_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს.
_„მილიონ-ნახევარი ვაქცინა ადგილზეა, მილიონ-ნახევარი გზაშია და შემოვა სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ვაქცინაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენი, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მეგობრების, ახლობლების, მშობლების და შვილების.
მეორეს მხრივ, ეკონომიკის შენარჩუნება. ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისევ დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. მე მინდა, რომ წინასწარ პრევენციული განცხადებები გავაკეთო და არ მინდა, რომ ეს მოხდეს. ამას, რა თქმა უნდა, შემდეგ დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით დასჭირდება ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთად ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას და ზოგადად, ძალიან გართულდება სიტუაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ. ჩვენ, დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა. ეს არის ჩვენი ამოცანა“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, მთავრობამ შეძლო და ჩამოიტანა იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო.
_„თითქმის ყველაფერი გაიხსნა ქვეყანაში და წარმატებით მუშაობს. ეკონომიკამ ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა, გამოცოცხლება და გაჯანსაღება. ჩვენი მოქალაქეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, გუშინ მაგალითად ბათუმში როდესაც ვიყავით, თითქმის სავსე იყო ყველა ადგილი, ყველა რესტორანი, კაფე-ბარი. არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით იყო დატვირთული, არამედ ტურისტებით. სავსეა ტურისტებით ბათუმი და ჩვენი ტურისტული ადგილები. აქედან გამომდინარე, მე მინდა ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს მივმართო თხოვნით: ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ჩვენ მოგვიწია ხელახლა შეზღუდვების შემოტანა. მე არც მინდა სიტყვა „დაკეტვა” გავიმეორო. ყველაფერი მოვხსენით, მოვხსენით ქუჩაში ნიღბის ტარების ვალდებულებაც იმიტომ, რომ გაუსაძლისი იყო სიცხეში ნიღბის ტარება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, თუ ადამიანს სურს, მას შეუძლია ატაროს ნიღაბი ქუჩაშიც, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ დახურულ სივრცეებში, გაჩერებებზე, ტრანსპორტში სავალდებულოა ნიღბის ტარება. მეორე საკითხი, ე.წ კომენდანტი – გადაადგილებაზე შეზღუდვა მოვხსენით და ღამის საათებში ასევე თავისუფლად გადაადგილდებიან ჩვენი მოქალაქეები. ვაქცინები იყო პრობლემა და შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო და შეგახსენებთ, რომ მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა 2 კვირის წინ, „ფაიზერის” მილიონი დოზის შემოტანა უკვე დაიწყო, ყოველ შაბათ-კვირას შემოგვდის. ასევე დაგეგმილია საჩუქრის გადმოცემა ამერიკის მთავრობისგან, რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება. გუშინ წინ შემოვიდა დამატებით ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა, „სინოვაკი”, ანუ, მილიონნახევარი დოზა გვაქვს ადგილზე. რაც ყველაზე მთავარი არგუმენტია ჩვენი მოქალაქეებისთვის – აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული. ანუ, აცრილი ადამიანის სიკვდილიანობის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ოჯახის წევრების, შვილების ერთადერთი პრაქტიკული დაცვა. ამიტომ, მე მინდა კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. გუშინ ჩვენ 11 000 აცრა ჩავატარეთ, რაც საკმარისი არ არის. ჩვენ თუ არ ავედით დღეში 20 000 – 30 000 აცრაზე, ძალიან გაგვიჭირდება პროცესის მართვა, მეგობრებო. დღეს მაგალითად ჩვენ გვქონდა 2600 შემთხვევა. ეს ძალიან საგანგაშოა, მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა. ძალიან ცუდი ტენდენციაა. ერთის მხრივ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, გვინდა, რომ ყველა გახარებული და ბედნიერი იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს მთავრობას – გთხოვთ აიცერით. მე მგონი ძალიან მარტივია ამის გაკეთება”, _განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მთავრობის გადაწყვეტილებაზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აპრილის თვეში უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდაში აისახა.
_„ჩვენ, როდესაც გადავწყვიტეთ, რამდენიმე თვის წინ, შეზღუდვების მოხსნა, მაშინ, რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლაც, თუ რამეს ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის და მათი ინტერესებისთვის. ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რა თქმა უნდა, კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა – 45%, რაც იყო მართლაც უპრეცედენტო, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად, შეიძლება ითქვას, ევროპის მასშტაბითაც. მაისის თვეში გვქონდა ასევე ძალიან მაღალი ზრდა – 25%-ის ფარგლებში. წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისის თვეშიც გვექნება საკმაოდ მაღალი ზრდა, ეს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, 15-დან 18-მდე. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12%-ით. ამან, რა თქმა უნდა, დამატებითი რესურსების მობილიზების საშუალება მოგვცა ბიუჯეტში, ამიტომ, ბატონმა ფინანსთა მინისტრმა მოამზადა შესაბამისი ცვლილებაც და წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი”, _ განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონფერენცია იყო ძალიან წარმატებული, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს.
_„მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო გუშინდელ კონფერენციას, რომელიც ჩატარდა ბათუმში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ შარლ მიშელს, უკრაინის პრეზიდენტს ბატონ ზელენსკის და მოლდოვის პრეზიდენტს ქალბატონ სანდუს.
ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხებოდა სამივე ქვეყნის პერსპექტივებს და იმ მისწრაფებებს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. კერძოდ, ევროკავშირისკენ მისწრაფებას და საერთო ღირებულებების დაცვას და ამის გარშემო ჩვენს გაერთიანებას. ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებიდან და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ“, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეადგენს 7.7%-ს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს პოზიტიური ტემპი შეინარჩუნოს.
_„მე მინდა გამოვეხმაურო საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას, რომელმაც გაიზიარა ჩვენი პროგნოზი და წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა მათი პროგნოზის მიხედვით შეადგენს 7.7%-ს. გაზარდეს, მანამდე იყო 3,5%-მდე და მათი ახალი კორექტირებული პროგნოზი 7,7%-მდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოზიტიური, ძლიერი ტემპი შევინარჩუნოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღნიშნულზე ინფორმაცის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 76ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. ტიკარაძემ მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა და სამედიცინო საზოგადოებას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო მადლობით. მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, თითოეულ ექიმს, ექთანს და ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში ჩვენთან…
- 66გუშინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე წარადგინა გუშინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე წარადგენა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა…
- 65ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დღეს უკვე ვიმყოფებით კორონავირუსის მაღალი გავრცელების პიკში. მისი თქმით, ჩვენ ახლა იმის ნახევარი შემთხვევა და ინფიცირება გვაქვს, რაც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო. _„მინდა, დავაზუსტო რომ ჩვენი შეფასებით, დღეს მესამე ტალღის პირას არა - პიკში ვართ. ღმერთმა ნუ…
- 63ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 62ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში მზადდება ექვთიმე თაყაიშვილის სცენური ვერსია „ექვთიმე“, რომლის გარშემო სპექტაკლის მთავარ რეჟისორს გოჩა კაპანაძეს ვესაუბრეთ: _პირველად საქართველოში ოზურგეთის თეატრი შეეჭიდა ამ დიდ თემას. ბატონმა ვასილ ჩიგოგიძემ ჩაიფიქრა ეს პროექტი _ტრილოგია „დედოფალი სოფიო,“ „რესპუბლიკა გურია“ და „ექვთიმე“. ჩვენ ამ სპექტაკლის სცენარზე პანდემიამდე ვმუშაობდით და საინტერესო მიგნებები გვქონდა. ექვთიმეს გმირი…