ოჯახებთან შეთანხმების მთავარი შემოქმედი იყო.
თეა წულუკიანი გახლდათ საქართველოს მთავრობასა და ოჯახებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სულისკვეთების ავტორი.
2021 წელს მან შეძლო გუნდის შეკრება და მისი ეფექტურად ამუშავება, რადგან რესტავრაციების 70%-ზე მეტი სწორედ მაშინ დაიწყო. ადამიანები, რომლებიც მასთან მუშაობენ, ენდობიან მას და პროდუქტიულად, მტკიცე ნდობით შრომობენ, ვინაიდან ისინი სხვადასხვა პროექტის უშუალო მონაწილეები არიან და არა უბრალო ბრმა შემსრულებლები.
მიმაჩნია, რომ თუ პარლამენტი და მთავრობა თეა წულუკიანს დაავალებენ პროექტის დასრულებას ოჯახებთან შეთანხმებულ ვადაში და მისცემენ გუნდის შერჩევის უფლებას – მთავრობის მხრიდან ინვესტირების უკვე დამტკიცებული ნებისა და გარანტიის პირობებში – მთელი პროექტი წარმატებით დასრულდება. მათ შორის: მუზეუმი (შესწავლილი და ყველას მიერ მიღებული სახით), მრავალფუნქციური დარბაზი (წარმოდგენების, გამოფენების, კონფერენციებისა და ყველა იმ აქტივობის მისაღებად, რაც ამ მნიშვნელობის ცენტრს სჭირდება), ამ დარბაზთან დაკავშირებული ბოლო ავტოსადგომები, პარკის ნარგავები, ასევე ცენტრის ორგანიზება და ფუნქციონირება რესტორნის, სასტუმრო ოთახების, იჯარებისა და კულტურული ღონისძიებების მართვითურთ.
ესაუბრა თემურ მარშანიშვილი.
გაზეთი „ალიონი“, 11 აგვისტო, 2026 წ.
მსგავსი სტატიები
- 100
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის… - 100
- 100
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 97
„ცხოვრებაში დიდი პოეზია შემოჰქონდა ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი ზედაპირი ალაგ-ალაგ ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა სუროთი,… - 96
ავტორი თემურ მარშანიშვილი 8 იანვარს ბედნიერი იყო ოზურგეთის მუსიკალური სკოლის მომცრო საკონცერტო დარბაზი და მასში ძლივსდატეული მსმენელი. ბედნიერებაა , აბა, რა არის, როცა შუბერტი, შოპენი და... ასათიანი შობას მოგილოცავენ. სხვანაირად ვერ შევაფასებ ავსტრიაში, ქალაქ ვაიდჰოფენში მოღვაწე თათა ასათიანი-აიგნერის მიერ მშობლიურ ოზურგეთში ექსპრომტად გამართულ კონცერტს. რასაკვირველია, მეც ბედნიერი ვარ, რომ ამ…
