# 613/614 ოზურგეთი-ბათუმის და ბათუმი ოზურგეთის საგარეუბნო მატარებელი არ ივლის. იმავდროულად გაუქმდა ბათუმი-ქუთაისის და ქუთაისი-ბათუმის საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა, რომელსაც ოზურგეთიდან ბათუმში ჩასული შემადგენლობა ასრულებდა.

ჯერ-ჯერობით საქართველოს რკინიგზას სამგზავრო მატარებლების მოძრაობის განრიგში  აღნიშნული რეისების შეწყვეტა არ დაუფიქსირებია.

ოზურგეთი-ბათუმის საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა 2020 წელს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეჩერდა და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე  მხოლოდ 2022 წლის ივნისში აღდგა.

ბოლო მონაცემებით ოზურგეთიდან საგარეუბნო მატარებელი დილის 7 საათსა და 15 წუთზე გადიოდა, ხოლო ბათუმიდან _20:40 ბრუნდებოდა.

მგზავრობის ღირებულება ოზურგეთიდან ბათუმამდე 80 თეთრს შეადგენდა, ხოლო შუალედურ სადგურზე ასული მგზავრისთვის _50 თეთრს.

_ამ მატარებლით სხვებთან ერთად ვსარგებლობდით სოციალურად დაუცველი მოქალაქეები. ბაბუა ამბობდა, გასული საუკუნის 30-იან წლებშიც კი ოზურგეთი-ბათომის საგარეუბნო მატარებლით დადიოდნენ აჭარის დედაქალაქში. რატომ არ ფიქრობენ ჩვენზე _გვითხრა სოციალურად დაუცველმა გ. კ-მ.

როგორც  ირკვევა, საქართველოს რკინიგზას სამგზავრო მატარებლების მკვეთრი დეფიციტი აქვს და  ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური მოდერნიზაციის ეტაპი იწყება. სამინისტროს განმარტებით, საქართველოს რკინიგზა 50-მდე ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შეძენას გეგმავს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვას გეგმავს. ამასთანავე, უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი, ასევე სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია. დაინიშნება სამგზავრო მატარებლები თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხე-თბილისის მიმართულებით.

ნამდვილად კარგი ინფორმაციაა, მაგრამ საგზავრო გადაზიდვებში ოზურგეთის თემა ნახსენები არ არის.

_მოგონებებში დაგვრჩა მხოლოდ ოზურგეთის სამგზავრო ვაგზალში გადაჭიმული 18-ვაგონიანი გერმანული ვაგონებით შემდგარი შემადგენლობა. ღამის მატარებელი ნამდვილად კარგი იყო მოსახლეობისათვის. ახლა ხედავთ დღის შემადგენლობაც დღეგამოშვებით დადის. ორი სამგზავრო შემადგენლობა ემსახურება თბილისი-ოზურგეთის გადაზიდვებს. ნატანები-ოზურგეთის ხაზზე ხან ელექტროენერგიას სიხშირეს აქვს პრობლემა და ერთ-ერთი შემადგენლობის ნატანებიდან-ოზურგეთში ამოსაყვანად ელმავალია საჭირო. დილით კვლავ ელმავალი ჩამოჰყავთ, რომ ნატანების სადგურამდე მიიყვანოს. მსგავსი დახმარება პერიოდულად ბათუმი-ოზურგეთის საგარეუბნო მატარებელსაც სჭირდებოდა. ოზურგეთში თბილისი-ბათუმის და თბილისი-ზუგდიდის ხაზზე ჩამოწერის შემდეგ გადმოჰყავთ შემადგენლობა. წარმოიდგინეთ, ჩინეთში ნაყიდი მეორადი შემადგენლობა, რომელიც ოზურგეთში ჩამოყვანამდე სხვა ხაზზე მუშაობდა და ჩამოწერის შემდეგ გამოუშვეს ოზურგეთში. არც რკინიგზის მუშები არიან კარგ დღეში. მძიმე რკინის უროების ნაქნევი წელი ჩამოწვეტილი აქვთ და ხელზე 800-850 ლარს იღებენ თვეში. წლები ვიმუშავე, მიყვარდა ჩემი საქმე.მაგრამ ოჯახი ვერ ვარჩინე და გადავედი მშენებლობაზე ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში  დამხმარე მუშად. არ ავშენებულვარ, მაგრამ 80 ლარი გამომდის დღეში და კვებაც გვაქვს _გვითხრა ოზურგეთი-ნატანები-ურეკის ხაზის ერთ-ერთმა ყოფილმა მუშამ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქაური რკინიგზელების პრობლემა ამით არ ამოიწურება. საქართველოს რკინიგზა მალე რეგიონებში დათხოვნების ახალ ტალღას გეგმავს, რომელიც გურულებსაც შეეხება.

რკინიგზის თემას „ალიონი“ კვლავ დაუბრუნდება.

 

 

 

მსგავსი სტატიები