ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქვა-ღორღის მომპოვებელი კარიერების თემა ისეთივე ყბადაღებულია, როგორც თვით ეს კარიერები, რომელიც გურიას, ყოველგვარი შელამაზების გარეშე რომ ვთქვათ, უფსკრულისაკენ მიაქანებს.
კარიერების თემა, რამდენადმე განსხვავებული რაკურსით, წამოტივტივდა საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზეც, რომლის ძირითადი თემა მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება გახლდათ. სხვა ეკოლოგიურ ზიანთან ერთად, აღინიშნა იმის შესახებ თუ რა დღეში ჩააგდო გაბარიტგადაცილებულმა ტვირთის (ინერტული მასალის) სისტემატურმა გადაზიდვებმა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. ყველა თანხმდება იმაზე, რომ საჭიროა კონტროლი, მაგრამ როგორ, ეს ჯერ კიდევ ბოლომდე დაზუსტებული არ არის.
მუნიციციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების, უპირველესად, `ეკოს~ გასაგონად თქვა, რომ იურიდიულად გამართული დოკუმენტაციის შემთხვევაში, იგი მზად არის თუნდაც სარეზერვო ფონდიდან შეიძინონ მაკონტროლებელი სასწორები, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაბარიტგადაცილებული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევები.
`ეკოს~ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ირმა გორდელაძემ თავის გამოსვლაში განმარტა, რომ ამ საკითხზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, უკვე შემუშავებული წინადადებები თუ რეკომენდაციები გადაცემულია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, სასწორების ლოკაციის ადგილის ჩვენებითაც კი და თუ რაიმე იურიდიულად კიდევ დასაზუსტებელია, მზად არიან, ითანამშრომლონ როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ისე შესაბამის სამინისტროსთან.
მოკლედ, როგორც სხდომაზე ითქვა, საქმე კონსესუსამდეა მისული. შესაბამისი სამინისტროც საქმის კურსში ყოფილა. სასწორების შეძენის მერე, საპატრულო პოლიციასთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ამ უკანასკნელს სრული უფლება ექნება, აკონტროლოს კარიერების თვირთბრუნვის სისწორე ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე.
ვერ გეტყვით, მკითხველი როგორ მიიღებს ჩვენს სუბიექტურ აზრს, მაგრამ პარადოქსების ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, ამ საკითხიდანაც ჩანს. რატომ უნდა შეიძინოს ეს სასწორები ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავისი გაღატაკებული ბიუჯეტიდან?! ლიცენზიანტებს, რომლებიც კენჭსაც აღარ ტოვებენ მდინარეების ფსკერზე და ამით მილიარდებს თუ არა, მილიონებს მაინც ატრიალებენ, რატომ არ ავალდებულებს შესაბამისი სამინისტრო, იქონიონ სასწორები?! ჰქონიათ, მაგრამ გაფუჭებულიაო, ასეთ რეპლიკასაც მოვკარით ყური. აი, დარდი! კეთილი ინებონ და შეაკეთონ, ან ახალი შეიძინონ. აბა, ექსკავატორი გაუფუჭდეთ ერთი, მეორეს მოძებნიან მაშინვე.
ირმა გორდელაძემ აქვე გაამახვილა ყურადღება გაზეთ `ალიონის~ მიერ ამასწინათ გახმოვანებულ ეკოლოგიურად მეორე არანაკლებ საფრთხეზე, რაც შეიძლება მოყვეს ოზურგეთში ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. აქ უფრო მტკიცე და პრინციპული გვეჩვენა ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია. ვნახოთ მაინც შედგება თუ არა ამ საკითხის ონლაინ რეჟიმში განხილვა, რასაც აანონსებდნენ და აანონსებენ მშენებლობის მსურველნი.
და ბოლოს, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რატომღაც თვალში არ მოუდის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი თორემ ამდენ პოტენციურ განსაცდელს თავს არ დაატეხდა.
P.შ. მათთვის ვინც უკვე დაგვიწუნა და ვინც აპირებს დაგვიწუნოს ამ საკითხებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა: ჩვენ არ ვამბობთ, რომ ინერტული მასალა არ უნდა მოვიპოვოთ, ვამბობთ, რომ ზომა, წონა და წესი უნდა დავიცვათ; ჩვენ არ ვებრძვით ალუმინის ქარხნის მშენებლობას, თუნდაც ჩვენს მუნიციპალიტეტში, მაგრამ რატომ მაინცა და მაინც დასახლებულ პუნქტში? ხომ შეიძლება ავაგოთ ქალაქიდან და სოფლიდან დაშორებით ისე, რომ არც მოსახლეობას ვავნოთ რაიმე და არც გარემოს. შეიძლება, ბატონებო, შეიძლება! ამიტომ კეთილი ინებეთ, გაუფრთხილდით, თან უფრთხილდით ხალხსა და ქვეყანას.
თემურ მარშანიშვილი
მსგავსი სტატიები
- 88"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 87საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 85ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 8128 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
- 78დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…