მიუხედავად ოზურგეთის საზოგადოების პროტესტისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მწვანე შუქს“ აძლევს შპს „არენსა მეთალს“ ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში მეტალურგიული (ფერადი ლითონების, კერძოდ ალუმინის, 8424 ტონა წლიური წარმადობით ) საწარმოს მშენებლობისათვის?
ყველაფერი შეფუთულია: მშენებლობის ადგილი სოფელი ლიხაური (სინამდვილეში ოზურგეთის მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორია 2004 წლამდე ქ. ოზურგეთს ეკუთვნოდა და ქალაქის მჭიდროდ დასახლებული უბანია), კომპანია „მანსაროვარის“, ნაცვლად, რომლის შესახებაც ბევრი კითხვა აქვს ოზურგეთელებს, ამჟამად „ასპარეზზე“ შპს „არენსა მეთალი“გამოდის.„მანსაროვარი“ პარტნიორია.
ოზურგეთის მოსახლეობამ და გაზეთმა „ალიონმა“ 2016 წელს შეძლო დაესრულებინა რამდენიმეწლიანი დავა შპს „მანსაროვარსა“ და „ჯეოგადამამუშავებელთან“ (მეპატრონეები 50-50 %-იანი წილით ინდოეთის მოქალაქეები ერვინდ კუმარ შარმა და აშვანი მიტტალ) და შეწყვეტილიყო ოზურგეთში ტყვიის კუსტარული წარმოება, რომელმაც დიდი ზიანი მოუტანა როგორც ბუნებას, ისე ადამიანებს. სწორედ მოქალაქეების დიდი პროტესტის, ადგილობრივი საკრებულოს რიგი დეპუტატების, არასამთავრობო სექტორის (განსაკუთრებით საიას) აქტიურობით და გურიის მხარის ადმინისტრაციის თანადგომით, შესაძლებელი გახდა, რომ მეორადი ტყვიის ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმო ოზურგეთში არ აგებულიყო. რაოდენ გასაკვირვიც არ უნდა იყოს, ამ დროისთვის შპს „ჯეოგადამამუშავებელს“ შეჩერებული ჰქონდა სარეგისტრაციო წარმოება (?!)
დღესაც, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ყრია ათეულობით ტონა კუსტარულად გადამუშავებული აკუმულიატორის ტყვიის ნარჩენები და „მანსაროვარი“ კვლავ აბინძურს მდინარე აჭისწყლის აუზს. ბუნებისდამცველი ორგანიზაცია „ორქისის“ კვლევით, საქართველოში მცირე მდინარეებს შორის, მდინარე ბჟუჟში ტყვიის შემცველობა ყველაზე მაღალია.
მოდით გადავხედოთ რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას: მდინარეების ზედა წელში, ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო ტალღის მიუხედავად, ახალი ჰესების აგებას გეგმავენ, შუა და ქვედა წელში კი ქვიშა-ღორღის მომპოვებელი კომპანიები ბარბაროსულად ექცევიან მდინარეების აუზებს და ადგილობრივ მოსახლეობას ზიანს აყენებენ დაკარგული სავარგულებისა და ჩამოქცეული საკარმიდამოების სახით.
იმის ნაცვლად, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ჩაის, ციტრუსის და სხვა კულტურების გადამამუშავებელი ქარხნების აგება დაგეგმოს, არაპირდაპირი გზით აიძულებენ მოსახლეობას ტოქსიკური საწარმოს აგებაზე დათანხმებას, მისგან გამოწვეულ ონკოლოგიურ და სხვა დაავადებებს შეეგუონ, ან აიყარონ და სხვა ადგილებში გადასახლდნენ. (ექადიელების 18 ივლისს გამართული აქციის შესახებ იხ. ბმული: http://alion.ge/Archive/?view=article&id=1280).
სტატია „SOS! ოზურგეთში ალუმინის სხმულების საწარმოს აშენებას აპირებენ“ გაზეთ „ალიონის“ #17-ში გამოქვეყნდა და მას საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სკოპინგის ანგარიშში გარკვევით ეწერა, რომ „ჯართში შესაძლებელია რადიაციის სხვადასხვა ლოკალური წყაროების მოხვედრა,“ „საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პირველ ეტაპზე მოსალოდნელია როგორც სახიფათო, ისე არასახიფათო ნარჩენების წარმოქმნა. ალუმინის ჯართისაგან წელიწადში მიიღება 100 ტონამდე წიდა, რისთვისაც გათვალისწინებულია წიდასაყარის მოწყობა.“
რაც მთავრია, საწარმოს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემისათვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა მოსახლეობის ინფორმირების და საჯარო განხილვების ჩატარების გარეშე...ამჟამადაც გზშ-ს განხილვისთვისაც იანვრის თვე აქვთ შერჩეული და მოსახლეობას ორლაინ განხილვას სთავაზობენ.(ჯერ-ჯერობით ამაზე საჯარო ინფორმაცია ოზურგეთში არსად არ გამოუკრავთ).
მეცნიერის, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატ ნანული ორაგველიძის თქმით, ალუმინი ძალიან ადვილად იფანტება მტვრის სახით ჰაერში და ადვილად ითვისებს რადიაციას.
გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ გაზეთ „ალიონს“ განუცხადა, რომ „გურია არის მწვანე რეგიონი თავისი გარემოთი, ბუნებით. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუოთ ეკოკლიმატი, რომელიც ჩვენს რეგიონშია. რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ურბანული განვითარება, საწარმოების ფუნქციონირება არ უნდა უშლიდეს ხელს ეკოგარემოს. ის მიმზიდველობა, რაც ჩვენს რეგიონს აქვს ტურიზმის კუთხით უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული, ყველა პარამეტრი უნდა იყოს შენარჩუნებული.
რაც შეეხება ალუმინის წარმოებას, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ამ დღეებში შევხვდეთ პასუხისმგებელ პირებს, უფრო დეტალურად შევისწავლოთ საკითხი, სპეციალისტებთან ერთად. ამ საწარმოს შექმნა არ იყო ადგილობრივი ინიციატივა.“ თუმცა თვეები გავიდა და ამ შეხვედრის შედეგების შესახებ ხელისუფლებიდან არანაირი ინფორმაცია არ მიეწოდა მოსახლეობას.
ალუმინის საწარმოს შესაძლო აგების ადგილიდან 50 მეტრში აიგო ანასეულის წყალმომარაგების სისტემის წყალსაქაჩი სადგური. ამ პროექტის განსახორციელებლად, სახელმწიფომ 7 მილიონი ლარი დახარჯა .
ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული აქციის შემდეგ, ჩვენ შევხდით ცნობილ მეცნიერს, სოფლის მეურნეობის აკადემიურ დოქტორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის ნამდვილ წევრს ვალერიან ცანავას და კომენტარი ვთხოვეთ ქ. ოზურგეთში ალუმინის სხმულების საწარმოს მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხზე:
„_ვერ ვაკავშირებ ერთმანეთს წყალსაქაჩ სადგურს და ალუმინის სხმულების საწარმოს.
ალუმინი ძალიან ქმედითი და რეაქციაში კარგად შემავალი ელემენტია.მისი საბადოები ძირითადად ევროპის ქვეყნებში და აფრიკის კონტინენტზეა. არის რუსეთშიც და კავკასიაშიც. მაგრამ შესაძლებელია ალუმინის მისაღებად თიხამინერალებიც გამოიყენონ, რაც ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს.
ასეთი საწარმო მუშაობს ელექტროლიზის მეშვეობით, ხდება ალუმინის გამოყოფა. ტექნოლოგიური ხაზი მარტივიც არის და საშიშიც, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში ხდება სხმულის მიღება. ამ საწარმოს ირგვლივ კი მდინარეებია, რაც საფრთხისშემცველია, რადგან მათი დაბინძურება მოხდება.
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, კომპანიებმა უნდა შემოიტანონ ჯართი, მაგრამ რამდენად დეტალურად იქნება შესწავლილი ეს თემა, როგორ ჯართს იყენებენ, რა სახის რადიაქტიული ელემენტები იქნება, ეს შესასწავლია. თავად ალუმინს არ აქვს რადიოაქტიური იზოტოპი, ბუნებრივი იზოტოპი კი აქვს. ალუმინის ატომური წონა 26-ია. რა კონტროლის მექანიზმი იქნება ჯერ-ჯერობით არ ჩანს, ისე უპრაგონოდ მეორადი ნედლეულის (ანარჩენების) შემოტანა საფრთხის მომტანია. უნდა ვიცოდეთ, რას წარმოადგენს ეს ჯართი, როგორ მოხდება მისი შენახვა, ამ ნარჩენებში რა ფორმითაა მასში ალუმინი…ჯართი არ უნდა შეიცავდეს ისეთ ელემენტებს, რომელიც მოქმედებს ღია გრუნტზე, არ მოხვდეს გრუნტის წყლებში რადიოაქტიური და არარადიაქტიული დამაბუნძურებელი ელემენტები; მათი კონცენტრაციის გაზრდა ნიადაგში დამღუპველია.
ასევე ცალკე თემაა გამონაბოლქვის გავრცელება ატმოსფეროში.
შესასწავლია, როგორია კონკრეტულ ლოკაციაში ნიადაგის ფორიანობა, წყალგამტარობა, ნაპრალები და ა.შ. მოხვდება თუ არა რადიაქტიული და არარადიაქტიული ელემენტები არტეზიულ წყალსადენში.“_ განაცხადა გაზეთ „ალიონთან“ ვალერიან ცანავამ.
ამავე სტატიაში ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ საპროექტო ორგანიზაცია „ამბაზი 3“-ის ხელმძღვანელს თინა თენიეშვილს:_„ათეული წლების მანძილზე გვქონია შეხება მსგავს პროექტებთან. სამშენებლო ნორმებისა და წესების თანახმად(СНиП II-31-74) წყლის მომარაგების პირველი სანიტარული ზონა წყლის საზღვრიდან 100 მეტრში მდებარეობს (11.6), ხოლო იქ სადაც მიწისქვეშა წყლების ჭაბურღილია 500 მეტრში არ შეიძლება იყოს მეცხოველეობის ფერმაც კი, 300 მეტრში არ უნდა ჩატარდეს აგროქიმიური სამუშაოები, ხოლო ერთი კილომეტრის რადიუსში არ შეიძლება ისეთი საწარმოს აგება, სადაც დაბინძურებული ნარჩენების წარმოქმნაა შესაძლებელი (იხ.11.17, 11.19 პუნქტები). ეს საერთაშორისო აღიარებული ნორმებია (ზოგან უფრო მკაცრიც)“ _გვითხრა თინა თენიეშვილმა.(იხ.სტატია „თვალში ნაცრის შეყრის პოლიტიკა თუ ოზურგეთში ეკოლოგიური სიტუაციის დანგრევის კიდევ ერთი მცდელობა“. ( გაზეთი „ალიონი“ #24, 2020 წ.)
ექადიის მოსახლეობამ იმის გამო, რომ ჰქონდათ პრეცედენტი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიისაგან, სათავისოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ ექადიელთა აქტივობა, თავი შეიკავეს საპროტესტო აქციების გაგრძელებისგან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძისა და საქართველოს პარლამენტის ამჟამად უკვე მაჟორიტარ დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის დაპირებებს ენდნენ.
_აზერბაიჯანში ვიყავი და ვნახე, რა მდგომარეობაში იყო ერთ-ერთი ქალაქი ალუმინის ქარხნისაგან. ასეთ კარგ მხარეში ასეთი ქარხანა არ უნდა აშენდეს-შეხვედრაზე განუცხადა ექადიელებს ვასილ ჩიგოგიძემ.
_არავითარ შემთხვევაში. ასეთი ქარხნის აშენებაზე არ მივცემთ თანხმობას_ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ. (იხ. სტატია „პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს“, „ალიონი“ # 26, 2020 წ.)
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ოზურგეთის მოსახლეობამ და საზოგადოების წარმომადგენლებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ ისინი წარმოადგენდნენ დაინტერესებულ მხარეს, რომ არსებობს ალუმინის საწარმოს მხრიდან გარემოსა და მოსახლეობაზე უარყოფითი ზემოქმედების მნიშვნელოვანი რისკი და ითხოვდნენ სამინისტრომ ჩაატაროს და უზრუნველყოს მოსახლეობის ჩართულობა გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაში. განცხადებას ხელს აწერენ ცნობილი მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოსახლეობა (72 კაცი).
სამინისტრომ მოსახლეობის განცხადებას კი უპასუხა, თუმცა 3 გვერდიან პასუხში კონკრეტულ მოთხოვნზე პასუხი ბუნდოვანი გახლდათ.
თუ ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩაისა და სხვა კულტურების გადამამუშავებელი საწარმოს ნაცვლად მავნე საწარმო ააშენოს გურიაში , რატომ არ განიხილავს დასახლებული პუნქტებიდან დაშორებით გამოყოს მიწის ფართობი, როგორც ეს მოხდა გარდაბნის შემთხვევაში? – ამ კითხვაზე პასუხს ითხოვს ოზურგეთის საზოგადოება.
გაზეთი „ალიონი“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს.
მსგავსი სტატიები
- 80დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 80ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი, მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
- 80„ლანჩხუთი პლუსი“ ოთხმოცდაათიან წლებში დაიბადა ლანჩხუთში და თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვიდობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წერილი სათაურით: „გამომშვიდობება ერთგულ მკითხველთან!“ „აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და…
- 77თემურ მარშანიშვილი მგონი, წარსულს ჩაბარდა, ქართველ კაცს შემოდგომის დადგომა რომ უხაროდა. აფრასიონი რომ აფრასიონია, მატრონას პატრონი, უბედური აფრასიონი, ისიც კი ყოველ შემოდგომაზე წიწილების დათვლის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდა. ახლა წიწილების მაგიერ ხმები უნდა ითვალო მთელი ღვინობისთვის განმავლობაში და იმაზე უნდა იმტვრიო თავი, ვინ ვის აძლევს, სად და როდის?.. ხმებს ვგულისხმობ, რასაკვირველია,…
- 77ცნობილი მებაღე-დეკორატორი, ასკანელი ზურაბ შევარდნაძე ასე იგონებს „ლამპრობის“ ტრადიციას: _ ორი თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძალიან ველოდებოდით. ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ლამპრობას, ჟირჟღილობას ვეძახით. ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ღჯას კანს გააცლიდა და ნავთით გაჟღენთილ ნაგულებს…