ოზურგეთში რომ უცხოელი ჩამოვიდეს და ქალაქს თვალი გადაავლოს, ქუჩებში იმდენი საარჩევნო გარე რეკლამაა შემორჩენილი, იფიქრებს, რომ გურულების სათავო ქალაქი საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, არადა, რამდენიმე დღეში 8 თვე გახდება, რაც ეს არჩევნები ჩატარდა.
თავიანთი მასშტაბურობით განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის გულის გულში, სახელად პსპ-ს ¬და გამოსაყენებლად სხვათა შენობაზე განთავსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კომბინირებული სარეკლამო ბანერი, რომელსაც თითქმის მთლიანად უჭირავს ამ შენობის ორივე სართული და გმირთა მოედანზე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბილბორდი ამავე პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის ოფისის გარეთა ხედზე.
ქალაქში ვნახეთ სხვა საარჩევნო სუბიექტების როგორ ბოლო საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებისდროიინდელი საარჩევნო სააგიტაციო პლაკატებიც.
ამ საკითხზე დაახლოებით ორი თვის წინ რეპლიკაც გამოვაქვეყნეთ ჩვენს გაზეთში, მაგრამ, რადგან ამ რეპლიკას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე საოლქო კომისიისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, დავინტერესდით რა `ფენომენთან~ გვქონდა საქმე.
ქრონოლოგიურად მივყევით და ჯერ `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ ოზურგეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. 3 ივნისს დავით მჟავანაძემ (ტელეფონის ნომერი 577 60 63 60) 10 საათსა და 47 წუთზე, 11 საათსა და 35 წუთზე, 13 საათსა და 08 წუთზე ჩვენს ზარებს არ უპასუხა; რაც შეეხება ბესო ქათამაძეს (ტელეფონის ნომერი 555 07 89 89) 10 საათსა და 49 წუთზე ზარი გავიდა, 11 საათსა და 36 წუთზე ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა, 13 საათსა და 09 წუთზე კი – აბონენტი მიუწვდომელი იყო. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ენმ-ის ადგილობრივმა ლიდერებმა ჩვენს ზარებს შეგნებულად არ უპასუხეს, რამეთუ უბრად არიან „ალიონთან“. მთლად უპასუხოდ რომ არ დავრჩენილიყავით, ამ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონს მანუჩარ კვირკველიას დავუკაშირდით თბილისში. სახელდებულმა მოჭიდავემ ჩვენგან გაიგო, რომ სარეკლამო საარჩევნო ბანერი თავისი გამოსახულებით ჯერ კიდევ ჩამოუხსნელია. გვითხრა, რომ ამ რეკლამის ჩამოხსნის თაობაზე მას არანაირი არც წერილობითი და არც სიტყვიერი შეტყობინება არ მიუღია.
პირველივე ცდაზე დავუკავშირდით პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავკაცს:
_„ეს ბანერი გაკრულია ჩვენს ოფისზე, ამდენად არ ჩავთვალეთ საჭიროდ მისი ჩამოხსნა. ფაქტობრივად არჩევნები მოსდევს არჩევნებს“, _ გვითხრა ლადო ვადაჭკორიამ.
კითხვაზე _ ხომ არ მოუმართავს ვინმეს ბანერის ჩამოხსნაზე, ბატონმა ლადომ გვიპასუხა: _„ამ თემაზე არავინ დაგვკავშირებია და არც არავის უთქვამს არაფერი“.
როგორც ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საარჩევნო სუბიექტები ვალდებულნი არიან საარჩევნო პროცედურები, მათ შორის საარჩევნო საგიტაციო მასალების ჩამოხსნაც, განახორციელონ საქართველოს საარჩევნო კოდექსის დაცვით:
_„საარჩევნო სუბიექტები ვალდებულნი არიან საარჩევნო პროცედურები, მათ შორის საარჩევნო საგიტაციო მასალების ჩამოხსნაც, განახორციელონ საქართველოს საარჩევნო კოდექსის დაცვით. ხსენებული კოდექსის 46 მუხლის მე-8 პუნქტში გაწერილია, რომ `შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურიც ხაზს უსვამს იმას, რომ ოფიციალურად დაეგზავნათ წერილები საარჩევნო სუბიექტებს:

_„შემიძლია გითხრათ, რომ ვადების დაცვით, ყველა საარჩევნო სუბიექტთან დავაგზავნეთ ოფიციალური წერილები საარჩევნო სააგიტაციო მასალის აღების თაობაზე, უმეტესობამ აიღო კიდეც. ვისაც არ აუღია, ვაპირებთ, ხელმეორედ მივმართოთ. რაც შეეხება კერძო შენობებზე განთავსებულ რეკლამებსა და ბილბორდებს, ჩვენ არ გვაქვს უფლება მივმართოთ მესაკუთრეს, რომ ჩამოხსნას ისინი. თხოვნა შეიძლება“, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მიხეილ შილაკაძემ.
ჩვენი აზრით, კერძო მესაკუთრესაც უნდა მიეთითოს ამის თაობაზე. თორემ რა გამოდის _ მე, როგორც კერძო მესაკუთრეს, თუ ყველაფრის გამოფენის უფლება მომეცა, ავდგები და ჰიტლერის სურათს გამოვფენ. მოგეწონებათ?
არაოფიციალური ინფორმაციით, ჩამოუხსნელობით ქალაქის იერსახეზე უარყოფითი გავლენისთვის სანქცია თურმე 50 ლარს შეადგენს (?!). სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, ამ ბანერების ჩამოხსნას რომელი 50 ლარი ეყოფა. ამიტომ, ალბათ, ურჩევნიათ ჩამოუხსნელი დატოვონ, მით უფრო, რომ მათი ვერც იმ 50 ლარით დამჯარიმებელია ვინმე და ვერც ყურებზე ხახვის დამჭრელი.
საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, თამაზ ტრაპაიძეს მივმართეთ რამდენიმე კითხვით:
_ ბატონო თამაზ, რა ვადაში უნდა ჩამოიხსნას საარჩევნო პლაკატები და ბილბორდები არჩევნების შემდეგ?
_ კანონის შესაბამისად, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა უნდა განხორციელდეს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში.
_ რას ითვალისწინებს შესაბამისი კანონი ჩამოუხსნელობის შემთხვევაში?
_ საარჩევნო კოდექსში მითითებულია, რომ თუ 15 დღის ვადაში საარჩევნო სუბიექტი ვერ უზრუნველყოფს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას, მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თუმცა, პირდაპირ არც ერთ ნორმატიულ აქტში არ არის მითითებული თუ ვის მიერ და რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მათ. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს საკანონმდებლო ხარვეზთან.
_ ჩამოუხნელობაზე მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა თუ ამ პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატსაც?
_ საარჩევნო სუბიექტი არის როგორც პარტია, ასევე კანდიდატი. ამდენად, პასუხისმგებლობა ორივე მათგანს უნდა დაეკისროს.
_ ვინ უნდა აცნობოს არჩევნებში მონაწილე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნის შესახებ?
_ სამწუხაროდ, კანონმდებლობით არც ეს არის დაკონკრეტებული, მაგრამ ლოგიკურად ეს საკითხი შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა მოაწესრიგოს.
_ რა ხდება მაშინ თუ არჩევნებში მონაწილე ფიზიკური თუ იურიდული პირი მითითების შემდეგაც არ ხსნის თავის საარჩევნო ბილბორდს თუ პლაკატს?
_ ზემოხსენებული ხარვეზის გამო, ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შესაბამის საარჩევნო სუბიექტებს არ ეკისრებათ.
მადლობა ბატონ თამაზს. შესაბამის საარჩევნო სუბიექტებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათო, აი კანონი!!! თუ არ ეკისრებათ, იმიტომაცაა აქაურობა `კარგი სანახავი~. ჯერ სადა ვართ, ცოტაცა, ცოტაცა, კიდევ რამდენიმე არჩევნები, ესე იგი კიდევ რამდენიმე შემოდგომა და ოზურგეთი საარჩევნო ბილბორდებისა და ბანერების ღია სამუზეუმო ქალაქად გადაიქცევა. აბა ამ არჩევან-არადანობის დაუმთავ რებელ ეპოქაში, ქალაქის არქიტექტურულად განვითარებისთვის, ფულს ვინ ოხერი გაიღებს?!

ავტორი: გაზეთი „ალიონი“

მსგავსი სტატიები

  • 86
    გიორგი სიორიძე: საარჩევნო ადმინისტრაცია გახდა “ქართული ოცნების” დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, უნდა აღვნიშნო, რომ მოცემულ ვითარებაში ადმინისტრაცია უკვე გახდა „ქართული ოცნების“ დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე სხვადასხვა მანიპულაციისთვის“. ამის შესახებ დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით 12 ათას ადამიანამდეა კოვიდინფიცირებული. ასევე ათასობით განისაზღვრება…
  • 82
    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აზრი საარჩევნო გარემოს შესახებშოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: _  სამწუხაროა რომ პლაკატების ომი გრძელდება.  არ ვიცი ამას ვინ აკეთებს. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პლაკატებიც ხშირად მინახავს ჩამოხეული. ამაში ხომ თანხებია გადახდილი. გულდასაწყვეტია,  ამით ზიანდება საარჩევნო პროცესი. აქტივისტების, კოორდინატორების, აგიტატორებისგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია ზეწოლებისა და ხელის შეშლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საოლქო და საუბნო…
  • 81
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 81
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 78
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…