ავტორი: მანანა  სიხარულიძე.

ლანჩხუთის  მხარეთმცოდნეობის  მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი 

 

ქართული   ხალხური   სიმღერის   განვითარებაში   დიდი   წვლილი   შეიტანა ხალხური  სიმღერის   საუკეთესო   მცოდნემ   და  შემსრულებელმა  ილიკო გუჯაბიძემ.  სიმღერის   შენახვა   და   გადმოცემა   განსაკუთრებულ   ნიჭსა   და  უნარს   მოითხოვს.

„ სიმღერაში  გაიზარდა  და სიმღერაში მოხუცდაო “_  სწორედ  ილიკო  გუჯაბიძეზე  ამბობს  ბატონი  მიხეილ  შავიშვილი,  ხალხური  სიმღერების   მომღერალი  და  ლოტბარი.

ილიკო  გუჯაბიძე  დაიბადა  1888  წელს,  სოფელ  სუფსაში.   მამა– კონსტანტინე  იმ  დროის  კარგი  მომღერალი   და  ჩონგურზე   დამკვრელი  იყო.  დედა — მატრონა მეგრელიძე  მღვდლის  შვილი  იყო.  იმასაც  სცოდნია  ჩონგურზე   დაკვრა  და  დამღერება,  რაც  შთამომავლობით  გადაეცა  კიდეც  ილიკოს.  იგი  8  წლის  იყო,  როცა  დედამ  ჩოჩხათის  სასწავლებელში  შეიყვანა,  რადგან  მაშინ  სუფსაში  სასწავლებელი  არ  იყო  და  სუფსაც  ჩოჩხათის  თემში  შედიოდა.

ილიკოსთვის  სიმღერა  განსაკუთრებით  არავის  უსწავლებია.  გაიგონებდა  თუ  არა  სიმღერას  თითონაც  აჰყვებოდა  და  ჩუმად  ხმას  აყოლებდა  და  ასე  ისწავლა  გურული  ხალხური  სიმღერები.  იმ  დროს  სუფსაში  ცხოვრობდნენ  ძმები:  ჯაბა,  ვახტანგ  და  ტელემაკ  გურიელები,   როცა  გურიაში  კომპოზიტორი  ფილიმონ  ქორიძე  მოღვაწეობდა.  ხსენებულმა  გურიელებმა  მოიწვიეს  იგი  და  მისგან  ისწავლეს  საეკლესიო  გალობა.

ამ  ფაქტს  იხსენებს  ილიკო  გუჯაბიძე:  ,, ერთ  აღდგომა  ღამეს  არაჩვეულებრივი  რამ  მოხდა, როცა  მღვდელმა  ლოცვა  დაამთავრა  იქ  მყოფმა  გურიელებმა  ახალ  ნასწავლი  გურული  გალობით  გამოეძახნენ.  ამ ტკბილმა  გალობამ  იქ მყოფი  საზოგადოება   აღტაცებაში  მოიყვანა.  წირვის  დასრულების  შემდეგ  გურიელებს  შემოესია  ხალხი  და   მადლობას  უხდიდნენ. მე  კი  სიხარულის  ცრემლი  მდიოდა, ისეთი  გალობა  მეტი  არ  გამეგონა.“  ილიკომ  გულით  მოინდომა  გალობის  სწავლა  და  1910  წელს  იქვე  მცხოვრებ  გაბრიელ  სარჯველაძეს  სთხოვა  ესწავლებინა  გალობა  მისთვის, რადგან  იცოდა,  რომ გაბრიელმა  ნოტების  წაკითხვა  იცოდა  და საგალობელი  წიგნიც  ჰქონდა.  თავად  გაბრიელს  ნოტების  კითხვა  თვით  ფილიმონ  ქორიძისგან  უსწავლებია,  მაშინ  როცა  გურიელებმა  სუფსაში  ქორიძე  მოიწვიეს  გალობის შესასწავლად.  ადგილობრივ  რამდენიმე  გლეხს  უთხოვია  ქორიძისთვის,  რომ  მათთვისაც  ესწავლებინა  გალობა. ფილიმონმა  არ  დაიზარა  და  დღისით  გურიელებს  ასწავლიდა,   ღამით  კი — გლეხებს.  ამ  გლეხებს  შორის  იყო  გაბრიელიც,  რომელსაც  არა  მარტო  გალობა,  არამედ  ნოტების  კითხვაც  უსწავლია.

ილიკომ  და  რამდენიმე  კაცმა  ისწავლა  გალობა  და  ეკლესიაში  მხოლოდ  კაი  დღეებში  გალობდნენ.  მათ  გალობას  ხალხი აღტაცებაში  მოჰყავდა.  პირველი  მგალობლები  იყვნენ : ილიკო  გუჯაბიძე, ეტიფანე  ბერძენიშვილი, არტემ  გოგუაძე,  ნიტიფორე  შეწირული,  ერმალო  დარჩია,  ანდრო  გუჯაბიძე,  ლუკა  მჟავია,  ივანე  გიორგაძე,  ვალოდი  სარიშვილი.

1915 წლის  14  იანვარს  ქ.  ბათუმში  ტარდებოდა  დღესასწაული  ნინაობა.  ამ  საღამოზე  მიიწვიეს  ვ.  სიმონიშვილი  თავისი  გუნდით.  სიმონიშვილის  მიწვევით  ღონისძიებაში  მონაწილეობა  მიიღო  ილიკო  გუჯაბიძემაც.  ასევე  მონაწილეობას  იღებდა  სანდრო  კავსაძე  თავისი გუნდით.  საღამომ  დიდი  წარმატებით  ჩაიარა.  ეს  იყო  ილიკოს  პირველი  გამოსვლა  ასეთ  დიდ  საზოგადოებაში.

ილიკო   გუჯაბიძემ  კარგი  მომღერლის  სახელი  გაითქვა. მაგრამ  მას  არ აკმაყოფილებდა   საკუთარი  სიმღერით  გამოწვეული  ბედნიერება . მისი ოცნება იყო მრავალკაციანი  მომღერალ-მეჩონგურეთა  ანსამბლის  შექმნა.

1927 წლის  ნოემბერში  ილიკო  თავის  ბიძაშვილ  აქვსენტი  მეგრელიძესთან ერთად  სუფსაში  აყალიბებს    მომღერალთა  გუნდს  სამოცი  კაცის  შემადგენლობით.  გუნდი  შედგებოდა  მხოლოდ  ადგილობრივი  გლეხებისგან. ისინი  ასრულებდნენ ყველა კუთხის ხალხურ  სიმღერებს,  განსაკუთრებით  კი  გურულს.

როდესაც  ილიკო  გუჯაბიძემ  თავის  ბიძაშვილ  აქვსენტი  მეგრელიძესთან  ერთად გადაწყვიტა  სუფსაში  მომღერალთა  გუნდის  ჩამოყალიბება  და  სიმღერების   ჩაწერა , აქვსენტიმ  ილიკოს   შესთავაზა  პიანინოს  ან   ფიზჰარმონიის  შოვნა.  სუფსაში  მაშინ  არცერთი   არ იყო . გაიგეს,  რომ ოზურგეთის რაიონში,  სოფელ  თხინვალში  ვიღაც  მასწავლებელს  ჰქონია  ფიზჰარმონია, ის გარდაცვლილა  და მისი  ოჯახი  ჰყიდდა   ინსტრუმენტს.  ნახეს  ინსტრუმენტი  და  მორიგებულან 120 (ასოც) მანეთად.  ილიკოს  ფული  არ  ჰქონია,  მაგრამ უკან  არ  დაუხევია.  გაუყიდია  უღლად  ხარები   ოთხმოც  მანეთად,  ორმოცი  მანეთი  უსესხებია  და  შეუძენია  ფიზჰარმონია.  ეს  ინსტრუმენტი  დღემდე  მის  ოჯახში  ინახება.. გადაწყდა: გუნდის წევრებს,  თუ  ყველას არა,  ნაწილს(ქალებს) მაინც,   ჩონგურზეც  დაეკრათ.  შეიძინეს  ჩონგურები, რომელზეც  დაკვრის  სწავლება  აქვსენტიმ  ილიკოს  მიანდო,  ანსამბლს  კი  თვითონ  ხელმძღვანელობდა.  ამ  დიდებულ საქმეს  მიმბაძველებიც  გაუჩნდა, თანაც  იმ ხანებში  საქართველო  მოიფინა   მეჩონგურე – მეფანდურეთა  კოლექტივებით.

1927 წელს  პირველი  კონცერტი  გამართეს სუფსაში.  კონცერტს  დიდძალი  ხალხი   დასწრებია.

1929  წელს  ანსამბლი   წარსდგა  თბილისში  საქართველოს  ხალხური  შემოქმედების  რესპუბლიკურ  ოლიმპიადაზე.  ანსამბლს  საქართველოში  პირველი  მეჩონგურეთა  ანსამბლი   უწოდეს.

ილიკო  გუჯაბიძეს  საკუთარი  მელოდიებიც  ჰქონია.  მაგ: ,, მეჩაიე  ქალის  სიმღერა“(ირ. აბაშიძის ტექსტზე),  ,,სიმონა  ძალაძის  სიმღერა“(საკუთარ ლექსზე),  ,,გოგია  მეჩონგურე“(ა. წერეთლის ტექსტზე) და  სხვ.

ლანჩხუთის  მხარეთმცოდნეობის  მუზეუმის  ფონდში  დაცულია  მისი  მრავალმხრივი  შემოქმედების  ამსახველი  მასალები:  ლექსები,  სცენარები,  სადაც  ყველა  პერსონაჟის  ასაკსა  და  ვინაობასთან  ერთად  მათი  ცხოვრებისეული  პროტოტიპების  სახელებიცაა  მინიშნებული.

1927  წლიდან  მოყოლებული  ილიკო  გუჯაბიძე  ერთგულად  ემსახურებოდა  ქართული  ხალხური  მუსიკის  წარსულის  საქმეს.  იგი   ხელმძღვანელობდა  გუნდებს.  მუდამ  ჰყავდა  მომღერალთა  კოლექტივები  და  ყოველთვის  წარმატებით  მონაწილეობდა  ხალხური  თვითშემოქმედების  რესპუბლიკურ  თუ  ადგილობრივ  დათვალიერებებში.  და  რა  დასანინია,  რომ  მისი  გუნდის  შესრულებით  მხოლოდ  ორი  სიმღერა  არის  ჩაწერილი  რადიოში, ფირზე.  იგი  ხან  სუფსაში  იყო,  ხან  თბილისში, მაგრამ  სადაც  არ  უნდა  ყოფილიყო,  ყველგან  ცდილობდა  ესწავლებინა  ახალგაზრდობისთვის  მამაპაპისეული  ხმატკბილ  ჩონგურზე  დაკვრა.  ასევე  დიდია  ილიკოს  გუჯაბიძის  ღვაწლი  ბათუმის  მუსიკალური  კულტურის  განვითარების  საქმეში.  1938  წელს  მან  აჭარის  სახელმწიფო  ანსამბლის  გუნდი  მოამზადა,  ამავე  დროს,  ბათუმის რკინიგზის  კლუბთან  არსებული  გუნდის  ხელმძღვანელიც  იყო. კონცერტებს  მართავდა  დასასვენებელ  სახლებსა  და  სანატორიუმებში.

ილიკო  გუჯაბიძეს, როგორც  ქართული  ხალხური  სიმღერების  მოჭირნახულეს,  ხანდაზმულ  ასაკშიც  არ  განელებია  ლტოლვა  ხელოვნებისადმი.  ყოველთვის  ცდილობდა  დაეხვეწა  და  სიახლე  შეეტანა  თავის  რეპერტუარში,  გაემდიდრებინა  ხალხური  სიმღერებით.

ილიკო  გუჯაბიძე  გარდაიცვალა  1976  წელს,  88  წლის  ასაკში.

 

 

ილიკო გუჯაბიძე ოჯახთან ერთად.

ფოტოს გახსნა
ილიკო გუჯაბიძე მეუღლესთან ერთად.
ფოტოს გახსნა
ილიკო გუჯაბის მომღერალთა ანსამბლი თბილისში ხალხურ შემოქმედების რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, 1929 წ.
ფოტოს გახსნა
გაზეთი „ალიონი“, #18, 2 აგვისტო, 2023 წ.

მსგავსი სტატიები

  • 75
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 70
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 65
    გურულ მოჯირითეთა  უცნობი  დეტალები _ მარკოზ  ჟღენტიავტორი: მანანა ლომაძე, ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების  ფონდების მცველი. მარკოზ ჟღენტი, როგოც ქართველი წარმომავლობის  ამერიკელი მკლევარი და მწერალი ბატონი  რიჩარდ ალექსის  ჯორჯიანის ჩანაწერებით ირკვევა    ჯირითობდა ბაფალო ბილის უაილდ ვესთის შოუში 1894,,1895 .,1900წლების სეზონში.  მარკოზ ჟღენტი 1869  წელს სოფელ ბასილეთში დაიბადა (მის შესახებ მასალები მოგვაწოდა მისმა შვილიშვილმა იაგორ კოპლატაძემ,  სოფლის ჭეშმარიტმა  მემატიანემ…
  • 65
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 64
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…