საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ამ წერილს ავრცელებს და მის მიმართ ბრალდებების მორიგ სერიას პასუხობს:
„ალბათ ყველაფერს არ უნდა უპასუხო ადამიანმა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მივიწყებულ და თანაც საამაყო საქმეებს მახსენებენ ხოლმე, მინდება თქვენც რომ გაგანდოთ. ბრალდება კი ამგვარი გახლავთ: ,,მიშას დრო ციხეში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა!!!” ბარემ ერთი რამესაც გეტყვით სერიიდან – “მაშინ ხმას რატომ არ იღებდი?” და მერე გავაგრძელებ მთავარს – წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ცხადია, იყო სასჯელაღსრულებით სისტემაში პატიმრებისადმი საშინელი მოპყრობა, განსაკუთრებით ზოგიერთ ციხეში. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ გვიან შეიტყო, ე.წ. ,,ცოცხების” სკანდალის დროს და დამიდასტურებენ ალბათ სხვები, მე ვიყავი იშვიათი საჯარო მოხელე, რომელმაც ღიად დაგმო ეს ამბავი და ნებისმიერი დამნაშავის დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვა. ძნელია ჩემთვის რაღაცების ,,წამოძახება”, შეცდომის მეტი რა დამიშვია, მაგრამ იმ ჟანრში, თქვენ რომ ეძებთ, ვერ იპოვით და ტყუილად ირჯებით.
რაც შეეხება ციხეში მასწავლებლობის დაწყების ამბავს, ჩემი ხელით რომ ჩავაწერინე მეგობარს ვიკიპედიაში და იქ იპოვეს, როგორც დიდი საიდუმლო, ამგვარია და ცოტა ნოველას ჰგავს. მაშინ სტუდენტი ვიყავი, ბინის ქირის გადახდა არ შემეძლო და სასულიერო აკადემიის საცხოვრებელში ვათევდი ღამეს ჩემს მამიდაშვილთან, მამა დავითთან. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ლიტერატურული გაზეთი გამოგვეცა და დავიწყეთ იმ ხალხის ძებნა, ვინც ცოტა ფულს მოგვცემდა ამ ხარჯისთვის. მთავარ მაძიებლად მე დავინიშნე, დიდი ვნება მქონდა და არნახული თავგადასავლები გადამხდა – ძირითადად ხელმოცარვით და მარცხებით. აი, ეს კი, რასაც გიყვებით, გამარჯვების ისტორიაა. მოკლედ ბევრი ძებნის შემდეგ, მოწყენილი რომ ვიჯექი მღვდლებსა და მომავალ მღვდლებს შორის გასაშლელ ლოგინზე, მამა დავითმა, იგივე გელამ, მითხრა; მოდი, შორენასთან მიდი ჩემი სახელით და ეგებ ცოტა წაგეხმაროსო ამ ამბავში. გულისხმობდა პატრიარქის სამდივნოს უფროსს, შორენა თეთრუაშვილს. ავდექი და წავედი, ჭკუა დამიშლიდა თუ ხასიათი? მოსაცდელში მცირე რიგი იყო, ჩემს წინ ორი ქალი იჯდა, ერთი მათგან, ნატო შავლაყაძე, გამესაუბრა და გურიასთან გამოვძებნეთ კავშირი. ამ ლაპარაკში მისი მოსვლის მიზეზიც მითხრა – რუსთავის ციხეში პროექტს ვიწყებთ, პატიმრებს ქართულ ლიტერატურაზე პატარა გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ და ერთი მათგან ქალბატონი შორენას თანაშემწეა, რეზო შარაბიძე (ახლაც იქ მუშაობს, საპატრიარქოში) და მეორეს ვეძებთ, ცხადია, ბიჭი უნდა იყოს, ფილოლოგი და არც ციხეში შესვლის უნდა ეშინოდესო. წინა მთელი წელი სამსახურს ვეძებდი და აგერ უცებ – ბიჭი, ფილოლოგი, ციხეში შესვლის დიდად არმოშიში ჩემი მძებნელის წინაშე ვიჯექი და მეტი სასწაული რაღა გინდათ? ვიყვირე, კაცო, სად ეძებთ, აგერ ვარ, ლიტერატურაც ვიცი, ლექსებსაც ვწერ და ლაპარაკიც მეხერხება ცოტა-მეთქი! ქალბატონ შორენასთან აღარც შევსულვარ და ასე დავიწყეთ მე და რეზომ გაკვეთილების ჩატარება რუსთავის ციხეში. მერე სხვა სამი მეგობარიც დაგვემატა. მივყვებოდით რუსთავის მიკროავტობუსს და შემდეგ ფეხით სამ კილომეტრს გავივლიდით გარდაბნისკენ ციხემდე, რომ გვენახა ჩვენი ახალი მეგობრები. ლიტერატურის სწავლის მსურველები გადმოდიოდნენ ადმინისტრაციულ კორპუსში და იქ ვმართავდით მსჯელობას. საოცარი გამოცდილება იყო და გაგრძელდა რამდენიმე წელი ვიდრე აგვისტოს ომამდე. დღესაც ყურში ჩამესმის ბადრაგის ხმა, გაკვეთილზე რომ უხმობდა მაგალითად ერთ-ერთ ,,მოსწავლეს”: ,,ქურდაძე გიგლა, გამოცხადდეს ადმინისტრაციულ კორპუსთან!” არავის მოუყოლია ჩვენთვის იქაურ მძიმე ბედზე, ან გვიმალავდნენ ან კონკრეტულად ის ზონა იყო მსუბუქი. არ ვიცი. ყველა მათგანთან დღემდე ვმეგობრობ – გიგლასთან, იკოსთან, პაპასთან, ლენონასთან, რა ვიცი – ბევრთან. გაზეთიც მაშინდელი ხელფასის ფულით გამოვეცით, რომელიც მერე ელექტრონულ ბიბლიოთეკა LIB.GE ედ იქცა.
ჰოდა, არ ვარ მე იოლი ბიოგრაფიის მქონე კაცი, მეგობრებო, რაც გასავლელი და არაგასავლელი იყო, ყველაფერი შემემთხვა და გადავლახე. გამახსენეთ ხოლმე ჩემი ცხოვრების საოცარი ამბები, თუნდაც თქვენეული ინტერპრეტაციით და მე სიმართლეს მოვუყვები ხალხს. და ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ბინძურ ომს.
თქვენი
გიორგი კეკელიძე“
მსგავსი სტატიები
- 100კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) ამერიკული ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაში აკეთებს ინვესტირებას. მის პორტფელში შემავალი პროექტების გეოგრაფია საქართველოს ხუთ რეგიონს, აჭარას, გურიას, სვანეთს, სამცხე - ჯავახეთსა და კახეთს მოიცავს. კომპანიაში ოთხი უკვე ოპერირებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურია, ორი კი, გურიის რეგიონში არსებული პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2023…
- 100
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი ერთ-ერთი წარმატებული თეატრია საქართველოში, რომლის წინაპირობა კარგი კოლექტივია. ისინი არა მარტო კარგ სპექტაკლებს უჩვენებენ ბავშვებს, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალებზე იმარჯვებენ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურობენ და ქველმოქმედნიც არიან. პრობლემა _ დაუმთავრებელი დარბაზია, რის გამოც მათ სპექტაკლების ჩვენება მცირე დარბაზში უწევთ. გასულ კვირას სპექტაკლის „ძია ჯამბაზი და წრუწუნა… - 100
ბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე, განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის… - 100
...ბავშვობისას, კომუნიზმის პიკზე დაბადებისას, როცა ტელევიზორი მხოლოდ ორ არხს უჩვენებდა და ისიც იშვიათად საინტერესო თუ იყო, დიდება უფალს-წიგნების კითხვა შემიყვარდა...დავიწყე ზღაპრებით შვიდი წლისამ...ასაკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნილებაც გამეზარდა და შესაბამისად შემეცვალა...მესამე, თუ მეოთხე კლასში ვიყავი, როცა „სამი მუშკეტერი და დ'არტანიანი“ მოხვდა ჩემს ხელში...ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა სკოლაში წასული ვიხსენებდი,… - 100
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთს, სოფელ ლიხაურში დაიბადა ექვთიმე თაყაიშვილი, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული დიდი მამულიშვილი. 17 ოქტომბერი, წმინდანად შერაცხვიდან 20 წელი... და დაბადებიდან 160 წლის იუბილე. ექვთიმობა, ოზურგეთში ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულია თავისი შინაარსობრივი და სულიერი გამოხატულებით. 17 ოქტომბერს ექვთიმეს აჩრდილი კვლავ სტუმრობს გურიას, ოზურგეთს, თავის საყვარელ…