1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს. ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს გახლდათ ამბიციების, გამძლეობისა და გუნდური მუშაობის ისტორია, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა.
მთა ევერესტი, რომელიც ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე მდებარეობს, დიდხანს ითვლებოდა ადამიანთა ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად. ადრეული მკვლევრები და მთამსვლელები მის მწვერვალზე ასვლას მიზნად ჯერ კიდევ 1920-იან წლებში ისახავდნენ. ბრიტანელმა მთამსვლელებმა, ჯორჯ მელორიმ და ენდრიუ ირვინმა, 1924 წელს სცადეს კიდეც, მაგრამ გაუჩინარდნენ. მანამდე მელორიმ საინტერესოდ უპასუხა კითხვას, თუ რატომ სურდა ევერესტზე ასვლა: — „იმიტომ, რომ ის იქ არის“.
მთამსვლელების შემდგომმა გაუჩინარებამ ევერესტს მისტიკა შემატა. არც იმაზე წყდებოდა დებატები, მოახერხეს თუ არა გაუჩინარებულებმა მწვერვალამდე მისვლა.
1950-იანი წლების დასაწყისისთვის ევერესტის დაპყრობის მრავალი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. სიტუაცია პოლიტიკურმა ლანდშაფტმაც შეცვალა — ტიბეტის ოკუპაციამ 1950 წელს ჩრდილოეთის მარშრუტი გადაკეტა, რითაც ნეპალის გავლით, სამხრეთიდან წასვლა ერთადერთ სიცოცხლისუნარიან ვარიანტად აქცია.
1953 წლის ბრიტანულ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი ჯონ ჰანტი, რომელმაც ზედმიწევნით დაგეგმა მისია. ედმუნდ ჰილარი, გამოცდილი მთამსვლელი იყო, ნორგეი კი — მთის უბადლო მცოდნე. ამიტომ მოხვდნენ ისინი ძირითადი გუნდის შემადგენლობაში. ნორგეის მანამდე ევერესტზე ასვლის 6 მცდელობა ჰქონდა.
ევერესტზე ასვლა მრავალ სასიკვდილო გამოწვევას მოიცავს. ჟანგბადის დაბალი დონე, სასტიკი ამინდის პირობები და სახიფათო რელიეფი ადამიანის სხეულს ყველაზე დიდ გამოცდას უწყობს. გზა სავსეა ყინულითა და ნაპრალებით. 7900 მეტრის სიმაღლეზე ზემოთ მთამსვლელები ე.წ. „სიკვდილის ზონას“ აწყდებიან – ტერიტორიას, სადაც ჟანგბადის დონე იმდენად დაბალია, რომ ადამიანის ორგანიზმი, დამატებითი ჟანგბადის გარეშე, გამართულად ვეღარ ფუნქციონირებს.
პოლკოვნიკი ჯონ ჰანტი, რომელსაც უკვე მოესწრო ედმუნდ ჰილარისთან დამეგობრება და აფასებდა ზელანდიელის პროფესიულ თვისებებს. ამ დუეტთან ერთად, ევერესტისკენ გაემგზავრა 12 გამოცდილი ალპინისტი და 350 შერპი. უმეტესი მათგანი მტვირთავის როლს ასრულებდა. მაგრამ ზოგიერთები ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ, მაგალითად თენსინგ ნორგეი, რომელიც ექსპედიციებს ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან დაჰყვებოდა, ხოლო ჰანტის ექსპედიციამდე ცოტა ხნით ადრე, შვეიცარიელებთან ერთად სამხრეთი გზიდან ძალიან ახლოს იყო მიზანთან.
ჯგუფს წინ 7-კვირიანი ჯოჯოხეთური სამუშაო ელოდა. ექსპედიციამ საბაზო ბანაკი ზღვის დონიდან 3500 მეტრზე გამართა. ერთ-ერთი მონაწილე, უიტნი სტიუარტი იხსენებდა, რომ იქ დაიწყო პირველი ნამდვილი სირთულეები – მაგალითად, ისინი ვერ ახერხებდნენ დიდხანს ძილს. ჰილარი თავის თანაგუნდელებზე უფრო მხნედ გამოიყურებოდა და ამიტომაც ჯონ ჰანტმა სწორედ იმ გამოარჩია. ჯგუფის ნაწილი ჰილარისა და ჰანტის მეთაურობით კხუმბუსკენ დაიძრა და გზად საშუალედო ბანაკებს აფიქსირებდა, სადაც საკვებსა და აღჭურვილობას ტოვებდა. სულ საბაზოს ჩათვლით, ასეთი შვიდი ბანაკი დაგროვდა. მარშრუტებზე სამაგრებს ტოვებდნენ, რათა შემდეგ თოკით დასასვენებლად დაშვება იოლი ყოფილიყო და შემდეგ კი კვლავ ზემოთ ასვლა უწევდათ.
აპრილის შუა რიცხვებში, ერთმანეთზე გადაბმული ედმუნდ ჰილარი და თენსინგ ნორგეი 7000 მეტრზე ავიდნენ – იქ უნდა გაემართათ მეოთხე ბანაკი. ის დღე მათ მთელი ცხოვრების მანძილზე დაამახსოვრდათ. გზა გადებული იყო ყინულის დაკიდებულ კედელზე და იმისთვის, რომ ზემოთ ასულიყვნენ, ალპინისტებს საფეხურები უნდა გამოეჭრათ. მომავალ ბანაკამდე ისინი რამდენიმე საათი მიდიოდნენ, და თითქოს უკვე ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მთავარი გამოცდა ჯერ წინ ელოდათ.
დაშვების დროს, ჰილარის ყინული მოუწყდა და კინაღამ უფსკრულში გადავარდა, სპეციალური ქაცვებიანი ფეხსაცმელები საქმეს არ შველოდა. ნორგეიმ წამის მეასედში მოასწრო რეაგირება, მთელი ძალით ჩაარჭო ყინულმჭრელი ყინულში, თოკი შემოახვია, რითაც თავიც გადაირჩინა და მეგობარიც იხსნა სიკვდილისგან. კიდევ ორი კვირის შემდეგ, ალპინისტები მერვე ბანაკაში, 7925 მეტრ სიმაღლეზე ავიდნენ. ისინი უკვე დიდი ხანია აღარ სუნთქავდნენ ნამდვილი ჰაერით, რადგან ბალონებში ჟანგბადისა და გაყინული ჰაერის ნარევი იყო დარჩენილი, რის გამოც უიტნი სტიუარტმა ფილტვების ანთება მიიღო. მათ დიდი ხანია თითქმის აღარ ეძინათ, არ უჭამიათ ნორმალური საჭმელი, რადგან იმ ყინვაში კერძის მომზადების საშუალება არ იყო, თანაც საკვების ეკონომიაზეც უნდა ეფიქრათ. საჭმლის მაგივრად ჩაის სვამდნენ, ჭიქებს ნახევარზე შაქრით ავსებდნენ. ამით ისინი ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ახერხებდნენ ძალების აღდგენას.
ჯონ ჰანტი შტურმს მთელი თვე ამზადებდა, მაგრამ მის განსახორციელებლად არა თავისი ფავორიტები – ჰილარი და ნორგეი, არამედ ტომ ბურდილიონი და ჩარლზ ევანსი გაუშვა. პოლკოვნიკმა ჩათვალა, რომ კოლოსალური სამუშაოს შესრულების შემდეგ, ლიდერები ზედმეტად გამოფიტული და გადაღლილები იყვნენ. 26 მაისის პირველი საათისთვის, ბურდილიონმა და ევანსმა სამხრეთ პიკს მიაღწიეს. უმაღლეს წერტს რაღაც ათეული მეტრი აშორებდათ. და ამ დროს, ალპინისტების ჟანგბადის სისტემები გამოვიდა წყობიდან. ცოცხალ-მკვდარი მთამსვლელები ბანაკში დაბრუნდნენ. ერთადერთი, რაზეც ძალა ეყოთ, ედმუნდ ჰილარისა და თენსინგ ნორგეის მარშრუტის დასკვნითი ნაწილი აუღწერეს.
28 მაისს ჰილარი და ნორგეი ბოლო ბანაკიდან გაემგზავრნენ. პირობები მკაცრი იყო, მაგრამ ისინი სვლას აგრძელებდნენ. მწვერვალთან ახლოს ჰილარის ყინულში საფეხურების გაჭრა მოუწია, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც „ჰილარის ნაბიჯი“. 1953 წლის 29 მაისის დილით, 11:30 საათზე ორი მამაკაცი დედამიწის უმაღლეს წერტილზე დადგა.
ჰილარიმ და ნორგეიმ სულ რაღაც 15 წუთი გაატარეს მწვერვალზე. გადაიღეს ფოტოები, დაამაგრეს დიდი ბრიტანეთის დროშა და დატოვეს „სუვენირები“: ჰილარიმ — ჯვარი, ხოლო ნორგეიმ — ტკბილეული. შემდეგ დაღლილები ქვემოთ, მთაზე დაბრუნდნენ.
წარმატების შესახებ ცნობამ ლონდონში 1953 წლის 2 ივნისს, დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციის დროს მიაღწია, რამაც ბრიტანეთში ზეიმს ზეიმი დაუმატა. ჰილარი და ჰანტი რაინდად აკურთხეს, ნორგეი კი, გმირად აღიარეს ნეპალში და მთელ მსოფლიოში.
წყარო: გაზეთი „ლელო“; მედიაჰოლდინგი „კვირა“
მსგავსი სტატიები
- 100,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“ გრ. რობაქიძე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ნათელ ფურცლებს წარმოადგენს ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი რაც შეიძლება უკეთ გაცნობის კეთილშობილურ მიზანს. და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
- 95ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები იწმინდება…
- 87· ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები გრძელდება. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები…
- 84გობრონიძეთა გვარი საკუთარი სახელიდან გობრონ-იდან მოდის. ამ საკუთარ სახელებს ჩვენში გმირული წარსული აქვს. გობრონი ერქვა ერთ სამხრეთელ ქართველ ციხისთავს, რომელიც X საუკუნის დამდეგს მოღვაწეობდა და 914 წელს, ერთ-ერთი არაბი სარდლის შემოსევისას ყველის ციხიონს ედგა სათავეში. 28 დღე და ღამე გმირულად უმკლავდებოდნენ ყველელი ქართველები მრისხანე მტერს და მხოლოდ მას შემდეგ დანებდნენ,…
- 80მე-10 საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწის, მწერლის და ჰიმნოგრაფის იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ივნისში ლონდონში, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა და საჩუქრად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს გადასცა. უნიკალური ხელნაწერი დღეს თავდაპირველად საპატრიარქოში მიიტანეს. ორენოვან, ქართულ-არამეულ ენებზე შესრულებულ ხელნაწერებს, სახარებისეული ტექსტების შესწავლისა და სამეცნიერო-ლიტერატურული თვალსაზრისით უნიკალური მნიშვნელობა აქვს. იოანე ზოსიმეს…