XI საუკუნის ისტორიული ფრაგმენტების საფუძვლებიდან მომდინარე ტრაგედია, XVII საუკუნის ოციანი წლების გადმოსახედიდან. და ახლა უკვე… 7-8 ივნისს, უილიამ შექსპირის„მაკბეტის“ტრაგიკული პიესის პერსონაჟებმა ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე, უკეთურ ძალთა სამკვიდროს ბნელი გზახვეულებიდან შემოაბიჯეს.
სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი: სცენური ვერსია და რეჟისურა: გოჩა კაპანაძე; მხატვარი ლომგულ მურუსიძე; კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი; ტექნიკური რეჟისორი ეკატერინე ანთია.
მონაწილე მსახიობები: მაკბეტი – გიორგი დოლიძე; ახალგაზრდა ლედი მაკბეტი –თამარ მდინარაძე; უკვე ხანში შესული დედოფალი ნანა ფაჩუაშვილი – რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი;
კუდიანები – ბელა კიკვაძე, შორენა გვეტაძე, თეა შარვაძე;
ბენქო – ლუკა მეგრელაძე.
დასაწყისი, ბურუსში გახვეული სცენა – იმ ყოფის ამსახველი, იმჟამინდელი რეალობის ამსახველი,. თუმცა განა რა იცვლება ჟამიდან ჟამამდე, როცა ადამიანებს განდიდების სურვილი იპყრობდა, იპყრობს, და… მისკენ სავალი გზა კი ცბიერებით, ღალატით და ხშირად სისხლითაც არის დაფარული. აქ არ იკითხება კონკრეტულ დროში კონკრეტულ პერსონაჟთა ყოფა.ეს ერთობლიობაა გავლილისა და გასავლელისა, რომლის საფუძველი ღალატი, კაცთა კვლა, გაუტანლობა და ნგრევაა ბოლოს. ავის მომასწავებელია ჭექა-ქუხილი. სამყაროს რისხვად მოვლენილი. მერე ზეციდან დაშვებული რგოლი, თანდათან რომ იფერება წითლად. ვინ იცის, მაყურებელთაგან ვისთვის როგორ დასანახავი., მოჯადოებულ მომხიბვლელ წრედ თუ. ბეჭდად უკეთურისა. წითლად დაფერილი, მაღლიდან დაშვებული ხვეული თოკები ყველა იმ შესრულებულ მზაკვრულ საქმეებად შეიძლება ჩაითვალოს, მაღლით რომ აღემართება და შემდეგ ცოდვად ეშვება ამ დალოცვილ დედამიწაზე. მაშინ, როდესაც დაუნდობლად იწირება სიცოცხლის არსი და კვდება გულის გონება და გონების გული. განწირულია მოზარდი და განწირულია ჩვილი.
სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი გიორგი დოლიძის მაკბეტი შოტლანდიის მთავარსარდალი იყო მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში. თუმცა პიესაში არ გვევლინება როგორც ისტორიული პერსონაჟი. ის არის ადამიანის განდიდებისა და დაცემის სახე. მას ალქაჯები უწინასწარმეტყველებენ მეფის გვირგვინს. მეუღლის წაქეზებით, კლავს მეფეს, თავად ადის სამეფო ტახტზე და მეფობის პერიოდში, პირსისხლიან ტირანად ყალიბდება. ამ ცოდვით ცხოვრობს დედოფალი მაკბეტიც. შვილის დამკარგავი დედა, სხვათა უბედურებისთვის შექმნილი სცენარის თანაავტორი.
„სისხლის სუნი უდის ამ ქვეყნად ყველაფერს და ჩემგან ანგელოზად მოვლენას რად ითხოვენ“, სვამს კითხვას, სიმწარისგან სასოწარკვეთილი, თამარ მდინარაძის დაუნდობელი პერსონაჟი და პასუხს არ ეძიებს საკუთარ ქმედებებში, რომელსაც ასე ოსტატურად ასახიერებს მსახიობი.
დედოფლის მეორეული სახე. სულდამძიმებული უკვე ასაკში შესული, შეუდარებელი ოსტატობით წარმოაჩინა ნანა ფაჩუაშვილმა. როცა დაემსხვრა მითი ძალაუფლების, როცა არ არსებობს გამოსავალი, სინანულიც შემოდის მასში თითქოს. ბედისწერის დაცინვად გაისმის მისი სიტყვები „სადაც ბოროტებას ქებას უძღვნიან და სიკეთეს აცხადებენ მახინჯ სიგიჟედ“, მისეული აღიარებაა იმისა, რომ ბოროტება თავად იღლება ადამიანში, მაგრამ ადამიანს უკვე უჭირს თავის დაღწევა მისგან. „აღარ მინდა სისხლიანი ხელები, რა გინდათ ჩემგან, მე დავიღალე, მე დასვენება მინდა“….. ვეღარ იცილებს სისხლიან ხელებს, აქ არის გარდასახვა ადამიანში განდიდებიდან დაცემამდე.ასე აღესრულება დედოფალი, სამოსში გახვეული მისი სული მაღლით მიემართება. აქ არის ორთა შორის ბრძოლა, დაბეჭდილი განაჩენი თუ ცოდვათა მონანიების გულწრფელობა. გზავნილი შორეული წარსულიდან, ამჟამინდელ საწუთისოფლოში, მაშინ, როცა ბოროტი მძლავრობს კეთილს. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოჰყავს თეატრის მესვეურთ თემა, რომელიც არ ახალია და მაინც, არც მხოლოდ ძველი.
„ასე ბნელი და ასე ნათელი დღე მე ჯერ არ მინახავს“ ეს უკვე სასოწარკვეთილი მეფის ამოძახილია, ძალაუფლების სიდიადით შეპყრობილი. ბოლო ჟამს რომ იბრძვის სისხლიანი ბურუსიდან თავის დასაღწევად, რადგან ეშინია აღსასრულისა…ამ შინაგან ბრძოლაში უსწრაფებენ მას სიცოცხლეს. გიორგი დოლიძემ შესძლო ტირანი მეფის დროიდან დროში ეტარეინა..
მნიშვნელოვან სხეებს ქმნიან ალქაჯები მთელი სპექტაკლის მსვლელობისას. გასაოცარი პლასტიკით, ხმათა ტემბრითა და გარეგნული იერით ადვილად ახერხებენ თავიანთი გავლენის ზეობას. აქ იხატება ბედისწერით თამაში მისტიურ გარემოში., საინტერესოა ახალგაზრდა მსახიობის, ბექა მეგრელაძის სახე.თანამიმდევრობით რომ მიჰყვება მთავარ პესონაჟებს.
ისევ სცენას მივუბრუნდეთ, სისხლისფრად დაფერილი ბურუსი, ყვავის ავისმომასწავებელი ხმა მოსვენებას არ აძლევს მაყურებელს ავის მოლოდინით განაწყობს მას.. რამდენიმე კიბე ცად აზიდული, და იქვე, შანდალი – ორი ჩაუქრობელი სანთლით. კავშირი ცასა და დედამიწას, უფალსა და ადამიანებს შორის. მანიშნებელი – უფალი არასოდეს ტოვებს ადამიანს, და არჩევანი თავად ადამიანისგან გასავლელი გზისა.
მთლიანად დაიხარჯნენ მსახიობები სცენაზე, ესოდენ მძიმე თემა კიდევ მეტად დაამძიმეს საშემსრულებლო ხელოვნებით.რეჟისორისა და მთელი შემოქმედებითი გუნდის ჩანაფიქრი, მაყურებლამდე მოიტანეს და დაუტოვეს კიდეც კითხვები გზავნილებად : ძალაუფლება პრივილეგიაა, თუ გამოცდა?. განდიდებაა, განაჩენი თუ ლამაზად გასავლელი გზა?. თუმცა პასუხი ვფიქრობ ერთია: ბოროტება არ უნდა ამაღლდეს, იქ, სადაც ადამიანის ადგილია, ადამიანში კი სიკეთე არასოდეს დაიღლება.
ტექნიკური აღჭურვილობა და სცენის ტექნიკური მხარე გასაოცარ ეფექტს ახდენს და ქმნის მოვლენათა განვითარების შესაძლებლობას დროსა და სივრცეში.
სპექტაკლის ბოლოს, ოზურგეთის თეატრის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ, მადლობა გადაუხადა შემოქმედებით კოლექტივს, მონაწილე მსახიობებს, განსაკუთრებით ნანა ფაჩუაშვილს სტუმროისთვის,სპექტაკლის ესოდენ გალამაზებისთვის. მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს პირველ პირებს.
სიურპრიზები კვლავ გრძელდება. აღნიშნა, რომ 158-ე თეატრალური სეზონის დასასრულს ახალ პრემიერას კვლავ იხილავს ოზურგეთელი მაყურებელი და ახლა უკვე, ნოდარ დუმბაძის პერსონაჟები აახმიანებენ თეატრის სცენას.
ნინო ნიკოლაიშვილი
მსგავსი სტატიები
- 100
რატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან და საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე მეტია, ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი… - 100
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი… - 100
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 100
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 98
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის IX დღეს, ოზურგეთის დრამატულ თეატრში ორი წარმოდგენა ვიხილეთ: ამბროლაურის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“ (რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე) და ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დადგმა „ლამბალო და ყაშა“ (რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი). ოზურგეთის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაცოცხლდა ნინია სადღობელაშვილის პირველი…