ოცდამეშვიდე-ოცდამერვე  წერილი

როცა 1983 წლის იანვარში მოსკონცერტის დირექტორმა კონსტატინ ბულგაკოვმა მოსკოვის საპასპორტო სამართველოსაგან უარი მიიღო, ჩემი ოჯახის მოსკოვში ჩაწერაზე, გადაწყვიტა ჩვენი, გოგის და ჩემი წარდგენა რუსეთის სახალხო არტისტების წოდებაზე! ყველა საჭირო საბუთები: ოფიციალური დახასიათებები, შუამდგომლობები იქნა გადაგზავნილი რუსეთის კულტურის სამინისტროში და ამავე დროს მოსსოვეტის კულტურის მთავარ აღმსრულებელი სამართველოს ხელმძღვანელთან ბუგაევთან, ამ საკითხის დადებითად გადასაჭრელად! ამით, როგორც ჩვენმა დირექტორმა ოპტიმისტურად განაცხადა «ერთი გასროლით მოკლავდა ორ კურდღელს!».
ჩვენ დაგვიბარეს რუსეთის კულტურის სამინისტროში. შევხვდით კულტურის მინისტრის მოადგილეს! როგორც ჩვენმა დირექტორმა გაგვაფრთხილა, სწორედ მინისტრის ამ მოადგილეს ევალებოდა წოდებაზე წარდგენილი ადამიანების საბუთების შესწავლა. ჩვენთან საუბრისას მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ: «დამსახურებული არტისტის წოდებაზე წარდგენა არის შემოქმედი ადამიანის ნიჭის და შრომის მაღალი შეფასება». თქვენ სულ მესამე წელია რაც მოსკონცერტში მუშაობთ, მოსკონცერტის დირექცია კი თქვენ გახასიათებთ როგორც მოსკონცერტის წამყვან მომღერლებს! «დახასიათებაში და შუამდგომლობაში ასევე მითითებულია, რომ თქვენ, 1973 წლიდან შემოქმედებით მუშაობას წარმატებით ეწეოდით მოსკოვში: საკავშირო რადიოში, მონაწილეობდით საკავშირო რადიოს და ტელევიზიის გადაცემებში. მუშაობდით მოსკოვის კამერულ მუსიკალურ თეატრში სოლისტებად. ხართ საერთაშორისო, საკავშირო და რუსეთის ვოკალისტთა კონკურსების ლაურიატები. ფირმა «მელოდიას» აქვს გამოუცემული თქვენი პლასტინკები!» ყველაფერი ეს თქვენ დიდ მიღწევაზე, ნიჭზე მიგვითითებს! ასეთი დახასიათებები და შუამდგომლობა ყოველთვის ემყარება შემოწმებულ და დამტკიცებულ საბუთებს. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ განვიხილოთ მოსკონცერტის დირექციის შუამდგომლობა.
«ჩვენი, რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს წესდების მიხედვით: თავდაპირველად მომღერალმა უნდა დაიმსახუროს და მიიღოს დამსახურებული არტისტის წოდება თავის რესპუბლიკაში! მხოლოდ ამის მერე შეიძლება განხილული იქნას მისი წარდგენა რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდებაზე! ამიტომ ჩემი რჩევა იქნება მიმართეთ საქართველოს კულტურის სამინისტროს ამ საკითხის განსახილველად. მიმაჩნია, რომ თქვენი წარმატებები ვოკალურ ხელოვნებაში, სრულიად იმსახურებს თქვენ რესპუბლიკაში ამ წოდებაზე თქვენ წარდგენას»
«იშვიათად, ძალიან იშვიათად, როგორც გამონაკლისი, მაგრამ ხდება ჩვენი წესდების გვერდით ავლა და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტის წოდების მინიჭება განსაკუთრებული მონაცემების მქონე მომღერლისთვის. ვინ იცის, იქნება თქვენც ასეთ მომღერლების რიგს ეკუთვნითო და გაღიმებული, კეთილი სახით, გამომშვიდობისას გვითხრა, რომ ძალიან კარგად ვიცნობ თქვენ დირექტორს, კონსტატინ ბულგაკოვს, როგორც პრინციპულ, პასუხისმგებელ ადამიანს, რომელიც უსაფუძვლოდ არავის არ გაუწევს შუამდგომლობასო. ამიტომ გპირდებით, რომ მოსკონცერტის შუამდგომლობას თქვენს შესახებ აუცილებლად გავიტან კულტურის სამინისტროს კოლეგიაზეო!»
ჩვენთვის სრულიად ნათელი გახდა როგორ უნდა მოვქცეულიყავით თუ რუსეთის სამინისტროდან უარყოფით პასუხს მივიღებდით! ბოლოს და ბოლოს ჩვენ შემოქმედებაში ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობდა. არც ჩვენი ღირსება და არც ჩვენი სამშობლოს სახელი არასდროს არ შეგვირცხვენია! ასე, რომ თუ საჭირო გახდებოდა მივმართავდით საქართველოს კულტურის სამინისტროს!
იყო 1983 წლის თებერვლის დასაწყისი. გასტროლებით ჩვენ ანსამბლთან ერთად გავემგზავრეთ ქ. ყაზანში, თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, სადაც ორი კვირა ვიმუშავეთ და გასტროლები გავაგრძელეთ შუა აზიის ყველაზე უძველეს ქალაქ სამარყანდში, სადაც თავისუფალ დროს დავათვალიერეთ შუა აზიის საოცარი, უძველესი კულტურული და რელიგიური ძეგლები! კონცერტებს ვატარებდით ქ. სამარყანდში. გვქონდა ასევე გასვლითი კონცერტები ქალაქთან მახლობელ რაიონების ცენტრებში! თითქმის გასტროლების ბოლოს, კონცერტის დაწყებამდე ადრე, ადგილობრივმა ადმინისტრატორმა გოგის უთხრა, მოსკოვიდან თქვენმა მეუღლემ დარეკა და გვთხოვა, რომ დღესვე გადაურეკოთო. ჩვენ შევწუხდით, მივხვდით, რომ რაღაც სერიოზული ამბავი მოხდა. ამიტომ ვთხოვეთ ადმინისტრატორს დაგვხმარებოდა ამ საკითხის გადასაჭრელად. მოკლედ, იმავე საღამოს სამარყანდის ფოსტიდან დაველაპარაკეთ ირას, გოგის მეუღლეს. მახარაძიდან მამას მისთვის შეუტყობინებია, რომ ჩვენ დედას მაღალი წნევისაგან თავის არეში, კაპილარიდან სისხლს გამოუჟონია, მაგრამ ექიმის დროული დახმარებით ახლა კარგად არისო. ექიმს დიაგნოზად ანემია დაუსახელებია. ჩვენ მამის ნათქვამში ვიგრძენით, რომ საქმე ასე ადვილად არ იყო და სამარყანდის ფოსტის თანამშრომელს ვთხოვეთ ეცადა მახარაძის ფოსტასთან დაკავშირება. მართლაც კარგა ხნის მცდელობის მერე, როგორც იქნა გვიპასუხა მახარაძის ფოსტის თანამშრომელმა და როცა გაიგო რაში იყო საქმე, ხელად აგვიკრიფა ჩვენი მშობლების სახლის ტელეფონის ნომერი. ყურმილი მამამ აიღო და რომ გაიგონა ჩვენი აღელვებული ხმა გვითხრა «ნუ გეშინიათ, ახლავე დედათქვენთან დაგალაპარაკებთო». მართლაც ყურმილში გაისმა ჩვენი დედიკოს ხმა: «გამარჯობათ შვილებო, ნუ შეშინდებით, ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ექიმმა მითხრა ორ კვირაში ყველაფერი გაგივლისო! თუ 12 მარტს, ჩემ დაბადების დღეზე ოჯახებთან ერთად ჩამოხვალთ ძალიან გამიხარდებაო!»

             გოგი და გია მშობლებთან

მარტის ორ რიცხვში დავბრუნდით მოსკოვში. იმავე საღამოს მამამ დაურეკა გოგის: «სასწრაფოდ ჩამოდით, დედას ისევ გაუმეორა სისხლის ჩაქცევამო!». მოსკოვიდან წამოვედით მატარებლით ნატანებამდე, ასე იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ იმ დღეებში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ყველა მგზავრები და ეკიპაჟის წევრები დაიღუპა! ისედაც ძალიან აღელვებულები ვიყავით, არ ვიცოდით წინ რა გველოდა და ვიფიქრეთ კიდევ რამე უბედურობას არ გადავეყაროთო.
პატივცემულო გაზეთ «ალიონის» მკითხველებო თქვენ ალბათ უკვე მიაქციეთ ყურადღება, რომ მე ჩემი ძმის, გოგის სახელით არაფერს არ ვაცხადებდი, არ ვიხსენებდი! გოგი ასაკით ჩემზე უმფროსია ერთი წლინახევრით და ჩემი მისდამი პატივისცემა, როგორც უმფროსი ძმის მიმართ ძალიან მაღალია! თანაც ის ჩემზე უფრო მგძნობიარე ადამიანია და მისი სახელით მის გრძნობებზე ლაპარაკი ჩემთვის სრულიად მიუღებელია. თუ საჭირო იქნება ის თვითონ იტყვის მის სათქმელს!
სხვა საკითხია, რომ შემოქმედებითად ჩვენ სულ ერთად ვიყავით, ერთად ვმღეროდით, ერთად ვწყვიტავდით სერიოზულ, ცხოვრებისეულ საკითხებს. სხვათაშორის ამას ყურადღება მიაქცია საკავშირო რადიოს რედაქტორმა, რუსეთში ცნობილმა პოეტმა ონეგინ გაჯიკასიმოვმა. საკავშირო რადიოს რედაქციებში ჩვენი ყოველთვის ერთად მისვლაზე ასე უთქვამს: «დვა ბრატა, სოგრატა ი ბაგრატაო!», მერე ეს ფრთოსანი, სამხიარულო ფრაზა მართალია ცოტა ხნით, მაგრამ სხვებმაც აიტაცეს.
სანამ მატარებლით ნატანებამდე ჩამოვაღწევდით, ძალიან დაძაბულები, აღელვებულები ვიყავით. ათას რაღაცაზე ვილაპარაკეთ, ვიმსჯელეთ, ბევრი რამ გავიხსენეთ. და მაინც მე ყველაზე მეტად მაწუხებდა ერთი კითხვა: «როგორ მოხდა, რომ მე, სამი ბავშვის მამამ, 36 წლის ასაკის მამაკაცმა, ვერ შევამჩნიე ჩემი საყვარელი დედის ასეთი დიდი გასაჭირი?». იქნებ იმიტომ, რომ დედა გვიმალავდა მის გასაჭირს ?. არა! უფრო იმიტომ, რომ ჩემ შემთხვევაში, დედის ან მამის სიკვდილზე არასდროს სერიოზულად არ მიფიქრია. ასე მეგონა, რომ ისინი ღრმა სიბერემდე იცოცხლებდნენ და სულ ჩემ გვერდით იქნებოდნენ! არც ის შეიძლება ითქვას, რომ მე სიკვდილის შესახებ თითქოს არაფერი არ გამეგებოდა! პირველად პატარობაში ბებია გუგული, დედაჩემის დედა გარდაიცვალა. კარგა ხნის შემდეგ ბებია მარიამი, მამას დედა. მახსოვს ჩემ კითხვაზე თუ რატომ გარდაიცვალნენ გუგული და მარიამ ბებია? დედამ მითხრა «წნევის გამო მოკვდნენ. წნევამ დაარტყაო!» იმ დროს ყველა ასე ამბობდა «წნევამ დაარტყაო! ან გულის უკმარისობით მოკვდაო!». მაგრამ ყველაზე უფრო მძაფრად ის პირველი სიკვდილთან შეხვედრა დამამახსოვრდა, როცა ჩვენი თანაკლასელი ბავშვის ტირილში წაგვიყვანეს: « ზვანის მესამე საშუალო სკოლის პირველ კლასის მოწაფეები ვიყავით, როცა ერთი ჩვენი თანაკლასელი ბავშვი გარდაიცვალა. არ ვიცი ვინ გადაწყვიტა, მაგრამ ტირილის დღეს სკოლის ხელმძღვანელობიდან ვიღაცამ ყველა ბავშვები მიგვიყვანა იმ ბავშვის ოჯახში, მოგვცეს ყვავილები და დაგვაყენეს კუბოსთან ახლოს, სადაც ის პატარა, ანგელოზი ბავშვი იწვა! იქვე, ჩვენ უკან ბავშვის დედა და ბებია მწარედ ტიროდნენ. ჩვენც ავტირდით! ყვავილები დავაწყვეთ ჩვენი თანაკლასელის პატარა კუბოზე და ტირილ-ტირილით გამოვედით გარეთ! ჩვენმა მშობლებმა რა თქმა უნდა ასეთი საქციელისთვის დიდი საყვედური განუცხადეს სკოლის დირექტორს!

                                          ჩვენი თანაკლასელები

ოთხ მარტს, ნატანების რკინიგზის სადგურში დაგვხდა ბიძაშვილი მანქანით და წამოვედით მახარაძისკენ. გზაში ძალიან ცუდი ამინდი, წყალ-თოვლი დაგვეწია. გზა თითქმის არ ჩანდა. უკვე კარგად შეღამებული იყო, როცა შევედით სახლში. პირველი სართულის დიდ ოთახში, ტახტზე იწვა ჩვენი საყვარელი დედა, იქვე იდგა თვალცრემლიანი მამა. ოთახში ბევრი ხალხი იყო, ალბათ «სასწრაფო დახმარების» ექიმები იყვნენ. ვერ ვიხსენებ, მივესალმეთ მათ თუ არა. ჩვენ ხელად დედასთან მივედით, მივხვდით, რომ დაგვინახა და გვიცნო, თვალებში თითქოს სინათლე მოემატა. ვერაფრით თავი ვერ შევიკავეთ და ტირილი დავიწყეთ, თუმცა ორივე შეთანხმებული ვიყავით არავითარ შემთხვევაში დედისთვის არ გვეჩვენებია, რომ ვტირივართ. ოთახში ყველა ტიროდა! როცა დედის თვალებში ცრემლები დავინახეთ უარესად, ხმამაღლა ავტირდით. გოგიმ მითხრა «შეხედე, როგორი პატარა ბავშვის თვალებით გვიყურებსო?». მე დედასთან ახლოს, პატარა სკამზე დავჯექი, ხელი ხელზე მოვკიდე და უხმოდ, არავის რომ არ გაეგონა ისე, შინაგანი ხმით ვეუბნებოდი: «არ წახვიდე! არ წახვიდე! არავის არსად არ გაყვე! ჩვენთან დარჩი!» იხილეთ №3 ფოტოსურათი
დიდ ბოდიშს ვიხდი ყველას წინაშე! ძალიან მიჭირს იმ საშინელი წუთების, დღეების გახსენება! ალბათ ისიც კი არ უნდა დამეწერა, რაც დავწერე! ვერა, ჩვენ ვერ ვუშველეთ ჩვენ დედიკოს, რომელიც ბოლო წამებამდე ელოდა ჩვენ ჩამოსვლას!
1983 წლის 5 მარტს, ადრე დილით გარდაიცვალა ჩვენი დედა! ყველაზე კეთილი, ყველაზე საყვარელი, ყველაზე ლამაზი, ჩვენი და ჩვენი შვილების გამზრდელი დედა! ჩვენ დიდ ოჯახს გამოეცალა ფუძე ბოძი, ეწვია რაღაც საშინელი მწუხარება! ჩემთვის ყველაფერმა, რასაც კი აქამდე ვაკეთებდით დაკარგა თავისი მიზანი, ყოველგვარი მნიშვნელობა, თავისი ფასი. ჩვენგან წავიდა ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი! ჩვენ ხომ მათთვის, მშობლებისთვის ვაკეთებდით ყველაფერს, ვცდილობდით ჩვენი წარმატებებით მათთვის მიგვენიჭებია სიხარული და დაგვემტკიცებია, რომ გაზარდენ ღირსეული შვილები !
ჩვენთვის საშინელ იმ დღეებში, მახარაძეში მუხლებამდე თოვლი მოვიდა. მოსკოვიდან ჩამოვიდნენ ტატიანა და ირა შვილებით! ომარის გავუგზავნეთ დეპეშა აშხაბადში, რომ არ დაეგვიანებია და დროზე ჩამოსულიყო! მოსკონცერტის ხელმძღვანელობამ ჩვენი თხოვნით ორ თვიანი სარეპეტიციო პერიოდი დაუნიშნა ჩვენს მუსიკოსებს ანაზღაურებით.
მიუხედავად ძალიან ცუდი ამინდისა, ყოველ საღამოს ბევრი ადამიანები, მეზობლები, ნათესავები, ნაცნობები, მოდიოდნენ პანაშვიდზე, ჩვენი მწუხარების გასაზიარებლად! მინდა დაგვიანებული, უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანებს ვინც გასაჭირის დროს გვერდით გვედგა!
დადგა დედასთან გამოსამშვიდებელი დღე, 12 მარტი! უბედურებისგან გამწარებულებმა ისიც კი ვერ შევამჩნიეთ, რომ ეს დღე დაემთხვა დედის დაბადების დღეს! იმ ურწმუნოების, საოცარი ათეისტური ძალდატანების დროს, ჩვენ ხალხს მაშინ აერთიანებდა მხოლოდ ნათესაობრივი კავშირი, ქართველობის და სამშობლოს სიყვარული გრძნობა. განსაკუთრებით ეს იგრძნობოდა გასაჭირის დროს. რა თქმა უნდა სიხარულშიც და ბედნიერებაშიც იგრძნობოდა, მაგრამ მაინც, განსაკუთრებით იგრძნობოდა გასაჭირის დროს! დედასთან გამოსამშვიდებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ ჩვენი ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები. გოგის და ჩემი თანაკლასელები. მოვიდა მწუხარების გამოსათქმელად ჩვენი გუგული ბებიას ხელში გაზრდილი ჯიმი მიქელაძე, გოგის ნათლია. მახარაძის ხელმძღვანელობა, კულტურის წარმომადგენლები, მამის მეგობრები! ყველანი მახსოვხართ, ყველას გიხდით უღრმეს მადლობას!
დედა მივაბარეთ ღვთისგან დალოცვილ მოიდანახის მიწას! მარია ბებიას და გიორგის ბაბუას საფლავებთან ახლოს, სადაც ყველა ბეშიტაიშვილი განისვენებს!

დედის საფლავი მოიდანახეზე

ამ წერილის დაწერა გაზეთ «ალიონისთვის» მომიწია მაშინ, როცა მთელი საქართველო გლოვოვდა უწმინდესი და უნეტარესი -კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას! არ მგონია, რომ სადმე მოიძებნება ისეთი ქართველი ადამიანი ვისაც გულთან არ მიეტანოს ეს უღრმესი მწუხარება! ჩვენ უბედურ დროში, როცა მთელი მსოფლიო ცეცხლშია გახვეული, როცა ოქროს სახელით სატანა ბობოქრობს დედამიწაზე, ძალიან მნიშვნელოვანია მთელმა ერმა შეისმინოს საქართველოს ერის მამის სიტყვები: «შეიყვარეთ ერთმანეთი! გაერთიანდით! სამშობლო პირველ ყოვლისა!».

                                           * * *

ათეული წლეების განმავლობაში მარტის თვე ჩვენი ოჯახისთვის ითვლებოდა ბედნიერების თვეთ, ვინაიდან ჩვენი საყვარელი დედა დაბადებული იყო 1924 წლის 12 მარტს. 1983 წლის 5 მარტიდან კი ეს თვე გადაიქცა ჩვენი მუდმივი მწუხარების თვედ! ბევრ ადამიანს, მათ შორის ექიმებსაც მიაჩნიათ, რომ ზამთრიდან გაზაფხულზე გადასვლის დროის მონაკვეთი სახიფათოა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხნიერი ადამიანებისთვისაც! ჩვენი ოჯახის შემთხვევაში კი, დედის გარდაცვალებიდან 19 წლის შემდეგ, 2002 წლის 16 მარტს ჩვენდა მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი მამა, აკაკი გიორგის ძე ბეშიტაიშვილი! ორივე მშობლების გარდაცვალება შეიძლება სრულიად შემთხვევით დაემთხვა მარტის თვეს. ამას იმიტომ ვფიქრობ, რომ მამა 82 წლის ასაკში გამოიყურებოდა გაცილებით უფრო ახალგაზრდათ, 70 წლის ენერგიულ, მხნე ადამიანად და არავინ არ ელოდებოდა მის გარდაცვალებას.
დაუბრუნდეთ 1983 წელს! ჩვენმა ოჯახმა მამის ხელმძღვანელობით , ნათესავების და მეზობლების დახმარებით, ქართული ადათ-წესების დაცვით ავღნიშნეთ დედის გარდაცვალებიდან მეცხრე და მეორმოცე დღე! მინდა ყოველ მათგანს დახმარებისთვის, გაჭირვების დროს მხარში დგომისთვის გადაუხადო უღრმესი მადლობა!
დედის გარდაცვალებამ იმდენად ძლიერად იმოქმედა ჩვენზე, რომ დავკარგეთ სიმღერის ყოველგვარი სურვილი! დაიკარგა აზრი იმ მიზნისა, რისკენაც ჩვენ ყოველთვის მივისწრაფოდით! ჩვენთვის კონცერტებზე და გასტროლებზე გაფიქრებაც კი წარმოუდგენელი იყო. ბავშვებმაც ბებიას გარდაცვალებას ბავშვურად შიშით და გაურკვევლობით შეხვდნენ. ბებიას სითბო და სიყვარული თავიანთ დედებზე და ბაბუაზე გადაიტანეს. საოცრად ამაღელვებელი იყო, როცა ია და ეკუჩა ბაბუასთან მივიდოდნენ, ერთი მარცხენა ლოყაზე კოცნიდა, მეორე მარჯვენა ლოყაზე და ეფერებოდნენ «ჩვენი ბაბუკაო!». ამ დროს მამა თვალებს ხუჭავდა, ვხედავდით, თავს როგორ ძლივს იკავებდა, რომ არ ატირებულიყო. ჩემი მანანა და პატარა ბიჭი კაკუჩა სულ ჩემთან იყვნენ, არ მშორდებოდნენ. თითქოს ეშინოდათ არ დავკარგულიყავი! მე კი მიზეზებს ვიგონებდი, ვითომ რაღაცა საქმე მქონდა გასაკეთებელი ქალაქში და მივდიოდი მოიდანახეზე დედის საფლავთან! სადაც ჩვენი ბებია და ბაბუა განისვენებდნენ. იქვე ახლოს კი ჩვენი ბიძიას, ჟორა ბეშიტაიშვილის საფლავი იყო. მისი ორი ქალიშვილის, ჩემი საყვარელი ბიძაშვილების ქეთინოს და მაიასგან ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული.
ჩემი თაობა, პატარა გამონაკლისის გარდა, ათეისტური სამყაროს შვილები ვიყავით. მთელი ბავშვობა გურიაში ერთი კონცერტიდან მეორე კონცერტზე სირბილში გავატარეთ. თბილისში «ნიჭიერთა ათწლედიდან» კი ყველგან დაგვატარებდნენ, გარდა ეკლესისა! მარჯანიშვილის თუ რუსთაველის თეატრებში, მუზეუმებში, სხვადასხვა გამოფენებზე, კინოთეატრებში, ოპერის თეატრში! არავითარი რელიგიური ინფორმაცია, არავითარი საუბარი ღმერთის შესახებ! იმ საშინელ დილით, როცა ნათელა ბიცოლას კივილმა გვამცნობა დედის გარდაცვალება, მე გაოგნებულმა და უგნურმა, ღმერთს უღირსი სიტყვებით მივმართე უსამართლობისათვის, ჩვენი დედის ასე ადრე გარდაცვალებისთვის. ეს იყო და დღემდე დარჩა ჩემი ცოდვა ღვთის მიმართ, რომელსაც ახლაც ვინანიებ და ვთხოვ ღმერთს მაპატიოს ჩემი უგნურობით ჩადენილი დიდი ცოდვა!
მოიდანახეზე, ღვთისგან დალოცვილ სამოთხის მაგვარ, ლამაზ ადგილზე, დედის საფლავთან მთელი ჩემი სულით და გულით ვიგრძენი, რომ სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ამ ქვეყნიური და იმ ქვეყნიური ერთმანეთში არიან შერწყმული. რომ მათ შორის არ არსებობს არავითარი ზღვარი, სადაც შეგიძლია ყველაფერზე ელაპარაკო შენ დიდ სიყვარულს, შენ დედას! რამოდენჯერმე ჩემ ძმას გოგის შევესწარი დედას საფლავთან ნატირალი თვალებით! მამას ჩვენი ტანჯვა და მოიდანახეზე ხშირი მისვლა არ დარჩენია შეუმჩნეველი. გვითხრა: «რასაც ახლა თქვენ განიცდით, მეც ასევე განვიცდიდი ჩემი მშობლების გარდაცვალებისას. მხოლოდ თქვენზე, შვილებზე ფიქრმა და ზრუნვამ გამინელა ის გაუთავებელი ტკივილი. მამამ გვირჩია, რომ უფრო მეტად შვილებზე და ოჯახზე გადაგვეტანა ჩვენი ყურადღება».
სულიერი ტკივილი გაუთავებელ ტკივილად რჩებოდა, ცხოვრება კი გრძელდებოდა და თავისას ითხოვდა. ჩვენ უნდა გვეფიქრა იმ ადამიანებზე ვინც ჩვენთან მუშაობდნენ. მუსიკოსები ელოდებოდნენ ჩვენ დაბრუნებას, კონცერტების გაგრძელებას. ყველა მათგანს თავისი პირადული პრობლემები გააჩნდა! საჭირო იყო ამ საკითხის დროულად გადაწყვეტა მოსკონცერტის ხელმძღვანელობასთან!
1983 წელს ჩვენი პირველი ვინილის «გიგანტი» პლასტინკის გამოცემა დაგეგმილი იყო ფირმა «მელოდიაში». ყველა სიმღერები უკვე ჩაწერილი გვქონდა, დარჩენილი იყო მხოლოდ სიმღერების საბოლოო მონტაჟის გაკეთება! და მაინც ყველაზე რთული და სერიოზული ჩვენი მამის საკითხი იყო! ასეთი გასაჭირის დროს ჩვენ არ გვინდოდა მამა მარტოდ რომ დარჩენილიყო! კარგი იქნებოდა ჩვენთან რომ წამოსულიყო, ჩვენთან ერთად რომ ეცხოვრა. მაგრამ ისმეოდა მეორე, არა ნაკლებ რთული კითხვა: ამოდენა სახლ-კარს ვინ მიხედავდა? ბავშვების სწავლის საკითხიც უნდა გადაგვეწყვიტა. ია და ეკა იმ დროისთვის მესამე კლასის მოწაფეები იყვნენ. სწავლა მაისის ბოლოს უთავდებოდათ. იმ მოსაზრებით, რომ ბავშვები სწავლის დამთავრების მერე, ზაფხულის არდადეგებს მაინც მახარაძეში გაატარებდნენ გადავწყვიტთ იას, მანანას და კაკუჩას ტატიანასთან, ჩემ ცოლთან ერთად მახარაძეში დატოვება! რაც შეეხებოდა მანანას, რომელიც მეორე კლასის მოწაფე იყო, ბავშვს სწავლების პროცესი რომ გაეგრძელებინა, ჩვენი თხოვნით მახარაძის რუსული სკოლის დირექტორმა ნება დართო მეორე კლასში ჩარიცვის და სწავლების გაგრძელების! რითაც ჩვენ დიდი დახმარება გაგვიწია.
14 აპრილს, «ორმოცის» მერე, მე ერთი თვით წავედი მოსკოვში ყველა საკითხების მოსაგვარებლად და ფირსანოვკაში სახლ-კარის მისახედად. თუმცა ჭიშკარი და სახლი ღიად რომ დაგრჩენოდა არავინ არაფერს არ მოიპარავდა. არ მახსოვს ჩვენი იქ ცხოვრების განმავლობაში ვინმეს ასეთი პრობლემა ჰქონოდა. მუსიკოსებს სექტემბრის ბოლომდე გავუგრძელე სარეპეტიციო პერიოდი. რამოდენიმე მუსიკოსი დროებით მივამაგრე სხვა კოლექტივში ჩვენ დაბრუნებამდე! მერე დავბრუნდი მახარაძეში და მამასთან ერთად დედის სასაფლაოს გაუკეთეთ რკინის, დაბალი სიმაღლის ღობე და ჭიშკარი. აგვისტოს დასაწყისში გოგი მისი ოჯახით დაბრუნდა მოსკოვში, მათ გადასაწყვეტი ჰქონდათ ბინასთან ახლოს რომელიმე სკოლაში ეკას ჩარიცხვის დროს რამე გართულება რომ არ ჰქონოდათ!
აგვისტოს ბოლოს მეც დავბრუნდი მოსკოვში რათა ფირმა «მელოდიაში», ცნობილ ხმის რეჟისორთან, არკადი მელიტონიანთან ერთად ბოლომდე მიმეყვანა პლასტინკის სიმღერების საბოლოო მონტაჟი. ფირსანოვკიდან მოსკოვის, ლენინგრადის რკინიგზის სადგურამდე ჩასვლას ელექტრომატარებლით საათი და ათი წუთი ჭირდებოდა. ერთხელაც მგზავრობის დროს სიტყვა „მოიდანახე“ თავში რამოდეჯერმე გამიმეორდა და თითქოს სპეციალურადო, ელექტრომატარებლის ბორბლების რითმიც ამ სიტყვას დაემთხვა. შემდეგ შინაგანი სმენით გავიგონე მელოდიის ტონალობა და მელოდიაც. პირველ მუსიკალურ ფრაზას დაემთხვა ჩემგან მოფიქრებული სიტყვებიც: «მოიდანახე! ნაძვი და გირჩებია!». მოსკოვში ჩასვლამდე უბრალო ქაღალდზე ჩავწერე მთელი სიმღერა და ფირმა «მელოდიის» მაგივრად წავედი გოგისთან ბინაში. პიანინოზე დავუკარი. გოგისაც მოეწონა მელოდია და გადავწყვიტეთ ხუტასთვის მიგვემათათ. იმავე საღამოს შევხვდით ბატონ ხუტას, რომელმაც ჯერ ქვა ააგდო და მერე თავი შეუშვირა სიტყვა მოიდანახეზე! ეს კუთხური გამოთქმაა და უნდა დავწეროთ «მოდი და ნახე»-ო. ასეთი სახელებით ბევრი სასაფლაოები ვიცი საქართველოშიო! ჩვენც ქვა ავაგდეთ: «მოდი და წადი» გურიაში ითქმის «მოი და წაი» და რაც მთავარია მახარაძეში, უძველეს სასაფლაოსაც ასე ჰქვია «მოიდანახე!» გურულები «მოდი და ნახეს» არცერთ შემთხვევაში არ მიიღებენ! ეს იყო ჩვენი ბოლო და პრინციპიალური სიტყვა. ხუტა მიხვდა, ორ გურულს ერთი მეგრელი ვერ გაგვიმკლავდებოდა! მაგრამ მოითხოვა: « ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით რაც თქვენ მაშინ განიცადეთ და რასაც ახლა განიცდითო!». ასე შეუდექით სიმღერის «მოიდანახე»-ს შექმნას!

ლექსი „მოიდანახე“

«მოიდანახე»-ს შესავალისთვის მე დავწერე სამხმიანი ხორალი, სადაც მუსიკალურად ვეცადე გადმომეცა ღვთისგან შექმნილ უსასრულო სამყაროში, პატარა დედამიწის სულ პატარა წერტილში, საქართველოში როგორ ისმის შორიდან ჩუმად და შემდეგ თანდათანობით ძლიერდება მამაკაცთა მწუხარებით სავსე, სამგლოვიარო ხმები.

გავაკეთე სიმღერის არანჟიროვკა. შევასწავლე მუსიკოსებს. მინდა გითხრათ, რომ სწორედ ამ სიმღერამ, «მოიდანახე»-მ დაგვიბრუნა დაკარგული ხმები და დაგვაბრუნა მომღერლობაში! ჩვენ გაგვიჩნდა უდიდესი სურვილი გვემღერა სიმღერა, რომელიც მიძღვნილი იყო ჩვენი დედის ხსოვნისადმი. მალე ამ სიმღერას დაემატა ახალი სიმღერა «ბედი», რომელიც შინაარსით უფრო გულისხმობდა ღმერთს ვიდრე ბედს. სადაც მე მინდოდა ყველასთვის მეთქვა თუ რა ფუნქცია აკისრია მომღერალს ღმერთისაგან! ეს ისეთი ღია კითხვა იყო და დღესაც რჩება, რომლის პასუხს ეძებს ყოველი ხელოვანი ადამიანი, პოეტი, მწერალი, მხატვარი, მოქანდაკე თუ სხვანი! ამ გრძნობაზე დაიბადა «ბედი»-ს მუსიკაც და ტექსტიც, სადაც ისმის მომღერლის თხოვნა ღმერთის მიმართ: «მზეს ვხედავ ვიდრე, მომაპყარ მზერა. მამღერე სანუგეშო ჰანგი ყველა დედის!».

„მოიდანახის“ ხორალის ნოტები

მაშინაც, როგორც დღეს, ძალიან სერიოზული პოლიტიკური სიტუაცია იყო მთელ მსოფლიოში. ბევრი სრულიად უდანაშაულო ბავშვები, ქალები, მოხუცებულები, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპებოდა და განიცდიდა საშინელ ზეწოლას!

ჩვენ თუ აქამდე ვწერდით სიმღერებს ჩვენ საყვარელ სამშობლოზე და მივმართავდით ქართველ ხალხს ერის იდენტურობის შენარჩუნებისთვის როგორც სიმღერაში «დიდგორული ჰანგებში»: «იმღერეთ ჰანგი დედის და მამის, დედის და მამის, მზიური ჰანგები». ან კიდევ სხვა სიმღერაში, «საგანთიადო»-ში მიუთითებდით «ხალხი თუა ლამაზი, ხალხი თუა მამაცი, ხალხი თუა მდიდარი საქართველო ვით არი. მშობლიური მთით არი, მშობლიური მზით არი, მშობლიური ცით არი, მშობლიური მიწით!“

            ლექსი „საგანთიადო“

თანაც ამ სიმღერის ვიდეოშიც და ანოტაციაშიც მიუთითებდი, რომ საქართველოს მიწის გაყიდვის უფლება არავის არ აქვს! ის ფულზე და ოქროზე არ იყიდება. თუ მტერი წინათ გალესილი ხმალით ცდილობდა ჩვენთვის მიწა-წყალის წართმევას, ახლა გველივით მოდის, ფულით ცდილობს მის მითვისებას. «მტერი მტერია, გველი გველია».
1983 წლის ოქტომბრიდან ჩვენ დავიწყეთ სიმღერის «მოიდანახე»-ს შესრულება მოსკოვში, ჩვენი კონცერტების დროს. ამ სიმღერას რაღაც ჯადოსნური ზემოქმედების უნარი აღმოაჩნდა! კონცერტებში «მოიდანახეს» ჩვენ ყოველგვარი გამოცხადების გარეშე ვასრულებდით. არც რამე სპეციალურად ჩაფიქრებული განათებით არ მივუთითებდით სიმღერის შინაარსზე. თუ შემთხვევით ქართველები ესწრებოდა კონცერტს, ამ სიმღერაზე ხელად რეაგირებდნენ და კონცერტის მერე აუცილებლად გვთხოვდნენ ამ სიმღერის ჩანაწერს. ძირითად კი რუსულ ენოვან მაყურებელს არ ესმოდა სიმღერის შინაარსი, ვინაიდან ჩვენ ვასრულებდით სიმღერას მხოლოდ ქართულ ენაზე. თუმცა ჩვენმა ხმის რეჟისორმა მიაქცია ყურადღება, რომ დარბაზში ვიღაცეები ტიროდენ, განსაკუთრებით ქალები. ჩვენმა მუსიკოსებმაც გვითხრეს «ისეთი ნაღვლიანი ხმებით მღერიხართ, რომ ჩვენზეც ძალიან მოქმედებსო». ერთხელ კონცერტის დროს ხმის რეჟისორს ვთხოვეთ ჩაეწერა სიმღერა «მოიდანახე» და ეს ჩანაწერი ჩვენი კარგი ნაცნობის ხელით გავუგზავნეთ მამას მახარაძეში. ჩატანით კი ჩაუტანა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვთხოვეთ არავითარ შემთხვევაში არავისთვის არ მიეცა გადასაწერათ ეს სიმღერა, მაინც «სულ ორ კაცს გადავაწერიეო», ჩვენთან თავის გასამართებლად თავი მოიაბდლა, მაგრამ უკვე გვიან იყო, რაც ორმა იცის, იცის ყველამ!
ერთ საღამოს, ხუტასთან ბინაში, როცა ახალ სიმღერაზე, «მთვარიანი ხეივანზე» ვმუშაობდით, ბატონმა ხუტამ გვითხრა: «მე გამოვთვალე და უკვე იმდენი სიმღერები დაგვიგროვდა, რომ დიდ პლასტინკასაც ეყოფაო. რას ფიქრობთ, ხომ არ ჩაგვეწერაო?». ჩვენც გამოვთვალეთ და მართლაც ჩვენ რეპერტუარში უკვე ცხრა სიმღერა იყო ხუტა გაგუას ლექსებით. მივედით ფირმა «მელოდიის» მთავარ რედაქტორთან ვლადიმირ რიჟიკოვთან, ვესაუბრეთ, ამ ახალი სიმღერების მოსასმენად ჩვენ კონცერტზე დავპატიჟეთ. მოვიდა, მოგვისმინა და გვითხრა: «მართლაც ძალიან კარგი მოსასმენი, თანამედროვედ არანჟირებული ქართული სიმღერები დაგიწერიათ. მე თქვენ სიმღერებს გავიტან მოსასმენათ ჩვენ კოლეგიაზე, რომ მიიღოთ ფირმა «მელოდიაში» ამ სიმღერების ჩაწერის დროული უფლება. მხოლოდ ჩვენ ჯერ ის პირველი «გიგანტი» პლასტინკა უნდა გამოვუშვათ, რომელიც დაგეგმილი იყო 1983 წლისთვისო!». გოგის და მე ფირმა «მელოდიაში» კარგი ავტორიტეტი გვქონდა, რასაც დაემატა ისიც, რომ სიმღერების ლექსების ავტორი ხუტა გაგუა იყო საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი!
წინ კიდევ ბევრი მუშაობა გველოდა, იმ ამბებზე გაზეთ «ალიონის» შემდეგ ნომერში მოგიყვებით!

გია ბეშიტაიშვილი

გაზეთი „ალიონი“ ## 7,8.

მსგავსი სტატიები

  • 95
    „მომწურდი საოცარი ძალით“                            წერილი ოცდამესამე-ოცდამეოთხე ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1981 წლის თებერვლიდან ოთხი თვის განმავლობაში, მაისის ბოლომდე ანსამბლის «მუსიკის» თანხლებით ჩვენ ჩავატარეთ კონცერტები ქ. მოსკოვის ყველა დიდ საკონცერტო სცენებზე! ადმინისტრატორ მუზა პეტროვნა აფანასიევას შეფასებით ჩვემა ანსამბლმა თავისი პროგრამით, შესრულების დონით…
  • 88
    „მომწყურდი საოცარი ძალით“გია ბეშიტაიშვილი წერილი მეცხრამეტე-მეოცე მოსკოვში, საქართველოს საელჩოში, ელჩის კაბინეტის კარებთან ახლოს,მე და ჩემი ძმა ვიჯექით სავარჯლებში და ველოდით როდის დაგვიძახებდნენ, რომ გადმოეცად ჩვენთვის საპატიო სიგელები რუსეთში საქართველოს კულტურის დღეებში აქტიური მონაწილეობისთვის. კაბინეტიდან გამოვიდა ელჩის მოადგილე ამირან როგავა, ჩვენ ხელით გვანიშნა «იჯექითო» და სწრაფად გაემართა შემოსასვლელი კარებისკენ. სწორედ ამ დროს კარებში…
  • 87
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                  ოცდამეხუთე-ოცდამეექვსე წერილი 1981 წლის ოქტომბრიდან ანსამბლ «მუსიკასთან» ერთად ჩვენ კონცერტებით მოვიარეთ რუსეთის დიდი ქალაქები: სვერდლოვსკი, ჩელიაბინსკი, კურგანი, მაგნიტაგორსკი, ჩიტა! ნოემბრის თვიდან ვიყავით გასტროლებით თურქმენისტანში, ბელორუსიაში, ქ. როსტოვში. დავბრუნდით მოსკოვში და მაქსიმ გორკის სახელობის პარკში 23-დან 26-ის ჩათვლით ჩავატარეთ დღეში ორ-ორი კონცერტი.…
  • 84
    „მომწურდი საოცარი ძალით“      წერილი მეთერთმეტე_მეთორმეტე 1973 წლის სამ მარტს, თავის კაბინეთში დაგვიბარა საკავშირო რადიოს მუსიკალური გადაცემების მთავარმა რედაქტორმა გენადი ჩერკასოვმა. თავდაპირველად გულითადად მოგვილოცა დიდი წარმატება, ჩვენი ორი სიმღერის მიღება «დკს»-ში. შემდეგ დაწვრილებით აგვიხსნა, თუ რა«გზას» გაივლიდა ეს სიმღერები საკავშირო რადიოს სისტემის მეშვეობით, ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად! ვფიქრობ,  გაზეთ «ალიონის» პატივცემულო მკითხველებო…
  • 82
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                                   წერილი მეორე საქვეყნოდ ცნობილ, დიდ ქართველ მომღერალთან, დავით იასონის ძე ანდღულაძესათან შეხვედრამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემს მახსოვრობაში! ჩვენ წინ იდგა მაღალი, ათლეტური აღნაგობის, გასაოცრად ლამაზი ადამიანი –  «კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო» გვითხრა და…