1918-1921 წლებში გამოდიოდა გურიის ერობის გამოცემა_გაზეთი „გურიის ხმა“. გთავაზობთ ამ გაზეთში დაბეჭდილ სტატიას „რისთვის მოდიან“:
„შესაძლებელია ზოგ გულუბრყვილოს, რომელიც თავის თავს კომუნისტს უწოდებს, ჰგონია, რომ კარზე მომდგარ რუსის ლაშქარს, მოაქვს ჩვენს სამშობლოში მშვიდობა და ბედნიერება, თითქოს მისი საქართველოში შემოსევის მიზანია ქართველი მშრომელი ხალხის ვიღაცის მონობისაგან განთავისუფლება, ჰგონია, რომ რუსის ჯარის გამარჯვებისთანავე თავზე საყარად დაზავდება თეთრი პური, ნავთი, ჩითი და ნარმა _ასე თუ ჰგონია და უხარია კიდეც!
მართალია, რუსეთი ცდილობს ცეცხლითა და მახვილით გაანთავისუფლოს საქართველო, მაგრამ ერთი ვიკითხოთ _ვისგან უნდა გაანთავისუფლოს?
ალბათ იმისგან, ვინც დაპატრონებია საქართველოს, ვინც ერთგულად დგას მის სადარაჯოზე, ვინც გულ-მკერდით იცავს მის თავისუფალ არსებობას, ვინც შეურყევლად, უსიტყვოდ ეწირება ზვარაკად პაწია საქართველოს და მდუღარე სისხლით რწყავს მის მთა-ველებს. მერე ვინაა საქართველოს პატრონი და ჭირისუფალი? ეს, ხომ ქართველი ერია, ქართველი მშრომელი ხალხი, ქალაქის და სოფლის მუშები, მაშ ასე: რუსის კაზაკები ანთავისუფლებენ საქართველოს ქართველი მშრომელი ხალხის პატრონ-ჭირისუფლობისაგან, ცდილობენ კოჟღოიანი ხელებიდან გამოსტაცონ მუშებს თავისუფალი სამშობლო, ვის უნდა გადასცენ ქართველი ხალხის, მთელი ერის ზრუნვა-პატრონობისაგან გათავისუფლებული საქართველო? არავის. თვითონ უნდა დაეპატრონონ, რომ თავისუფლად შეუდგნენ დაპყრობილი ქვეყნის აწიოკებას და ძიძგნას, რომ ქართველი მუშების მიერ წვით და დაგვით დაგროვილი სიმდიდრე ხელშეუშლელად გაზიდონ დამშეულს და გაღატაკებულ რუსეთში და უფლებააყრილ, გაუპატიურებულ საქართველოს შვილები მათრახით გარეკონ უცხოეთში შავ-წითელი არმიის შესავსებად. გამხეცებული მტერი გვებრძვის და გვეუბნება_დამნებდით, ფეხქვეშ გამეგეთ, ხმა გაიკმინდეთ და ხელი არ შემიშალოთ თქვენი მამულის განადგურებაში, დამშვიდებით უცქირეთ თქვენი ოჯახების მოთხრა-გაუპატიურებასო, – ასე გვიბრძანებს დასაპყრობად და შურის საძიებლად მოსული მტრის ლაშქარი. ასეთ დამსჯელ-დამპყრობ ლაშქარს და ამგვარ ბრძანებას საქართველო და კერძოდ გურია ცხრაასიან წლებიდან იცნობს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უწინ კაზაკები მოდიოდნენ თვითმპყრობელობის განსამტკიცებლად, ახლაც იგივე კაზაკები მოდიან ხმალ-შუბებით ძალმომრეობის და მონობის დასამკვიდრებლად, მაგრამ გვჟლეტენ სოციალიზმის სახელით.
მეორე განსხვავება, უწინ მათ მოუძღვოდათ ქართველებიდან წვრილი მოხელე-ნაძირალები, ახლა კი მოჰყვებიან ისეთი ქართველები, რომლებიც უტიფრად ლაპარაკობენ ქართველი მშრომელი ხალხის ინტერესებზე და …გაჭირვებულ ხალხის მალამო თურმე ყოფილა რუსის ხმალი და თოფ-ზარბაზნები,განთავისუფლება ნიშნავს თურმე ხალხის მისივე სისხლში ჩახშობას.
მესამე განსხვავება:მაშინ ქართველი მშრომელი ხალხი მონა იყო, დღეს კი თავისუფალი და სულით მძლავრია, მოსულ მტერს დღეს ის „ბაბას“ არ ეტყვის, გაწდება და სამშობლოს გაპარტახებას და ნამუსის ახდას არავის არ დაანებებს.
დავუშვათ, თუ გნებავთ, რომ რუსეთი საქართველოში მოდის კომუნიზმის დასამყარებლად. კეთილი, მაგრამ ვინ მოპატიჟა ძალად საცხონებლად? ვის აქვს უფლება ხალხს მახვილი ჩასცეს და უბრძანოს _ასე და ასე მოაწყვე შენი ცხოვრებაო?თუ რუსული კომუნიზმი ბედნიერებაა, ნუთუ ქართველი მუშები, გაცილებით უფრო კულტურული და შეგნებული, თავის საკუთარი ძალღონით და საშვალებით ვერ განახორციელებენ მას საქართველოშიაც? ვის აქვს უფლება ჩვენს ხალხს ძალით მოახვიოს თავის ნებისყოფა, თავის სიბრძნე თუ სისულელე?
ასეთ მოძალადეს , თუ გინდ კეთილი მიზნით მოსულს, ტყვიით უნდა გასცეთ პასუხი, და თუ ეს მოძალადე მოდის ერის გასასრესად და გასანადგურებლად, რაც დღეს ყველასათვის აშკარა უნდა იყოს, მაშინ მით უმეტეს გვმართებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.
როცა მგელი სახლში შემოგეჭრება და ცოლ-შვილს დაერევა, მაშინ ორში ერთი _სიკვდილი ან გამარჯვება. ამ გზას ადგას დღეს ქართველი ერი და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ გაიმარჯვებს თავისუფლებისათვის. თავგანწირული ბრძოლის ყიჟინას ეხმაურება ევროპის დემოკრატიაც, რაც უფრო მტკიცე და მედგარი ვიქნებით, უფრო ადრე და მეტი გვექნება დახმარება.
მაშ, მედგრად, გამარჯვებისაკენ!“
გ. ლ-ი
გაზეთი „გურიის ხმა“, #2, ოთხშაბათი, 9 მარტი, 1921 წ.
(გაზეთ „ალიონის“ არქIვიდან).
ფოტოზე: გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართველ ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან ერთად.
მსგავსი სტატიები
- 94დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 91სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 91გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 901918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 90სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…